RSS
კავკასიის იმარატი – რეალური თუ ვირტუალური ძალა
06.01.2010 12:10
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტი

ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის, დივერსიების, ადამიანების გატაცების და სხვა კრიმინალური ხასიათის არნახული მოვლენებით აღინიშნა უკვე ისტორიას ჩაბარებული 2009 წელი. ქართული საზოგადოება არასოდეს ყოფილა გულგრილი მეზობელი ხალხების ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებით და ეს, მარტო მათდამი კეთილგანწყობით არ იყო განპირობებული. კავკასია ერთი მთლიანი მეტად მგრძნობიარე ორგანიზმია და მისი ერთ ნაწილში დაწყებული ნეგატიური თუ პოზიტიური ცვლილებები მყისიერ ასახვას პოულობს მთელ რეგიონში. ეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს შეეხება, რაც განპირობებულია მისი გეოგრაფიული, ისტორიული, ეთნიკური, რელიგიური და რაც მთავარია დღეისათვის რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით.

პოლიტიკოსებმა, პოლიტოლოგებმა და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებმა თავისი გადასახედიდან გაანალიზეს, შეაჯამეს და შეაფასეს ჩრ.კავკასიაში 2009 წელს მომხდარი ფაქტები და მოვლენები. ზოგი მას რუსეთის დასუსტებით დაინტერესებული გეოპოლიტიკური ძალების გააქტიურებით ხსნის, ზოგი გლობალური ეკონომიური კრიზისით, მოსახლეობის დაუსაქმებლობით, ადრე დაშვებული შეცდომებით, ტრადიციული კავკასიური კლანურობით და სხვა. ფაქტი ერთია იღუპება ათასობით და უბედურდება ათიათასობით ადამიანი. ძალადობის, სისასტიკის და უსამართლობის ფაქტების სიმრავლე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კავკასიისა და ყველა კავკასიელის იმიჯს.

ჩრდილოეთ კავკასიელი სამართალდამცავები მთელი გამკაცრებით ატარებდნენ ათობით ოპერატიულ სამხედრო, ანტიტერორისტული და სამხედრო ოპერაციებს ე.წ. ბოევიკების გამოსავლენად და გასანადგურებლად, რომლებიც როგორც შემდეგ ირკვეოდა მეტნაკლებად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. "კავკასიის იმარატთან" და მის ლიდერებთან. არაერთგვაროვანია ინფორმაცია ამ ორგანიზაციაზე და მის დღევანდელ მესვეურებზე. ზოგი მათ უკან დასავლეთის სპეცსამსახურებს და დაინტერესებულ ისლამურ წრეებს ხედავენ, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული ავტორიტეტების რელიგიური ფანატიზმით და მათი ანგარებით, ზოგს ეს მოძრაობა უნდა წარმოაჩინოს პატრიოტულ ძალად, რომელიც მცირე ჩრდილოკავკასიელი ხალხების გაერთიანებისა და მათი თვითმყოფადობის აღდგენისთვის იბრძვიან, ხშირ შემთხვევაში თავის სიცოცხლის ფასადაც კი.

აღნიშნულ წერილში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი კომენტარების გარეშე გაკეთდება მოკლე მიმოხილვა ე.წ. "კავკასიის იმარატის", მათ ლიდერებზე, მიზნებსა და შესაძლებლობებზე, მოკავშირეებსა, დაფინანსების წყაროებზე და სხვა.

"კავკასიის იმარატი" თავის არსებობას იწყებს 2007 წლის ოქტომბრიდან, როცა დოკუ უმაროვმა მოიხსნა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის უფლებამოსილება და თავი გამოაცხადა კავკასიის მოჯახედების ამირად ანუ მთავარსარდლად. მისი განცხადებით, ემირატი ჩრდილოეთ კავკასიაში ერთადერთი კანონიერი ძალაუფლებაა, რომლის უფლებამოსილების გავრცელების გეოგრაფიული სივრცე მოიცავს დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, სტავროპოლის მხარის ნაწილს, ჩრდილოეთ ოსეთს, ყაბარდო-ბალყარეთს და ყარაჩაი ჩერქეზეთს. დ.უმაროვმა უკანაონოდ ჩათვალა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეთნიკურ-გეოგრაფიული დასახელება და შემოიტანა ახალი ტერმინები: დაღესტნის რესპუბლიკას უწოდა - დაღესტნის ვილაიეთი, ჩეჩნეთის რესპუბლიკას- ნოღჩიიჩოს ვილაიეთი, ინგუშეთის რესპუბლიკას - გალგაიჩეს ვილაიეთი, რომლის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთი ანუ ირისტონიც შეიყვანა, მათ დაამატა ნოღაის ველი, ყაბარდოს, ყარაჩაის და ჩერქეზეთის ვილაიეთები. მაგრამ დ.უმაროვის განცხადებით, ეს დროებითი საზღვრებია, შემდეგ ის გაფართოვდება მუსულმანებით დასახლებული თათარისტანით, ბაშკირეთით, ბურიატიით და ა.შ. დ.უმაროვმა კავკასიის იმარატის მთელ ტერიტორიაზე დააწესა შარიათული მმართველობა, გააუქმა პრეზიდენტის წოდება და იგი შეცვალა ვალით. დაწესდა სათათბირო ორგანო მეჯლისი - აშურა, სადაც შევიდნენ ვილაიეთების მთავარი ამირები და ჯამაათის ხელმძღვანელები.

მეჯლის აშურას სხვა ფუნქციებთან ერთად იმარატის მთავარსარდლის დაღუპვის ან გარდაცვალების შემთხვევაში, უფლება აქვს აირჩიოს ახალი ამირა.

საზღვარგარეთ კავკასიის იმარატის საგარეო ფუნქციების შესრულება ეკისრება უწყებას, რომელსაც ვეკალათი ეწოდება.

უზენაესი სასამართლო ინსტანცია კავკასიის იმარატის უმაღლესი შარიათული სასამართლოა. მას დღეისთვის ყაბარდო-ბალყარეთის ჯამაათის ხელმძღვანელი ანზორ ასტემიროვი უდგას სათავეში, რომელიც 2005 წელს ისლამური ბოევიკების ქ.ნალჩიკზე თავდასხმის ერთერთი ორგანიზატორი იყო.

კავკასიის იმარატის იდეოლოგიურ საფუძვლებად გამოცხადებულია ვახაბიზმი და ჯიჰადი.

ზოგიერთი პოლიტიკოსი და მიმომხილველი კავკასიის იმარატის მისი დამაარსებლის დოკუ უმაროვის ფანტაზიის ნაყოფად და ვირტუალურ წარმონაქმნად წარმოაჩენს. ზოგს კი მიაჩნია, რომ იგი რეალური და კარგად ორგანიზებული ანგარიშგასაწევი ძალაა, რომელსაც შეუძლია სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს სპეციალურ სამსახურების შეიარაღებული რაზმებს და თვით სამხედრო დანაყოფებსაც კი.

უმაროვი დოკუ ხამადის ძე იგივე უმარან ხამადი კანტ დოკკა დაბადებულია 1964 წლის 13 აპრილს, შატოის რაიონის სოფ. ხარსენოიში ჩეჩნეთში. მისი გვარი მიეკუთვნება მულკოის ტაიპს. მეუღლე, ცნობილი საველე მეთაურის და ჯოხარ დუდაევის თანამებრძოლის დავით ახმადოვის ასულია, რომლისგანაც ჰყავს 6 შვილი. დამთავრებული აქვს ნავთობის ინსტიტუტი ქ.გროზნოში ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.

საკმაოდ ვრცელია ამ 46 წლის ადამიანის ბიოგრაფიულ მონაცემთა ჩამონათვალი. ჩეჩნეთ-რუსეთის პირველი ომის დროს იბრძოდა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ცნობილი საველე მეთაურის რუსლან გილაევის რაზმის შემადგენლობაში. 1994 წლიდან მეთაურობდა ბოევიკების რაზმს. 1996 წელს მიანიჭეს ბრიგადის გენერლის წოდება. პრეზიდენტ ასლან მასხადოვის მთავრობაში ასრულებდა ჯერ ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას, ხოლო შემდეგ დამნაშავეობასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბს.

ჩეჩნეთ-რუსეთის მეორე ომში 2000 წლის იანვარში გროზნოს ალყის გარღვევის დროს მძიმედ დაიჭრა და ხანგრძლივად მკურნალობდა საზღვარგარეთ. გამოჯანმრთელების შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა დაღუპული რუსლან გილაევის ბოევიკთა შენაერთს. 2002 წელს ა.მასხადოვმა იგი დანიშნა ჯერ დასავლეთის ფრონტის სარდლად, შემდეგ კი ნაციონალური უშიშროების სამსახურის დირექტორად. 2002 წელს ჩეჩნეთის მაშინდელი პრეზინდენტის აბდულ სადულაევის მიერ დანიშნულ იქნა ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო ამ უკანასკნელის დაღუპვის შემდეგ 2006 წელს იგი ხდება ჩეჩნეთის არაღიარებული პრეზიდენტი. მაშინ დ.უმაროვმა ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა ცნობილი შამილ ბასაევი, რომელსაც მოგვიანებით გენერალსიმუსის წოდებაც მიანიჭა. დ.უმაროვი ითვლება კავკასიის იმარატის რელიგიურ, პოლიტიკურ და სამხედრო მეთაურად.

დღემდე გრძელდება რუსეთის სამართალდამცავების მიერ დ.უმაროვზე 1992 წელს გამოცხადებული ძებნა ჯერ მკვლელობისთვის, შემდეგ ძარცვისა და გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცებისთვის. 1994 წელს ის მონაწილეობდა ჩრ.კავკასიაში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის გენერალ გენადი შპიგუნის გატაცებაში, ინგუშეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაზრანის სამმართველოს შენობაზე თავდასხმასა და კისლოვიდსკში ელექტრო მატარებლის აფეთქებაში, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წამებასა და დახვრეტაში, დაღესტანში შეიარაღებულ შეჭრაში და სხვა.

რუსეთის სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და მოკლეს დ.უმაროვის მამა და ორი ძმა. რამდენჯერმე დააკავეს მისი სხვა ნათესავებიც.

ჩატარებული სპეციალური ოპერაციების შემდეგ ხელისუფლებამ შვიდჯერ გამოაცხადა ინფორმაცია დ.უმაროვის დაღუპვის შესახებ. მეშვიდე ასეთი ცნობა 2009 წლის 13 ნოემბერს გამოქვეყნდა, მაგრამ არც ის დადასტურდა. ჩეჩნეთის დღევანდელი პრეზიდენტის ბოლო ინფორმაციით მძიმე ავადმყოფი დოკუ უმაროვი სამხრეთ ჩეჩნეთის ძნელადმისადგომ ადგილებში იმალება და იქიდან ხელმძღვანელობს მეამბოხეთა ოპერაციებს.

უდუგოვი მოვლადი კავკასიის იმარატის მეორე ლიდერი და მთავარი იდეოლოგი, დაბადებულია ქ.გროზნოში 1962 წლის 9 თებერვალს. დამთავრებული აქვს სანკ-პეტერბურგის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის დროს თაღლითობის გამო იმყოფებოდა ძებნაში და ამიტომ ნამდვილი გვარი ტემიშევი შეიცვალა დედის გვარით უდუგოვით.

სხვადასხვა დროს ეჭირა ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები. 1994 წელს მ.უდუგოვს მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება. 1997 წლის იანვრის არჩევნებში კენჭს იყრიდა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად.

მ.უდუგოვის სახელს უკავშირდება ტერორისტული ორგანიზაციის "იჩქერიის და დაღესტნის ხალხების კონგრესის" შექმნა.

1999 წელს აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩენი ბოევიკების დაღესტანში შეჭრის მომზადებაში. აქციის მარცხით დამთავრების შემდეგ მ.უდუგოვმა ჩეჩნეთი დატოვა და არსებული ინფორმაციით უნდა იმალებოდეს თურქეთში ან ბახრეინში.

დ.უმაროვის და მ.უდუგოვის ერთობლივად შემუშავებული სამომავლო მოქმედების კონცეფცია კავკასიის იმირატს ავალდებულებს გაათავისუფლოს ურწმუნოებისაგან მუსულმანებით დასახლებული ტერიტორიები, უნდა შეიქმნას შარიათის მმართველობაზე დამყარებული ისლამური სახელმწიფო, უნდა განადგურდეს ოდიოზური ადგილობრივი ნაციონალ-გამყიდველები, რუსი სამხედრო დამნაშავეები და სიონისტები.

ამ კონცეფციის წინააღმდეგ გამოდის დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ ზაკაევი, რომელმაც იგი დაახასიათა, როგორც ჩეჩნური სახელმწიფოებრიობისთვის დიდი პროვოკაციის მოწყობა და კრემლის წისქვილზე წყლის დასხმა.

დავის საგანია კავკასიის იმარატის ერთერთ იდეოლოგიურ საფუძვლად ვახაბიზმის აღიარება, რომელიც საუდის არაბეთში სახელმწიფო რელიგიაა, სხვაგან კი იგი ითვლება ისლამური რელიგიის ერთერთი სექტანტურ განშტოებად, ხოლო რუსეთში (განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში) და აზერბაიჯანში მას მიიჩნევენ ტრადიციული ისლამის მტრულ მიმდინარეობად, გაიგივებულია ტერორიზმთან და მის წინააღმდეგ ბრძოლაა გამოცხადებული.

კავკასიის იმარატის არსებობის მოკლე ისტორია, მისი მესვეურების მიერ დასახული მიზნები და ამოცანები, მათ მიერ განვლილი გზა და ნამოქმედარის შედეგები იძლევა გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალებას რეალური, ანგარიშგასაწევი ძალაა იგი თუ დროებითი ტაქტიკური სვლა და ვირტუალური წარმონაქმნი გარკვეული დაინტერესებული ძალების ხელში.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე