RSS
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის «სამხედრო-მეცნიერული’’ ანალიზის შესახებ
14.12.2009 10:48

რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა «Время новостей”-მ 2009 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა რუსეთის «სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის’’ თანამშრომლების, მ. ბარაბანოვის, ა. ლავროვისა და ვ. ცელუიკოს სტატიების კრებული «აგვისტოს ტანკები’’, რომელშიც, გამომცემლობის აზრით, 2008 წლის ომის «სუფთა’’ სამხედრო-მეცნიერული ანალიზია მოცემული.

ავტორთა მტკიცებით, რუსეთის პირველი «ოფიციალური ომი” ყოფილი სსრკ-ს ერთ-ერთ რესპუბლიკასთან განსაკუთრებით საინტერესოა სამხედრო თვალსაზრისით. პირველ რიგში, ეს ომი გახდა რფ შეიარაღებული ძალების ქმედუნარიანობის გამოცდა. შედეგად, 2008 წლის შემოდგომაზე დაწყებულ იქნა რადიკალური სამხედრო რეფორმის ახალი ეტაპი, რომლის მიზანია რუსეთის არმიის და ფლოტის იმ დონემდე მომზადება, რომ მათ წარმატებით გაართვან თავი ლოკალურ კონფლიქტებს ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიებზე. მეორე მხრივ, ამ ომმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა პოსტსაბჭოთა სივრცეში სამხედრო აღმშენებლობის შეფასებაში. საუბარია მ. სააკაშვილის მცდელობაზე, შექმნას დასავლური ყაიდის არმია. საქართველოს სამხედრო დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა. ნაშრომში გაბათილებულია პოპულარული (მათ შორის რუს პოლიტიკოსებს შორის) მითი იმის შესახებ, რომ ამბიციურ სამხედრო აღმშენებლობას სააკაშვილი აშშ-ს ფინანსური დახმარების ხარჯზე ეწევა. ავტორებმა დაადგინეს: 2006 წლიდან ყოფილ ავტონომიებთან ომის მოსამზადებლად საქართველო საკუთარ სახსრებს ხარჯავდა. ამასთან, 2008 წლის აგვისტოს დრამატულმა შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო «მესამე სამყაროს’’ მიეკუთვნება ამ სამყაროსთვის დამახასიათებელი არმიით, რომელიც შემოსილია დასავლური უნიფორმით და შეიარაღებულია ამერიკული კარაბინებით, მაგრამ რომელსაც ორგანიზაციისა და დისციპლინის დაბალი დონე, დაბალი მორალური სულისკვეთება, კორუფცია, გაუნათლებლობა, კადრების დეფიციტი, ეროვნული სამხედრო სკოლისა და ტრადიციის არარსებობა ახასიათებს. პირადი შემადგენლობის მომზადება ჩამორჩებოდა არმიის რიცხობრივი ზრდის ტემპს – ამ გამოწვევას, როგორც სამხედრო ისტორია უჩვენებს, ხშირად ზესახელმწიფოების არმიებიც ვერ ართმევდნენ თავს.

ნაშრომში განხილულია ამიერკავკასიაში არსებული სამხედრო ძალთა ბალანსი და საქართველოს სამზადისი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. ავტორები ასკვნიან, რომ ადრე დაწყებული პროგრამების განხორციელება გრძელდება, მათ შორის, შეიარაღების შეძენის კუთხით. საქართველოს ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო ანტირუსეთული ხდება, ორიენტაცია აღებულია არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული გზით დაბრუნებაზე, არამედ რუსეთის სამხედრო მანქანისთვის სათანადო წინააღმდეგობის გასაწევად არმიის მომზადებაზე.

ავტორები 2008 წლის აგვისტოს მოვლენების აღწერის შედეგად აკეთებენ დასკვნას: "12 აგვისტოს შემდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციებით რუსეთმა საკუთარი სიმტკიცისა და ძლიერების დემონსტრირება მოახდინა, რაც ყოველთვის ტოვებს საჭირო შთაბეჭდილებას კავკასიისა და აღმოსავლეთის ხალხებზე, მათ შორის ქართველებზე და ყველას დაანახა, თუ ვინ არის ჭეშმარიტი ჰეგემონი ამიერკავკასიაში".

რაც შეეხება რუსული ავიაციის დანაკარგებს, ავტორთა მტკიცებით, იგი 6 თვითმფრინავს შეადგენდა, რომელთაგან 3 საკუთარი ძალებით იქნა ჩამოგდებული, რაც კოორდინაციის დაბალ დონეზე მიუთითებს, საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა კი არაეფექტურად იმუშავეს.

ავტორებს სურდათ, კრებულში ცალკე თავი მიეძღვნათ საქართველოს არმიის იარაღითა და ტყვია-წამლით უზრუნველყოფისთვის. შერჩეულ იქნა სათაურიც - «როგორ იარაღდებოდა საქართველო’’, მაგრამ მასალა იმდენად მასშტაბური და მრავალწახნაგოვანი გამოდგა, რომ ავტორებმა ამ თემისთვის ცალკე ნაშრომის მიძღვნა გადაწყვიტეს.

რეზიუმეში ავტორები ამტკიცებენ, რომ საქართველო აგრძელებს მილიტარისტულ კურსს, ანტირუსეთულ პოლიტიკას და რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებას ემუქრება. ამიტომაც რუსეთის არმია და ფლოტი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყვნენ იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში უფრო ეფექტურად (2008 წლის აგვისტოსთან შედარებით) გაანადგურონ საქართველოს სამხედრო პოტენციალი.

შენიშვნა: ნაშრომი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით და სპეცსამსახურების უშუალო მონაწილეობით არის შექმნილი, რაზეც მისი ზოგადი პათოსი მეტყველებს. ამასთან, საყურადღებოა საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შეფასება.

ყურადღებას იქცევს საუბარი რუსეთის სტრატეგიაზე. კერძოდ, როცა რუსეთის არმიისა და ფლოტის რეფორმირებაზე წერენ, ავტორები მიუთითებენ, რომ მთავარი მიზანია, რფ შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გაართვან თავი ლოკალურ კონფლიქტებს ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით სერიოზულ მოწინააღმდეგესთან კონფლიქტს მოერიდებიან, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე შემდგომშიც არ გამორიცხავენ სამხედრო ძალის გამოყენებას. ამაზე ირიბად მიუთითებს ავტორთა მტკიცება «ჰეგემონიის’’ შესახებ. ის, რომ რფ მარტო საქართველოსთან ომით არ დაკმაყოფილდება, ცხადი ხდება ახალი სამხედრო დოქტრინითაც, რომლის თანახმად რფ ჩვეულებრივ ომში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იტოვებს. ეს დასავლეთის გაფრთხილებას ნიშნავს იმის შესახებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სამხედრო ძალის გამოყენებისას რუსეთისთვის ხელის შეშლა მას ძვირად დაუჯდება. ამ დოქტრინის «ლეგალიზაციას’’ ემსახურება რფ პრეზიდენტის ინიციატივა ევროპის ახალი კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნის შესახებ, რომელიც დამოუკიდებელ ექსპერტთა აზრით, დემაგოგიაა და მიზნად უკვე არსებული სისტემების (ნატო, ეუთო) პარალიზებას ისახავს. შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთი არმიასა და ფლოტს პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი საოკუპაციო ნაბიჯებისთვის ამზადებს, რისთვისაც ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სისტემების პარალიზებას ცდილობს და ბირთვული იარაღით ემუქრება ყველას, ვინც მისი აგრესიის აღკვეთას შეეცდება. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული ნაშრომის გავრცელებას სამხედრო სასწავლებლებსა და აკადემიებში აპირებენ, რაც შოვინისტურ იდეებზე ოფიცერთა კადრების აღზრდას ემსახურება.

ნაშრომი კიდევ ერთხელ ავლენს რუსების დილეტანტურ მიდგომას კავკასიელებისა და აღმოსავლეთის ხალხებისადმი. კერძოდ, ავტორები ამტკიცებენ, რომ სიმტკიცისა და ძლიერების დემონსტრირება ყოველთვის საჭირო შთაბეჭდილებას ტოვებს ამ ხალხებზე. ასეთმა მიდგომამ უკუშედეგი უკვე გამოიღო ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც ავტორების ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

ავტორებმა ვერ მოახერხეს რუსული ავიაციის დანაკარგების შესახებ დამაჯერებელი ვერსიის ჩამოყალიბება. კერძოდ, 3 თვითმფრინავის ჩამოგდება საკუთარი არმიის დანაყოფების «дружественный огонь’’-ს და ამ დანაყოფებს შორის დაბალ კოორდინაციას მიაწერეს. მათ არ სურდათ, ეღიარებინათ, რომ «дружественный огонь’’ წამოვიდა ოსი სეპარატისტებისგან, რომლებსაც ყველა საფრენი აპარატი ქართული ეგონათ. ავტორებმა ვერ დაწერეს, რომ რუსეთისა და ოსების დანაყოფებს შორის დაბალი კოორდინაცია იყო, მაგრამ გაეპარათ აღნიშნული ტერმინი, რაც სამხედროთა ენაზე მოკავშირის მიერ გახსნილ ცეცხლს ნიშნავს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე