RSS
ლევან კიკნაძე: "ან პუტინმა დათმო, ან გარიგება შედგა"
17.12.2009 11:13
მაია თეთრაძე
გაზეთი "ვერსია"

აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს, ახალი, ძველი ე.წ. პრეზიდენტი ჰყავს. თუმცა ექსპერტთა ვარაუდს, რომ სერგეი ბაღაფშის არჩევნებში უპრეცედენტო გამარჯვებას, შესაძლოა ოპოზიციური გამოსვლების კასკადი მოჰყვეს, "ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი, აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე არ ეთანხმება და გაზეთ "ვერსიას" მოვლენების შესაძლო განვითარების სხვაგვარ ვერსიას სთავაზობს.

- ბატონო ლევან, როგორ აფასებთ, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. სულ იყო საუბარი, რომ რუსეთი ბაღაფშის მეორედ გაპრეზიდენტებას აღარ დაუშვებდა. თქვენ კი აცხადებდით, რომ პუტინი ხაჯიმბას გაყვანას შეეცდებაო. თუმცა ფაქტია, რომ ბაღაფში ისევ ე.წ. პრეზიდენტია. რით არის განპირობებული მისი კლანის გამარჯვება?

- წინა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ძალთა თანაფარდობა ისეთი იყო, რომ ვფიქრობდი ხაჯიმბას მართლაც ჰქონდა რეალური შანსი ე.წ. პრეზიდენტი გამხდარიყო. გაზაფხულზე, როცა იგი თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს ჩაუდგა სათავეში, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ძველი მეომრები შეადგენდნენ, გავრცელდა ხმები, რომ ბესლან ბუთბა და რაულ ხაჯიმბა ერთიანი ფრონტით გამოვიდოდნენ. ამ აზრს ისიც მიძლიერებდა, რომ კორუფციაში ყელამდე ჩაფლული ბაღაფშის ხელისუფლება და მინიმუმამდე დასული მისი რეიტინგი რუსეთს გადააწყვეტინებდა, სეპარატისტული ხელისუფლების სათავეში მოეყვანა პიროვნება, რომელიც წესრიგსა და სტაბილურობას უზრუნველყოფდა. თუმცა, როგორც შემდეგ მოვლენებმა ცხადყო, ან პუტინმა დათმო, ანდა - გარიგება შედგა. მთავარი მაინც ისაა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, აქტიურად აღრ ჩარეულიყო არჩევნებში და ის თავად აფხაზებს ჩაატარებინა. ამით მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენა, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო, შემდგარია. ასევე, გაითვალისწინა წინა ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მისმა აქტიურად ჩარევამ, აფხაზეთში საკმაოდ ბევრს, რუსეთისადმი ნეგატიური დამოკიდებულება გაუჩინა. გარდა ამისა, ალბათ გადაწყვიტა, რომ რადგან თავისი საქმე უკვე გააკეთა, ეხლა მისთვის სულერთია, ვინ იქნება პირველი პირი.

აუნთო თუ არა მწვანე შუქი რუსეთმა, სეპარატისტულმა რეჟიმმა აამოქმედა მექანიზმი, რომელიც დამახასიათებელია დიქტატორული მმართველობისთვის – იმარჯვებს ის, ვინც ხელისუფლებაშია.

ბაღაფშმა მაქსიმალურად გამოიყენა სახელისუფლებო რესურსი. შეატანინა მხოლოდ მისთვის სასარგებლო ცვლილებები კანონში არჩევნების შესახებ, ე.წ. სახელმწიფო ელექტრონული და ბეჭდვითი მედია დაუქვემდებარა თავის საარჩევნო შტაბს, წინასაარჩევნო კამპანიისთვის კარგად გამოიყენა რუსეთის მაღალჩინოსნების ვიზიტები აფხაზეთში. ასევე დიდი როლი ითამაშა ხალხში გავრცელებულმა აზრმაც, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და კოდორის ხეობაზე კონტროლის დამყარება, სწორედ ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს მოხდა და მისი დიდი დამსახურებაა.

- თქვენი ინფორმაციით, ძირითადად რა დარღვევები დაფიქსირდა და რამდენად გამჭვირვალედ ჩატრდა არჩევნები?

- როგორც თვით ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატები აცხადებენ აფხაზეთში არჩევნები უპრეცედენტო დარღვევებით ჩატარდა. შსს-ს და პროკურატურის დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ ოპოზიციური კანდიდატები, მათი შტაბები და მომხრეები; აშინებდნენ რუსებს, სომხებს და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს, სოციალურად დაუცველ ამომრჩევლებს. აფრთხილებდნენ, რომ თუ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში ბაღაფშის სასარგებლოდ და არ ექნებოდათ შესაბამისი აღნიშვნა პასპორტებში, ვერ მიიღებდნენ პენსიებს, რუსეთის ახალ პასპორტებს, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზებზე, რომლებიც ვერანაირ თანამდებობას ხელისუფლებაში ვერ ეღირსებოდნენ. ამდენად არჩევნებში მონაწილეობა თითქმის გაუთანაბრდა ქართულ-აფხაზურ ომში მონაწილეობას. თუ როგორი დამოკიდებულებაა აფხაზეთში მათ მიმართ, ვინც ხსენებულ ომში არ მონაწილეობდა, კარგად გამოჩნდა ე.წ. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ბესლან ბუთბას მაგალითზე, რომელსაც მუდმივად უწევდა თავის მართლება.

დაფიქსირებულია სხვა დარღვევებიც, კერძოდ, არჩევნების დამთავრების შემდეგ ამომრჩეველთა რაოდენობამ, რომლებიც შეტანილი იყვნენ ამომრჩეველთა სიაში შეადგინა 139000, რაც 11400-ით მეტია ცესკოს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე. ეს კი განაპირობა აქტურად დატრიალებულმა ე.წ. "კარუსელებმა". ბევრ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სიაში შეიყვანეს ის პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ აფხაზეთში, მათ შორის ისინიც ვისაც 1992-93 წწ ომის შემდეგ აღარ უცხოვრია აფხაზეთში (არ გამოვრიცხავთ, რომ ხსენებულ სიებში თბილისში და რუსეთში დროებით მცხოვრები დევნილებიც შეეტანათ).

მიუხედავად ასეთი დარღვევებისა, რუსეთის ე.წ. დამკვირვებლებმა არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ სცნეს და კარგად შეზარხოშებულები ამას არჩევნების დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე აცხადებდნენ ინტერვიუებში. რუსეთის ფედერაციის ცესკოს თავმჯდომარე ჩუროვი, ალბათ ისე დაათვრეს, რომ ვეღარ გაიგო აღმოსავლეთ აფხაზეთში რომელ ქალაქში "აკვირდებოდა" არჩევნებს და გუდაუთა ოჩამჩირეში აერია.
.
- არჩევნების შემდეგ აფხაზეთში რა პროცესები იწყება? ცნობილია რომ ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადება. ფიქრობთ, რომ კლანური დაპირისპირებები კიდევ უფრო გამწვავდება?

- არა მგონია, ხაჯიმბამ ასეთი რადიკალური ნაბიჯები გადადგას. მწვავე დაპირისპირება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწყებულიყო, თუკი ბაღაფში დაბალი პროცენტით გაიმარჯვებდა. არა მგონია, სიტუაცია ისე გართულდეს, რომ საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდეს. ამას, პირველ რიგში, თვითონ რუსეთი არ დაუშვებს. ალბათ, ხაჯიმბასაც გააფრთხილებდნენ, რომ არის ზღვარი, რასაც არ უნდა გასცდეს. სიტუაციის გამწვავება არ აწყობს რუსეთს და არც იმას დაუშვებს, შიგნით არეულობა დაიწყოს.

- როგორ დაკომპლექტდება მთავრობა, ის რომ ალექსანდრე ანქვაბი, აფხაზებში ერთ-ერთი გავლენიანი პირი, ბაღაფშის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია რას ნიშნავს. ამბობენ, რომ რუსეთი მის გასანეიტრალებად პრემიერად კოლესნიკოვს გაუშვებსო?

თუ გადავხედავთ ბაღაფშის საკადრო პოლიტიკას, იგი ისევ იმ ხალხს დაეყრდნობა, ვინც დასაწყისშივე შემოიკრიბა. ის ხალხი ყოველთვის მის გვერდით იყო, ამ საარჩევნო კამპანიამაც მათ მხრებზე გადაიარა და არა მგონია ბაღაფშმა საკადრო პოლიტიკაში კარდინალური ცვლილებები განახორციელოს. Eერთ-ერთ Gგავლენიან ფიგურედ, რა თქმა უნდა რჩება ა.ანქვაბი. თუ ანქვაბი, ბაღაფშის პრეზიდენტობის პირველ ვადაში ერთგვარად ჩრდილში იყო და არ ჩანდა, ვიცე-პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, ვფიქრობ აქტიურად ჩაებმება პოლიტიკურ ცხოვრებაში და ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც მნიშვნელოვან ფუნქციას შეიძენს, რაც მანამდე არ ჰქონდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბაღაფში ე.წ პრეზიდენტობის ბოლო ვადის ამოწურვისას შეეცდება მემკვიდრედ თავისი გუნდიდან ყველაზე მისაღები პიროვნების მოყვანას, ამ მიზნისთვის ყველაზე იდეალურ კანდიდატურად, რა თქმა უნდა ანქვაბი რჩება. როგორ გადაანაწილებს ბაღაფში სახელისუფლებო ვერტიკალს ისე, რომ "არც მწვადი დაწვას და არც შამფური", ამას მომავალი გვიჩვენებს. ამას გარდა, შესაძლებელია, მისთვის რ.ხაჯიმბას ამბიციების დაკმაყოფილებაც ერთობ პრობლემატური გახდეს. თავის დროზე, უშიშროებაში ჩვენი ერთად მოღვაწეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რ.ხაჯიმბა ტოვებდა პრინციპული, საქმის მცოდნე და დიდი პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლის შთაბეჭდილებას, რაც ჩანს არ დაუკარგავს. შექმნილ ვითარებაში თუ მისთვის მისაღები ადგილი ბაღაფშის ხელისუფლებაში ვერ გამოიძებნა, არ გამოირიცხება, რომ რ.ხაჯიმბას სახით რუსეთმა მართლაც პროაფხაზური, საკმაო გავლენის მქონე ნაციონალისტი ლიდერი მიიღოს, რაც ხელს შეუშლის თავისი იმპერიული ზრახვების განხორციელებაში. ისიც შესაძლებელია რუსეთს პუტინის ფავორიტის, გენერალ რ.ხაჯიმბას ამბიციების დაკმაყოფილება ისევ მოუწიოს და როგორც წინა არჩევნების დროს ახლაც გარიგება შედგეს. ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

რაც შეეხება კოლესნიკოვის გაპრემიერებას, რუსეთი ასეთ ვარიანტს, შესაძლოა განიხილავს კიდეც, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება თვით კოლესნიკოვისთვის ეს თანამდებობა, საკითხავია. თუმცა არ გამოვრიცხავ, წყნარი ცხოვრება კოლესნიკოვმა არც თუ უსაფრთხო, მაგრამ ფინანსურად შემოსავლიან ცხოვრებაზე გაცვალოს, მითუმეტეს თუ ამას მისი რუსი ხელმძღვანელები დაავალებენ.

- რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, უნდა ველოდოთ თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებებს, საინტერესოა ისიც, რუსეთი აფხაზეთის "ახალი ხელისუფლებისგან" კიდევ რის მიღებას შეეცდება?

ძნელი სათქმელია, როდის, მაგრამ ქართულ-აფხაზური მტრობა, რომ დიდხანს არ გაგრძელდება ამას დღეს ბევრი პრაგმატულად მოაზროვნე აფხაზი ინტელიგენციის წარმომადგენელი აღნიშნავს, თუმცა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს, გასაგები მიზეზების გამო ერიდებიან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის მოსახლეობა იმდენადაა დაკავებული სოციალური პრობლემებით, იმდენადაა ზომბირებული და მათ იმდენ სიკეთეს პირდებიან, საკმაოდ გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაინც მაქვს იმედი, რომ თუ სახალხო დიპლომატიას გასაქანი მიეცა, შერეული ქართულ- აფხაზური ოჯახებიც აქტიურად ამოქმედნენ და ყველაფერი ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით წახალისდა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დათბობას აუცილებლად უნდა ველოდოთ.

მართალია, ბაღაფშმა "გაპრეზიდენტების" შემდეგ, პირველსავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს აღარასოდეს დავუბრუნდებითო, მაგრამ მოდით, ეს კითხვაც დავსვათ - თვითონ ამ ნათქვამის სჯერა? მაგრამ მან მაინც ასე უნდა თქვას. ჩვენ რომ კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდეთ, გარწმუნებთ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.

რუსეთმა ბაღაფშის ხელისუფლებისგან თითქმის ყველაფერი მიიღო.

"ახალი ხელისუფლებაც" იგივე კარგად ნაცნობი ძველი იქნება, როგორც შემადგენლობით, ასევე შინაარსით. აფხაზეთში არ დარჩა დღეს მეტად უმნიშვნელო ეკონომიკური ბერკეტიც კი, რომელიც რუსეთის ხელში არ იმყოფება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე