RSS
ლევან კიკნაძე: "რუსეთს თავისი ტრადიციული, იმპერიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეუცვლია"
16.03.2010 11:05
თამარ ნინიძე

გთავაზობთ "ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტის, აფხაზეთის უშიშროების ექს–მინისტრის გენერალ ლევან კიკნაძის ინტერვიუს გაზეთ "დრონი ჯი"-სთან.

- რამდენად წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის მოსკოვში ვიზიტები და ნოღაიდელის პარტიასა და "ედინაია როსიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულება?

- სახელმწიფო უშიშროება უნდა განიხილებოდეს როგორც მდგომარეობა, როცა დაცულია სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქცია კი სწორედ ეროვნული ინტერესების დაცვის უზრუნველყოფაა. დღეს ქვეყანაში არსებული ურთულესი ვითარება, რომელიც ძირითადად განპირობებულია რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან სხვადასხვა ფორმებითა და მეთოდებით მუდმივი ზეწოლით, რომელმაც ბოლო დროს აშკარად გამომწვევი და უტიფარი სახე მიიღო, გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ განვითარების თანამედროვე ეტაპზე საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახლემწიფოს, მის სახელმწიფო ინსიტიტუტებს უძნელდებათ სრულყოფილად მოახდინონ სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების რეალიზება და დაცვა გარე საფრთხეებისგან. არადა სახეზე გვაქვს რუსეთის სპეცსამსახურების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების ძირგამომთხრელი საქმიანობა. აუცილებელია, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა ძირითადი ძალის კონცენტრაცია მოახდინონ სწორედ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოსავლენად. აქედან გამომდინარე, თვითონ ეს ქმედებები და ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის სახელისუფლებო პარტიასთან, რომლის პოლიტიკა მიმართულია საქართველოს სახლემწიფოებრიობის წინააღმდეგ, უნდა განიხილებოდეს ზუსტად იმ ჩარჩოში, რაც მე დასაწყისში მოგახსენეთ.

- რა კონკრეტული მაგალითები გვაქვს ამის საილუსტრაციოდ?

- მეტი კონკრეტული მაგალითები რაღა გინდათ. სახეზე გვაქვს ოკუპანტი ქვეყნის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმოებული ძირგამმთხრელი საქმიანობა და ამ საქმიანობაში ჩართული პირები.

- რამდენად შეუძლიათ ქართულ სპეცსამსახურებს აღკვეთონ ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის?

- სპეცსამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ დღეს, ამის ძალაც აქვთ, ნებაც და საშუალებებიც. დარწმუნებული ვარ, რომ არ დაუშვებენ საქართველოში პროცესების ისე განვითარდეს, როგორც ეს რუსეთის სპეცსამსახურებს უნდათ. აქ მათ უნდათ დესტაბილიზაცია, ხალხის დაპირისპირება, სიტუაციის ისე შეცვლა, რომ მათთვის ადვილი იყოს სამართავად. ამას დღეს ვერ განახორციელებენ.

- ოკუპირებულ ტერიტირიებზე ჩვენი მოსახლეობის დაცვის საშუალება გვაქვს?

- ჯერჯერობით ჟენევის ფორმატი რჩება ერთადერთ საშუალებად, სადაც შეგვიძლია ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოტოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტების და მარიონეტული რეჟიმების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. სხვა მექანიზმი საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს, რადგან იქ რაც ხდება ჩვენი კონპტროლის მიღმა ხდება.

- რა უდევს საფუძვლად რუსეთ–საქართველოს ასეთ, უკიდურესად გართულებულ ვითარებას და რით არის იგი გამოწვეული?

- რუსეთმა, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დაიწყო მოქმედება, რათა საქართველო დაებრუნებინა თავისი გავლენის ქვეშ. ამ მიზნის მისაღწევად კრემლი არ ერიდებოდა არანაირ მეთოდს, იყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას. კონფლიქტები, რომლებიც ინსპირირებული მის მიერ და შეიარაღებული შეტაკება აფხაზეთში, ზუსტად რუსეთის სპეცსამსახურების გეგმაში ჯდებოდა. რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ხოლო საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ვექტორი კი სულ უფრო და უფრო იხრებოდა დასავლეთისკენ.

ამით გაღიზიანებული რუსეთი ყველანაირად ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტური რეგიონები იყო. აქედან გამომდინარე დროის ნებისმიერ მონაკვეთში რუსეთის ქმედებები, რაც კი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებთან იყო დაკავშირებული, ემსახურებოდა ერთ მიზანს – არ დაეშვა კონფლიქტების მოგვარება, გადაეყვანა ისინი ე.წ. "მდორედ მიმდინარე" რეჟიმში, რათა კონფლიქტებში მონაწილე მხარეებზე სრული გავლენა და კონტროლი შეენარჩუნებინა.

გაეროს და ეუთოს მანდატებით აღჭურვილმა რუსეთმა მომრიგებლის გარდა, სამშვიდობო ფუნქციაც შეითავსა და მთელი 15 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად ბლოკავდა კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ყველა ინიციატივას. იყო მომენტები, როცა კონფლიქტში მონაწილე მხარეები რიგ საკითხებში კონსესუსს აღწევდნენ, მაგრამ იგრძნობდა თუ არა რუსეთი "საშიშროებას", რეაქციაც შესაბამისი იყო. სპეცსამსახურების საშუალებით ადვილად აღწევდა ან ერთი ან მეორე მხარის პროვოცირებას, რის შედეგადაც მიღწეული შეთანხმებები ირღვეოდა და მოლაპარაკებებიც დიდი ხნით შედიოდა ჩიხში. რუსეთი კი ამ დროს მიზანმიმართულად ემზადებოდა კონფლიქტური ტერიტორიების ანექსიისათვის, რამაც განაპირობა კიდეც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რომელთა რეალობის წინაშე რუსეთმა მთელი მსოფლიო დააყენა - მოახდინა რა სრული ოკუპაცია კონფლიტის ზონებისა, ყველა საერთაშორისო ნორმების, მიღწეული შეთანხმებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების უხეში დარღვევით ცალმხრივად აღიარა სეპარატისტული ანკლავები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, დაამყარა ე.წ. დოპლომატიური ურთიერთობები, გააფორმა სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებები და მოახდინა საქართველოს ამ რეგიონების სრული ოკუპაცია.

- ნოღაიდელსა და "ედინაია როსიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულება და განსაკუთრებით პირველი პუნქტი დიდ ინტერერესს აღძრავს საზოგადოებაში, როცა საქმე ინფორმაციების გაცვლას ეხება. თქვენი, როგორც პროფესიონალის თვალსაზრისით, რა დევს რეალურად ამ პუნქტის უკან?

- "ექსპერტთა კლუბის" საიტზე “expertclub.ge “გამოვაქვეყნეთ ჩვენებური ანალიზი ხსენებული შეთანხმებისა. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გაწერილი გეგმა, რომელიც შესასრულებლად გადაეცა ნოღაიდელს. ნოღაიდელის მოსკოვური ვოიაჟები რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით კი პუტინთან, შეხვედრების ფართოდ რეკლამირებული კადრები სწორედ რუსეთიოს სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული გეგმის შემადგენელი ნაწილია.

საქართველოს მოსახლეობაზე, კრემლისთვის სასურველი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოსახდენად, ნინო ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტიც ამ გეგმაში ზის და მომავალში ოპოზიციური პარტიების, ქართული ინტელიგენციისა და კულტურის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლების ვიზიტებსაც უნდა ველოდოთ, რომლებთანაც ასევე განხორციელდება სათანადოდ რეკლამირებული შეხვედრები, თუ უმაღლეს დონეზე არა, საშუალო დონეზე მაინც.

რაღა თქმა უნდა "Единая Россия"-სთან გააფორმებული შეთანხმება , რომელიც ერთი შეხედვით ორ პოლიტიკურ პარტიას შორის გაფორმებულ ჩვეულებრივი დოკუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში ზემოთხსენებული გეგმის ერთ–ერთი სეგმენტია, რაშიც ადვილად დავრწმუნდებით, თუ მას სპეცსამახურებისთვის დამახასიათებელ აგენტურულ–ოპერატიული გეგმის ჭრილში განვიხილავთ. აქედან გამომდინარე ნოღაიდელის "ისტორიული დოკუმენტი" პირველ პირში ასე იკითხება:

1. უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ანგარიშების რეგულარული მოწოდება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს აქტუალურ საკითხებზე. საერთაშორისო დონეზე, საქართველოს სახელით გატარდეს ამავე გეგმით შემუშვებული პოლიტიკა; პოლიტიკური პარტიის სტრუქტურა და მუშობის პრინციპები შეუსაბამდეს ჩვენი პარტიის ("Единая Россия") სტრუქტურასა და სამოქმედო პოლიტიკას; ჩვენს პოლიტიკურ იდეოლოგიაზე დაყრდნობით, დაიწყოს და შემდგომში გაძლიერდეს ახალგაზრდა კადრების მომზადება; ჩვენი პოლიტიკური მიზნების ფართო მასებში გავრცელების და მათზე ჩვენთვის სასურველი ზემოქმედების მიზნით, გააძლიერდეს საგამომცემლო საქმიანობა; ჩვენი პოლიტიკის გატარების და შემდგომი ლობირების მიზნით ღიად და ფარულად განხორციელდეს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში, საერთაშორისო ურთიერთობისა და ახალგაზრდულ, განსაკუთრებით სტუდენტურ სექტორში, თანამოაზრეების ჩანერგვა;

2. ინფრომაციის მოწოდების ლეგალიზების მიზნით, რეგულარულად განხორციელდეს პარტიული დელეგაციების რუსეთში ჩამოსვლა (საქართველოში "Единая Россия"-ს წარმომადგენლები ნაკლებად სავარაუდოა შემოუშვან); გარდა ამისა, ამ მიზნით გამოყენებული იქნას ექსპერტების დონეზე მოწყობილი კონფერენციები და სხვა ღონისძიებები;

3. პარტიათაშორის კავშირების განვითარების ეგიდით დაინერგოს და გატარდეს პარტიის რეგიონალური განყოფილებების წამომადგენელების რუსეთის რეგიონებში მივლინების პრაქტიკა. ამ მიზნით ადგილებზე შეირჩნენ შესაბმისი მონაცემების მქონე კადრები, რომლებიც ჩვენი მიზნების განხორციელებისათვის პერსპექტიულად იქნებიან მიჩნეული.

4. ჩვენთვის სასურველი კადრების შერჩვის მიზნით, საქართველოში განხორციელდეს საზოგადოებრივ წრეებსა და განსაკუთრებით ფართო საკითხების სპეციალისტებში, სხვადასხვა თემატური "მრგვალი მაგიდების", კონფერენციების, სემინარების მოწყობა. მათთან კონტაქტების დამყარებისა და შემდგომში გაღრმავების მიზნით, შერჩეული კონტიგენტისთვის უზრუნველყოფილი იქნეს რუსეთში, ან სასურველია სხვა, ჩვენთვის მისაღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე ანალოგიურ ღონიძიებებში მონაწილეობა.

5. კონსპირაციის ნორმების დაცვით, წარიმაროს საქმიანობა საქართველოში არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნის კუთხით, რომლებიც ჩვენს მიერ რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ შექმნილ ანალოგიურ ორგანიზაციებთან კავშირში გაამყარებენ ჩვენს პოზიციებს.

ისე კაცმა რომ თქვას, რუსეთს, საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებში, რომ არ ეგულებოდეს დასაყრდენი ძალები, რომლებსაც შეგნებულად ან შეუგნებლად საქართველო საბჭოეთის ჭაობში დაბრუნებისკენ მიყავს, ძნელი წარმოსადგენია, შეძლებდა კი კრემლი საერთოდ იმის განხორციელებას, რაც მან საქართველოში 80-იანი წლებიდან მოყოლებული გააკეთა.

- საინტერესოა კიდევ რა სქემა მუშავდება გავლენის ხელახალი მოპოვების მიმართულებით.

- ხომ მოახერეხეს და პოლიტიკოსები ჩართეს, პარალელურად მიმდინარეობდა კულტურისა და საზოგადო მოღვაწეების ჩართვაც. ბოლო დროს რუსეთის მასმედიამ ისევ წამოწია თემა რუსეთსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების აღდგენა–განახლებაზე. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, პირიქით – თუ ქართული და რუსული კულტურის წარმომადგენლების შეხვედრები და გასტროლები რუსეთში, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მოგვეცემა საშუალება რუსეთის მოსახლეობას გავაგებინოთ ჩვენი სიმართლე, კი ბატონო, მაგრამ, როდესაც, როგორც რუსული გამოცემა აღნიშნავს - "ამაზე ნაბრძანებია არ დაენანოთ ფული: რათა რუსეთისადმი თავისი სიყვარულის დემონსტრირება მოახდინონ", როცა ამ მიზნით გარდა რუსეთის კულტურის სამინისტროსა, შსს–ში და ფსბ–შიც იქწმნება სამუშაო ჯგუფები და როცა რეალურად რუსეთის ტელევიზიები ძირითადად პუტინის და მისი იმპერიული პოლიტიკის რეკლამას ემსახურებიან, გამორიცხულია ხსენებული ღონისძიებები ჩვენთვის რაიმე სიკეთის მომტანი იყოს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მსგავსმა ღონისძიებებმა, როდესაც საქმეში საქართველოს "პრეზიდენტობის კანდიდატი" ალექსანდრე ებრალიძე ჩართეს, რომელსაც ლიტერატურის დარგში სხვადასხვა კონკურსების ორგანიზება დაევალა, საქართველოს მოსახლეობაში კრემლისათვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

- კი მაგრამ, ხომ არიან მწერლები, რომლებმად უკვე აიღეს პრემიები. ამის თაობაზე რას იტყვით?

- დიახ არიან, მაგრამ საბედნიეროდ უმრავლესობაა ისინი, ვინც ამაზე უარი განაცხადეს. იქ არ იყო დასახელებული პირველი პრემია, მეორე და მესამე, ვინც კი თანახმა იყო ეს პრემია აეღო, რამდენიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყველას ჩამოურიგებდა. ეს საეჭვო არ არის? რა კონკურსზეა საუბარი? აქაც ჩანს რუსული სპეცსამსახურების კვალი.

ჩვენ ვაფასებთ ნომინანტების შემოქმედებას და ნამდვილად არ ვაპირებთ რაიმე შეფასება მივცეთ მათ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ნუთუ აქნამდე ქართული საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი (კრიმინალური სამყაროსთვის კარგად ცნობილი) ებრალიძის გამოჩენა და პოლიტიკური გააქტიურება, უფრო მეტიც – პირველკაცობის სურვილი, არაფერზე მიანიშნებს? თუმცა რას ვერჩით ებრალიძეს, კაცმა თუ რუსეთში ფული იშოვნა და საქართველოს კეთილდღეობას უნდა მოახმაროს, რატომ უნდა იყოს დასაძრახი? ან თუნდაც ქართული ინტელიგენციისადმი ფინანსური დახმარების სურვილი, თუ სხვას ქველმოქმედებაში ეთვლება, ებრალიძემ რა დააშავა?

დააშავა ის, რომ მან ხომ სხვაზე კარგად იცის ქართველი კაცის ბუნება და რადგან დარწმუნებული იყო, რომ პირდაპირ შეთავაზებულ ფულს მისგან არც ერთი კულტურის მოღვაწე არ აიღებდა, ზემოთხსენებული კონკურსიც კარგად გათვლილი მახე იყო მისი პატრონების მიერ დაგებული და მისი ხელით განხორციელებული.

- ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა ქართულ დიასპორაში?

- ქართული დიასპორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან კრემლს იმედები არ გაუმართლა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში , გარდა რამოდენიმე საქართველოს ხელისუფლებაზე განაწყენებული, რუსეთში და საზღვარგარეთ გახიზნული პოლიტიკური მოღვაწისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელისა, არ ჩართულა.

- ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს რუსეთთან მყარი კავშირებით გამოირჩეოდა, დღესაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით აქტიურობს და ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტებს მხარს უჭერს.

- ასე კატეგორიულები ნუ ვიქნებით. ნუ ვიტყვით, რომ ვინც რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მომხრე იყო შევარდნაძის დროს და მომხრეა დღესაც, ყველა მივაწეროთ იმ ჯგუფს, რომელიც ამ პროცესებშია ჩართული და შეურიგდება რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიას. მათი უმრავლესობა თანახმა არის დათბეს ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ არ ეთანხმება იმას, რომ ყველაფერი დაიწყოს ახალი ფურცლიდან. მეც მინდა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც, მაგრამ არა დამოუკიდებლობისა და დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე.

- როგორ ფიქრობთ პოლიტიკოსები, რომლებიც პუტინს ესაუბრებიან, შეგნებულად მტრობენ საქართველოს თუ პატრიოტული მოტივები ამოძრავებთ და ჰგონიათ, რომ რუსეთთან ამ გზით ურთიერთობას აღადგენენ?

- ორივე პოლიტიკოსს ნ. ბურჯანაძეს და ზ.ნოღაიდელსაც თავის დროზე დიდი თანამდებობები ეკავათ. მათი მოღვაწეობა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე ემთხვევა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის ყველაზე რთულ პერიოდს. ეს ის პერიოდია, როდესაც პუტინმა აგრძნობინა დასავლეთს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის ბერკეტებს არავის დაუთმობს და დაუფარავად დაიწყო კონფლიქტური რეგიონების სეპარატისტულ რეჟიმებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა. თუ ნოღაიდელი ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის უსახურად გამოიყურებოდა, ხოლო აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემები მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა ოპოზიციაში გადავიდა და თავის რეიტინგზე მუშაობა დაიწყო, ნინო ბურჯანაძე ხომ სრულფასოვნად იყო ჩართული ყველა იმ პროცესებში, რომლებიც კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდებოდა.
უფრო მეტიც, მისი ხისტი, რიგ შემთხვევებში არადიპლომატიური, მაგრამ ობიექტური გამონათქვამები, ხომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო იყო განპირობებული. აკეთებდა კი ნ.ბურჯანაძე ყველაფერს, რათა რუსეთის გაუგონარი ზეწოლა რამენაირად განეიტრალებულიყო? იმას მაინც ვერ იტყვის, რომ ინფორმაციების სინაკლებეს განიცდიდა. ჩვენ, სპეცსამსახურები ამომწურავ, ხშირ შემთხვევებში წინმსწრებ ინფორმაციებს ვაწვდიდით კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, სეპარატისტული რეჟიმებთან ალიანსში მყოფ რუსეთის რეაქციულ ძალებზე და სხვა. კონფლიქტურ რეგიონებში ქართველთა უფლებების უპრეცედენტო დარღვევები, პასპორტიზაცია, სამშვიდობო ძალების არაკანონიერი ქმედებები, რუსეთის მიერ სეპარატისტული რეჟიმებისთვის მძიმე სამხედრო შეიარაღების და აღჭურვილობის გადაცემის კონკრეტული ფაქტები, უძრავი ქონების და საკურორტო ობიექტების უკანონო გასხვისების ფაქტები – აი ის არასრული ჩამონათვალი ინფორმაციებისა, რომლებიც რეგულარულად ეწოდებოდა ქ–ნ ბურჯანაძეს.

მართალია მისი მხრიდან რეაქციებიც ადეკვატური იყო, მაგრამ "დიდი პოლიტიკის" კეთება, როცა შეეძლო და ამის ბერკეტებიც გააჩნდა, მაშინ ვერაფერს გახდა და დღეს ორივე პოლიტიკოსის სტატუსი და შესაძლებლობები, ასევე რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, მდგომარეობის გამოსასწორებლად მცირედ შანსაც არ უტოვებთ, არ მარტო ბურჯანაძესა და ნოღაიდელს, არამედ მათ ფეხის ხმას აყოლილ სხვა პოლიტიკოსებსაც. ვინ, ვინ და ქ–ნმა ბურჯანაძემ ხომ ყველაზე კარგად იცის, რომ პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებას და არც მათ დეოკუპაციას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, ბურჯანაძეს და ნოღაიდელს მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ და ამას მტრის დახმარებით აპირებენ, თორემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნა მათ გეგმებში არ ჩანს.

მაშ, რა მოსდით და რისი იმედი აქვთ, ნოღაიდელის და ბურჯანაძის ფეხის ხმას აყოლილ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რომელთა განცხადებებიდან, ინტერვიუებიდან თუ საჯარო გამოსვლებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში სხვა სამყაროში ეცხოვროთ და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წარმოდგენა არ ქონდეთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მათთვის უცნობი იყოს... ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ისტორია მეორდება. მეორდება და საუბედუროდ სწორ დასკვნებს ვერ ვაკეთებთ. რაც შეეხება რუსეთს, მას თავისი ტრადიციული, იმპერიული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეუცვლია და მის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ტვინის ჭყლეტვა, დროის არც ერთ მონაკვეთში არ დასჭირვებია. მოქმედებდა ერთი და იგივე აპრობირებული სქემით, ერთი და იგივე სცენარით.

მართალია უთანასწორო ბრძოლაში დავმარცხდით, მაგრამ ხომ შეიძლება ისეთ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე, როდესაც, პატარა საქართველომ "ველიკოდერჟავულ" რუსეთს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაუტარა. ნუ გავიმეორებთ 20-იან წლებში დაშვებულ შეცდომებს და ერთხელ და სამუდამოდ დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის დასაცავად.

მინდა დავამთავრო ამონარიდით ბრძნული სვანური ეპოსიდან, რომელიც ჩვენმა სასიქადულო მეცნიერმა აკაკი შანიძემ მოიძია:
ომი გიქმნიათო, გივარგი, ომი
ომი ვქმენითო, ბექთარ,
წაგიგიათო ომი, გივარგი,
წავაგეთ ომი, ბექთარ,
მაშ, რა აზრი ჰქონდაო ბრძოლას, გივარგი,
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ბექთარ!


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე