RSS
ირანის გააქტიურება კავკასიაში
01.02.2010 11:32
გიორგი წიკლაური
"ექსპერტთა კლუბი"

სპარსეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი გავლენის ქვეშ მყოფი და ხშირად მისი ნაწილი კავკასია, კვლავ ბრუნდება ირანის თვალსაწიერში. ეს ხდება ორასწლიანი შუალედის შემდეგ, რომლის დროსაც მოხდა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის რუსეთთან შერწყმა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ირანმა გააგრძელა ურთიერთობა ახალ სუვერენულ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩამოყალიბდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში. პირველ რიგში ეს ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომლებსაც აქვთ საერთო საზღვრები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და ყავთ იქ გავლენიანი დიასპორები. იმავდროულად აზერბაიჯანელები ირანის მოსახლეობის ერთ მეოთხედს, ანუ 16 მილიონს შეადგენენ (სხვა შეფასებებით, 30 მილიონამდე) და მთლიანად აკონტროლებენ ქვეყნის რამდენიმე პროვინციას.

სეპარატიზმის საშიშროებამ ირანის აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის გაყოფამ, ყარაბახის სიახლოვემ და სხვა ფაქტორებმა განაპირობეს თეირანის საკმაოდ ინტენსიური პოლიტიკის გატარება კავკასიის მიმართულებით.

უკანასკნელ პერიოდამდე თეირანი "მუშაობდა" მხოლოდ თავის უშუალო მეზობლებთან - ბაქოსთან და ერევანთან - და ეს ურთიერთობა ყველანაირად ჯდებოდა ბუნებრივი ურთიერთდამოკიდებულების ფარგლებში, როგორიც ჩვეულებრივ ყალიბდება მეზობელ სახელმწიფოებს შორის. ირანი არ მიისწრაფოდა გამხდარიყო რეგიონალური მოთამაშე და საქართველოში, კავკასიის ამ მნიშვნელოვან სუბიექტში, მისი აქტიურობა პრაქტიკულად არ იგრძნობოდა. რა ახსენებდა ქართველებს წლების განმავლობაში იმ ქვეყანას, რომელმაც ღრმა კვალი დაამჩნია ქართულ კულტურას, ქართულ ენას, ქართულ მენტალიტეტს და რომელთანაც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის სისხლიანი და გმირული ფურცლები? ალბათ მხოლოდ ირანის საელჩოს სოლიდური შენობა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის დიპლომატიური მისიის პირდაპირ ააშენეს და ტელეგადაცემები ფერეიდნელ ქართველებზე.

მაგრამ ბოლო წლებში ამას დაემატა ირანის ისლამური კულტურის ცენტრი "აალულ-ბეითი", რომლის ახალი შენობა ერთი თვის წინ გაიხსნა თბილისში და უკვე დაიწყო ადგილობრივი აზერბაიჯანელებისთვის კომპიუტერთან მუშაობის შესწავლა. თუ ვიმსჯელებთ ცენტრის აღჭურვილობით და მათ მიერ აღებული სტარტით (ამაზე ქვემოთ), ირანული ქსელის "ალულ-ბეითის" თბილისური ოფისის საქმიანობა საკმაოდ აქტიური იქნება, ხოლო თუ თვალს გადავავლებთ პოლიტიკურ გრაფიკს, დავინახავთ ქართულ-ირანული კონტაქტების ინტენსივობის მკვეთრ ზრდას, როგორც სახელმწიფოთაშორის, ისე საზოგადოებრივ დონეზე.

18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია თეირანს, სადაც იგი მიიღეს უმაღლეს დონეზე და განიხილეს კავკასიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხები. ამ ვიზიტის დროს გრიგოლ ვაშაძეს მოუწია მოესმინა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის შეგონება - უარი თქვას საქართველომ ნატოში შესვლაზე, ირანის ბალანსირებული და პრინციპული პოზიციის ქება რეგიონალურ განვითარებასთან დაკავშირებით და თბილისის მზადყოფნის დაფიქსირება აიათოლების რესპუბლიკასთან კონსულტაციების გაფართოების შესახებ.

26 იანვარს საქართველოს და ირანის სამთავრობო დელეგაციები პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეხრომ მოტაკის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ერევანში. თითქოსდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ადგილას. იმავე დღეს თბილისში ჩამოვიდა ირანის სასულიერო პირების საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის თემა იყო "ქრისტიანობა და ისლამი ტერორიზმის შესახებ". მიუხედავად ვიზიტის არაფორმალური ხასიათისა, იგი საინტერესოა იმით, რომ ირანში რელიგია არ არის გამოყოფილი სახელმწიფოსგან, არამედ პირიქით, იგი მართავს სახელმწიფოს.

სტუმრები ჩამოვიდნენ, რათა განეხილათ რელიგიის პოტენციალი მშვიდობის დაცვისა და მის როლზე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. ისინი არ ფარავდნენ, რომ ამ შეხვედრის ჩატარებას ხელი შეუწყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-სა და ირანის რელიგიებთან დაახლოების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, აიათოლა მოჰამედ ალი თასხირს შორის არსებულმა თბილმა ურთიერთობამ (შეხვედრის უშუალო ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია "ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრი "შერიგება" და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული რელიგიებთან ურთიერთობის ცენტრის და ირანული რელიგიებთან დაახლოების ორგანიზაციის მხარდაჭერით).

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა პირადად მიიღო ირანული დელეგაცია თავის რეზიდენციაში, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გავლენიანი აიათოლას ძმას, დოქტორ მოჰამად მეჰდი თასხირის. რის შემდეგაც მრგვალი მაგიდის მონაწილეები გაემართნენ "აალულ-ბეითის" ცენტრში, სადაც მთელი დღე კითხულობდნენ მოხსენებებს და აჯერებდნენ თავის შეხედულებებს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, მეცნიერებთან, თეოლოგებთან და ექსპერტებთან. შეხვედრამ გამოიწვია ჟურნალისტების დიდი ინტერესი - ქართული მედიის წარმომადგენლების გარდა, ცენტრის შენობაში იმ დღეს იმყოფებოდნენ აზერბაიჯანული ტელეარხის, თურქული პრესის და ირანული ინგლისურენოვანი PრესსთV-ს წარმომადგენლები (რომლის გადამღებმა ჯგუფმაც საქართველოში მუდმივი მუშაობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო).

მხარეებმა თემასთან დაკავშირებული მრავალი აზრი გამოთქვეს, მოიყვანეს საინტერესო მაგალითები, გაისმა მოწოდებები ძალისხმევის გასაერთიანებლად და რელიგიის შესაძლებლობების გამოსაყენებლად ძალადობის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ირანის თეოკრატიის წარმომადგენლები ტოლერანტობის ისეთ დემონსტრირებას ახდენდნენ და ისე მსჯელობდნენ ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის გამაერთიანებელ პოსტულატებზე, რომ ევროპის ყველაზე თავგამოდებულ ლიბერალებსაც კი შეშურდებოდათ.

შესვენებაზე დოქტორმა მოჰამედ მეჰდი თასხირიმ უპასუხა "ექსპერტთა კლუბის" შეკითხვებს:

- რატომ ტარდება მრგვალი მაგიდა ასეთ თემაზე თბილისში, არის თუ არა ამაში რაიმე ფარული მიზნები?

- ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ათეულობით საერთაშორისო კონფერენციაში - ძირითადად, ისეთ ქვეყნებში, სადაც კრიზისი და მძიმე სიტუაციაა შექმნილი. თბილისი ამ მხრივ ერთერთი მშვიდი ქალაქია. მე ვთვლი, რომ მართლმადიდებლობა საქართველოში წარმოდგენილია საუკეთესო სახით და იგი უფრო ამაღლებულია, ვიდრე რუსეთში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კონფერენციები უნდა ჩატარდეს სწორედ ასეთ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტია რწმენა და კეთილგანწყობა. რა თქმა უნდა ესეც მიზეზია. ეს ის გარემო და ის ურთიერთობაა, რასაც ვერ ვიპოვნით სხვა ქვეყნებში. აქ არის უძველესი მართლმადიდებლური ძეგლები. იქ სადაც კულტურას აქვს ღრმა ფესვები, მას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ადამიანებზე. ჩვენ არ ვგრძნობთ არავითარ დისკომფორტს - ჩვენ ვხედავთ თბილ, გულწრფელ ურთიერთობას და ადამიანებს კულტურის ღრმა ფესვებით, რომლებიც ეხმარება მათ რწმენის განმტკიცებაში. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კონფერენცია ტარდება თბილისში, ეს შეიძლება იყოს თბილი და მეგობრული ურთიერთობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა და აიათოლა თასხირს შორის. მე ვფიქრობ, რომ პატრიარქი - ეს დიდი ძალაა და მას შეუძლია დადებითი ზეგავლენის მოხდენა და მნიშვნელოვანი როლის შესრულება არა მარტო საქართველოში, არამედ სახელმწიფოებსა და რელიგიებს შორის ურთიერთობებზედაც.

- მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მშვიდი ადგილია, ჩვენ ცხელ რეგიონში ვიმყოფებით. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და მუდმივი დაძაბულობა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელსაც ბევრი ომად აფასებს. მრგვალ მაგიდასთან აღნიშნულ იქნა, რომ ხშირად ძნელია ზღვარის გავლება ტერორიზმსა და განმანთავისუფლებელ მოძრაობას შორის. რუსეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ებრძვის ტერორიზმს. ზოგიერთი ჩრდილოეთკავკასიელი თვლის, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ზოგიერთი კი საუბრობს ჯიხადზე ისლამის დროშით. როგორ უყურებენ ამ საკითხს ირანში?

- ერთია - საერთო შეხედულება ტერორიზმზე, მეორე - სუბიექტური მიდგომა ამ მოვლენისადმი. მთელს მსოფლიოში განიხილავენ ამ საშიშროებასთან ბრძოლის პრობლემას, სად გადის ზღვარი ტერორიზმსა და ძალადობასთან წინააღმდეგობის გაწევას შორის, როგორ შეიძლება მისი აღკვეთა, რა გზები არსებობს ამისთვის, რისი გაკეთება შეუძლიათ სასულიერო პირებს... ეს საკითხები ყოველთვის ისმის და რჩება აქტუალური. არის სხვა მხარეც - ასეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებისადმი თვითონ ხალხის დამოკიდებულება. მაგალითად ერაყის მოსახლეობა ფიქრობს, რომ ისინი ებრძვიან ოკუპანტებს. ერაყში ასევე არიან ტერორისტული ჯგუფები, რომელთა მსხვერპლიც ერაყელი ხალხია. ანუ ლაპარაკია ორ ჯგუფზე, ერთერთი მათგანი ებრძვის ოკუპანტებს, ხოლო მეორე ჯგუფის მოქმედებისგან ზარალდება უბრალო მოქალაქეები. ასეთივე მდგომარეობაა ავღანეთშიც - როდესაც ერთი ჯგუფის მსხვერპლია უბრალო ავღანელი ხალხი, ხოლო სხვები პირდაპირ ებრძვიან ოკუპანტებს. ეს ხდება პაკისტანშიც, იემენში, სუდანში, მაღრიბის ქვეყნებში, პალესტინაში - მთელს ახლო აღმოსავლეთში. დაპყრობილია პალესტინის ტერიტორიები, ადგილობრივი მოსახლეობა განდევნილია. იქ არის ჯგუფები, რომლებიც ებრძვიან ამ ძალადობას, ეწევიან განმანთავისუფლებელ ბრძოლას. არიან ჯგუფები, რომლებიც თანამშრომლობენ რეჟიმთან და ჯგუფები, რომლებიც ებრძვიან რეჟიმს. შეგვიძლია თვალი გადავავლოთ სამხრეთ ამერიკას, ვენესუელას ჩრდილოეთ ირლანდიას და სხვა. ბევრი დაჯგუფებებია. თუ ადამიანი ამ პრობლემას განიხილავს არა გლობალურად, არამედ სუბიექტურად, ჩვენ ვერასდროს ვერ ვიპოვით გამოსავალს. ხალხმა თვითონ უნდა იცოდეს, იბრძვის ის ჭეშმარიტებისთვის თუ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. მე უფრო ვურთიერთობ ერაყის, ავღანეთის, პაკისტანის და იემენის სასულიერო პირებთან, თქვენ კი უკეთ იცნობთ კავკასიის რეგიონს და იქაურ სასულიერო პირებს. თუ მე კარგად არ ვიცი რა საქმიანობას ეწევიან, მაშინ ვერ გეტყვით რისთვის იბრძვიან ისინი. ხოლო თუ თქვენ გაინტერესებთ ირანის პოლიტიკური პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.

- ჩვენ გვაინტერესებს ირანული საზოგადოების დამოკიდებულება, მაგრამ ალბათ ეს თემა ირანში აქტუალური არაა?

- დიახ, ჩვენ ცუდად ვიცნობთ რეგიონში მიმდინარე პროცესებს. მე უფრო ვიცი ავღანეთში მიმდინარე მოვლენები, ვიდრე კავკასიაში. მაგრამ არიან ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე და ისინი, რა თქმა უნდა, უკეთ არიან ინფორმირებულები. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ექსპერტებიც ცდებიან და არასწორ ინფორმაციას აწვდიან იმ სახელმწიფოთა ხელმძღვანელობას, რომლებიც შემდეგ ახდენენ ამა თუ იმ ტერიტორიის ოკუპაციას და ამ ქვეყნებში აწყდებიან ისეთი ხასიათის წინააღმდეგობას, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება კონფლიქტები. ეს ნიშნავს, რომ ისეთ დიდ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა აშშ, ხშირად არ აქვთ სწორი ინფორმაცია - როგორც ეს მოხდა ერაყში, სადაც ისინი იმედოვნებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას.

- ნიშნავს თუ არა ეს კონფერენცია იმას, რომ ჩვენ უფრო ხშირად ვიხილავთ ირანულ დელეგაციებს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდება?

- მე არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, თუ რა იქნება. მაგრამ ჩვენ გვაქვს ასეთი მიზანი და ეს იყო მრგვალი დღევანდელი მაგიდის მიზეზიც, არის იმისი ნიშანი, რომ ურთიერთობები უნდა გაფართოვდეს, და არა მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ საერთო საკითხები ისლამსა და ქრისტიანობაში, საერთო ადამიანური ფასეულობები, რომლებიც ჩადებულია ორივე აღმსარებლობაში. შეგვიძლია გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი კულტურა, ჩვენი ფასეულობები. ასეთ შეხვედრებს შეიძლება მოყვეს კონტაქტები სხვა სფეროებშიც - პოლიტიკურში, ეკონომიკურში... კეთილი ნების მქონე ხალხები ყოველთვის მზადაა ასეთი შეხვედრებისთვის.

დღეს ძნელად თუ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ საქართველოსა და ირანს შორის კონტაქტების აქტივიზაცია რეგიონის გეოპოლიტიკურ რუკაზე სერიოზული ცვლილებების წინაპირობაა. მაგრამ ყველა პროცესი რაღაცით იწყება და ჩვენს დროში კულტურული ცენტრების გახსნა და არაფორმალური დიალოგის დაწყება ორმხრივი ურთიერთობების ისეთივე აუცილებელი ატრიბუტებია, როგორიც პოლიტიკური კონტაქტები სახელმწიფო დონეზე.

თუ მივიღებთ იმ ჰიპოთეზას, რომ თეირანმა გადაწყვიტა განავითაროს ირან-საქართველოს ურთიერთობები, ეს ნიშნავს რომ ირანს განზრახული აქვს, დაიკავოს გარკვეული ადგილი კავკასიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი ასახსნელია ირანის სურვილი დახარჯოს დრო და რესურსები იმ ქვეყანასთან ურთიერთობის გასაღრმავებლად, რომელთანაც არაფერი აკავშირებს, რომელიც ამავე დროს არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და აქვს მეგობრული ურთიერთობები ისრაელთან - საუბარია იმ სახელმწიფოებზე, რომელთაგან პირველი ირანისთვის აღიქმება, როგორც უბოროტესი მტერი, ხოლო მეორეს პრეზიდენტი აჰმადინეჯადი საერთოდ უარს ეუბნება მის არსებობაზე.

ირანის რეგიონალური ამბიციები - კარგია თუ ცუდი საქართველოსთვის? პასუხის გაცემა ამ კითხვაზე შესაძლებელი იქნება გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ირანი განსაზღვრავს თავის ინტერესებს რეგიონში და მისცემს დამკვირვებლებს მეტ შესაძლებლობას ანალიზისა და დასკვნებისთვის. ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ირანისთვის შეიძლება იქცეს დასავლეთთან დიალოგის დაწყების საშუალებად, კერძოდ აშშ-სთან. ხოლო ირანი, რომელსაც ტრადიციულად ახლო კავშირი აქვს მოსკოვთან, შეიძლება დაეხმაროს საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებაში, (მარტო რუსეთის ფაქტორი ირანის ბირთვულ პროგრამაში რად ღირს). კიდევ ერთი პერსპექტიული მიმართულებაა ირანის ჩართვა ბუნებრივი აირის და ნავთობის რეგიონალურ სატრანსპორტო ქსელში, რომელიც გაიყვანს ირანის ენერგომატარებლებს გარე ბაზარზე, პირველ რიგში ევროპულზე. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ირანის ისლამური რესპუბლიკის მისწრაფებები, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ იგი იმოქმედებს აღმოსავლურ სტილში და ნელი, დახვეწილი, უხმაურო, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით ივლის დასახული მიზნის მისაღწევად


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე