RSS
ვიტალი ხრიპუნი : „მე მოვდიოდი რათა მემსახურა და არა განუკითხაობაში მიმეღო მონაწილეობა“
22.12.2009 18:56
დავით ძნელაძე

რიგით მესამე რუსი დეზერტირი რუსეთსა და საქართველოს შორის საინფორმაციო ომის ახალი ეპიზოდის მიზეზი გახდა. „ექსპერტთა კლუბი“ 21 დეკემბერს უკვე იუწყებოდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიტალი ხრიპუნის გადმოსვლის შესახებ. მას შემდეგ ორი დღე გავიდა, მაგრამ მედია ჯერაც ვერ გარკვეულა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოების პირველადი ცნობების ბურუსში. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ფსბ–ს პრაპორშიკთან, რომელშიც ის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.

– ვიტალი, მოგვიყევით თქვენს შესახებ და გვიპასუხეთ შეკითხვაზე : როგორ მოხვდით საქართველოში ?

– დავიბადე პოლტავის ოლქში 1984 წლის 11 აპრილს. ვცხოვრობდი მურმანსკში, სადაც ჩემი ოჯახი დარჩა – დედა, 7 წლის ნახევარდა და მამინაცვალი. იქიდანვე გამიწვიეს ჯარში. მსახურობის შემდეგ ვმუშაობდი კერძო ფირმაში, თევზსაჭერ გემზე. როცა სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო, ტელევიზორში ამბობდნენ, რომ ეს რუსეთზე თავდასხმაა, რომ რუსეთი მცირერიცხოვან ოს ხალხს იცავს. მეც გადავწყვიტე, წავსულიყავი იქ და მართალი საქმისთვის მემსახურა. გარდა ამისა, გაგონილი მქონდა, რომ ცხელ წერტილში მსახურობისთვის კარგად იხდიან და კარიერის გაკეთების შესაძლებლობაც მხიბლავდა. რჩევა ჩემს ბიძას, ფსბ–ს პოლკოვნიკ იგორ გრიშენკოს ვკითხე და ისიც სპეციალურ კურსებზე მოწყობაში დამეხმარა. ოთხი თვის განმავლობაში გვამზადებდნენ და გვამოწმებდნენ, შემდეგ მივიღე დანიშნულება – პრაპორშიკი, სადაზვერვო–სამძებრო ჯგუფის ინსტრუქტორი გავხდი.

– საკონტრაქტო სამსახურზეა საუბარი ?

– დიახ, საკონტრაქტოზე. ორი წელი უნდა მემსახურა სამხრეთ ოსეთში, ამის შემდეგ მექნებოდათხოვნის უფლება, რომ სხვა ადგილას სამსახურში გადავსულიყავი. ხელფასი კარგი მომცეს – ათას დოლარზე მეტი. დაწინაურებასა და კარგ პერსპექტივებს მპირდებოდნენ.

– როდის ჩამოხვედით კონფლიქტის ზონაში ?

– 6 დეკემბერს ჩამოვედი ცხინვალში, იქედან სინაღურში გამგზავნეს. ამ სოფელში ვცხოვრობდით, სამსახურით კი პერევის საგუშაგოზე ვმსახურობდით. როცა მოვემგზავრებოდი, არ ვიცოდი, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა. მეგონა, რომ რომ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს დავიცავდი.

– რამ იმოქმედა თქვენს პოზიციაზე ?

– ადგილობრივები დამეხმარნენ გარკვევაში. იქ შერეული მოსახლეობაა – ქართველებიც არიან და ოსებიც. მათგან გავიგე, რომ საქართველოში ვართ, რომ მთელი სამხრეთ ოსეთიც საქართველოა. გამიკვირდა, რომ ეს მხოლოდ ქართველებისგან კი არა, ოსებისგანაც მესმოდა. მთლიანობაში, საერთოდ არ ველოდი ისეთ ვითრებას, როგორიც დამხვდა. ჩვენდამი, რუსი ჯარისკაცების მიმათ ცუდი დამოკიდებულება იგრძნობა. განსაკუთრებით ეს ოსებისგან იგრძნობა, რადგან მათ თავი მასპინძლად მიაჩნიათ და ქართველებისგან განსხვავებით იარაღიც ბევრი აქვთ. ქართველებმა, შეიძლება, დაგაპურონ, ოსებს კი უფრო მეტად უნდა უფრთხილდე. თუმცა, არც ერთს და არც მეორეს არ ვუყვარვართ. ვერავის ენდობი. მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყო. ბიჭები სულ დაძაბული არიან, ხშირად თავს ვერ აკონტროლებენ. იქ მსახურობა არავის უნდა. ყველა წასვლაზე ფიქრობს.

– შეგიძლიათ, კონკრეტული ინცინდენტების შესახებ მოგვიყვეთ ?

– ჩემი თანდასწრებით შეჯახებები არ მომხდარა. საერთო სურათია ცუდი. გვაიძულებდნენ აბუჩად აგვეგდო ადგილობრივი მოსახლეობა, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა მათთვის, ფული გამოგვეძალა, არ მიგვეცა მათთვის გადაადგილების საშუალება. რამე თუ გადაჰქონდათ – პროდუქტები ან შეშა – გადატანისთვის ფული უნდა გადაეხადათ. ამას უფროსობა ითხოვდა. გვეუბნებოდნენ, რომ ადგილობრივებისთვის მკაცრად მოგვეკიდა ხელი და ლმობიერება არ გამოგვეჩინა. ვინმე თუ აღშფოთდებოდა, მაშინვე ძალა გამოგვეყენებინა, აუცილებლობის შემთხვევაში – ადგილზე გაგვენადგურებინა. კანონი არ არსებობს და პროტესტსაც ვერ გამოხატავდი. როცა უკმაყოფილება გამოვთქვი, ანგარიშსწორებით დამემუქრნენ. მითხრეს : ჩუმად იყავი და გააკეთე, რასაც გეუბნებიან, თორემ ვაზნები ბევრი გვაქვსო...

– ეს გახდა თქვენი გაქცევის მიზეზი ?

– დიახ. მე მოვდიოდი რათა მემსახურა და არა განუკითხაობაში მიმეღო მონაწილეობა. რატომ არ შეიძლება, რომ ყველაფერი პატიოსნად და კანონის შესაბამისად იყოს? როცა თქვენთან ძეგლი ააფეთქეს, ჩვენი ოფიცრები ძალიან გაბრაზდნენ და მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულების გამკაცრება მოგვთხოვეს. ჩემთვის ეს უკანასკნელი წვეთი იყო. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ყველაზე სწორი – წასვლა იქნებოდა, ღამით საგუშაგო დავტოვე, წავედი ქართული პოსტისკენ და ჩავბარდი.

– რას ფიქრობთ თქვენი შემდგომი ბედის შესახებ ?

– ჩვენთან ამბობდნენ, რომ საქართველოში წესრიგია. გავიგე, რომ ორი ჯარისკაცი, რომელიც ჩემამდე წავიდა, ნორმალურად მოეწყო. მეც მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, რომელშიც არ არის კორუფცია, სადაც კანონებს იცავენ. თბილისში ჩემი უფლებები ამიხსნეს და პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე. ეს საკითხი გაეროსთან ერთად წყდება. იმედი მაქვს, რომ რუსეთს არ გადამცემენ. იქ ჩემთვის ყველაფერი დამთავრებულია – კარიერაც და სხვა საკითხებიც. ხელში თუ ჩამიგდებენ, ცხოვრების საშუალებას არ მომცემენ. იქნებ, როდესმე შევძლო დაბრუნება, მაგრამ არა ეხლა. აქ დახმარების მოცემასა და სამსახურს შემპირდნენ. ტექნიკური განათლება მაქვს და მუშაობაც ვიცი, ასე რომ, შევძლებ თავის გატანას.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე