RSS
ჩრდილოეთ კავკასიაში ძნელადპროგნოზირებადი მოვლენები ვითარდება
08.12.2009 13:16
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტები

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები ტერორისტულმა აქტებმა წალეკა. შეშფოთებული მოსახლეობა ყოველდღე ახალი უბედურების მოლოდინშია. იღუპებიან ე.წ. ბოევიკები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები. იღუპებიან თითო-თითოდ და ჯგუფებად.

მომხდარი ტერორისტული აქტების დიდი უმრავლესობა გაუხსნელია. ამდენად, უცნობი რჩება დანაშაულის მოტივიც და დამკვეთიც. სხვადასხვა კოდური სახელწოდებით ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგები მხოლოდ დაღუპულთა რაოდენობას აღნუსხავს.

თავდასხმის ობიექტები, ძირითადად, ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არიან, თუმცა ამ მოვლენების საფუძვლად კავკასიურ კლანურობასა და სისხლის აღების წესს ასახელებენ. შიშისა და დაუსჯელობის გამო უფრო და უფრო რთულდება ახალი კადრების მოზიდვა და შენარჩუნება.

დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში და ყაბარდო-ბალყარეთში შეუჩერებელ ტერორიზმს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში აგორებული საპროტესტო მიტინგები დაემატა. ჩერქეზები მათი ისტორიის ფალსიფიცირების შეწყვეტას და ისედაც მცირერიცხოვანი ეთნოსის საზღვარგარეთ გადინების შეჩერებას, სოციალურ-ეკონომიკური დონის ამაღლებას, მშობლიურ მიწაზე ღირსეულად ცხოვრების პირობებს, ეროვნებათშორის ურთიერთობებში სტაბილურობის დამყარებას და შუღლის გამღვივებელთა დასჯას მოითხოვენ. აქციებზე ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის აღდგენა და ყარაჩაისგან გამოყოფაა.

ჩერქეზეთში ისედაც მომწიფებულ ამ მოთხოვნებს ბიძგს ჩერქეზული დიასპორების საერთაშორისო გაერთიანებაც აძლევს, რომელიც ისლამური ფუნდამენტალისტური მოძრაობის სულისჩამდგმელად და მთავარ დამფინანსებელადაა ცნობილი. იგი დიდი ხანია, მიზნად ისახავს რუსეთის სამხრეთ საზღვარზე რადიკალური ისლამური პლაცდარმის შექმნას. 90-იან წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებულმა მოვლენებმა ამ იდეის მატერიალიზაციისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა. აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის საფარით ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება იქ შესაღწევად და პოზიციების გასამყარებლად. ეჭვსგარეშეა, რომ ჩერქეზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე წამოყენებულ მოთხოვნებს უცხოეთში მცხოვრები მათი თანამემამულეები არც ფინანსურ უზრუნველყოფას და არც მორალურ თანადგომას მოაკლებენ. საპროტესტრო მიტინგებზე ჩერქეზების მოთხოვნების მხარდამჭერი აფხაზეთის წარმომადგენლებიც აქტიურობდნენ.

მოვლენების ასეთ მოულოდნელ განვითარებას რუსეთის სპეცსამსახურებმა თავისი უხეში ჩარევით უპასუხეს. ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში `უცნობმა პირებმა~ საზოგადოებრივი მოძრაობა `ხასეს~ ოფისი დაარბიეს, სასტიკად სცემეს იქ მყოფი აქტივისტები. ამავე დროს თავდასხმა მოხდა ორგანიზაცია `ჩერქეზეთის კონგრესის~ ოფისზე და მძიმე ფიზიკური ტრამვები მიაყენეს ამ მოძრაობის ლიდერს, რუსლან კეშევს.

ამ ორივე ინციდენტის მიზეზი ჩერქეზეთის მოთხოვნების მხარდაჭერა და ყაბარდოსგან ბალყარეთის გამოყოფის წინადადება იყო. ასევე უმიზეზოდ სცემეს ბალყარეთის უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, ოიუს გურტაევი, ხოლო მეორე ლიდერს, დალხატ ბაილაევს საკუთარი მანქანა დაუწვეს. ყველა ზემოთჩამოთვლილი დანაშაულის ჩამდენი დაუდგენელია.

ამ მწვავე ვითარებას ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ხელისუფლების პირველმა პირებმა ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასება მისცეს. დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ მიუხედავად მიღებული ზომებისა, ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში მკვეთრად უარესდება. ვლადიმერ პუტინმა კი 3 დეკემბერს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ახალი კავკასიური ომი დაღესტანსა და ინგუშეთში მოსალოდნელი არ არის. თუმცა, იქვე აღიარა, რომ რეგიონში შეიარაღებული ბანდფორმირებები და ექსტრემისტული ჯგუფები მოქმედებენ, რომელთა ფაქტორსაც ანგარიში უნდა გაეწიოს და მათ მიმართ მტკიცე და მკაცრი ზომების მიღებასა და ტერორისტული აქტების მცდელობის დროულ აღკვეთას მოითხოვს. ამავე დროს, ვ. პუტინი ყოველივე ამის ერთერთ მთავარ მიზეზად ისტორიულად ჩამოყალიბებულ კავკასიურ კლანურობას ასახელებს. ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი რუსეთის პრემიერ-მინისტრის დასკვნებს ეთანხმება და აცხადებს, რომ ტერორიზმი უმკაცრესი ზომებით ხერხემალში უნდა იქნას გადატეხილი.

შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერალური ხელისუფლება და ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების პირველი პირები სპეცსამსახურებთან ერთად ეძებენ გამოსავალს. ამ მხრივ ყველაზე `შედეგიანი~ ინგუშეთის პრეზიდენტი იუნუსბეკ ევკუროვი აღმოჩნდა. რამდენად გულწრფელია ტერაქტს გადარჩენილი გენერლის მიზნები ინგუში ხალხის მიმართ, ძნელად სათქმელია, მაგრამ იგი ენერგიულად ეძებს და სწავლობს ცხოვრების პირობებს ურალისა და ციმბირის რეგიონებში, ათობით ათასი თანამემამულის იქ სამუდამოდ ჩასასახლებლად. მიდის მიზანმიმართული პროპაგანდისტული მუშაობა, რომ მთაგორიანი, მწირი და მცირემიწიანი ადგილებიდან გასახლებული ინგუშები თავიანთ დიდ უნარს, ფერმერული მეურნეობების და მრეწველობის კერების შექმნის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ რუსეთის გაშლილ და ნოყიერ ადგილებში უფრო გამოავლენენ. იქ ახალგაზრდობას თანამედროვე განათლების მიღების საუკეთესო საშუალება და შემდგომში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ექნება.

ი. ევკუროვის დავალებით, ბანდფორმირებების წევრ ბოევიკებთან მუშაობა მიმდინარეობს, მათ გადმოსაბირებლად და პრესტიჟული პირობებით სპეციალურ სამთავრობო სამხედრო გაერთიანებებში მისაღებად. ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ამის ათობით მაგალითი არსებობს, მათ შორის, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით ყოფილი ბოევიკების დაჯილდოებისაც. ყურადღებას იქცევს ინიციატივა, რომ დაინტერესებული ინგუშები ისარგებლებენ საქართველოს კანონით ორმაგი მოქალაქეობის შესახებ და გახდებიან საქართველოს მოქალაქეები პერსპექტივაში მათი იქ სამუდამო საცხოვრებლად დამკვიდრების მიზნით.

ინგუში მოსახლეობის ასეთი განთესვა-გადანაწევრებით ი.ევკუროვი რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდაჭერასაც მოიპოვებს და ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებასაც მოიმადლიერებს. ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა შედარებით ადვილი სამართავი იქნება, მითუმეტეს, თუ ჩეჩნეთ _ ინგუშეთის ჩაფიქრებული ხელახალი შეერთებაც განხორციელდა.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი უზარმაზარი თანხებით ისედაც მრავალრიცხოვან და მობილურ სპეციალურ სამხედრო შენაერთებს კიდევ უფრო აფართოებს, დაუნდობლად ანადგურებს ყველა მოწინააღმდეგეს, კარგ პირობებს უქმნის მომხრეებს, ზრდის მასზე დამოკიდებულ და მის მიმართ მადლიერებით განმსჭვალულ პირთა კონტიგენტს.

დაღესტნის პრეზიდენტმა მუხუ ალიევმა ყველაზე ორიგინალური წინადადება წამოაყენა: შეიარაღებულ ბანდფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ეფექტურად წარმოების მიზნით შეიქმნას ბოევიკების ხელით დაღუპული პირების გაბოროტებული ნათესავებისაგან დაკომპლექტებული სპეციალური შეიარაღებული რაზმები, რომლებიც საქმესაც გააკეთებენ და ძველი კავკასიური ტრადიციების თანახმად სისხლსაც აიღებენ. შემდეგში რომ შურისმაძიებელთა ახალი ტალღა წამოვა და მოსახლეობის ახალი გახლეჩა-დაპირისპირება დაიწყება, ამაზე მ. ალიევი დუმს.

ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, როგორც ფედერალურ ცენტრში, ისე ადგილებზე ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების ერთიანი ხელმძღვანელი პოსტის შექმნის საკითხი განიხილება. იგი დაახლოებით მეფის რუსეთის კავკასიის მეფისნაცვლის ფუნქციის მატარებელი იქნება, რომელსაც უფლებამოსილება ექნება, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პირველ პირებს ესაუბროს ფედერაციის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით. კონკრეტულ კანდიდატურაზე, მის უფლება-მოვალეობაზე და ადმინისტრაციულ ადგილსამყოფელზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ინგუშეთის პრეზიდენტის, ი. ევკუროვის განცხადებით, ეს პიროვნება აუცილებლად რუსი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ რუსი ჩინოვნიკი შეძლებს, იყოს ნეიტრალური, მიუკერძოებელი, უანგარო და ყველა კავკასიელ ხალხზე ერთნაირად მზრუნველი. მიუხედავად ასეთი რიტორიკისა, იგრძნობა, რომ `კავკასიის მეფისნაცვლის~ კანდიდატთა შორის გენერალი ი. ევკუროვი თავის თავს არ გამორიცხავს.

არსებობს კრემლის სხვა ჩანაფიქრიც. ამ პოსტს შესთავაზებენ კავკასიაში დღეისთვის ყველაზე გავლენიან ფიგურას - რამზან კადიროვს, რომელსაც უკვე ჰყავს კარგად გაწვრთნილი, საუკეთესოდ შეიარაღებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი 40 ათასი მებრძოლი. ამ რაზმს ძალისმიერი მეთოდებით შეეძლება, რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში ნებისმიერი პრობლემა გადაუწყვიტოს, რაც ადრეც არაერთხელ მომხდარა.

`მეფისნაცვალის~ კავკასიური რეზიდენცია ქ. ნალჩიკში დაიდებს ბინას, სადაც რ.კადიროვი თავისი ერთგული მებრძოლების დიდი ნაწილით გადავა. მათი ჩასახლება ოჯახებთან ერთად გათვალისწინებულია ქ.ნალჩიკთან მდებარე ე.წ. `დუბროვკის~ ყველაზე ელიტარულ დასახლებაში, სადაც რ.კადიროვის დაფინანსებით 200 ათას მცხოვრებზე ძვირადღირებული ბინების მშენებლობა მიმდინარეობს.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის ურთიერთობა მეტისმეტად არის გამწვავებული, ადვილი მისახვედრია, რას გამოიწვევს 300 ათასიანი ნალჩიკის გვერდით 200 ათასიანი ჩეჩნური სამხედრო დასახლების გაჩენა.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ყაბარდო-ბალყარეთი რ.კადიროვის ბიზნეს-ინტერესების განსაკუთრებული ზონაა და თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იგი არავის არაფერს დაუთმობს. თუმცა, სადამდე შეეგუება კრემლი კადიროვის აღზევებას, ეს სხვა საკითხია.

ამ პრობლემათა სიმრავლეში მეორეხარისხოვნად ვერ ჩაითვლება რელიგიური ფაქტორი. ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა დიდი უმრავლესობის აღმსარებლობა სუნიტური ისლამია და მიუხედავად ცენტრალური რუსეთის მუსულმანთა მუფტების საბჭოს და მათ გვერდით მდგომ, სრულიად კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს მცდელობისა, ჩაკეტილ სივრცეში ამყოფოს ეს მრევლი, დიდია თურქეთის ისლამური წრეების და მით უმეტეს, ჩერქეზული დიასპორების საერთაშორისო გაერთიანების გავლენა ამ რეგიონზე.

კავკასიაში ფეხის მოკიდების პირველი დღიდან რუსეთი ყველა ხერხითა და მეთოდით იბრძოდა განსხვავებული იდეოლოგიის, ტრადიციების, კულტურისა და რელიგიების წინააღმდეგ, რაც სამხრეთ საზღვრის `ბოქლომით~ ჩაკეტვით დამთავრდა.
ეხლა, როცა 200 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასია ფაქტიურად ამოვარდა რუსული ორბიტიდან და გავლენის საზღვარმა ჩრდილოეთით გადაიწია, რუსეთის მესვეურები და სპეცსამსახურები ახალი, მათთვის უჩვეულო რეალიების და პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.

რეგიონში შექმნილმა ვითარებამ, განსაკუთრებით, ჩერქეზეთში დაწყებულ ხალხმრავალ მიტინგებზე წამოყენებული მოთხოვნების მიმართულებამ, ალბათ დაარწმუნა რუსეთის ხელისუფლება და სპეცსამსახურების მესვეურები, რომ სამეგრელო-აფხაზეთის მიჯნაზე აშენებული კედლები ჩრდილოეთ კავკასიას კრემლისთვის არასასურველი პროცესებისაგან ვერ დაიცავს.

ასეთ პირობებში მთავარ საყრდენ და საიმედო ძალად რჩება რუსული არმიის ყველაზე ელიტური, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი თავისი მზარდი პოტენციალით, 70 ათასი სამხედრო მოსამსახურით, უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით და სხვა შესაბამისი სამსახურებით. ეს უზარმაზარი მანქანა მარტო სამხრეთელი მეზობლების წინააღმდეგ არ არის მიმართული, საჭიროების შემთხვევაში იგი `შინაურების~ დასაოკებლადაც იქნება გამოყენებული.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე