RSS
იგორ გიორგაძე, ასლან აბაშიძე,... ეხლა ზურაბ ნოღაიდელი. ვინ იქნება შემდეგი?
23.02.2010 11:20
ექსპერტთა კლუბი

დღეს ძალიან ბევრი იწერება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ირგვლივ. არის მრავალი მოსაზრება. აქედან გამომდინარე, ამ მეტად მტკივნეული საკითხის მიმართ ბუნებრივია ვერც “ექსპერტთა კლუბი” რჩება გულგრილი და ვცდილობთ მოპოვებული მასალების, განვითარებული მოვლენების და ისტორიული გაკვეთილების ანალიზის საფუძველზე საქართველოს საზოგადოებას პერიოდულად მივაწოდოთ ჩვენი ხედვა ხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებით.

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ცნობით, რაც პრაქტიკულად ხსენებულ ტერიტორიებზე სრულ კონტროლს ნიშნავს, რუსეთმა ამერიკას და ევროპას დაანახა თუ ვის აქვს უფლება იბატონოს პოსტსაბჭოთა სივრცეში. აქედან გამომდინარე, რუსეთი, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებულების ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას, თავისი ნებით არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის. ჯერ ერთი, დარწმუნებულია, რომ მისი ასეთი ნაბიჯი უკანდახევად აღიქმება არა მარტო მსოფლიო თანამეგობრობის თვალში, არამედ თვით რუსეთის მოსახლეობაშიც. მეორეც, რუსეთის სტრატეგიული მიზანი საქართველოზე გავლენის აღდგენა და მასზე კონტროლის დამყარებაა. დღეს მას ეს პროგრამა ნაწილობრივ შესრულებული აქვს. დღის წესრიგში დანარჩენი საქართველოს "ათვისება" დგას და ამისათვის ძალასა და ენერგიას არ იშურებს. აგრძელებს საქართველოზე შეტევას ყველა მიმართულებით, რასაც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებული აგრესიული პოლიტიკა, მოვლენათა განვითარება და მისი სპეცსამსახურების საქმიანობის ამსახველი მასალების ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები დასახული მიზნის მისაღწევად, როგორც წესი, ერთ რომელიმე გზას არ ირჩევენ. უმეტეს შემთხვევაში მოქმედებენ რამოდენიმე მიმართულებით ერთდროულად და ამასთან არ შეიძლება ითქვას, რომ არჩეული მიმართულებებიდან რომელიმეს ნაკლები ყურადრება ეთმობა.

საქართველოსთან მიმართებაში ერთ-ერთ აქტიურ საკითხად ყოველთვის განიხილებოდა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე მათთვის მისაღები პიროვნების - ლიდერის გამოყვანა, რომელიც აქტიურად ჩაერთვებოდა ხელისუფლების შესაცვლელად წარმოებულ რუსულ კამპანიაში და მოახდენდა პრორუსული წარმონაქმნების ერთ ძალად გაერთიანებას. სხვადახვა დროს ესენი იყვნენ: იგორ გიორგაძე, ასლან აბაშიძე. როგორც ვიცით ეხლახან მათ რიცხვს ზურაბ ნოღაიდელიც მიემატა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ საწყის ეტაპზე კრემლმა ი.გიორგაძე და ა.აბაშიძე პოლიტიკურ ასპარეზზე ფარულად, ასე ვთქვათ "საფარქვეშ" გამოიყვანა, ნოღაიდელთან მიმართებაში ღიად, დაუფარავად მოქმედებს და გამომწვევ ფორმებსაც არ ერიდება. თუმცა საკითხავია ზ.ნოღაიდელის კრემლთან "მჭიდრო" ურთიერთობა გაცილებით ადრე ხომ არ არის დაწყებული.

მკითხველს ვთავაზობთ უახლოესი წარსულის მცირე ისტორიულ ექსკურსს, რათა უფრო ნათლად წარმოჩნდეს რუსეთის სპეცსამსახურების როლი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, გამოიკვეთა თუ არა საქართველოს განვითარების ვექტორის მიმართულება დასავლური ღირებულებებისაკენ, რაც ასევე არ გამორიცხავდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას, იმის მაგივრად, რომ საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლებისთვის დახმარების ხელი გამოეწვდინა, რუსეთმა (თუ თვითონ ნამდვილად აპირებდა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას) თავისი დამოუკიდებულების გამოცხადების პირველი დღიდანვე მთელი ძალებით აამოქმედა მის ხელთ არსებული ზეწოლის ბერკეტების მთელი არსენალი, რათა საქართველო არ დარჩენილიყო იმ იმპერიის მიღმა, რომლის ახალი ფორმით ჩამოყალიბება უკვე დაწყებული იყო და მოგვიანებით, მართალია არასრულყოფილად, მაგრამ "სნგ"-ს სახით მაინც მოგვევლინა.

საქართველოს ეროვნული, მაგრამ გამოუცდელი და ზედმეტად თავდაჯერებული, ამბიციური ხელისუფლების მიერ, ვერ იქნა სათანადოდ შეფასებული და გაანალიზებული შექმნილი უაღრესად მძიმე ვითარება, მისი გამომწვევი მიზეზები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უაღრესად საშიში საბჭოთა "სუკ"-ის სამართალმემკვიდრის, რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლებლობები, რომლებიც თავისი აგენტურით (იხ. “აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა ნაწ. II”) აქტიურად ზემოქმედებდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. უფრო მეტიც, დაშვებული იქნა ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა, რის შედეგადაც რუსეთის სპეცსამსახურებმა ადვილად მოახერხეს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა.

როგორც მოგვიანებით გამოჩნდა კრემლს არც ე.შევარდნაძე ეხატებოდა გულზე, მაგრამ ზ.გამსახურდიას ალტერნატივად იმ პერიოდისთვის ალბათ ძნელი იყო ვინმეზე ფსონის დადება და "შეჩვეული ჭირის" პრინციპით არჩევანი ისევ ელცინის ძველ თანაგუნდელზე შეჩერდა.

ზვიად გამსახურდიას დამამხობელმა "ეროვნულმა" ძალებმა, სახელმწიფო გადატრიალების ტალღაზე მოსულ ე.შევარდნაძეს "სნგ"-ში შესვლის ნება არ მიცეს. განაწყენებულმა რუსეთმა აფხაზეთის ომის პროვოცირება განახორციელა და საქართველო, წელიწადზე მეტ ხანს წარმოებულ უთანასწორო ომში დაამარცხა. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ე.შევარდნაძე იძულებული გახდა "სნგ-ში" შესვლას დათანხმებულიყო, მაგრამ კრემლის გული საბოლოოდ ვერ მოიგო და ი.გიორგაძის ხელით, რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტი მაინც მოუწყვეს.

ე.შევარდნაძის ლიკვიდაციის შემთხვევაში, იმ დროისთვის გიორგაძეს იმდენად ჰქონდა პოზიციები გამაგრებული, რომ ხელისუფლებაში მოსვლას ხელს ვერავინ შეუშლიდა. გიორგაძის მოსკოვში გადახვეწის შემდეგ ე.შევარდნაძე ჩვეული ენერგიით შეუდგა "მოუთვინიერებელთა" ჩამოცილებას და თავისი ძალაუფლების განმტკიცებას..

რუსეთი კი მიუხედავად დიდი მცდელობისა, ვერ ახერხებდა უალტერნატივოდ გაბატონებულიყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. რაც დრო გადიოდა, მიზეზთა გამო სულ უფრო თმობდა პოზიციებს. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ვექტორიც სულ უფრო და უფრო იხრებოდა დასავლეთისკენ. ამით გაღიზიანებული რუსეთი ყველანაირად ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტური რეგიონები იყო. აქედან გამომდინარე დროის ნებისმიერ მონაკვეთში რუსეთის ქმედებები, რაც კი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებთან იყო დაკავშირებული, ემსახურებოდა ერთ მიზანს – არ დაეშვა კონფლიქტების მოგვარება, გადაეყვანა ისინი ე.წ. "მდორედ მიმდინარე" რეჟიმში, რათა კონფლიქტებში მონაწილე მხარეებზე სრული გავლენა და კონტროლი შეენარჩუნებინა. გაეროს და ეუთოს მანდატებით აღჭურვილმა რუსეთმა მომრიგებლის გარდა, სამშვიდობო ფუნქციაც შეითავსა და მთელი 15 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ბლოკავდა კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ყველა ინიციატივას. იყო მომენტები, როცა კონფლიქტში მონაწილე მხარეები რიგ საკითხებში კონსესუსს აღწევდნენ, მაგრამ იგრძნობდა თუ არა რუსეთი "საშიშროებას", რეაქციაც შესაბამისი იყო. სპეცსამსახურების საშუალებით ადვილად აღწევდა ან ერთი ან მეორე მხარის პროვოცირებას, რის შედეგადაც მიღწეული შეთანხმებები ირღვეოდა და მოლაპარაკებებიც დიდი ხნით შედიოდა ჩიხში. რუსეთი კი ამ დროს აგრძელებდა კონფლიქტური ტერიტორიების ანექსიას.

მას შემდეგ, რაც ი.გიორგაძით, ე.შევარდნაძის ჩანაცვლების ოპერაციამ სრული ფიასკო განიცადა, კრემლმა ლიდერის ფუნქცია ე.პრიმაკოვის შუამავლობით ასლან აბაშიძეს დააკისრა. ახალ ვითარებაში, ბუნებრივია ე.შევარდნაძის ალტერნატივად, ა.აბაშიძეს მარტო აჭარის ფაქტორი ვერ გამოადგებოდა და რუსეთსავე კარნახით, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში რეიტინგის ამაღლების მიზნით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მედიატორის ფუნქცია იკისრა. გარდა ამისა, აბაშიძის გამოყენება რუსეთს გაუადვილებდა კონფლიქტის მოგვარების პროცესის თავის ინტერესების გათვალისწინებით წარმართვას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ პროცესებიდან აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის ჩამოშორებას, რომელიც, როგორც ცნობილია ყოველთვის მიიჩნევდა რუსეთს კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთ მხარედ და ღიად გამოდიოდა რუსეთის წინააღმდეგ.

აბაშიძემ პირველი, რაც გააკეთა, დღის წესრიგში აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენის და სომხეთთან სარკინიგზო ტრანზიტის განახლების საკითხი დააყენა. იმ პერიოდში აფხაზეთის უშიშროების სამინისტროში შემოსული ინფორმაციები ნათლად მეტყველებდნენ, რომ რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის მხოლოდ ლესელიძე-ოჩამჩირის მონაკვეთზე იგეგმებოდა, რათა რუსეთს საშუალება მისცემოდა სარკინიგზო გადაზიდვებით განეხორციელებინა სამხედრო დანიშნულების ტვირთების შემოტანა აფხაზეთის სიღრმეში და სრულებითაც არ უკავშირდებოდა სომხეთისთვის სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენას. არ უკავშირდებოდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ მიმდინარეობდა იმ მექანიზმებზე მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ რკინიგზის ქართულ-აფხაზურ მონაკვეთზე სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხოება. როგორც ცნობილია თამაზ ნადარეიშვილმა არა მარტო ამ საკითხის დაბლოკვა, არამედ ასლან აბაშიძის ხსენებული პროცესიდან ჩამოშორებაც მოახერხა.

მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები, რადგან ყველაფერი საყოველთაოდ ცნობილია. მხოლოდ ავღნიშნავთ, რომ მოსკოვმა ვერც იმ დროს ვერ განახორციელა დასახული გეგმა.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იგორ გიორგაძეს და ასლან აბაშიძეს, ამ ცოტა ხნის წინ ზურაბ ნოღაიდელიც მიემატა. საინტერესო ის არის, რომ საქმეში ისევ ე.პრიმაკოვი ერთვება, რომელმაც კრემლის სამთავრობო კულუარებში წინასწარ გათვლილი სვლით, ზ.ნოღაიდელის პიროვნება მათთვის სასურველ ამპლუაში წარმოაჩინა. მისმა მოსკოვურმა ვოიაჟებმა, ტირძნისელი ბავშვების ირგვლივ ხელოვნურად ატეხილმა აჟიოტაჟმა, და "ედინაია რასიასთან" გაფორმებულმა შეთანხმებამ აშკარად დაგვანახა თუ რა მონდომებით მიმდინარეობს მუშაობა ნოღაიდელის რეიტინგზე.

ფაქტი ის გახლავთ, რომ ქართული საზოგადოება ზ.ნოღაიდელს არ აღიქვამს (არც არასდროს აღიქვამდა) სერიოზულ პოლიტიკოსად. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრობის დროს, ან მის წინა პერიოდში, არსად არ ჩანს ზ.ნოღაიდელის აქტიურობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დევნილების დაბრუნების ან მათი სოციალური ან სხვა პრობლემების მოგვარების, აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენის კუთხით. ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასულ ზ.ნოღაიდელს არასოდეს ჰქონია არც ოპოზიციური პარტიების და არც მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილის მხარდაჭერაც კი.

აქედან გამომდინარე, ზ.ნოღაიდელიც ცდილობს თავის რეიტინგს რაიმე შემატოს და დაპირებებს, ისევე, როგორც თავის დროზე ა.აბაშიძის "აღორძინება", არც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის იშურებს. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მისი განცხადებით 2005 წლის ბოლოს ჩვენ თითქოს პრაქტიკულად დაგვიმთავრებია რუსეთთან მოლაპარაკებები ორ რამეზე: რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაზე და რომ ჩვენი მებაჟეები და მესაზღვრეები დადგებოდნენ საქართველო-რუსეთის ფსოუს საზღვარზე. ნოღაიდელის თქმით, გარდა რკინიგზის აღდგენისა, 2005 წლის ბოლოსთვის, რუსეთთან პრაქტიკულად შეთანხმებული ყოფილა აფხაზეთის და ოსეთის კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები. მაგრამ პუტინის ზარს სააკაშვილთან "ჩამოვიდეს თქვენი პრემიერი შეთანხმებაზე ხელმოსაწერადო" თითქოს საქართველოს პრეზიდენტის გაღიზიანება გამოუწვევია "შენზე რატომ დამირეკა პუტინმაო" და ბოლომდე მიყვანილი საქმე ჩაუშლია. ამის შემდეგ იგი ამ საქმეს აღარ გაკარებია.

გასაგებია, რომ ასეთი განცხადებები გათვლილია საქმეში ჩაუხედავი ელექტორატისთვის, მაგრამ მაინც ძნელია თავი შეიკავო და არ თქვა ნოღაიდელის მისამართით: ბატონო ნოღაიდელო, მთელი მსოფლიო თანამეგობრობა 15 წელია თავს იმტვრევს და გამოსავალი ვერ უპოვნია როგორ მოაგვაროს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები და თუ მართლა ასე იყო, სად იყავით, რატომ მაშინ არ ატეხეთ ხმაური, ბოლოს და ბოლოს თუ საქართველოს ბედი წყდებოდა და ამის საშუალებას არ გაძლევდნენ, დაგეტოვებინათ თანამდებობა და იმ დროს გადასულიყავით ოპოზიციაში. მაგრამ იტყუებით და შევეცდებით მხოლოდ რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული პატარა ეპიზოდით გავანეიტრალოთ თქვენი აბსურდული გამონათქვამები.

საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, რუსეთმა ისევ აქტიურად აამოქმედა სომხური ლობი, როგორც მოსკოვში, ასევე დასავლეთში და აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, საქართველოში გაეროს სადამკვირებლო მისიის კონტროლს დაექვემდებარა. შეიქმნა ორმხრივი, სხვადასხვა მიმართულების სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტდნენ რკინიგზის, ენერგეტიკის და უსაფრთხოების ხაზით მომუშავე სპეციალისტებისაგან. საქართველოს მხრიდან საერთო ხელმძღვანელობა დაევალა იმჟამინდელ სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას. უსაფრთხოების ჯგუფს ხელმძღვანელობდა "ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი, იმ დროს აფხაზეთის უშიშროების მინისტრი ლევან კიკნაძე, რომელიც მონაწილეა რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა შეხვედრებისა.

განისაზღვრა აღდგენითი სამუშაოები, აღდგენის დაფინანსება თავის თავზე აიღო რუსეთის რკინიგზამ, რაც ოფიციალურად გაფორმდა ოქმით. აფხაზეთში სამუშაოების ჩასატარებლად შევიდა რუსეთის სარკინიგზო ჯარები და აქტიურად დაიწყო რკინიგზის აღდგენა. ამ დროისათვის, რუსეთმა, როგორც წესი მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა და ქართული მხარე რკინიგზის აღდგენის პროცესს გამოთიშა, თვითონ კი აფხაზეთის, ლესელიძე-ოჩამჩირის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენა დაასრულა. ქართულ მხარეს უკვე არავინ არ აწუხებდა (დღესაც არ აწუხებს) რუსეთის სომხეთთან დამაკავშირებელ რკინიგზის დარჩენილი, ყველაზე მეტად დაზიანებული ოჩამჩირე–ინგირის მონაკვეთის აღდგენაზე, რომლის გარეშე სომხეთთან ტრანზიტი ვერ განხორციელდებოდა. საეჭვოდ შეჩერდა სომხური ლობის ზეწოლა სომხეთის მიმართულებით სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენასთან დაკვშირებით აფხაზეთის გავლით. როგორც შემდეგმა მოვლენებმა გვიჩვენეს, რკინიგზის ლესელიძე-ოჩამჩირის მონაკვეთის აღდგენა რუსეთის მიერ აფხაზეთის საბოლოო ოკუპაციის გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

რაც შეეხება ჩვენი მებაჟეების და მესაზღვრეების საქართველო-რუსეთის ფსოუს საზღვარზე დადგომას, ზ.ნოღაიდელს ავიწყდება, ან არ იცის, რომ სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი სამსახურების სრულფასოვანი ფუნქციონირება ფსოუს საზღვარზე პრაქტიკულად აფხაზეთზე სახელმწიფო კონტროლის აღდგენას ნიშნავდა, რაც იმ დროისათვისაც კი მიუწვდომელი ოცნება იყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ასეთი, საფუძველს მოკლებული განცხადებები, რა თქმა უნდა მიმართულია იაფი ავტორიტეტის მოპოვებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი, ისევ სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბასთვის მიგვინდია, რომელმაც ზ.ნოღაიდელის მოსკოვურ შეხვედრებზე აფხაზურ დიასპორასთან, განაცხადა: "ქართველი პოლიტიკოსები, როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ხშირად ბლეფობენ. ნოღაიდელი აცხადებდა ადრე, რომ მოსკოვში ის შეხვდა აფხაზურ დიასპორას, სინამდვილეში კი ასეთ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია".

მაშ, რა მოსდით და რისი იმედი აქვთ, ნოღაიდელის ფეხის ხმას აყოლილ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომელთა განცხადებებიდან, ინტერვიუებიდან თუ საჯარო გამოსვლებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში სხვა სამყაროში ეცხოვროთ და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წარმოდგენა არ ქონდეთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მათთვის უცნობი იყოს.. ზემოთ წარმოდგენილ მცირე ისტორიულ ექსკურსში, ისიც კარგად ჩანს, რომ ისტორია მეორდება. მეორდება და საუბედუროდ სწორ დასკვნებს ვერ ვაკეთებთ. რაც შეეხება რუსეთს, მას თავისი საუკუნოვანი, ტრადიციული იმპერიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეუცვლია და მის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ტვინის ჭყლეტვა, დროის არც ერთ მონაკვეთში არ დასჭირვებია. მოქმედებდა ერთი და იგივე აპრობირებული სქემით, ერთი და იგივე სცენარით.

მართალია უთანასწორო ბრძოლაში დავმარცხდით, მაგრამ ხომ შეიძლება ისეთ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე, როდესაც, პატარა საქართველომ "ველიკოდერჟავულ" რუსეთს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაუტარა. ამიტომ, ნუ გავიმეორებთ 20-იან წლებში დაშვებულ შეცდომებს და ერთხელ და სამუდამოდ დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის დასაცავად.

პუბლიკაცია გვინდა დავამთავროთ ამონარიდით ბრძნული სვანური ეპოსიდან, რომელიც ჩვენმა სასიქადულო მეცნიერმა აკაკი შანიძემ მოიძია:

ომი გიქმნიათო, გივარგი, ომი
ომი ვქმენითო, ბექთარ,
წაგიგიათო ომი, გივარგი,
წავაგეთ ომი, ბექთარ,
მაშ, რა აზრი ჰქონდაო ბრძოლას, გივარგი,
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ბექთარ!


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე