RSS
რუსული სპეცსამსახურები - მთავარი სადაზვერვო სამმართველო, ანუ ГРУ და სპორტი
07.12.2009 11:13
ლევან კიკნაძე, იგორ მეფარიშვილი
"ექსპერტთა კლუბი"

ამასწინათ ერთმა რუსმა გენერალმა ჟურნალისტებთან წაიტრაბახა, არმიელი სპორტსმენები აგრძელებენ შესანიშნავ ტრადიციებს და რუსული სპორტის ავანგარდში დგანანო. მაგალითისთვის მან 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა მოიყვანა, რომელზეც რუსეთის სპორტსმენთა 267-კაციანი დელეგაციიდან 201 არმიელი სპორტსმენი იყო. ერთი შეხედვით, საქმეში ჩაუხედავი კაცისთვის ეს ციფრები ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრებისთვის ყველა სპორტკლუბზე მეტი - 201 სპორტსმენი მოამზადა "ЦСКА"-მ, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭიერ სპორტსმენთა სიმრავლით და განსაკუთრებული ამაში არაფერია. საქმე იმაშია, რომ არმიელი სპორტსმენები, 1948 წლიდან, სტალინის ხელდასმით, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს "ГРУ"-ს `ეპარქიაში” ირიცხებიან და საზღვარგარეთ გასვლისას თითოეულ მათგანს კონკრეტული სადაზვერვო დავალება ეძლევა. ამიტომაც ოლიმპიადის პერიოდში "ГРУ"-ს 201 მზვერავი რითი იყო პეკინში დაკავებული, ეშმაკმა იცის. თუმცა, რატომ ეშმაკმა? ნამდვილად იცის რუსეთის ნეობოლშევიკურმა მთავრობამ. მაინც რაში დასჭირდა რუსეთის ხელისუფლებას სპორტსმენთა დახმარება ისეთ დელიკატურ საქმეში, როგორიცაა დაზვერვა, ტერორი და დივერსია? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: იმ იდეალური შესაძლებლობების (სხვანაირად ოპერატიული პოზიცია ჰქვია) გამო, რომლებიც სპორტსმენებს გააჩნიათ. სწორედ ამ შესაძლებლობებმა "დაახარბა" სტალინი და მისი მხედართმთავრები სპორტსმენებს.

საინტერესოა როგორ ხვდებიან სპორტსმენები "გერეუს" სამსახურში.

ნებისმიერი ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც სპორტის რომელიმე სახეობაში პერსპექტიულია, "ЦСКА"-ს მხედველობის არეში ხვდება. იწყება მისი ოპერატიული შესწავლა, რაც მთავრდება გადაბირებით. ახალგაზრდა სპორტსმენს სთავაზობენ ბინას, სამხედრო წოდებას, მომატებულ (სხვა სპორტკლუბებთან შედარებით) ხელფასს, საპენსიო უზრუნველყოფას და, რაც მთავარია, მძლავრი ორგანიზაციის წევრობას. ამის შემდეგ იწყება სპორტსმენთან ინდივიდუალური მეცადინეობები. სპეციალისტები მას ფარულად ხვდებიან და თეორიულ მეცადინეობებს უტარებენ სადაზვერვო საქმეში. ავალდებულებენ, აითვისოს სპორტის სხვა "მომიჯნავე" სახეობები: პარაშუტით ხტომა, ცურვა, კრივი, სამბო, სროლა, სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ა.შ. ამიტომ ყველა სპორტკომპლექსს, რომელიც ეკუთვნოდა (და ეკუთვნის) "ЦСКА"-ს, პირდაპირი დანიშნულების გარდა, აქვს ფარული დანიშნულებაც: უქმნის "ГРУ"-ს ინსტრუქტორებს სპორტსმენებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობის საშუალებას.

გადაბირებული და სათანადოდ გაწვრთნილი სპორტსმენებისგან ყალიბდება ჯგუფები, მათ ენიშნებათ ხელმძღვანელები (შეიძლება ხელმძღვანელის როლი მწვრთნელს, ან გამოცდილ სპორტსმენს დააკისრონ).

მსგავსი ჯგუფები ყალიბდება ყველა დიდ ქალაქში, სადაც სამხედრო ოლქის შტაბია განთავსებული (არსებობდა თბილისშიც). სპორტსმენების მომზადებაზე პასუხისმგებელია სამხედრო ოლქის შტაბის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი. სპორტსმენების რაოდენობის მიხედვით იქმნება სპორტულ-სამხედრო დანაყოფები: ათეული, ოცეული, ასეული, ბატალიონი და ა.შ. ყველა დანაყოფს ჰყავს უფროსი და მოადგილე. სპორტსმენებს მორიგი სამხედრო წოდებები ენიჭებათ ამ დანაყოფებში დაკავებული თანამდებობების მიხედვით.

სპორტსმენები ორ ნაწილად იყოფიან: ისინი, ვისაც აქვთ თვალსაჩინო სპორტული მიღწევები და რუსეთის (ადრე სსრკ) ნაკრების შემადგენლობაში უწევთ უცხო ქვეყნებში ყოფნა და ისინი, ვისაც ასეთი მიღწევები არ გააჩნიათ და საკუთარი კლუბის ღირსებას იცავენ რუსეთის (სსრკ) ჩემპიონატებზე. "ГРУ"-ს საქმე ორივე კატეგორიისთვის აქვს. პირველი კატეგორიის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, ეს არის "ГРУ"-ს დამრტყმელი ძალა და განკუთვნილია "საგანგებო ვითარებაში" მტრის ზურგში დივერსიულ-ტერორისტული აქციების მოსაწყობად.

პირველი კატეგორია კი, დამატებით, სადაზვერვო ფუნქციასაც ასრულებს. კერძოდ, "ГРУ"-ს წინაშე რუსეთის (ადრე სსრკ) ხელისუფლების მიერ დასმულია მთავარი ამოცანა – ომის დაწყების შემთხვევაში (ან დაწყების წინ) მოსპოს მოწინააღმდეგის უმნიშვნელოვანესი იარაღი (პირველ რიგში ბირთვული, ჰაერსაწინააღმდეგო), მწყობრიდან გამოიყვანოს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები (ენერგომომარაგება, კავშირგაბმულობა, სატელეკომუნიკაციო სისტემები), განახორციელოს მოწინააღმდეგის პოლიტიკური, სამხედრო ხელმძღვანელობის და სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლების ლიკვიდაცია, რომლებსაც შეუძლიათ ერის კონსოლიდაცია კრიზისულ მომენტში. ამ ამოცანის შესასრულებლად "ГРУ"-ს სჭირდება სავარაუდო მოწინააღმდეგის (ასეთ მოწინააღმდეგედ, საბჭოთა ტრადიციების ერთგულ რუსეთის ხელისუფლებას მთელი სამყარო მიაჩნია) ობიექტების განლაგების დადგენა, რასაც საკუთარი არხებით ახერხებს კიდეც. ამის შემდეგ საქმეში ერთვებიან სპორტსმენებიც. კერძოდ, სავარაუდო მოწინააღმდეგის სახელმწიფოში სპორტულ შეჯიბრებაზე ჩასული "ЦСКА"-ს სპორტსმენები ეწევიან ზემოთ აღნიშნულ ობიექტებამდე მისასვლელი გზების დაზვერვას, ადგენენ მარშრუტს, რომლის გავლითაც `საგანგებო ვითარების’’ დადგომისას მოუწევთ გადაადგილება, რათა განახორციელონ დივერსიული ან ტერორისტული აქტები. ამდენად, საზღვარგარეთ სპორტულ შეჯიბრებაზე მყოფი "ЦСКА"-ს სპორტსმენები ერთდროულად გვევლინებიან მზვერავებად, ტერორისტებად და დივერსანტებად. ამიტომაც ადვილი მისახვედრია პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე 201 არმიელი სპორტსმენის ყოფნა რატომ არის საგანგაშო ჩინელებისთვის. ეს ხომ "ГРУ"-ს სპეცრაზმის ორი ასეულის ლეგიტიმური შემოსევაა? ვინ იცის რამდენი სტრატეგიული ობიექტი დაზვერეს? რა გეგმები იქნა შემუშავებული "ГРУ"-ს ეგრეთწოდებულ "აკვარიუმში" ამ 201 სპორტსმენის მიერ ჩამოტანილი მონაცემების საფუძველზე.

განსაკუთრებული როლი "ГРУ"-ს სპორტულ გეგმებში უკავიათ ქალ სპორტსმენებს. სადაზვერვო მისიით, ტერორისტული და დივერსიული დავალებების შესასრულებლად სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალების გამოჩენა ეჭვებს არავის აღუძრავს. ამიტომაც რომელიმე სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაძაბვის მომენტში ამ სახელმწიფოში არსებულ რუსეთის საელჩოში ხდება მომსახურე პერსონალის ჩანაცვლება "ГРУ"-ს სპორტსმენი ქალებით: ისინი ჩამოდიან როგორც საელჩოს თანამშრომლების "ცოლები", "მზარეულები", "დამლაგებლები". მათ ემატებათ სპორტსმენი კაცები: საელჩოს "დაცვის", "მძღოლების", "ელექტრიკოსების", "სანტექნიკოსების" საფარქვეშ. საჭირო მომენტში ეს "შოფრები" და "მზარეულები" მოწინააღმდეგის დედაქალაქში ერთად ან ცალ-ცალკე იწყებენ დივერსიულ და ტერორისტულ აქტებს, რომელთა მიზნებზე ზემოთ ვისაუბრეთ. გარდა ამისა, მოწინააღმდეგის დედაქალაქში პანიკის დათესვა და სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზებაც მნიშვნელოვანი ამოცანაა. სპორტსმენები შეიძლება საჭირო დროს სრულიად ლეგალურადაც ჩამოვიდნენ სახელმწიფოში. ამისათვის შესაძლებელია სპორტული შეჯიბრების შესახებ ლეგენდის გამოგონება. ასე მოიქცნენ 1969 წელს, როცა საჭირო გახდა პრაღის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზება და მისი ხელში ჩაგდება. ოპერაცია განახორციელეს სპორტსმენებმა, რომლებიც დათქმულ დროს შეიკრიბნენ აეროპორტში (ზოგი "შეჯიბრებაზე" ჩაფრინდა, ზოგიც საელჩოდან მივიდა). მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი სადესანტო თვითმფრინავების მიღება და დედაქალაქის სტრატეგიული ობიექტების დაკავება.

სპორტსმენთა მეორე კატეგორია ემზადება მტრის ზურგში დივერსიული და ტერორისტული აქციების განსახორციელებლად. მათი გადაყვანა ხორციელდება საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო ტრანსპორტით. ამ კატეგორიის სპორტსმენებს ევალებათ "ГРУ"-ს სამხედრო სპეცრაზმთან ერთად ან დამოუკიდებლად კონკრეტული ობიექტის მწყობრიდან გამოყვანა.

როგორც ვხედავთ, "ГРУ"-ს ამართლებს რუსულ გამოთქმას – "не иметь ничего святого", რადგან სპორტსაც კი ადამიანების ხოცვა-ჟლეტის სამსახურში აყენებს. თუმცა ბოლშევიკური რეჟიმის ქვეყნისათვის, როგორსაც რუსეთი წარმოადგენს, გასაკვირი არაფერია, მისთვის ხომ მიზანი ყოველთვის ამართლებდა საშუალებას.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე