RSS
ნინო ბურჯანაძის "დიდი პოლიტიკა"
12.03.2010 12:23
"ექსპერტთა კლუბი"

"ექსპერტთა კლუბი" თავის ადრინდელ პუბლიკაციაში მიუთითებდა, თუ როგორ ახორციელებდა მოსკოვი საქართველოში საკუთარი პოლიტიკის დასაყრდენის ძიებას და ახალ–ახალი ფიგურების გაძლიერებას. ჩვენ ავღნიშნავდით, თუ როგორ გათვლებს აკეთებდა თავის დროზე კრემლი შევარდნაძეზე, იგორ გიორგაძეზე, ასლან აბაშიძეზე, ზურაბ ნოღაიდელზე, და ვსვამდით კითხვას, ვინ იქნებოდა შემდეგი.

კითხვა სავსებით ლოგიკურია, რადგან რუსეთის მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში და შიგნიდან გატეხოს ციხე, მისი ისტორიული ხასიათში ზის. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი დიდი ხნის ლოდინი არ დაგვჭირვებია, რადგან ჩვენი პუბლიკაცია ჯერ "გაციებულიც" არ იყო, როცა მოსკოვს საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ მიაშურა.

გამგზავრების წინ, ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერმა დაგვიბარა – დიდი პოლიტიკის საკეთებლად მივდივარო. ჩვენ გადავხედეთ ქალბატონ ბურჯანაძის მიერ წლების განმავლობაში გაკეთებულ "პატარა პოლიტიკას" და შევეცადეთ გაგვეანალიზებინა, რატომ არ ეყო ამ "დიდ პოლიტიკოსს" პატარა საქართველოს პოლიტიკური სივრცე.

ქალბატონი ნინო ბურჯანაძე 15 წელზე მეტი საქმიანობდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, დაიწყო რა ექსპერტ–კონსულტანტის თანამდებობით 1992 წელს, როდესაც საქართველოში ომი მძვინვარებდა. მან ყველაზე კარგად უწყის რა დღეები გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. 1995 წლიდან ის არის პარლამენტის დეპუტატი, ხოლო 2001 წლის ნოემბრიდან 2008 წლამდე ამავე პარლამენტის თავმჯდომარეა. შესაბამისად, თითქმის მთელი ეს პერიოდი ქალბატონი ბურჯანაძე არის ხელისუფლების მეორე პირი, თუიმასაც დავამატებთ, რომ ორჯერ პირველი პირის მოვალეობებსაც ასრულებდა და კარგად უწყის თუ როგორ ვითარდებოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ბურჯანაძეს ყოველთვის ახასიათებდა ხისტი, თუმცა დიპლომატიური პოზიცია რუსეთის მიმართ. მაშინ ის არ მალავდა, თუ ვინ იყო საქართველოს მტერი. არც იმას, რომ საქართველო ოკუპირებულ იქნა. ბურჯანაძის მაშინდელი გამონათქვამები ცხადყოფს, რომ ის ყოველთვის ცდილობდა საქართველოს ინტერესების დაცვას და ხანდახან, ერთი შეხედვით, მეტად მწვავე პოზიციაც ეკავა. ეს ეხება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესს, საქართველოდან რუსი "მშვიდობისმყოფელების" გაყვანას, რუსულ ემბარგოს და ა. შ.

2002 წლის 20 მარტს, ქ-ნ ნინო ბურჯანაძის პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ: "აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალები ვერ ახორციელებენ მანდატით დაკისრებულ მოვალეობებს,

აფხაზეთის ტერიტორია უკონტროლოა და გადაქცეულია საერთაშორისო ტერორისტებისა და ექსტრემისტების თავშესაფრად, ნარკობიზნესისა და იარაღით ვაჭრობის ზონად.,

აფხაზეთის ტერიტორიაზე უკონტროლო და რუსეთის აღურიცხავი სამხედრო შეიარაღების პირობებში კვლავ გრძელდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სეპარატისტული რეჟიმისათვის მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გადაცემა. ვითარებას უკიდურესად ამწვავებს ასევე აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება, რაც რუსეთის დაუფარავი მცდელობაა ,,საკუთარი მოქალაქეების,, ინტერესების დაცვის მოტივით ჩაერიოს საქართველოს შინაურ საქმეებში.,

გუდაუთის სამხედრო ბაზიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებით შეთანხმებული მძიმე შეიარაღების გატანის მიუხედავად, რუსეთის მხარემ არ შეასრულა ეუთო-ს სტამბულის 1999 წლის სამიტის გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულება გუდაუთის ბაზის გაყვანასა და დახურვასთან დაკავშირებით...".

ამასთან დაკავშირებით იმავე დღეს პარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რომელსაც ნინო ბურჯანაძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ "საქართველოს პარლამენტი აღშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბოლო დროს გაძლიერებული ანტიქართული პროპაგანდის გამო ...", რომელიც "..წარმოადგენს დაუფარავ მუქარას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მის საშინაო საქმეში უხეშად ჩარევის მცდელობას და იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი საქართველოს განიხილავს არა მეგობარ, დამოუკიდებელ ქვეყნად, არამედ საკუთარი გავლენის სფეროდ...". ამასთან, მკაცრად აკრიტიკებს რა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ცალმხრივი, საქართველოს ოფიციალური მთავრობის გვერდის ავლით პირდაპირი ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით რუსეთის სათათბიროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯები "...ეწინააღმდეგება როგორც სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის პრინციპს, ისე საყოველთაოდ აღიარებულ საერთასორისო სამართლის ნორმებს. ამგვარი ტიპის განცხადებები შესაძლებელია აღქმული იქნეს მხოლოდ როგორც პოლიტიკური ფონის მომზადება საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისათვის... საქართველო მომავალშიც საკუთარი კანონიერი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და არ დაუშვებს თავის საშინაო საქმეებში ჩარევას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას...".

იმავე წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედარაციის საბჭოს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას კონსტრუქციულობისაკენ მოუწოდებს, ამასთან საკმაოდ მკაცრ შეფასებებს აძლევს რუსეთის საჰაერო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის ფაქტს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების უკანონო პროცესს. მიმართვაში ნათქვამია, რომ "საქართველოს პარლამენტი უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს 2002 წლის 23 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის ბარბაროსული დაბომბვის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა...

რუსეთის არაკონსტრუქციულობის შედეგია გაეროსა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ აფხაზეთის სტატუსის შესახებ შემუშავებული პროექტების განხილვისა და მიღების ბლოკირება. რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოსთან შეუთანხმებლად წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და ფაქტობრივად არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მცდელობა. ფარული ანექსიის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის დაჩქარებული წესით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭება. ამ რეგიონების მოსახლეობის 80% საქართველოს კანონმდებლობის უგულველყოფით უკვე რუსეთის მოქალაქეა...". ამ მიმართვაში საქართველო გამოხატავდა სრულ მზადყოფნას რუსეთთან ეწარმოებინა კონსტრუქციული დიალოგი, რათა შექმნილი ვითარება არ გადაქცეულიყო "...ამ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის, ერთმანეთის მიმართ აგრესიულად განწყობისა და ურთიერთობათა შეწყვეტის საფუძვლად".

და ეს ყველაფერი 2002 წელს ხდება. ანუ ქალბატონი ნინო ამ პოზიციაზე პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყო და თავისუფლად შეუძლია დაიტრაბახოს, რომ დღეისათვის უკვე ოფიციალურად ოკუპანტად შერაცხულ რუსეთთან საერთაშორისო დონეზე ყველაზე ადრე აწარმოებდა პოლიტიკურ-დიპლომატიურ ომს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპეპბს იცავდა.

ჩვენ შეგნებულად მოვიყვანეთ 2002 წლის პარლამენტის დადგენილები, ვინაიდან მაშინ ქალბატონი ნინო პარლამენტს შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ხელმძღვანელობდა და ჯერ კიდევ იმ დროს სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი რუსეთთან მკვეთრი განცხადებების ფონზე ხისტი პოლიტიკის წარმოებას. 2003 წლიდან მოყოლებული, უკვე დღევანდელი მთავრობის მმართველობის პერიოდში, ნინო ბურჯანაძეს არ შეუცვლია თავისი რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში, რომელიც არაკლები სიმწვავით გამოირჩეოდა.

ბურჯანაძე ყოველთვის უწევდა წინააღმდეგობას რუსეთის ხელისუფალთ ქართული ჯარის მშენებლობასთან დაკავშირებით. "...არავის არ ეხება, რამდენს დავხარჯავთ ჩვენი ჯარის მშენებლობაზე. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვმოქმედებთ. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას უნდა გააჩნდეს თავისი ჯარი. ბოდიში მაგრამ, რატომ უნდა ჰქონდეს რუსეთს ატომური იარაღი, და საქართველოს არ უნდა ჰყავდეს საკუთარი ჯარი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს?... არსებობს წითელი ხაზი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მისი პოლიტიკური ორიენტაცია. და ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია – ვიყოთ ნატო–ში და ევროკავშირთან უფრო ახლოს – სრულებითაც არ ნიშნავს რუსეთთან ცუდ ურთიერთობებს. სწორედაც რომ პირიქით", – აცხადებდა ბურჯძანაძე 2006 წელს თავის ინტერვიუში რუსული გამოცემისთვის "Новые Известия".

2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტის რეგიონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით, რასაც დიდ პოლიტიკაში უზარმაზარი გამოცდილების მქონე ბურჯანაძემ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და თავის განცხადებაში არ მორიდებია რუსეთის მისამართით მკვეთრი შეფასებების გაკეთებას. ამასთან, კრემლის პოლიტიკა ორმაგ სტანდარტებში, საერთაშორისო ნორმების დარღვევაში, საქართველოს ტერიტორიების თანმიმდევრული ინკორპორირების პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა და დაგომისის ხელშეკრულების დენონსაცია მოითხოვა.

მას მიაჩნდა, რომ სეპარატისტული რეგიონების სტატუსის განსაზღვრის საქმეში რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო, და რომ ეს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების გადასაწყვეტი იყო. "მე ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის გადასაწყვეტი არაა, მე კი არ ვფიქრობ, მე ამაში დარწმუნებული ვარ", – აცხადებდა 2006 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მოუწოდებდა რუსეთს, თუ მას კოსოვოს მოდელი მოსწონდა, გამოეყენებინა ის საკუთარ ტერიტორიაზე.

2006 წელს ბურჯანაძეს არც ქართველთა მასიური დეპორტაცია გამორჩენია მხედველობის არედან. 2006 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ კომერსანტისათვის მიცემულ ინტერვიუში ბურჯანაძე მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ნაციონალისტურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. მისი თქმით " Из грузин вылепили образ врага, идет настоящая травля. Создается впечатление, что все, что связано с грузинами, носит криминальный характер. То, что сейчас происходит в России, это позор. У меня ощущение, что кто-то в России специально рвет последние ниточки, которые нас связывали". ეს "кто-то" კი მაშინ პუტინი იყო, რომელმაც ქართველების მასიურ დეპორტაციაზე გასცა ბრძანება, რის გამოც ქართველებს მთელი რუსეთის ტერიტორიაზე სადარბაზოებშიც კი დასდევდნენ. რუსეთის სპეცსამსახურები იქამდე დაეშვნენ, რომ ქართველი ბავშვების აღწერა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაიწყეს. არაფერს ვამბობთ თვითონ დეპორტაციის დამამცირებელ მექანიზმებზე, მაგრამ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ ფაქტებს, როდესაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარის გამო რამოდენიმე ქართველი სამშობლოში ცინკის კონტეინერით ჩამოასვენეს. ყოველივე ამის შემდეგ სწორედ ამ სადამსჯელო აქციების ავტორთან, რომლისთვისაც საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესაც ჩალის ფასი აქვს, "დიდი პოლიტიკის საწარმოებლად" ბურჯანაძე ქედმოხრილი, დამნაშავის სტატუსით ჩადის და ადრე გაკეთებულ შეფასებებს პრაქტიკულად ანულირებას უკეთებს.

საინტერესოა ასევე რუსეთის მიმართ ბურჯანიძის პოზიცია უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში. კერძოდ, პუტინის პოზიცია საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოებასთან დაკავშირებით ბურჯანაძისათვის მიუღებელი იყო. 2008 წლის 16 აგვისტოს ერთ-ერთ რუსულ გამოცემას მოყავს ქალბატონი ნინოს სიტყვები: "Заявления России, что она не будет говорить с законно избранным президентом Грузии, выходят за рамки международного права. Это неуважение к выбору грузинского народа".

ამ სიტყვების მერე გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, თუ როგორ ლანძღავს ბურჯანაძე საქართველოს მტრების გასახარად ქართველი ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს და მთავრობას.

საინტრესოა ასევე ბურჯანაძის შეფასებები და პოზიცია, რაც მან 2008 წლის 19 ნოებბერს ევრონიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენციას ბურჯანაძემ მაშინაც კი, როდესაც მთავრობას ოპოზიაში ედგა, მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა : "Россия направила армию в суверенную страну, нарушив границы суверенной страны, нарушив суверенитет и территориальную целостность страны, которая является членом Объединенных Наций... Народ сплотился в Грузии в настоящий момент против русской агрессии и, конечно, люди сплотились вокруг президента в момент, когда Россия пыталась изменить режим, потому что это не дело России решать, кто должен быть президентом нашей страны, только грузины сами могут решать, кто может говорить от лица населения Грузии. Такого права нет ни у России, ни у кого либо другого!". საინტერესოა, თუ ბურჯანაძე, როგორც ეს მან ტელეეთერში პირდაპირ განაცხადა, პასუხს აგებს თავის ყველა გამოთქმულ სიტყვაზე, მაშინ რისთვის ჩავიდა იმ ქვეყანაში და შეხვდა იმ პირებს, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ, რომ მათ მთავარ მიზანს სააკაშვილის მთავრობის შეცვლა წარმოადგენს!

დღეისათვის ნინო ბურჯანაძე, ცდილობს რა დაიბრუნოს დაკარგული ადგილი საქართველოს პოლიტიკურ არენეზე, მიდის ყველაფერზე - პირდაპირ დიალოგს მართავს იმ ხალხთან, რომლებმაც საქართველოს ანექსიაზე უშუალო ბრძნება გასცეს და ქვეყნის სრული დაპრყრობის გეგმებს ხვეწენ. ამ გეგმებში კი პოლიტიკური ძალაუფლების მანიით შეპყრობილ და ე.წ. ოპოზიციაში გადასულ ძველ პოლიტიკოსებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ამ მხრივ, ნოღაიდელის მიერ კრემლისაკენ გაკვალულ გზაზე საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანის გამოჩენას თვითონ რუსი ექსპერტები როგორც საქართველოში მათ პოლიტიკურ კრახს და საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ადგილების შენარჩუნებისათვის მოკავშირეების რუსეთში ძებნას აფასებენ. კერძოდ, რუსეთის პოლიტტექნოლოგიების ცენტრის დსთ-ს განყოფილების ხელმძღვანელის სერგეი მიხეევის განცხადებით საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ დასავლეთის სრული მხარდაჭერა მოიპოვა და ამ მიმართულებით ოპოზოციურ ძალებს საქართველოში დასაყრდენი არ აქვთ. ანუ დასავლეთი განუხრელად უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას და მისი ვადამდელი, მითუმეტეს არალეგიტიმური გზით შეცვლაში მათ დასავლეთის მხარდაჭერაზე არც უნდა იოცნებონ. «Грузинская оппозиция ищет поддержки у России, поскольку официальная власть Грузии окончательно монополизировала поддержку Запада. Думаю, оппозиции бесполезно искать силы и средства в Турции, на Украине или где-либо еще, кроме России» - აცხადებს მიხეევი.

ექსპერტის აზრით, საქართველოს ოპოზიციური ძალების პერსპექტივები ძალზედ ბუნდოვანია. რუსეთმა საბოლოოდ დააფიქსირა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან გაწვევას არ აპირებს და ასეთ ვითარებაში თუ რაზე ილაპარაკებს ბურჯანაძე კრემლში გაურკვეველია. მიხეევის აზრით, ბურჯანაძე მომავალი პოლიტიკური ბრძოლის წარმოების მიზნით რუსეთში მოკავშირეების ძიების მოსინჯვას გეგმავს.

რუსეთში მხოლოდ მიხეევი როდია იმ ექსპერტებსა და პოლიტიკოსების რიგში, რომლებიც სიფრთხილით ეკიდებიან ბურჯანაძის ვიზიტს. მაგალითად, ვლადიმირ ჟირინოვსკი თვლის, რომ ბურჯანაძე მოსკოვში არ უნდა ჩასულიყო. "არ არის საჭირო კრემლის კარებზე კაკუნი. მე მივესალმები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას, მაგრამ თქვენ გინდოდათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა. თქვენ გყავთ კარგი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი, და ოპოზიციის წარმომადგენლებს არ სჭირდებათ ერთი მეორის მიყოლებით რუსეთში ჩამოსვლა და მუხლმოდრეკა", – განაცხადა ჟირინოვსკიმ. მან ფაქტიურად პირდაპირ მიუთითა ქართულ ოპოზიციას, რომ კრემლი თუ დაეხმარება მათ, მხოლოდ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სანაცვლოდ.

რუსულ შოვინისტურ პოზიციას უფრო ფართოდ ხსნის რუსი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ვაშინგტონის მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსეთისა და აზიის პროგრამების დირექტორი ნიკოლაი ზლობინი. თავის სტატიაში ის განიხილავს რა ქართული ოპოზიციონერების ვოიაჟს მოსკოვში – აკეთებს ანალიზს, თუ როგორ შეიძლება კრემლმა იხეიროს მათთან ურთიერთობით.

ექსპერტი განიხილავს ჩვენი ოპოზიციონერების ვიზიტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ჭრილში და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძე და ნოღაიდელი ყველას არწმუნებენ, რომ ტერიტორიების დაკარგვა და აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილის ბრალია, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შეელევა. არადა, მისი აზრით, რუსეთს სწორედ ასეთი პოლიტიკოსი სჭირდება საქართველოში. "საერთო ჯამში, რუსეთს არ სჭირდება საქართველოს ხელმძღვანელობაში ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც "სხვა მეთოდებით" უნდათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება. მას უფრო სჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც ძალუძთ არა მარტო ახლანდელი პრეზიდენტის შეცვლა, არამედ ტერიტორიების დაკარგვასთან ქართული საზოგადოების შეგუება და მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენის პროცესის დაწყება შეუძლიათ", – აღნიშნავს ზლობინი და მწუხარებით იუწყება, რომ "ასეთი პოლიტიკოსი საქართველოში ჯერ არ არის".

მისივე აზრით, ბურჯანაძე და ნოღაიდელი არ არიან სააკაშვილის ოპოზიციონერები "საკითხში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და სტაბილურობისთვის სამხრეთ კავკასიაში". "თუმცა მათთან პირდაპირ დიალოგს შეუძლია შეარყიოს საქართველოს ეხლანდელი რეჟიმის პოლიტიკური ბაზა და მიიყვანოს იქ სიტუაცია პოსტაფხაზური თაობის პოლიტიკოსების გამოჩენამდე", – აბსოლუტურად ლაკონურად და კონკრეტულად გადმოსცემს ბატონი ზლობინი რუსეთის მზაკვრულ გეგმებს.

თუმცა, თუ ბურჯანაძის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას გავიხსენებთ, რომლის თანახმად "Политика игнорирования России руководством Грузии, безответственна", მისი მსოფლმხედველობის შეცვლა მაინცდამაინც გასაკვირი არ უნდა იყოს. თუმცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკის იგნორირება უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებიდან მოდის და პუტინის პრეზიდენტობის პერიოდს ემთხვევა. მაშინ რუსეთის ამ პოლიტიკას თვითონ ბურჯანაძეც აკრიტიკებდა. ეტყობა მას საქართველოს მომავლის მიმართ წარმოდგენა რადიკალურად შეეცვალა და ამ მომავლას ისევ რუსული ჩექმის ქვეშ ყოფნაში ხედავს.

ამ ყველაფრის ფონზე აბსოლუტურად გაუგებარი ხდება ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ვოიაჟი მოსკოვში. ქალბატონი, რომელიც მუდმივად აღიარებდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას და ტერიტორიების ანექსიას, დღეს თავს იკავებს ასეთი შეფასებებისაგან და "დიდი პოლიტიკის" გასაკეთებლად მტრის ბანაკში მიემგზავრება.

საქართველოში ამ ვოიაჟს მოჰყვა საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა. ასეა თუ ისე, გარკვეული ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს მთლიანობა არის უმაღლესი ფასეულობა, რა თქმა უნდა აკრიტიკებს ქალბატონ ნინოს, თუმცა არიან ისეთებიც, რომელებიც მზად არიან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი განიხილონ, თუნდაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. 

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე