RSS
რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის დაშლის ეშინია
16.12.2009 11:44
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტები

ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო წლებში მიმდინარე პროცესები რუსეთის ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. უფრო მეტიც, ეს რეგიონი რუსეთის მთლიანობის შენარჩუნების ქვაკუთხედად და ამ მთლიანობის ყოფნა-არყოფნის საკითხად აღიქმება.

რუსეთის ფედერალური კრებისადმი მიმართვაში დ. მედვედევმა მთელი ბლოკი დაუთმო ჩრდილო კავკასიაში შექმნილ ვითარებას და იმ საშიშროებას, რაც ქვეყანას ამ რეგიონიდან შეიძლება დაემუქროს. სოციალ-ეკონომიკური ხასიათის ზომების მიღების აუცილებლობასთან ერთად მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საკადრო საკითხებს, კერძოდ კი ამ მხარეში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შემოღებას.

როგორც ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი მირონოვის გამოსვლაშია ნათქვამი, `რეგიონებს შორის შექმნილი მკვეთრი სოციალური დიფერენციაცია რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას~. ეს პრობლემა ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მაგალითზეა გაანალიზებული.

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ სოციალურ სიდუხჭირეს და კრიმინოგენული მაჩვენებლების ზრდას დასავლეთს აბრალებს და აცხადებს, რომ ათეულობით ქვეყნის სპეცსამსახურები, რომლებსაც ძირგამომთხრელ საქმიანობაში კარგად გამოწვრთნილი კადრები და შეუზღუდავი ფულადი სახსრები ჰქონდათ, ჩეჩნეთში მასობრივი არეულობის გამოწვევას და რელიგიათშორისი შუღლის ჩამოგდებას გეგმავდნენ, რაც, საბოლოო ჯამში, რუსეთის შესუსტებასა და მისი დაშლის დაწყებას ისახავდა მიზნად. კადიროვის თქმით, ჩეჩენმა ხალხმა რუსეთის ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით დასავლეთის ეს შემოტევები წარმატებით მოიგერია, თუმცა მსგავსი საშიშროების გამეორებას არ გამორიცხავს.

ვითარების გაჯანსაღების და სტაბილიზაციის მიზნით, აგრეთვე `დასავლეთის~ ძირგამომთხრელი საქმიანობის აღსაკვეთად, რეგიონს ფედერალური ბიუჯეტიდან მილიარდობით ფულადი სახსრები გამოეყოფა. ყოველდღიური ზრუნვის შედეგად ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი რუსეთის არმიის ყველაზე ელიტარულ, მრავალრიცხოვან, კარგად აღჭურვილ და ყოველმხრივ უზრუნველყოფილ დანაყოფადაა ქცეული. ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებისაგან მაღალანაზღაურებადი და შეღავათებით განებივრებული სამხედრო ფორმირებები იქმნება. მიმდინარეობს რუსეთის ხელისუფლების ერთგული პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ლიდერების აღზევება და მათი ახლობლებისთვის სასათბურე პირობების შექმნა.

ისლამური აღმსარებლობის სასულიერო ლიდერებს მაღალ ხელფასებთან და სხვა მატერიალურ მხარდაჭერასთან ერთად სახელმწიფომ თავის ხარჯზე პირადი დაცვაც დაუყენა.

ამგვარ მეთოდებს რუსეთის იმპერია მთელი 150 წლის მანძილზე წარმატებით იყენებდა ამ რეგიონში. მართალია, ამ მეთოდების ჩამონათვალში აქამდე ვერ ვხედავდით ჩრდილოეთ კავკასიის ერთიანი მმართველის ინსტიტუტს, რომელსაც ადრე მეფისნაცვალი ერქვა, ახლა კი ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ან სხვა დასახელების მქონე თანამდებობით შემოიტანს კრემლი. ამ თემაზე დიდი მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობაა როგორც ცენტრში, ისე ადგილებზე. კამათის საგანია მხოლოდ “მეფისნაცვლის” სტატუსზე, უფლებამოსილებასა და კონკრეტულ კანდიდატურებზე. ერთი ნაწილის აზრით, ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი უფრო ადვილად დაიჭერს, ამდენად მომგებიანად მიაჩნიათ ამ პოსტზე რუსეთის ხელისუფლებისადმი ერთგული რომელიმე ადგილობრივი ჩინოვნიკის წამოყენება. ინგუშეთის პრეზიდენტს, გენერალ იუნუსბეკ ევკუროვს კი მიაჩნია, რომ ეს პიროვნება ეროვნებით აუცილებლად რუსი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ის იქნება ნეიტრალური, ობიექტური, უანგარო და ყველა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ინტერესების თანაბარი დამცველი.

დღეისთვის წამოყენებულ კანდიდატურათა შორის რუსეთის ხელისუფლება, ალბათ, სერგეი ბორისის ძე ივანოვზე შეჩერდება. იგი უშიშროების სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი და თავდაცვის ყოფილი მინისტრია. მას კიდევ რამდენიმე უპირატესობა აქვს. ს. ივანოვი პეტერბურგიდანაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად დიდხანს მუშაობდა უშიშროების კომიტეტის სისტემაში და მისი განუსაზღვრელი ნდობით სარგებლობს.

პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შემოღების შემთხვევაში მისი საზრუნავი მარტო ჩრდილო კავკასია არ იქნება.

რუსეთის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების გაანალიზებისა და შეცდომების გამოსწორების გარეშე სტაბილურობა კავკასიაში ძნელად მისაღწევი იქნება. ამას კი გამოცდილი, თანამედროვე ვითარებაში კარგად ჩახედული და მოაზროვნე კადრები ჭირდება.

შეიძლება თუ არა ამ პოსტზე რუსეთის ხელისუფლებისადმი ერთგული რომელიმე ადგილობრივი ჩინოვნიკის დანიშვნა? ალბათ, ეს გამორიცხულია, რადგან ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, თავისი მზარდი ამბიციებიდან გამომდინარე, ამ თანამდებობაზე ვერცერთ ჩრდილოკავკასიელს ვერ აიტანს და შეიძლება, ფიზიკური ძალითაც დაუპირისპირდეს მას. რამზან კადიროვის კანდიდატურისგან კი მოსკოვი თვითონ შეიკავებს თავს ჩრდილოეთ კავკასიაში მისი არცთუ მაღალი რეპუტაციის და, რაც მთავარია, მისი წარსულის გამო. თხუთმეტიოდე წლის წინ იგი მამამისთან, ჰაჯი ახმად კადიროვთან ერთად ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა და ჯიჰადი ჰქონდა გამოცხადებული რუსეთის წინააღმდეგ. ჩრდილოკავკასიელები მამაშვილ კადიროვების წარსულის შეფასებისას მათ ლევ ტოლსტოის ცნობილ ჩრდილოკავკასიელ გმირს, ჰაჯი მურატს ადარებენ და ორაზროვნად აცხადებენ: `ни Хаджи Мурат, ни Хаджи Ахмад Кадыров не считают себя предателями, несмотря на переход на сторону заклятого врага~.

თუმცა, რამზან კადიროვის პატივმოყვარეობის გათვალისწინებით, რუსეთის ხელისუფლება მას და მის დღევანდელ შესაძლებლობებს უყურადღებოდ ვერ დატოვებს. `Единая Россия~-ს უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრს, რუსეთის ფედერაციის გმირს, ჩეჩნეთის პრეზიდენტსა და ჩეჩნეთის რამდენიმე ათეულათასიანი ჯარის ხელმძღვანელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პოლიციის გენერალ-მაიორის წოდებაც მიანიჭეს, ალბათ, შესაბამის ადგილს მიუჩენენ ჩრდილო კავკასიის ხელმძღვანელთა კასტაში.

ჩრდილო კავკასიის ხელმძღვანელ ბირთვში ასევე წარმოდგენილი იქნებიან რუსეთის ფედერაციის გმირი, ინგუშეთის პრეზიდენტი, გენერალი იუნუსბეკ ევკუროვი, “როსნეფტის” ყოფილი მმართველი, მიხეილ გუცერიევი და დაღესტნელი ბიზნესმენი, სულეიმან ქერიმოვი.

ამ კონტექსტში ინტერესმოკლებული არ იქნება მოკლე ისტორიული ექსკურსის გაკეთება. მეფისნაცვალს კავკასიაში ფართო უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული. იგი ერთპიროვნულად წყვეტდა ნებისმიერ საკითხს ნებისმიერ სფეროში, რომელიც ახალ საკანონმდებლო აქტებს არ მოითხოვდა. მეფისნაცვალი თავისი შეხედულებისამებრ ნიშნავდა და ათავისუფლებდა თანამდებობის პირებს, ანიჭებდა მათ წოდებებს, ჯილდოებს, უნიშნავდა პენსიებს და საჭიროების შემთხვევაში სვამდა მათი პასუხისმგებლობის საკითხს. როგორც წესი, მეფისნაცვლები დიდგვაროვანი ოჯახის შვილები და მაღალი სამხედრო ჩინის მქონე პირები იყვნენ, რომლებიც იმავდროულად მათდამი რწმუნებულ ტერიტორიაზე მთავარსარდლის მოვალეობასაც ასრულებდნენ, ხელმძღვანელობდნენ როგორც შიდა სამხედრო ოპერაციებს, ასევე საომარი მოქმედების დაწყების შემთხვევაში - კავკასიის არმიის ყველა სახეობის ჯარებს თურქეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ.

რუსეთის კავკასიაში შემოსვლიდან რევოლუციამდე, ანუ, 1800-1917 წლებში კავკასიის მეფისნაცვლები იყვნენ გენერალი კარლ კნორინგი, ინფანტერიის გენერალი, თავადი პავლე ციციანოვი (ციციშვილი), გენერალ-ფელდმარშალი ივან გულოვიჩი, კავალერიის გენერალი, გრაფი ალექსანდრე ტორმასოვი, გენერალ-ადიუტანტი მარკიზი, ფილიპ პაულეჩი, ინფანტერიის გენერალი, ალექსი ერმოლოვი, გენერალ-ფელდმარშალი, გრაფი ივანე პასკევიჩი, გენერალ-ადიუტანტი გრიგორი როზენი, ინფანტერიის გენერალი, თავადი ევგენი გოლოვინი, გენერალი, თავადი ალექსანდრე ნეიდგარდტი, გენერალ-ადიუტანტი, გრაფი მიხეილ ვორონცოვი, გენერალი, თავადი ნოკოლოზ რეადი, გენერალი, თავადი ალექსანდრე ბარატინსკი, გენერალ-ფელდმარშალი მიხეილ რომანოვი, გენერალი, თავადი ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, ინფანტერიის გენერალი გრიგორი გოლიცინი, გენერალი, გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი და ბოლოს, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი.

თითოეულმა მათგანმა თავისი როლი შეასრულა კავკასიის ამა თუ იმ მხარის რუსეთთან მიერთებაში და იქ მცხოვრები ხალხების რუსიფიკაციაში. ყველა მათგანის უმაღლესი მიზანი რუსეთის იმპერიის გაზრდა და გაძლიერება იყო, რასაც ისინი სხვადასხვა ხერხებითა და მეთოდებით ახორციელებდნენ.

მათ მიერ მიღებულმა ბევრმა კანონმა, ინსტრუქციამ თუ გადაწყვეტილებამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი და ხანგრძლივი დროის მანძილზე მოქმედებდა.

კავკასიის მუსულმანური მოსახლეობისა და მისი სასულიერო ხელმძღვანელობის მართვის ინსტრუქციის საფუძველზე 1872 წელს ჩამოყალიბებული, სრულიად კავკასიის მუსულმანთა სამმართველო დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს კავკასიაში და იმ დაკვეთებს ასრულებს, რასაც ცენტრი დაავალებს.

რუსეთის დღევანდელი მესვეურების გადაწყვეტილებაა, აღადგინონ ხელისუფლების ის რგოლი, რომელიც ქვეყნის სამხრეთში ასეული წლის მანძილზე მტკიცედ იცავდა იმპერიის ინტერესებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე