RSS
ზურაბ ნოღაიდელის სამოქმედო სცენარი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) კაბინეტებში იწერება და ევგენი პრიმაკოვის მიერ შემუშავებული გეგმის შემადგენელი ნაწილია
25.01.2010 15:52
"ექსპერტთა კლუბი"

80-იანი წლების ბოლოს მთელი მსოფლიოსათვის ნათელი გახდა, რომ უკვე გარდაუვალი იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სახით, ხოლო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე გახდებოდა რუსეთი, რომელიც ყველანაირი ხერხებით შეეცდებოდა ახლადშექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე გავლენის შენარჩუნებას.

აქედან გამომდინარე რუსეთის სპეცსამსახურების ანალიტიკური ცენტრების მიერ შემუშავებულ იქნა სპეციალური გეგმა, რომლის შემადგენელი პუნქტების შესრულებას რუსეთი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თანამიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებს.

ხელისუფლებაში პუტინის მოსვლამ საგრძნობლად გაააქტიურა სპეცსამსახურები და ისევ ჩაუსახა იმპერიულ ძალებს საბჭოთა კავშირის რეანიმაციის იმედი. ამ გზაზე ყველაზე ხელისშემშლელად იმთავითვე საქართველო ჩაითვალა და აქტიურ ფაზაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში კრემლის დაკვეთით აწარმოებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები. ამავე გეგმის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენდა საქართველოს ჩართვა შეიარაღებულ კონფლიქტში, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

დღეისათვის რუსეთის სპეცსამსახურებს შესასრულებელი დარჩათ ზემოთხსენებული გეგმის უკანასკნელი პუნქტი, რაც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლას და ქვეყნის სრულ დამორჩილებას გულისხმობს. კრემლი მთელი ძალებითა და საშუალებებით დღემდე ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანოს მისთვის მისაღები ისეთი მარიონეტული ხელმძღვანელობა, რომელიც ვერ გაბედავს რუსეთთან ულტიმატუმის ენით საუბარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.

გეგმის ამ უკანასკნელი პუნქტის შესრულება ვ.პუტინმა დაავალა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს - ევგენი პრიმაკოვს, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რუსეთის სახელმწიფოს სამსახურში გაატარა. ის დიდი პუნქტუალობითა და ამასთანავე წარმატებით ასრულებდა ზემდგომი ხელისუფლების ყველა დირექტივას. გაზეთ "პრავდას" მთავარი რედაქტორის, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, საგარეო დაზვერვის შეფის თუ სხვა უმნიშვნელოვანეს პოსტებზე, ათწლეულების განმავლობაში ამ კაცის გარშემო ტრიალებდა ეს უაზრმაზარი იმპერია. როგორც თვითონ წერს, იგი "მთელი ცხოვრება თრგუნავდა მასში ჩასახლებულ მონას", მაგრამ დაბადების მეოთხმოცე წელს მაინც საჯაროდ დაუჩოქა ვლადიმერ პუტინს, რომელმაც მისი სიტყვებით რუსეთი დაღუპვას გადაარჩინა.

მთავარი დატვირთვა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთის СВР-ში (Служба внешней разведки) საქართველოს მიმართულებას კურირებს სწორედ ევგენი პრიმაკოვი. მის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობას წარმართავენ ორი მიმართულებით:

- საქართველოს მოსახლეობაში ცდილობენ ისეთი გარემო-პირობების შექმნას, რათა დაარწმუნონ ქართველი ხალხი, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მტერი, რომ უყვართ ქართველები, პატივს სცემენ ქართულ კულტურას და მათ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, მაგრამ საქართველოს დგევანდელი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენა.

ამ მიზნით, კრემლის დაფინანსებით სისტემატიურად იმართება სხვადასხვა ხასიათის კულტურული ღონისძიებები, კონფერენციები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეკრებები (თუმცა მიუხედავათ კარგად გაწერილი გეგმისა, ხსენებულმა ღონისძიებებმა კრემლისთვის სასურველი რეზონანსი საქართველოს მოსახლეობაში და რუსეთის ქართულ დიასპორაში ვერ გამოწვია).

- პარალელურად მიმდინარეობს ქართველი ეროვნების ისეთი მოღვაწეების შერჩევა, რომლებიც განუხრელად გაატარებენ და დაიცავენ რუსეთის ინტერესებს საქართველოში. გათვლები კეთდება საქართველოს ხელისუფლებაზე განაწყენებულ, რუსეთში და საზღვარგარეთ გახიზნულ პოლიტიკურ მოღვაწეებსა და ბიზნესმენებზე, რუსეთის სპეცსამსახურებისა და ძალოვნების გამოცდილ ყოფილ მაღალჩინოსნებზე. ზოგი მათგანი საქართველოს ხელისუფლებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ზოგიც პირადი კეთილდღეობის ამაღლების სურვილით მზად არიან ჩაერთონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიაში.

ამ ეტაპზე პრიმაკოვმა ყურადღება შეაჩერა და ავან-სცენაზე გამოიყვანა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. სწორედ მან უზრუნველყო მოსკოვში ზ.ნოღაიდელის შეხვედრები რუსეთის სახელისუფლებო წრეების უმაღლეს ეშელონებში - რუსეთის ფედერაციის დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან, მოსკოვის მერ იური ლუჟკოვთან და ბოლოს, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ - ვლადიმერ პუტინთან.

ძალაუნებურად იბადება კითხვები:

- ვინ და რა ძალამ წააქეზა ზურაბ ნოღაიდელი, რომლის პრემიერ-მინისტრობას წლების მანძილზე მისი კაბინეტის წევრებიც კი ვერ გრძნობდნენ? რატომ ეტკინა ასე დაგვიანებით ქვეყნისა და ხალხის ეს 20 წლის ტკივილი? ნუთუ თავისივე პარტიის ლიდერივით უსახურ წევრებში ხედავს იმ ძალას, ვისი მხრებითაც აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და ქვეყნის აშენებას?

- რითი არის კმაყოფილი და რისი იმედი აქვს ბატონ ნოღაიდელს, რომელიც უაფხაზეთო და უცხინვალო საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე შეუთანხმდა კრემლის მესვეურებს? და საერთოდ, საინტერესოა ვისი სახელით და მანდატით ელაპარაკება რუსეთს? როდის გააცნო მან ქართველ ხალხს და კერძოდ ასიათასობით ლტოლვილს ის პირობები, რის სანაცვლოდაც ასე უღიმიან მას რუსეთის დედაქალაქში?

- რაზე შენდება ეს უსაფუძვლო ოპტიმიზმი? თუ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის 200 წლიან ისტორიას არ იცნობს, ბოლო 20 წლის მოვლენების თვითმხილველი ხომ თვითონაც იყო. იგი არც ისე მიამიტია, რომ გულწრფელ პოზიციად მიიღოს რუსეთის ყველა დაპირება. აბა რა უბიძგებს ამ ნაბიჯებისკენ? ლტოლვა კარიერისკენ თუ უკანონოდ შეძენილი მილიონების შენარჩუნების სურვილი? ან რაიმე ადრე აღებული და გაუმჟღავნებელი ვალდებულება?

პასუხი ყველა ამ კითხვაზე ნათელია - ახალმა მოსკოველმა მეგობრებმა, რომლებიც, როგორც ეტყობა სულაც არ არიან ახლები, დამუხტეს იგი და მისი ზოგიერთი თანაგუნდელი ასეთი ენერგიით, მისცეს მათ შესაბამისი დავალებები და გარანტიები, რათა მაქსიმალური კატეგორიულობით და თავდაჯერებულობით შეეტიათ დღევანდელი ხელისუფლებისათვის.

"ექსპერტთა კლუბი" ფლობს უტყუარ ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ რა ძალებით და საშუალებებით ცდილობს რუსეთი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ინტეგრირებას. ამ შესაძლებლობების სრული გამოყენების მიზნით, კრემლის მესვეურების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ახალი კონტაქტების დამყარება და გაღრმავება, სასურველი ბიზნესგარემოს შექმნა და პრივილეგიების მინიჭება. ზოგიერთები ადრე გამოჩნდნენ კიდეც ავან-სცენაზე და რუსული გეგმის მიხედვით ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაენახვებინათ “რუსეთის კეთილგანწყობა” ქართველი ხალხის მიმართ.

დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს კარგად აქვთ შესწავლილი საქართველოს ისტორია და ქართველი კაცის ბუნება. მათ მშვენივრად იციან, რომ საქართველოს დამარცხება მხოლოდ ქართველის ხელით არის შესაძლებელი. სწორედ ამ გზით ცდილობენ საქართველოს დამორჩილებას, რადგან ომით ვერაფერს გახდნენ. გვინდა ეს კარგად ესმოდეს ზ.ნოღაიდელსაც და სხვებსაც, ვისაც საქართველოს წინააღმდეგ ნებსით თუ უნებლიედ იყენებენ რუსეთის სპეცსამსახურები.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე