RSS
როგორ გავიდა საქართველოს სუკი-ის საარქივო ფონდი სმოლენსკში
14.12.2009 10:38
ექსპერტთა კლუბი

საქართველოს უშიშროების ორგანოებში საქმიანობა ყოველთვის ცენტრალიზებულად მიმდინარეობდა და მოსკოვიდან იმართებოდა. გამონაკლისს არც უწყების არქივის საქმისწარმოება წარმოადგენდა. უშიშროების ადგილობრივი ხელმძღვანელობა საარქივო ქვედანაყოფის თანამშრომლებს არჩევდა, ნიშნავდა, საჭიროების შემთხვევაში სხვაგან გადაჰყავდა და ათავისუფლებდა სამსახურიდან, მაგრამ მათი ყოველდღიური საქმიანობა საკავშირო სუკში შემუშავებული და დამტკიცებული ბრძანებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად მიმდინარეობდა. არქივის თანამშრომლების საქმიანობა პერიოდულად მოწმდებოდა როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრიდან მოვლინებული მაკონტროლებელი სტრუქტურის _ ინსპექციის სამუშაო ჯგუფის მიერ. შემოწმების შედეგები, როგორც წესი, ხსენდებოდა ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც.

ნებისმიერი დაწესებულებისთვის საარქივო ფონდი მნიშვნელოვან საკითხთა კატეგორიას მიეკუთვნება. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული, არცთუ უინტერესო ინფორმაცია საქართველოს სუკის არქივებიდან გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში, კერძოდ კი ქ. სმოლენსკში საქმეების გარკვეული ნაწილის მოულოდნელი გატანის შესახებ.

როგორც წინა პუბლიკაციაში აღინიშნა, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ ქ.თბილისში საგრძნობლად გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა. სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების წინ მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგები იმართებოდა. ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს, ლესია უკრაინკის ქუჩაზე #3, სადაც გვერდიგვერდ იდგა შსს და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობები, მიტინგის ორგანიზატორთა მოწოდებით, ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შეძლო სუკის ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომელთა წინააღმდეგობის დაძლევა და შენობაში შეიჭრა. დაარბიეს სამუშაო ოთახები, გაიტაცეს პირადი ნივთები და დოკუმენტაცია, მათ შორის, სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის რამოდენიმე ტომი.

მომხდართან დაკავშირებით უშიშროების ინსპექციის განყოფილების საკუთარი უშიშროების ჯგუფმა (ხელმძღვანელი გ.მაისურაძე), სამსახურეობრივი მოკვლევა ჩაატარა, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. ხსენებული ჯგუფის ფუნქციებში შედიოდა სუკის საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა გარეშე პირთა ხელყოფისაგან; მოსალოდნელი ან შექმნილი საშიშროების შემთხვევაში საიდუმლო დოკუმენტაციის საიმედო ადგილზე ევაკუაციისა და დაცვის ორგანიზება. იმავდროულად, მომხდარი ფაქტის შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის იმჟამინდელ თავმჯდომარესთან, გენერალ-მაიორ ოთარ ხატიაშვილთან ჯგუფმა , თბილისში ოპერატიული ვითარების დაწყნარებამდე, უმნიშვნელოვანესი ფასეულობების მქონე (ოპერატიული, ისტორიული და სხვა) მასალების უშიშროების კომიტეტის შენობიდან სხვა, უფრო საიმედო, სათადარიგო სათავსოებში დროებით ევაკუაციის საკითხი დასვა. გენერალ-მაიორ ოთარ ხატიაშვილისაგან აღნიშნულზე თანხმობის მიღების შემდეგ, გ.მაისურაძემ და საორგანიზაციო-სამობილიზაციო განყოფილების უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ე. გიქოშვილმა ერთ-ერთი შენობა შეარჩიეს, რომლის შესახებაც ბატონ ოთარ ხატიაშვილს მოხსენდა. მან განკარგულება გასცა, საკუთარი უშიშროების ჯგუფს კომიტეტის არქივის თანამშრომლებთან ერთად შეედგინა საევაკუაციო დოკუმენტაციის და ფასეულობების ნუსხა, ევაკუაციისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების ოდენობა და იმ თანამშრომელთა სიაც, რომლებიც ამ ღონისძიებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ო. ხატიაშვილმა აღნიშნული გეგმა დაამტკიცა.
წინასაევაკუაციო მზადება პარასკევს საღამოს დამთავრდა, ხოლო ევაკუაცია ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. მეორე დღეს, შაბათს, დაახლოებით 19 საათისათვის გ.მაისურაძეს სახლში დაურეკა უშიშროების კომიტეტის ოპერატიულმა მორიგემ და შეატყობინა, რომ საარქივო დოკუმენტაციის ევაკუაცია ორშაბათისთვის საჭირო აღარ იყო, რადგან იგი უკვე სმოლენსკში იყო გაგზავნილი. უშიშროების კომიტეტიდან ქ.თბილისის აეროპორტამდე მისი ევაკუაცია ოთარ ხატიაშვილის მოადგილეებმა, გენერლებმა ედუარდ ვოიციცკიმ და ვიტალი ნოვოდნიჩიმ იგორ გიორგაძეს დაავალეს. მანაც ეს დავალება "თავისი ბიჭებით" პირნათლად შეასრულა.

ორშაბათს დილით გ. მაისურაძემ და ე. გიქოშვილმა თავის მოვალეობად ჩათვალეს, კომიტეტის თავმჯდომარეს, ოთარ ხატიაშვილს ხლებოდნენ, რომელიც საკმაოდ უხასიათოდ დახვდათ. მომხდართან დაკავშირებით მათ შორის მოკლე დიალოგი გაიმართა.
ჩვენთვის უცნობია, იგორ გიორგაძე ხსენებული ორი რუსი გენერლის მიერ იქნა შერჩეული საარქივო დოკუმენტაციის ევაკუაციისათვის, თუ ცენტრიდან მიიღეს ასეთი დავალება. ჩვენ ის ვიცით, რომ გენერალ ოთარ ხატიაშვილს არ ჰქონდა შეთანხმებული მოსკოვთან საარქივო მასალების დროებითი ევაკუაციის საკითხი, რაც მოქმედი ინსტრუქციის დარღვევა იყო - ხსენებული საკითხი აუცილებლად უნდა შეთანხმებულიყო საკავშირო სუკის ხელმძღვნელობასთან. ალბათობა იმისა, რომ მოსკოვი საარქივო მასალებზე კონტროლს დაკარგავდა, დიდი იყო. იგრძნეს რა ასეთი საშიშროება, კრემლის ემისრებმა - გენერლებმა ედუარდ ვოიციცკიმ და ვიტალი ნოვოდნიჩიმ საკავშირო სუკს მოამზადებინეს ბრძანება, რომლის თანახმად, საბოლოო ჯამში, 1990 წელს ქ.სმოლენსკში გატანილი იქნა ოპერატიულ ქვედანაყოფებში არსებული ოპერატიული მასალა, აგენტების პირადი და სამუშაო საქმეები და მთელი ოპერატიული საარქივო ფონდი. იგივე განხორციელდა ავტონომიურ რესპუბლიკებშიც.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე