RSS
რუსეთის ძალისმიერი პოლიტიკა კავკასიაში კრახისთვისაა განწირული
22.02.2010 12:05
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტები

2009 წელმა გაუგონარი სისასტიკით გადაუარა ჩრდილოეთ კავკასიას და განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილს. რაც 2010 წლის დასაწყისში ასეთივე სიმწვავით გრძელდება. კრემლის მესვეურებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ აქ წყდება ქვეყნის ერთიანობის და ყოფნა-არყოფნის ბედი და რუსეთი კავკასიიდან არსად არ წავა. ამ მიზნით შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის ახალი ფედერალური ოლქი, რის შედეგადაც ადიღე, მიუხედავად მათი დიდი პროტესტისა, ხელოვნურად მოწყდა ჩერქეზებით კომპაქტურად დასახლებულ დანარჩენ რესპუბლიკებს. ამავე მიზანს ემსახურება ყარაჩაი-ჩერქეზეთის და აფხაზეთის ე.წ. ბიოსფერული პოლიგონის შექმნის იდეაც, რამაც იქ მცხოვრები ხალხების ინტეგრირება თუ აღრევა უნდა დააჩქაროს მათ ჩრდილოეთელ მეზობლებთან.

საზღვრების გეოგრაფიულ-ადმინისტრაციული გადაადგილების და დაფინანსების გაზრდის პარალელურად პრიორიტეტი მაინც რეპრესიული აპარატის მზარდ გამკაცრებას ენიჭება, რომელიც ძირითადად მიმართულია განსხვავებული პოლიტიკური, რელიგიური თუ ზნეობრივი პოზიციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ.

ამის ნათელი დადასტურებაა ის ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, რომლებშიც მოცემულია ჩატარებული სამხედრო და ოპერატიული ღონისძიებების რაოდენობა, ყოველდღიური აფეთქებები და თავდასხმები სახელისუფლებო და განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებზე, ადამიანების გატაცებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ასეულებზე, მოკლულ და დასახიჩრებულ ათასებზე, როგორც სამართალდამცავი, ისე ოპოზიციური ძალების და მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან.

ადგილობრივი სახელისუფლო ელიტის მიმართ უნდობლობად იქნა აღქმული ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელად ა.ხლოპონინის, მისი მოადგილის და ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ნოვოსიბირსკიდან გადმოყვანა.

ეს უნდობლობა გააძლიერა ოლქის პირველი პირის საჯაროდ ნათქვამმა განცხადებამაც, რომ მთელ სამ მილიონ ნოვოსიბირსკელს სიამოვნებით გადმოასახლებდა ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც ვითარების გამოსწორების საუკეთესო საშუალება იქნებოდა.

ჩრდილოეთ კავკასიაში მწვავე ვითარების არსებობის მიზეზად რუსეთის უმაღლესი ეშელონის პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს ქვეყნის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების ძირგამომთხრელი საქმიანობის გააქტიურება მიაჩნია, სხვებს ტრადიციული კავკასიური კლანურობა და კორუფციისკენ განსაკუთრებული ლტოლვა, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და სტავროპოლის მხარის მუფტი ისმაილ ბერდიევი მოსახლეობის არასათანადო რელიგიურ განათლებას და მუსულმანი სასულიერო პირების არაკომპეტენტურობას ასახელებს, რაც ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის პრეზიდეტებმაც გაიზიარეს, ჩაატარეს იმამების რესპუბლიკური შეკრებები, მკაცრად გააკრიტიკეს არაეფექტური მუშაობისთვის და მისცეს მათ შესაბამისი ინსტრუქციები.

თავისი შეფასება გააკეთა ინგუშეთის პირველმა პრეზიდენტმა გენერალმა რუსლან აუშევმა ჟურნალ "ოგონიოკისთვის" მიცემულ ინტერვიუში მან რეგიონში არსებული მწავე ვითარების მთავარ მიზეზად ტრადიციულ ისლამსა და რადიკალურ ისლამს სალაფიზმს (ვახაბიზმს) შორის ათეული წლების მანძილზე მიმდინარე იდეოლოგიური ომი და შეიარაღებული დაპირისპირება დაასახელა. მისი თქმით, ხელისუფლებას და მის სამსახურში მყოფ ტრადიციული ისლამის მიმდევარ სასულიერო ელიტას არავითარი ავტორიტეტი აღარ გააჩნია მოსახლეობაში და ამიტომ ახალგაზრდობა მასიურად გადადის სალაფიტების მხარეზე, რომლებიც არა მარტო გმობენ გამეფებულ უსამართლობას და ფარისევლობას, არამედ ებრძვიან კიდეც მას იარაღით ხელში. კოსმეტიკური ცვლილებები და დაფინანსების გაზრდა ვითარებას ვერ გამოაგამოასწორებს, რადგან საქმე ეხება ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეს, მათ პატივსა და ღირსებას, მათ ტრადიციებსა და თავისუფლებას.

ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს უბრალოდ კი არ ესვრიან პირდაპირ ნადირობენ მათზე, ეს არის პასუხი იმ დაუნდობლობისა და განუკითხაობის მიმართ, რაც დღეს რეგიონშია გამეფებული. მარტო ინგუშეთში 180 კაცია უგზო-უკვალოდ გამქრალი.

ბოლო ათწლეულში იმდენი თანხები იყო გამოყოფილი და უთავბოლოდ დახარჯული, რომ სამი ახალი კავკასია აშენდებოდა. მარტო ფულით პრობლემები არ გადაიჭრება. საჭიროა ყველა სუბიექტის ცალცალკე შესწავლა, რადგან ყველა მათგანს სხვებისაგან განსხვავებული პრობლემები გააჩნია, მაგრამ ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის საკითხი ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. გამოსაკვლევია დევნილობის გამომწვევი მიზეზები, მათი რაოდენობა და სამომავლო ბედი.

რ.აუშევმა ამ განცხადებით, როგორც იტყვიან ცივი წყალი გადაასხა და თავდაყირა დააყენა კრემლის კავკასიური პოლიტიკა, რადგან პრაქტიკულად დაიცვა ხელისუფლებისაგან სეპარატისტებად და ტერორისტებად შერაცხული ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშეთში მოქმედი მოძრაობა, რომელსაც დოკუ უმაროვის ხელმძღვანელობით ე.წ. "იმარატ კავკაზ"-ი უკეთებს ორგანიზებას და რომლის იდეოლოგიურ საფუძვლად ვახაბიზმი და ჯიხადი, ხოლო პოლიტიკურ მიზნად რეგიონის რუსეთისგან გამოყოფა აქვს გამოცხადებული.

გენერალური პროკურორის განცხადების საფუძველზე რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ "იმარატ კავკაზ"-ი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აკრძალა მისი საქმიანობა. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას მხოლოდ გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აკრძალული ორგანიზაცია სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

უმაღლესი სასამართლოს 8 თებერვლის "განაჩენის" სისრულეში მოსაყვანად 11 თებერბლის ინგუშეთის სუნჟენის მთაგორიან და ტყით დაფარულ რაიონში დაიწყო ფართომასშტაბიანი ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია თითქოს იქ მყოფი დოკუ უმაროვის და მისი შეიარაღებული დაჯგუფების გასანეიტრალებლად. ოპერაცია სამი დღე მიმდინარეობდა და მასში ძირითადად ფედერალური სამხედრო ნაწილები, უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმები და ავიაცია მონაწილეობდა. ოპერაციის ჩატარების რეგიონში ინგუშეთის პრეზიდენტის გენერალ ი.ევკუროვის და ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის გენერალ ა.გალკინის ყოფნა მიანიშნებს მოსკოვის მიერ ღონისძიებისთვის მინიჭებულ დიდ მნიშვნელობას. არსებული ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად მოკლულია 22-მდე ბოევიკი და შეტაკების ზონაში შემთხვევით მყოფი 4 ჩეჩენი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ტყეში ღანძილს აგროვებდნენ. თუმცა მთავარი მიზანი _ დოკუ უმაროვის შეპყრობა ან ლიკვიდაცია, ამჯერადაც ვერ იქნა მიღწეული.

სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ რ.კადიროვმა გააკეთა განცხადება, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სეპარატიზმის საშიშროება მინელდა. ტყეებში იმალებიან დოკუ უმაროვის მომხრე პატარა ჯგუფები, რომლებიც დიდი ხნის განადგურებული იქნებოდნენ, რომ მათ გარედან არ ჰქონდეთ მხარდაჭერა. მიუხედავად ასეთი განცხადებისა რ.კადიროვმა კარგად იცის, რომ მოსახლეობის ფართო ფენების აქტიური მხარდაჭერის და შეიარაღებული იატაკქვეშეთის ახალი კადრებით ყოველდღიური შევსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მრავალი წლის მანძილზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მრავალი სამხედრო დანაყოფის და ყველა სახეობის სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

რ.კადიროვის დავალებით სახელისუფლებო და სასულიერო პირებისაგან შემდგარმა ჯგუფმა მიუსამძიმრა სპეცოპერაციის დროს შემთხვევით დაღუპულ პირთა ახლობლებს და ყველა ოჯახს 300 ათასი რუბლი გადასცეს დახმარების სახით.

მზადდება ახალი სკანდალი, რადგან ახლობლები ეძებენ კიდევ 10 ადამიანს, რომლებიც სახლში არ დაბრუნებულან. ეჭვი აქვთ, რომ ამოცნობილი გვამებიდან გამოძიება შეეცდება თავის გამართლების მიზნით ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქე ბოევიკად გაასაღოს, რასაც ადრეც არა ერთხელ ჰქონია ადგილი.

მოსახლეობა მოითხოვს საქმის გამოძიებას და იმ თანამდებობის პირების დასჯას, ვისი ბრძანებითაც ავიაცია და არტილერია დაუზოგავად ბომბავდა ისეთ ადგილებს, რომლებსაც არავითარი შეხება არ ჰქონდა ბოევიკების შესაძლო ყოფნის რაიონებთან.

არ გამართლდა მოლოდინი, რომ რეგიონის ახალი მეთაურის ბიზნესმენ ა.ხლოპონინის ხელისფუილებაში მოსვლის შემდეგ შენელდებოდა რეპრესიები და დაიწყებოდა ოპოზიციურ ძალებთან საერთო ენის გამონახვის გზების ძიება.

არ გაამართლა არც მოსახლეობის დაშინების პრაქტიკამ, რასაც ადასტურებს აფეთქებებისა და ძალოვნების მკვლელობების ახალი ტალღა თებერვლის სისხლიანი სპეცოპერაციის შემდეგ.

რეპრესიული და გაბოროტებული ადამიანების სიმრავლე ყოველთვის იწვევდა შურისძიების ჯაჭვურ რეაქციას და ადამიანთა მსხვერპლის გაზრდას ორივე მხრიდან.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები მათი პრობლემების სამართლიანი და დროული გადაწყვეტის მოლოდინში არიან.

ჩრდილოეთ აღმოსავლეთ კავკასიისგან განსხვავებით, სადაც ყველა გამოწვევას შეიარაღებული დაპირისპირებით პასუხობენ, მის დასავლეთ ნაწილში პროცესები ერთი შეხედვით უფრო მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა პრობლემების სიღრმითა და მასშტაბურობით იგი არანაკლებ თავსატეხს უმზადებს ფედერალურ ხელისუფლებას. საქმეში ჩახედული სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დღეისთვის ერთერთი დიდი გადაუწყვეტავი პრობლემა კავკასიაში ჩერქეზეთის საკითხია.

მიუხედავად გამკაცრებული კონტროლისა, ჩერქეზულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მაინც მოახერხეს და დააყენეს დღის წესრიგში ადიღელი ხალხის გენოციდის აღიარების თემა, რასაც ადგილი ჰქონდა XIX საუკუნეს მეორე ნახევარში რუსეთის იმპერიის მხრიდან.

ვინაიდან დღევანდელი რუსეთის ფედერაციამ, რომელიც ითვლება რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრედ უარი განაცხადა ამ საკითხის განხილვაზე, საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ჩერქეზეთის კონგრესმა" თხოვნით მიმართა ევროპარლამენტს, რაც მათი მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩენილა. მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით და მსოფლიოში ჩერქეზების შესაძლებლობათა პოტენციალიდან გამომდინარე მიაჩნიათ, რომ ეს თემა თანდათან მეტ სიმწვავეს და საერთაშორისო მხარდაჭერას მოიპოვებს. რუსეთის ხელისუფლება ალტერნატივის წინაშე დგას: ან უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და აღიაროს ჩერქეზი ხალხის გენოციდი, რასაც შესაბამისი გაგრძელება მოყვება, მაგრამ დარჩება შანსი ადიღური რესპუბლიკების მის შემადგენლობაში დარჩენისა, ან თუ ამ საკითხს განიხილავს საერთაშორისო ორგანიზაციები, მაშინ ჩერქეზები იბრძოლებენ სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.

ჩერქეზეთის პრობლემის წამოწევის დაჩქარებას თვით რუსეთის ხელისუფლებამ შეუწყო ხელი 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის პრეცენდენტით, რის შემდეგაც ჩერქეზეულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოითხოვეს ჩრდილოეთ კავკასიაში ერთიანი ადიღური ადმინისტრაციული სუბიექტის შექმნა. რუსეთის ხელისუფლება მიხვდა თავის შეცდომას, თუმცა მისი გამოსწორების ნაცვლად გააგრძელა ჩერქეზი ხალხის შემდგომი დანაწევრება-დაშორების პრაქტიკა ახალი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შექმნით, რომლის დროსაც ადიღეს რესპუბლიკა დატოვეს კრასნოდარის მხარეში და ხელოვნურად მოწყვიტეს ჩერქეზეთისა და ყაბარდოს რესპუბლიკებს.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ადიღე ხასემ" წერილი გაუგზავნა დ.მედვედევს თხოვნით, რომ ჩერქეზებით კომპაქტურად დასახლებული ერთადერთი რესპუბლიკა ადიღე ტერიტორიულად დააკავშირონ ყარაჩაი-ჩერქეზეთთან, რაც ამ ორ რესპუბლიკას შორის მდებარე ისტორიული ჩერქეზული მიწის მოსტოვსკის რაიონის მათთვის გადაცემით შეიძლება გადაწყდეს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე