RSS
"სამხრეთ ოსეთი"- ტერმინის წარმოშობის ისტორია
11.03.2010 11:46
ვასილ კვირიკაშვილი
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტები

1922 წლის აპრილში ქართველმა კომუნისტებმა, მოსკოვიდან მიღებული ბრძანების თანახმად, ოსებს აჩუქეს საქართველოს ოდინდელი მიწების ნაწილი, რომელზეც შეთითხნილი იქნა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი". საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მანამდე ისტორიას არ ახსოვს არანაირი "სამხრეთ ოსეთი" - არც როგორც გეოგრაფიული, არც როგორც პოლიტიკური ერთეული. ოსების ისტორიული სამშობლო, "სამხრეთის" ფონზე გადარქმეული , "ჩრდილოეთ ოსეთი", მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოსა და ოსეთის შორის ყოველთვის გადიოდა ბუნებრივ ზღვარზე დიდი კავკასიური ქედის სახით. ამას არ უარყოფს ოსების ყველაზე ცნობილი მეცნიერი ვასილი აბაევი ("Независимая газета", 1992წ., №13). სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი - ბოლშევიკების "ნაციონალური პოლიტიკის" ნაყოფია, რაც კარგად არის ცნობილი აბაევისათვის. ეს კარგად არის ცნობილი სხვა ოსებისთვისაც, მაგრამ მათ სურთ ისარგებლონ საქართველოს დროებითი გაჭირვებით და მიითვისონ ტერიტორიები. ამ ამოცანას ოსებს უადვილებს ზურგს უკან მდგარი რუსეთი, რომელმაც ზუსტად ქართველებზე კონტროლის დასაწესებლად აამუშავა თავის დროზე ე.წ. "სამხრეთ ოსური" პროექტი.

ცნობილია, რომ მე-XIX საუკუნემდე წერილობით წყაროებში - ქართული, რუსული და სხვ. - არ არის დაფიქსირებული არც ერთი შემთხვევა, სადაც გამოყენებული იქნებოდა ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" და საერთოდ, ოსეთის დაყოფა სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნაწილებად. პირველად ასეთი გამონათქვამი წერილობითი სახით გამოცხადდა XIX საუკუნის 30-ან წლებში და მაშინაც ძალიან იშვიათად იხმარებოდა. ამაზე მოწმობენ ოსი ავტორების მიერ გამოცემული ქართული, რუსული და სხვა უცხოური ისტორიული მოწმობების, დოკუმენტების და პუბლიკაციების კრებულები, რომლებიც შედგენილია მე-XIX საუკუნეში პრესაში დაბეჭდილი სტატიებისა, ასევე რევოლუციამდელი ქართული პრესის ანალიტიკურ-ბიბლიოგრაფიული გამოკვლევების საფუძველზე.

მაგალითად: „ოსეთის ისტორია დოკუმენტებსა და მასალებში (უძველესი დროიდან მე-XVIII საუკუნის ბოლომდე), ტ. 1 (რუსულ ენაზე), ცხინვალი, 1962 . შემდგენლები- პროფ. გ. თოგოშვილი და ი. ცხოვრებოვი.

კრებულში შესულია ქართული ისტორიული და ლიტერატურული წყაროების 238 ერთეული, რომლებიც ასახავენ ამა თუ იმ ხარისხში ქართულ-ოსურ ურთიერთობებს ჩვენი წ.ა. მე-III საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით.
კრებულის დოკუმენტების უმრავლესობა დაკავშირებულია ოსების დასახლებასთან შიდა ქართლში და დვალეთის სამოურაოში. აქ თავმოყრილია რწმუნების სიგელები, ნაჩუქრობის და გარიგებების ბარათები, რომლებიც წარმოადგენენ ბატონყმობის ურთიერთობების ან დამამაგრებელ ან გამანთავისუფლებელ მოწმობებს, რომლებიც თავის დროზე გაცემული იყო როგორც ქართველებზე, ასევე ოსებზეც. აქვეა თავმოყრილი დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ ოსების ფეოდალურ ურთიერთობებს თავის თავად-მებატონეებთან – ფალავანდიშვილებთან, მაჩაბელებთან, ერისთავებთან და სხვა.

ამ 238 წყაროში "სამხრეთ ოსეთის" დასახლების გამოყენების არც ერთი ფაქტი არ არის დაფიქსირებული შიდა ქართლის იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც წარმოადგენს ცხინვალის რეგიონი.

"სამხრეთ ოსეთის ისტორია დოკუმენტებსა და მასალებში", შემადგენელი ი. ცხოვრებოვი (რუსულ ენაზე), ტომი 2, ცხინვალი, 1960.

მე-II ტომში შესულია 398 არქიული დოკუმენტი, რომლებიც ასახავენ 1800-1864 წლებს. ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" გამოყენებულია მხოლოდ ორ დოკუმენტში - №393 და №394, რომლებიც დაკავშირებულია სახალხო განათლებასთან.

"სამხრეთ ოსეთის ისტორიის...." მე-3 ტომში გამოყენებულია 1864-1900წ.წ. დათარიღებული 428 არქიული დოკუმენტი.

აქ ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" დაფიქსირებულია 19 დოკუმენტში - №342-343, 347-348, 350-351, 356, 359, 363, 384-387, 391, 393, 395, 401, 404, 442. წერილობითი წყაროები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კრებულებში (კრებულები სხვათაშორის გამოცემულია ცხინვალში) წარმოადგენენ არქიული მასალების გადაბეჭდილ ვარიანტს თბილისისა და პეტერბურგის ისტორიული არქივებიდან. ეს მასალები შეიცავენ ფაქტებსა და მოვლენებს, რომლებიც ასახავენ XIX საუკუნის განმავლობაში ოსების სოციალურ, ეკონომიურ, რელიგიურ და საგანმანათლებო ცხოვრების პირობებს.

ამგვარად, 826 დოკუმენტიდან, რომლებიც თავმოყრილია ორივე კრებულში, ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" გვხვდება სულ 21 შემთხვევაში და ყველა ისინი დაკავშირებულია ე.წ. "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების" მოღვაწეობასთან, რომელიც შიდა ქართლის ოსურ მოსახლეობასთან 1863-1900 წლებში მუშაობდა და რაც ამტკიცებს აღნიშნული საზოგადოების "საქმიანობის" ჭეშმარიტ პრიორიტეტებზე.

კერძოდ, ამ დოკუმენტებში ასახულია:
– თუ როგორ მოქმედებდა ხსენებული "საზოგადოება" ოსური მოსახლეობის მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში მოსაბრუნებლად
– ოსური დამწერლობის მიღებას რუსული გრაფიკის საფუძველზე და ოსებში განათლების გასავრცელებლად
– სასულიერო შინაარსის წიგნების გადათარგმნისა და გამოცემისათვის, ასევე სკოლების გახსნისა და სასკოლო პროგრამების შედგენისათვის და ა.შ.

ცნობილია, თუ როგორ სერიოზულ როლს თამაშობდა ეკლესია მეფის მთავრობის კოლონიალური პოლიტიკის გატარებაში - "საქართველო: რუსეთის ხიდი სამხრეთ კავკასიაში". შიდა ქართლის ოსური მოსახლეობის ინტერესების წინა პლანზე დაყენებით ეკლესია ორ კურდღელს კლავდა: ერთის მხრივ იხვეჭავდა ოსების სიმპატიებს და უნერგავდა მათ მოსაზრებას რომ ეს ტერიტორიები მართლაც მათია და არა ქართველების; ხოლო მეორე მხრივ – ერთმანეთს უპირისპირებდა ერთ მიწა-წყალზე მცხოვრებ ორ ხალხს. ამიტომაც ადვილი გასაგებია, რომ ცენტრალური საქართველოს ოსებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონი რუსეთის სასულიერო მოძღვრების პირით აჟღერდა როგორც "სახმრეთ ოსეთი".

რაც შეეხება კავკასიურ რუსულ პერიოდულ პრესას, 500-ზე მეტ პუბლიკაციაში, რომლებიც დაკავშირებულია ოსების ისტორიის, ეთნოგრაფიის და ყოფის საკითხებს და რომლებიც იბეჭდებოდა 87 წლის განმავლობაში (1828 წლიდან 1915 წლის ჩათვლით), ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" გვხვდება მხოლოდ 13 შემთხვევაში შემდეგი ინტერვალებით - 1830, 1873, 1883, 1891, 1900 და 1909 წლებში.

არანაკლებ საინტერესოა, რომ 61 წლის განმავლობაში (1852-1913 წლები) ქართული ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" დაფიქსირებულია მხოლოდ ორჯერ .

ბევრზე მეტყველებს "ჩრდილოეთისა და სამხრეთ ოსეთის" ტერმინების თითოჯერ გამოყენება "არქეოლოგიური კომისიის აქტების" მრავალტომეულში, რომელიც მოიცავს კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის ხალხთა 1392-1862 წლების პერიოდის ისტორიის ათი ათასზე მეტ დოკუმენტს.

ყოველივე აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში (1860 წ.) "სამხრეთ ოსეთის" ტერმინის პირველი გამოჩენა არის ამ ეთნიკური ტერმინის მაშინდელი რუსეთის გეოგრაფიულ ლექსიკონში ჩანერგვის მცდელობის დასაწყისი.

რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ზოგიერთ არქიულ მასალაში და რევოლუციამდე პერიოდულ პრესაში მოინახოს შიდა ქართლის მიმართ ამ ტერმინის გამოყენების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ისინი ვერანაირად ვერ დაამტკიცებენ მათი გამოყენების კანონზომიერებას საქართველოს ამ ისტორიული კუთხისათვის.

ამ ფონზე გასაგებია, რატომ ეუცხოებათ ეთნიკური ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ისეთ დიდ კავკასოლოგებს, როგორებიც იყვნენ აკადემიკოსი ნ.დუბროვინი, პროფესორები მ.კოვალევსკი, ვ.მილერი, პ.უვაროვა, ლ.ზაგურსკი, ვისთვისაც ოსეთი - არის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის იქით, ხოლო ოსური დიასპორის შიდა ქართლში გამოჩენა - არის მიწამცირეობის და ისტორიული უბედურებათა შედეგი, რომელიც ირონებს თავს დაატყდა 17-19 საუკუნეებში.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიული სოფლების ბაზაზე ჯერ დისტანციების, შემდგომში კი ოლქების ფორმირების ფაქტები უნდა შეფასდეს როგორც მტაცებლური პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა რუსეთი მთიელი ხალხის მიმართ.

საქართველოს ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ოსეთის ოლქის დაარსება, რომელიც ატარებდა სხვა ქვეყნის დასახელებას, წარმოადგენდა შორს გამიზნული პოლიტიკური გეგმების განხორციელების პრინციპებს – "გათიშე და იბატონე", ვინაიდან თავის დროზე "ოსეთის ოლქი" უნდა გამხდარიყო ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტის გაღვივების პლაცდარმი. მეფის მთავრობის ამგვარ პოლიტიკაზე მიუთითებს თავის ნაშრომში ოსი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე ა.გალაზოვი – "ერთის მხრივ ცარიზმს არ სურდა, რომ სამხრეთელი ოსები მთლიანად გათქვეფილიყვნენ ქართველ ხალხში. ყოველი შემთხვევისათვის უნდოდათ შეენახათ სამხრეთ ოსეთი როგორც თავისებური პლაცდარმი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა განეხორციელებიათ სათანადო ზეწოლა ურჩ ქართველ მმართველებზე (ა.გალაზოვი, "ხალხი-ძმები. ენები-ძმები", ორჯონიკიძე, 1987).

მოგვიანებით, ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" იურიდიულად დაკანონებული იქნა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და სახალხო კომისრების საბჭოს მიერ 1922 წლის აპრილში №2 დეკრეტით, რომლის მიხედვითაც საქართველოს ძირძველი პროვინცია ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძველის გარეშე გამოცხადდა "სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქად". აღნიშნული დეკრეტი წარმოადგენდა გასამრჯელოს იმ სამსახურისათვის, რომელიც ცენტრს გაუწიეს ოსმა ბოლშევიკებმა, რომლებმაც რუსებისვე წაქეზებით 1918-1920 წ.წ. სამჯერ მოაწყვეს აჯანყება ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს რუსეთის წითელ არმიას საქართველოს ოკუპირებაში.

ისე რომ, მართალნი არიან ის ოსი, რუსი და სხვა მეცნიერები, რომლებიც მეცნიერულ საფუძველზე ამტკიცებენ - იმ ოსებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, არასოდეს არ შეუქმნიათ თავისი არც დამოუკიდებელი და არც დამოკიდებული პოლიტიკური ერთეული. ხოლო რაც შეეხება ნაციონალური უმცირესობების ეთნიკური, კულტურული და რელიგიური თვითყოფადობის შენარჩუნებას, საერთაშორისო სამართალი ვერ იძლევა რაიმე ერთიან მიდგომას ამ პრობლემების გადასაწყვეტად და რომელიც აუცილებელი იქნებოდა ყველა სახელმწიფოსათვის. ამიტომაც არის, რომ კონკრეტული ისტორიული პირობების მრავალფეროვნება და მსოფლიოში მოქმედი კონსტიტუციური სისტემების სპეციფიკური განსაკუთრებულებები გამორიცხავენ ყოველივე ამგვარ შესაძლებლობებს.

როგორც სამართლიანად აღნიშნავენ გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ გამოცემული საერთაშორისო სამართლის კურსის ავტორები, "არ არსებობს საფუძველი მოლოდინისა, რომ ქვეყნები დათანხმდებიან გამოყოფის არაშეზღუდულ უფლებებს ანადა შეძლებენ მივიდნენ ზუსტი კრიტერიების შეთანხმებებზე, რომელთა შესრულებით გამოყოფა მართლზომიერი იქნება მოცემულ პირობებში" (lnternational Zaw. Cases and Materials. Second Edition/Ed. by Henkin L., Pugh R., Schachter O., Smit H., Paul St. Minnesota, 1987, p. 282).

 

სტატიაში გამოყენებულია მასალები
ს.ლეკიშვილის სამეცნიერო კრებულიდან
"როდის შეიქმნა ტერმინი "სამხრეთ ოსეთი"


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე