RSS
რუსეთი აფხაზეთს რადიაციული ნივთიერებების სამარხად აქცევს
13.01.2010 03:49
«ექსპერტთა კლუბი»

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილია და პრაქტიკულად ბაღაფშთან შეთანხმებულია რუსეთიდან აფხაზეთში რადიაქტიული ნარჩენების საიდუმლოდ შემოტანა და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის რადიაქტიული ნარჩენების სამარხებში შენახვა. ჯერ კიდევ არძინბას ხელისუფლების დროს იყო მცდელობა რუსეთიდან რადიაქტიული ნარჩენების შემოტანისა და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის რადიაქტიული ნარჩენებისთვის განკუთვნილ სამარხებში განთავსებისა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობის შედეგად, რომელსაც მხარი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაუჭირეს, რუსეთმა განზრახვაზე ხელი აიღო. რუსეთი დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლობის პირობებში რადიაქტიული ნარჩენების აფხაზეთში შეტანა პრობლემატური აღარ იქნება, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ხსენებული გეგმა მკაცრად გასაიდუმლოებულია და ვერავინ, მათ შორის საქართველოც ვერ წარმოადგენს მტკიცებულებას აფხაზეთში რადიაქტიული ნარჩენების შეტანის ფაქტზე.

ამ გეგმის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა იმავე წყაროს მიერ, რომელსაც ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციებზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ენდობა ლევან კიკნაძეს. მან 2009 წლის ოქტომბრის თვეში, მიუხედავად ასეთი ნაბიჯის სირთულისა, "ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტ ლევან კიკნაძის სახელზე ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ წერილში შეგვატყობინა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სამარხიდან ომის შემდეგ დატაცებული რადიაქტიული ნივთიერების – «ურანი-235»-ს აფხაზეთიდან გატანის მცდელობის აღკვეთის და რუსეთის ფსბ-ს მიერ აღნიშნული ფაქტის გასაიდუმლოების შესახებ.

წერილს თან ერთვოდა ე.წ. “პოროსიონოკი”–ს ფოტოსურათი - კონტეინერის, რომელშიც ჩვეულებრივ ინახება რადიაქტიული ნივთიერება, ამ შემთხვევაში – ურანი. “პოროსიონოკი” გამზადებული იყო გასატანად, მაგრამ ვერ მოასწრეს, რადგანაც, როგორც წყარო იტყობინება, უშიშროების მიერ ამოიღებული იქნა ფოტოზე ნაჩვენები კონტეინერი ქართველის მიერ იძულებით დატოვებულ სახლის სარდაფიდან. წყაროს განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ “პარასიონოკი” უკვალოდ გააქრეს, ხოლო ფაქტზე არა მარტო სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, არამედ ფსბ-ს ჩარევით უშიშროებაში შესული პირველადი ინფორმაციაც გაანადგურეს.

ჩვენი წყარო დარწმუნებულია, რომ ზემოთხსენებულ “პოროსიონოკში” მოთავსებულია 90–იან წლებში, აფხაზეთში ომიდან რამოდენიმე წელიწადში დაკარგული გამდიდრებული “ურანი-235” და ამიტომაც გააქრეს უკვალოდ. სოხუმელი წყარო გვთხოვდა ხსენებული ფაქტის შესახებ ინფორმაცია, სათანადო რეაგირების მიზნით, მიგვეწვდინა რადიაქტიული ნივთიერებების პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ასევე გაგვევრცელებინა მედიის საშუალებით. რადგანაც დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში კიდევ ბევრია შემორჩენილი თავის დროზე სფტი-დან დატაცებული რადიაქტიული ნივთიერება, რომელთა გატანა და გაყიდვა მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ხსენებული ფაქტი ფართო მსჯელობის საგანი ვერ გახდა.

განსაკუთრებულად საშიში ჩანაფიქრი გადააქციონ აფხაზეთი რადიაციული ნარჩენების სამარხად, რომლის განხორციელება გარდა ეკოლოგიური კატასტროფისა, რომელიც შეიძლება დაემუქროს აფხაზეთს, არანაკლები საფრთხის შემცველია, ვიდრე თუ რადიაქტიული ნარჩენები ტერორისტების ხელში მოხვდება. რადიაქტიული ნარჩენების აფხაზეთიდან გატანის და გაყიდვის საქმე, რომ კარგად აქვთ აწყობილი სეპარატისტებს, ამავე წერილში მოყვანილი და ჩვენს ხელთ არსებული რამოდენიმე ფაქტიც კარგად მეტყველებს.

მოვყვეთ შორიდან. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ურანის გამდიდრების სამუშაოების საწარმოებლად სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყვანილ ტყვე გერმანელ სწავლულებს შორის იყვნენ ცნობილი მეცნიერები: მანფრედ ფონ არდენა, ბარვიხი, ნობელის პრემიის ლაურეატი გუსტავ ჰერცი და სხვ. ისინი აქ მუშაობდნენ 1952 წლამდე. ხსენებული ინსტიტუტი დღიდან შექმნისა აქტიურად იყო ჩართული საბჭოთა კავშირის თავდაცვითი მნიშვნელობის უახლესი ტექნოლოგიების შემუშავებაში. სფტი-ს აგუძერის და სინოპის ობიექტები მიეკუთვნებოდნენ განსაკუთრებული რეჟიმის კატეგორიას და მათ ლაბორატორიებში მიმდინარე გამოკვლევები და ცდები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

სამხედრო შეკვეთებიდან, რომელებზეც ძირითადად მუშაობდა ინსტიტუტი, აღსანიშნავია ინსტიტუტის ზესაიდუმლო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ლაბორატორიებში, თავის დროზე, ბირთვული იარაღის შექმნაზე მიმდინარე სამუშაოები. ამ და სხვა მიზნებისთვის იყენებდნენ 30-მდე დასახელების რადიაქტიულ და სხვა სტრტეგიული მნიშვნელობის ნივთიერებებს: 96%-მდე გამდიდრებული ურანი-235, ურანი-238, პლუტონიუმი, ცეზიუმი-137, პოლონიუმი, სტრონციუმი-90, რადიუმი-226, იტრიუმი-90, კადიუმი-109, ვისმუტი-207 და სხვა. ხსენებული ნივთიერებები ინახებოდა აგუძერისა და სინოპის სპეციალურ საცავებში.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს შეიქმნა რეალური საშიშროება ინსტიტუტის ტერიტორიის დაბომბვისა, რასაც შეიძლება გამოეწვია ამ ობიექტზე არსებული რადიაქტიული ნივთიერებების გაჟონვა და შესაბამისად ეკოლოგიური კატასტროფა. 1993 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის უშიშროების ინიციატივით განხორციელდა აღნიშნული ნივთიერებების აღრიცხვა(დადგინდა ყველა სახის რადიაქტიული ნივთიერება, მათ შორის გამდიდრებული ურანი, დიდი რაოდენობით ცეზიუმი და ა.შ.) და მათი სპეციალურად გამაგრებულ საცავებში შენახვა. სოხუმის ირგვლივ მდგომარეობის დაძაბვასთან დაკავშირებით, უშიშროების უწყების მოთხოვნით და ინსტიტუტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რადიაქტიული ნივთიერებების ნარჩენები ინსტიტუტიდან (აგუძერისა და სინოპის ზონები) კონცენტრირებული იქნა სინოპის საცავში. საცავი შესაბამისი აქტით გადაეცა სფტი-ს რეჟიმის უფროსს ვიქტორ ზაიცევს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ, აფხაზეთის ტერიტორიის რიგ რაიონებში, ბუნებრივი ნალექების მოსვლის შემდეგ შეინიშნებოდა საკმაოდ მაღალი რადიაქტიული დაბინძურების ზონები (ახალი ათონი, ბიჭვინთა). ეს ინფორმაცია იმ დროს გასაიდუმლოებული იყო. დაბინძურებული ადგილების სალიკვიდაციოდ შეიქმნა კომისია, რომელშიც შედიოდნენ სფტი-ს სპეციალისტები. მოხდა ამ ადგილებიდან რადიაქტიული ნიადაგის ფენის მოხსნა. აღნიშნული რადიაქტიული ნიადაგი შეტანილი იქნა ინსტიტუტის აგუძერის ზონის სამარხში, საიდანაც უნდა გატანილიყო რუსეთში, რაც მაშინ ვერ მოხერხდა.

ომის შემდეგ, აფხზეთში შექმნილი უკონტროლო სიტუაციის პირობებში სფტი-ს რეჟიმის უფროსის ვ. ზაიცევის, უშიშროების თანამშრომელის გ. ბაზბასა და სფტი-ს ბირთვული ნივთიერებების საწყობის უფროსის ტატიანა ტარკილის ხელშეწყობით, ვლადისლავ არძინბას უახლოესმა ნათესავებმა ლევან და აკა არძინბებმა, ვ. არძინბას დაცვის სპეც. რაზმის უფროსმა ვალმერ ბუთბამ და აფხაზური გვარდიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ამჟამად დეპუტატმა პაველ ლეშუკმა დაიწყეს რადიაქტიული ნვთიერებების გატანა სფტი-ს სამარხებიდან. სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებული რადიაქტიული ნვთიერებები ძირითადად გადიოდა სოხუმის და ოჩამჩირის პორტებიდან, სოჭიდან, ზუგდიდიდან.

1997 წლის 21 მაისს სფტი-დან გატაცებული კონტეინერების ნაწილი, რეალიზაციის მიზნით, გატანილი იქნა ბათუმში. 1998 წ. ქ.ზუგდიდში რადიაქტიული “ცეზიუმის” რეალიზაციის მცდელობისას დაკავებული იქნა აფხაზეთიდან დევნილი ზურაბ გურგულია, რომელმაც აღიარა, რომ აღნიშნული ნივთიერება, რომელიც სფტი-დან იყო გატაცებული რეალიზაციის მიზნით მას გადასცა ქ.გალში დისლოცირებულ აფხაზ სეპარატისტთა სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურმა ვალმერ ბუთბამ.

ომის შემდეგ, თბილისში მოქმედი აფხაზეთის დაზვერვისა და უშიშროების დანაყოფები იღებდნენ ოპერატიულ ინფორმაციებს სფტი-სც სამარხებიდან რადიაქტიული ნივთიერებების დატაცების ფაქტებზეც, რის საფუძველზეც ქართულმა მხარემ არაერთხელ მიმართა ოფიციალურად რუსეთის ხელისუფლებას გამოეყოთ კომპეტენტური კომისია, რომელიც ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით შეისწავლიდა ზემოთხსენებულ სამარხებში რადიაქტიული ნივთიერებებთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც იქნა, მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მოხერხდა სოხუმში რუსეთის ატომური ენერგეტიკის სამინისტროს დელეგაციის ჩამოსვლა. რა თქმა უნდა მუშა ჯგუფში ქართული მხარე არ იქნა დაშვებული.

დელეგაციამ სამარხში, ბევრ სხვა რადიაქტიულ ნივთიერებებთან ერთად ურანი ვერ აღმოაჩინა. ვერც ვერავინ ვერ გასცა პასუხი, თუ როდის, ან რა მიზნით იქნა გატანილი ხსენებული ნივთიერებები. ასე, რომ პირველად მსოფლიოში დადასტურდა 655 გრამი 90-96 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი-235-ს დაკარგვა, რამაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე მომუშავე ექსპერტებმა შესაძლებლად მიიჩნიეს ამ ნივთიერებისგან ყველაზე საშიში - ბირთვული იარაღის დამზადება.

ამ საკითხის გასაშუქებლად გაეროს მისიის ვერტმფრენით სოხუმში ჩაფრენილი “ტაიმსის” ჟურნალისტი სამარხის დასათვარიელებლად არ იქნა დაშვებული. სფტი-ს სამარხში არც ურანის დაკარგვასთან დაკავშირებით სრული გამოძიების ჩასატარებლად 2001 წელს სოხუმში ჩასული ”МАГАТЭ”-ს ჯგუფი იქნა დაშვებული.

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა იკარგება ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოსადეგი ნივთიერება” – განაცხადა აშს-ს კალიფორნიის შტატის მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის, მასობრივი განადგურების ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხების კვლევითი ცენტრის დირექტორმა უილიამ პოტერმა. უ. პოტერის თქმით, “ტერორისტებისთვის კიდევ ბევრი იმდენივე ურანის შოვნა სჭირდებათ, რამდენიც დაიკარგა აფხაზეთში, იმისთვის, რომ დამზადდეს ატომური ბომბი, მაგრამ იგივე რაოდენობის ნივთიერება სრულიად საკმარისია უხეში, მაგრამ ეფექტური «ბინძური ბომბის» შესაქმნელად”.

2002 წლის ნოემბრის დასაწყისში მოსკოვის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება ”როდონის” სპეციალისტებმა (მთავარი ტექნოლოგი ა.ვოლკოვი, რადიაციულ-ეკოლოგიური უსაფრთხოების ცენტრის მთავარი ინჟენერი ვ.ლეტემინი) სფტი-ს თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს რადიაქტიული ნივთიერებების სალოკალიზაციო სამუშაოები. ა.ვოლკოვის თქმით ქ. სოხუმში მათ მოახდინეს რამოდენიმე რადიაციული წერტილის გაუვნებელყოფა, მაგრამ მას მიაჩნდა აუცილებლად მუშაობის გაგრძელება რადიაციული კერების სრული ლოკალიზებისთვის. მისივე ინფორმაციით მოსკოვის მერია და მთავრობა გეგმავდა აფხაზეთის ტერიტორიაზე რადიაციის კერების აღმოჩენისა და სალიკვიდაციო სამუშაოების ფინანსურ უზრუნველყოფას, რომელიც მაშინ უნდა განხორციელებულიყო რუსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რაც არ შესრულდა.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე