RSS
დაღესტანი ომისა და მშვიდობის ზღვარზე
25.12.2009 09:53
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტები

დაღესტნის პრეზიდენტმა მუხუ ალიევმა მახაჩკალაში უშიშროების სამსახურის თანამშრომლის დღისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ თათბირზე პირადად მიულოცა მათ ეს დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად 20 დეკემბერს აღინიშნება და განაცხადა, რომ რესპუბლიკის ძალოვანმა სტრუქტურებმა ქვეყნის მეტად რთულ ვითარებაში ძალა და ღონე არ დაიშურეს წესრიგის დასამყარებლად და მშვიდობიანი ატმოსფეროს შესაქმნელად. თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად მან კონკრეტული ციფრები მოიყვანა, რაც შემდეგმა ორატორებმა, დაღესტნის უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს უფროსმა ვიაჩესლავ შანინმა (რომელსაც მ.ალიევმა საჯაროდ გადასცა ორდენი "დაღესტნის რესპუბლიკის მიმართ დამსახურებისთვის") და დაღესტნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტროფიმოვმაც დაადასტურეს. გაწეული "შრომის შედეგები" მართლაც "შთამბეჭდავი" და ამავე დროს დამაფიქრებელია.

2009 წლის დასაწყისიდან დღემდე დაღესტანში ჩატარებული ოპერატიული საქმიანობა მარტო ციფრებში ასე გამოიყურება: 18 კონტრტერორისტული და 100-ზე მეტი სადაზვერვო-სამძებრო ოპერაცია, რის შედეგადაც უვნებელყოფილია 41 ტერორისტული და 9 დივერსიული აქტი. მოკლულია 150 ბოევიკი, მათ შორის 5 დაქირავებული უცხოელი, დაკავებულია 108 შეიარაღებული უკანონო იატაკქვეშეთელი და მათი ხელშემწყობი პირი, ამოღებულია იარაღისა და ტყვიაწამლის დიდი რაოდენობა. ლიკვიდირებულია 37 საბაზო-საველე სამალავი. მოკლულია ალ-კაიდას წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიაში და მეამბოხეთა მთავარი დამფინანსებელი და მაკოორდინირებელი, ორგანიზაცია "დოქტორ მუჰამედის" ემისარი, თურქეთის მოქალაქე ზია პეჩე. ასევე ლიკვიდირებულია ე.წ. "დაღესტნის შარიათული სასამართლოს თავმჯდომარე" აბდულა საადულაევი და დაჯგუფება "შარიათის" მეთაური ომარ შეიხულაევი. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმების რაოდენობა გაორმაგდა, 2008 წლის 100 შემთხვევა 2009-ში 193-დე გაიზარდა. 2009 წელს დაიღუპა 76 და დაიჭრა 155 სამართალდამცავი. (სნაიპერის ტყვიას ვერც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ა.მამედტაგიროვი გადაურჩა). ოპერაციების ჩატარების დროს დაიღუპა 15 და დაიჭრა 30 სამოქალაქო პირი. შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის გამო განადგურებულია 135 (2008 წელს 77) და დაკავებულია 108 (2008 წელს 97) ტერორისტულ-დივერსიული ჯგუფის მონაწილე.

დღეისთვის დაღესტანში მოქმედებს 6 დივერსიულ-ტერორისტული დაჯგუფება, სადაც 150 ბოევიკზე მეტია გაერთიანებული.

დაღესტნის საზოგადოებრიობა აფორიაქებულია ასევე ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულ თავდასხმებზე, რომლებიც ხორციელდება მუსულმან სასულიერო პირებზე. ტერორისტების სამიზნეები სხვადასხვა დროს გახდნენ როგორც რიგითი, ისე რესპუბლიკის სასულიერო ლიდერები. მარტო 2009 წელს დაღესტანში მოხდა 10 ასეთი თავდასხმა, საიდანაც 3 ტრაგიკულად დამთავრდა. უმრავლეს შემთხვევაში მკვლელები და დანაშაულის ჩადენის მოტივები დაუდგენელი რჩება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ დაღესტნელები ვერ პატიობენ სპეცსამსახურებთან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქის და მით უმეტეს სასულიერო პირის არაოფიციალურ ურთიერთობას.

მუხუ ალიევის დასკვნით, ყველა ზემოთაღნიშნული გამოვლენის მიზეზად დასახელებილია უმუშევრობა, ბიუროკრატიული უსამართლობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მექრთამეობა, კლანურობა და ძალმომრეობა, რის შედეგადაც ახალგაზრდებს არ შეუძლიათ თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია და ადვილად ექცევიან ექსტრემისტების გავლენის ქვეშ.
ვითარების ასეთი შეფასების შემდეგ დაღესტნის პრეზიდენტი გამოსავალს ადმინისტრაციული და რეპრესიული ზომების კიდევ უფრო გამკაცრებაში ხედავს.

მუხუ ალიევი ყველაზე მეტად შეწუხებულია სამართალდამცავების კორუმპირებულობით, შეიარაღებულ იატაკქვეშეთთან მათი შეზრდით, მათ მიმართ მოსახლეობის სრული უნდობლობით.

ალბათ ასეთმა ვითარებამ განაპირობა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის სასოწარკვეთილება, რაც პრეზიდენტის მიერ მოწონებული და მისი რწმუნებულის ჰაჯი მახაჩევის პირით ცოტა ხნის წინ გაჟღერებულ ინიციატივაში გამოიხატა: ბოევიკების მიერ მოკლული პირების გაბოროტებული ნათესავებისგან სპეციალური შეიარაღებული რაზმების შექმნა, რომლებიც მეტი გამძაფრებით და ერთგულებით იბრძოლებენ მეამბოხე ძალების წინააღმდეგ. ამ ე.წ. ინიციატივის საფუძველი გარკვეულწილად დაღესტნის შინაგან საქმეთა მინისტრის გენერალ ა.მამედტაგიროვის დღემდე გამოუძიებელი მკვლელობაც გახდა, რომელსაც საპრეზიდენტო სავარძლისთვის ბრძოლის დაწყების მიზეზადაც მოიხსენიებენ.

ასეთ სოციალურ-პოლიტიკურ და კრიმინალურ ფონზე წარიმართება და 2010 წლის თებერვალში ჩატარდება დაღესტნის პრეზიდენტის დანიშვნა-არჩევის პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად მძაფრდება და ახალ-ახალი ინციდენტებით ახსენებს თავს საზოგადოებას.

არსებული საარჩევნო კანონის მიხედვით პოლიტიკური პარტიები წარუდგენენ რუსეთის პრეზიდენტს თავის კანდიდატებს, რომელთაგან შეირჩევა ერთი და დასამტკიცებლად გადაეგზავნება რესპუბლიკის ეროვნულ კრებას. პარტია "Единая Россия"-მ ქვეყნის პრეზიდენტს გაუგზავნა ხუთი კანდიდატურა. ესენია: მუხუ ალიევი _ მომქმედი პრეზიდენტი, მაგომედ აბდულაევი _ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, მაგომედ მაგომედოვი _ დაღესტნის სახალხო კრების დეპუტატი და დაღესტნის ხაზინის სამმართველოს უფროსი საიგიდგუსეინ მაგომედოვი. ეს არის ოფიციალური გზა, თუმცა მთელმა დაღესტანმა და არა მარტო დაღესტანმა იცის, რომ პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად საჭიროა სხვა პირობებიც. კერძოდ:

კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დაღესტნის წამყვანი კლანების ერთერთმა ლიდერმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მაგომედ გაჯიევმა, რომელიც პირადად განკარგავს ამ ღონისძიებისთვის მოსკოვიდან სპეციალურად გამოყოფილ ფინანსებს და იმ თანხებს, რომლებსაც გარკვეული კანდიდატის ლობისტები დებენ.

დაღესტანში ჯერ კიდევ მუშაობს ბ.ელცინის კავკასიის უხუცესებთან ნათქვამი ფრაზა: "უფულოდ შედეგი არც ერთ ეროვნულ პოლიტიკას არ ექნება". ამ თეორიის მიმდევარმა მ.გაჯიევმა კარგად იცის, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარებული ქ.დერბენდის მერის არჩევნების დროს თითო ამომრჩეველს 10 ათას რუბლს ნაღდი ანგარიშსწორებით აძლევდნენ. ხოლო სახალხო კრებაში რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს ამისთვის საჭიროა 72 დეპუტატიდან უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი. ყველასთვის ცნობილია, რომ აქ ერთი ხმა ულაპარაკოდ ერთი მილიონი ღირს. პრინციპი "მეტი ფული -მეტი ლოიალობა" ძალაშია და მოსკოვიც იძულებულია არ იძუნწოს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა იზრუნოს დაღესტნელი 17 მილიარდი დოლარის მფლობელ ბიზნესმენ სულეიმან კერიმოვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. იგი არა მარტო დაღესტნის, არამედ რუსეთის გარკვეული პოლიტიკური ლიდერების და საქმიანი წრეების ინტერესებს გამოხატავს და თავის მხრივ მათზე გარკვეული გავლენით სარგებლობს.

დაღესტნის პოლიტიკურ ელიტაში ანგარიშს უწევენ ტერაქტის შედეგად ინვალიდის ეტლზე მიჯაჭვული მახაჩკალის მერის საიდ ამიროვის პოზიციას, რომელსაც დაღესტნელ რუზველტსაც უწოდებენ და რომელიც პრეზიდენტობის ერთერთ კანდიდატად მოიაზრებოდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მან მორჩილად განაცხადა, რომ იგი და მისი გუნდი მხარს დაუჭერს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ კანდიდატურას.

ს.ამიროვმა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალა აღმართს ხნავს. მან ისიც კარგად იცის, რომ გაქრობამდე მისული დაღესტნის ეკონომიკის 80% დოტაციურია, მოსახლეობამდე კი მისი 30% ძლივს აღწევს და მოსკოვთან შელაპარაკება და დაპირისპირება კარგს არაფერს მოუტანს არც მას და არც მის თანამემამულეებს.

პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა შეეძლოს ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის კეთილგანწყობაც დაიმსახუროს, რომელსაც ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაზე განსაკუთრებული პრეტენზიები აქვს, რასაც დაღესტანში მცხოვრები 100 ათასი აკინელი ჩეჩენის ფაქტორიც განაპირობებს და რომლის გარეშე ძნელი იქნება პრეზიდენტის ხელისუფლების შენარჩუნება.

მუხუ ალიევი 2006 წლის არჩევნების წინ დაპირდა მოსახლეობას, რომ აამაღლებდა მათ მატერიალურ კეთილდღეობას, აღმოფხვრიდა კორუფციას, კლანურობას და უმუშევრობას, გამოასწორებდა კრიმინოგენულ ვითრებას და სხვა.

ყველა ეს მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში გაორმაგდა და გასამკეცდა უარყოფითისკენ. რესპუბლიკაში ცხოვრების გაუსაძლისი პირობები შეიქმნა.

ასეთ ვითარებაში ვის ამოირჩევს მოსკოვი წარდგენილი კანდიდატებიდან, ვის დაუჭერენ მხარს ძლიერნი ამა ქვეყნისანი?

არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა კვლავ "შეჩვეულ ჭირს" დაუჭიროს მხარი. 70 წელს მიტანებული მ.ალიევი ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა ცენტრს.

მათ სჯერათ, რომ ყოფილი კომკავშირელი მუშაკი, ჯერ პარტიის რაიკომის მდივანი, ხოლო შემდეგ პარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, შემდგომში დაღესტნის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და დაღესტნის სახალხო კრების თავმჯდომარე და ბოლოს დაღესტნის პრეზიდენტი არც მომავალში უღალატებს არჩეულ გზას.

წლების მანძილზე დაღესტანში მიმდინარე საომარ ოპერაციებს საპრეზიდენტო ბრძოლის ბატალიებიც დაემატა. მეტი სიმძაფრითაა გაჩაღებული ბრძოლა და დაპირისპირება დაღესტნისთვის. კვლავ შეახსენა თავი ძველი სტრატეგების მიერ ნათქვამმა ფრაზამ: "ვინც დაღესტანს ფლობს ის მთელ კავკასიას აკონტროლებს".

მეზობელი ხალხები მთელი გულისყურით ადევნებენ თვალს მათ სიახლოვეს მიმდინარე არც თუ მარტივ მოვლენებს და უსურვებენ დაღესტნელ თანამოძმეებს მათთან ერთად ეზეიმოთ მთელ კავკასიაში მშვიდობისა და სამართლიანობის გამარჯვება.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე