RSS
ქართული ჯარის მხრიდან ვითომდა არაადამიანური ქმედებების კადრები რუსებმა ოჩამჩირეში გადაიღეს
15.01.2010 18:18
სააგენტო "მედიანიუსი"

ბოლო პერიოდში საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ისეთი დეტალები მჟღავნდება, რომ შესაძლოა, ჰაიდი ტალიავინის თავისი დასკვნის ზოგიერთი ეპიზოდის გამო შერცხვეს.

მაგალითად, ამერიკულმა წყაროებმა გაავრცელეს აშშ-ს მხარეზე გადასული რუსი მზვერავის სერგეი ტრეტიაკოვის ჩვენებები, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ რუსული სპეცსამსახურები დიდი ხნის მანძილზე ამუშავებდნენ საქართველოსთან ომის დაწყებისა და ქართული არმიის ცხინვალში შეტყუების გეგმას. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით “ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი და აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე ” მედიანიუსთან” საუბარში შემდეგ განმარტებებს აკეთებს:

- კლასიკური თეორიით თუ ვიმსჯელებთ, ეს ინფორმაცია რეალურია. რეალურია იქედან გამომდინარე, თუ როგორ მოქმედებენ სპეცსამსახურები, რომლებიც აგრესიისთვის ემზადებიან. ასე რომ, აგვისტოს ომის წინ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი იყო აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობის გააქტიურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ერთ-ერთ სპეცღონისძიებაზე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. საქმე ეხება რუსეთის მიერ ომის შემდგომ გავრცელებულ, ცხინვალში და მის შემოგარენში ქართული საჯარისო ნაწილების მხრიდან ვითომდაც არაადამიანური ქმედებების ამსახველ კადრებს. სინამდვილეში, სეპარატისტული რეჟიმის და რუსეთის სპეცსამსახურები ოჩამჩირის რაიონში იღებდნენ დადგმულ სცენებს იმის დასადასტურებლად, თურმე როგორ ხოცავდნენ ქართველები ცხინვალში მშვიდობიან მოსახლეობას. აფეთქებდნენ საცხოვრებელ სახლებს, მანქანებს. აფხაზ ჯარისკაცებს ჩააცვეს ამერიკული სამხედრო ფორმები, საბრძოლო ჯავშანტექნიკაზე დაამაგრეს საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები, ძველ შენობებს წაუკიდეს ცეცხლი და ა.შ. ჩემი ახლობელი ერთ-ერთი ამდაგვარი სიუჟეტის გადაღების თვითმხილველი გახდა. მოდიოდნენ სოხუმიდან სამარშრუტო მიკროავტობუსით, ოჩამჩირის შესასვლელთან მძღოლმა დაინახა ამერიკულ ფორმებში ჩაცმული ჯარისკაცები და ჯავშანტრანსპორტიორები ქართული ხუთჯვრიანი დროშებით, ირგვლივ იწვოდა სახლები, ავტომანქანები, იყვნენ გასისხლიანებული, დახოცილებიც. შიშით შეძრწუნებულმა მძღოლმა იყვირა-არიქა, სააკაშვილი შემოვიდაო და მოატრიალა მიკროავტობუსი.

- რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის გააქტიურების შესახებ ალბათ, ჩვენმა სპეცსამსახურებმაც იცოდნენ. არ მიგაჩნიათ შეცდომად, რომ ზემოხსენებული ფაქტის თაობაზე ქართულმა მხარემ თავის დროზე საჯარო განცხადებები არ გააკეთა?
- რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის გააქტიურების შესახებ რომ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ჩვენ სპეც.სამსახურებს, ამაზე ის ფაქტებიც მეტყველებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგულარულად კეთდებოდა განცხადებები იმ პროვოკაციების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ პერიოდისთვის, რაც შეეხება სპეცსამსახურებს, საერთოდ არ არის მიღებული მათი მხრიდან საჯარო განცხადებების კეთება და ასეც ჩათვალეს საჭიროდ.

- მაინც როგორ მოქმედებდნენ საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურები?
- საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუსეთმა ჩვენდამი მიდგომა შეცვალა და მთელი ძალით აამოქმედა საქართველოში დისლოცირებული, როგორც სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებში, ასევე საელჩოში საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურები. ამას თუ დაუმატებთ თავის დროზე ამავე სამსახურების მიერ გადაბირებულ აგენტურას, ადვილი მისახვედრია, რამდენად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა საქართველო. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ სამხედრო ბაზების გასვლამდე და შემდეგაც რუსეთის სპეცსამსახურები სხვადასხვა საშუალებით და მეთოდით ეწეოდნენ საქართველოში აგენტურულ-ოპერატიულ საქმიანობას. რამდენად მოახერხეს ეს, უკვე სხვა საქმეა.

- რამდენად რთულია საბჭოთა დროინდელი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის გამოვლენა, რას მოგვცემდა ლუსტრაციის კანონის დროული მიღება?
- თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის გამოვლენაში ლუსტრაციის კანონი ვერაფერს მოგვცემს, თუნდაც იგი მიღებული ყოფილიყო უფრო ადრე. საქმე იმაშია, რომ ზემოთხსენებული სპეცსამსახურები საქართველოში მოქმედებდნენ საქართველოს სუკის დამოუკიდებლად, ჰქონდათ თავიანთი აღრიცხვის სისტემა, ემორჩილებოდნენ მხოლოდ მოსკოვს და ასრულებდნენ იქედან მიღებულ დირექტივებს. ამდენად, საქართველოს სუკს მათ აგენტურაზე მონაცემები არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, რუსეთის სპეცსამსახურების, როგორც ძველი, ასევე ახალი აგენტურის გამოვლენა და დოკუმენტირება უნდა მოხდეს ქართული სპეცსამსახურების მიერ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2006 წელს.

- ალბათ, “თბილისის ომიც” მათი აგენტურის აქტიურობის შედეგია.
- რა თქმა უნდა. “თბილისის ომი”, აფხაზეთში საჯარისო ფორმირებების შეყვანაც გარკვეულწილად მათ მიერ გატარებული “ღონისძიებების” შედეგიც არის. კიტოვანისთვის ახალქალაქის ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გადაცემა, საეჭვოდ ემთხვევა აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას და ა.შ.

- თქვენი აზრით, დღეს რა მიმართულებით გააქტიურდება ზემოხსენებული ძველი აგენტურა?
- მოდით, ეს აგენტურა მაინცდამაინც ნუ შეგვაშინებს. არა მგონია, ისინი ქმედუნარიანი იყვნენ. ზოგი დაბერდა, ზოგი გარდაიცვალა. ზოგიც გამოვლენილია და ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს კონტრდაზვერვა დიდი ხანია ანგარიშგასაწევი ძალაა, ეს კარგად იცის რუსეთმა, თავის თავზე იწვნია მისი სიძლიერე.

- თქვენი ანალიზით, რამდენად რეალურია იმის საფრთხე, რომ რუსული აგენტურული ქსელი ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც მოქმედებდეს?
- შესაძლებელია. ჰყავთ თუ არა აგენტები პოლიტიკურ სპექტრში, ეს უკვე სხვა საქმეა. შესაძლებელია, ჰყავდეს. ყოველ შემთხვევაში, ამის შესაძლებლობა რუსებს ჰქონდათ.

- ბატონო ლევან, თუ არ ვცდები, თქვენ ფლობთ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსები აფხაზეთში რადიაქტიული ნარჩენების შეტანას აპირებენ ...
- სოხუმიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილია და პრაქტიკულად, ბაღაფშთან შეთანხმებულია რუსეთიდან აფხაზეთში რადიაქტიული ნარჩენების საიდუმლოდ შემოტანა და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის რადიაქტიული ნარჩენების სამარხებში შენახვა. ჯერ კიდევ არძინბას ხელისუფლების დროს იყო მცდელობა რუსეთიდან რადიაქტიული ნარჩენების შემოტანისა და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის რადიაქტიული ნარჩენებისთვის განკუთვნილ სამარხებში განთავსებისა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობის შედეგად, რომელსაც მხარი საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაუჭირეს, რუსეთმა განზრახვაზე ხელი აიღო. რუსეთი დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლობის პირობებში რადიაქტიული ნარჩენების აფხაზეთში შეტანა პრობლემატური აღარ იქნება, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ხსენებული გეგმა მკაცრად გასაიდუმლოებულია და ვერავინ, მათ შორის საქართველოც ვერ წარმოადგენს მტკიცებულებას აფხაზეთში რადიაქტიული ნარჩენების შეტანის ფაქტზე.

- თქვენს წყაროს ენდობით?
- ამ გეგმის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა იმავე წყაროს მიერ, რომელსაც ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციებზე და რომელსაც ვენდობი. მან 2009 წლის ოქტომბერში ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ წერილში შეგვატყობინა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის სამარხიდან ომის შემდეგ დატაცებული რადიაქტიული ნივთიერების – «ურანი-235»-ს აფხაზეთიდან გატანის მცდელობის აღკვეთის და რუსეთის ფსბ-ს მიერ აღნიშნული ფაქტის გასაიდუმლოების შესახებ. წერილს თან ერთვოდა ე.წ. “პოროსიონოკი”–ს ფოტოსურათი - კონტეინერის, რომელშიც ჩვეულებრივ ინახება რადიაქტიული ნივთიერება, ამ შემთხვევაში – ურანი. “პოროსიონოკი” გამზადებული იყო გასატანად, მაგრამ ვერ მოასწრეს, რადგანაც, როგორც წყარო იტყობინება, უშიშროების მიერ ამოღებული იქნა ფოტოზე ნაჩვენები კონტეინერი ქართველის მიერ იძულებით დატოვებულ სახლის სარდაფიდან. წყაროს განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ “პოროსიონოკი” უკვალოდ გააქრეს, ხოლო ფაქტზე არა მარტო სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, არამედ ფსბ-ს ჩარევით უშიშროებაში შესული პირველადი ინფორმაციაც გაანადგურეს. ჩვენი წყარო დარწმუნებულია, რომ ზემოთხსენებულ “პოროსიონოკში” მოთავსებულია 90–იან წლებში, აფხაზეთში ომიდან რამოდენიმე წელიწადში დაკარგული გამდიდრებული “ურანი-235” და ამიტომაც გააქრეს უკვალოდ. სოხუმელი წყარო გვთხოვდა ხსენებული ფაქტის შესახებ ინფორმაცია, სათანადო რეაგირების მიზნით, მიგვეწვდინა რადიაქტიული ნივთიერებების პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და ასევე გაგვევრცელებინა მედიის საშუალებით. რადგანაც დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში კიდევ ბევრია შემორჩენილი თავის დროზე სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტიდან დატაცებული რადიაქტიული ნივთიერება, რომელთა გატანა და გაყიდვა მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ხსენებული ფაქტი ფართო მსჯელობის საგანი ვერ გახდა.

განსაკუთრებულად საშიშია ჩანაფიქრი გადააქციონ აფხაზეთი რადიაციული ნარჩენების სამარხად, რომლის განხორციელება გარდა ეკოლოგიური კატასტროფისა, რომელიც შეიძლება დაემუქროს აფხაზეთს, არანაკლები საფრთხის შემცველია, ვიდრე თუ რადიაქტიული ნარჩენები ტერორისტების ხელში მოხვდება. რადიაქტიული ნარჩენების აფხაზეთიდან გატანის და გაყიდვის საქმე კარგად აქვთ აწყობილი სეპარატისტებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე