RSS
გზა კრემლისაკენ. მიგვიყვანს კი რუსეთში სიარული საქართველოს გამთლიანებამდე?
17.03.2010 11:50
სიმონ კილაძე
"ექსპერტთა კლუბი"

ბოლო დროს ქართველი ოპოზიციონერების რუსეთში ვიზიტების ინტენსიურობა ძალზე გაიზარდა: მოსკოვში ერთი-მეორის მიყოლებით დადიან ან წასასვლელად ემზადებიან ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური...

თუ გავითვალისწინებთ, რომ ომგადატანილ და დიპლომატიურ ურთიერთოებაგაწყვეტილ სახელმწიფოებს შორის ყოველ კონტაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ყოველ ვიზიტს თან საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოხმაურება და რეზონანსი ახლავს. შესაძლოა, ამგვარი რეაქცია ზოგჯერ გადაჭარბებულია და ფიარ-აქციას უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე სინამდვილეს ასახავს, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაცია საინტერესოა როგორც ქართველებისათვის, ასევე უცხოელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისათვის.

ოპოზიციონერთა მოსკოვური ვოიაჟების ფონზე ყველაზე მკვეთრად საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოჩანს. ფაქტია, რომ ნინო ბურჯანაძე, რომელიც ორჯერ ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას და კონსტიტუციით საქართველოში თანამდებობრივად მეორე პირს წარმოადგენდა, უფრო მეტადაა ცნობილი უცხოელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო სტრუქტურებისათვის, ვიდრე, ვთქვათ, ზურაბ ნოღაიდელი და მისთანანი. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსკოვისათვის ექს-სპიკერის ვიზიტი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

თავიდანვე ვიტყვით: ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში სულაც არ არის იმაზე დავა - საჭირო იყო თუ არა რუსეთში ჩასვლა და მტერთან დიალოგის გამართვა, ანდა იმაზე, როგორც ამას ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ამბობს, რამდენად “ზნეობრივია“ „ოკუპანტთან“ ლანძღვა-გინების გარეშე საუბარი. ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ რუსეთში მოარულ ოპოზიციონერთა „ბოსტანში ქვების სროლას“: გვესმის, რომ უცხო ქვეყნის ლიდერთან დიალოგის დროს, გინდაც იგი ჩვენი მოწინააღმდეგე იყოს, მისი სხვა და სხვა არასასიამოვნო ეპითეტებით შემკობა მიზანშეუწონელია, მაგრამ გვაინტერესებს ერთი უმთავრესი რამ: მოხდება საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა ამგვარი კონტაქტებით, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, პირველ ეტაპზე? არსებობს თუ არა ამის იმედი? ილუზიების ტყვეობაში ხომ არ ვიმყოფებით? გვჭირდება კი იმ გზით სიარული, რომელმაც ტაძრამდე შეიძლება ვერ მიგვიყვანოს?

ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს მისივე მრავალრიცხოვანი ინტერვიუები მოჰყვა, რომლებიც ამ დღეებში ქართულ და უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა. თავისთავად ექს-სპიკერის საუბრები საინტერესოა, რადგან ჩვენ მხოლოდ ბურჯანაძე-პუტინის დიალოგის მხოლოდ მცირე, შესავალი ნაწილი ვიცით, ანუ ის, რაც რუსეთის პრეზიდენტის ვებ-საიტზე ოფიციალურად გამოქვეყნდა. მაგრამ არის მეორე მომენტიც: თუ არ ვიცით ამ მეტად მნიშვნელოვანი საუბრის სრული სტენოგრამა, საკმაოდ ძნელია იქნება ექს-სპიკერის განცხადებებს დავუჯეროთ. ისიც გვესმის, რომ ამგვარი დიალოგების სტატუსი ხშირად, მხარეთა შეთანხმებით, კონფიდენციალურია და მათი გამჟღავნება არ ხდება.

მოკლედ, რაღა დაგვრჩენია, წავიკითხოთ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები და ზოგიერთი მომენტი გავაანალიზოთ.

შეხვედრის შედეგების ყველაზე მთავარი პოსტულატი, რასაც ნინო ბურჯანაძე ხაზს უსვამს, ისაა, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინმა (ვ.ვ.პ.) განაცხადა: „ცხოვრება წინ მიდის.... მე ძალიან იმედი მაქვს იმისა, რომ თუ იმ ადამიანებს დავეყრდნობით, რომლებთაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები სურთ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ურთიერთობების კრიზისამდელი დონის აღდგენას“.

ყურადღება მივაქციოთ „ვ.ვ.პ.“-ის გამონათქვამს: „ჩვენ შევძლებთ ჩვენი ურთიერთობების კრიზისამდელი დონის აღდგენას“. ტერმინი „კრიზისამდელი დონე“ ჩვენ, ქართულ მხარეს, გვესმის როგორც სტატუს-ქვოს აღდგენა, ანუ ის, რაც იყო 2008 წლის აგვისტომდე, ანუ ეს ნიშნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას და რუსეთის არმიის ნაწილების გაყვანას საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან.

რამდენად შესაძლებელია პუტინის განცხადების რეალიზება? ეს შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როცა რუსული მედვედევ-პუტინური ტანდემი, მათივე მინისტრის სერგეი ლავროვის ჩათვლით, ბოლო დრომდე განუწყვეტლივ იმეორებს - საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით უნდა მოხდესო, ანუ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე.

მოდით, შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვას, რომელიც ბევრ ქართველს უტრიალებს თავში - გააუქმებს რუსეთის პრეზიდენტი თავის 2008 წლის 26 აგვისტოს 1260-ე და 1261-ე ბრძანებულებებს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სუვერენულად და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ“? საერთოდ, როგორ წყდება მსგავსი საკითხები საერთაშორისო ურთიერთობებში?

დავიწყოთ იმით, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების ანულირების (გაუქმების) პრეცედენტები მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ბოლო ასი წლის განმავლობაში (ანუ თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების არსებობის პირობებში) მსგავსი რამ დიდი სახელმწიფოების ურთიერთობებში მხოლოდ საბჭოთა კავშირის, გერმანიის და იუგოსლავიის მიმართ მოხდა, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ დამოუკიდებლად აღიარების ანულირება ამ შემთხვევაში განხორციელდა განსაზღვრული სპეციფიკით: სსრ კავშირი და იუგოსლავია, როგორც საერთაშორისო სამართალსუბიექტები გაქრნენ (დაიშალნენ), გერმანია კი გაერთიანდა.

არის კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი პრეცედენტი, რომელიც გამოხატულია სეპარატისტული მთავრობებისა და მცირე სახელმწიფოების ურთიერთდამოკიდებულებებში, მაგალითად, ტაივანთან მიმართებით. ჩინეთის ნაწილის - კუნძულ ტაივანის სეპარატისტული მთავრობა ამჟამად აფრიკის, აზიის და ამერიკის დაახლოებით ორ ათეულ სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული. მათი რაოდენობა ცვალებადია და მერყევი - ეს იმიტომ, რომ აქ დიპლომატია ფულითაა შეზავებული: თუ ჩინეთი ტაივანის ამღიარებლებს მეტ ფულს შესთავაზებს - ისინიც გააუქმებენ აღიარებას და პირიქით. თანამედროვე ევროპულ ისტორიაში ამგვარი ნაბიჯი მხოლოდ ერთმა სახელწიფომ გადადგა - 1999 წელს მაკედონიამ აღიარა ტაივანის დამოუკიდებლობა დიდი ფულის ფასად, მაგრამ შემდეგ, 2001 წელს მისი ანულირება მოახდინა, რადგან ჩინეთმა უფრო მეტი თანხა შესთავაზა....

მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: რუსეთი არც მაკედონია არ არის და არც, ვთქვათ, ნიკარაგუა, ან ნაურუ და ფიჯი. ზემოთ უკვე ვთქვით: კრემლმა მრავალჯერ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკვე რეალურად მომხდარი ფაქტია და ის თავის სიტყვას უკან აღარ წაიღებს. მართლაცდა, განა იტყვის რუსეთი, ბირთვული სახელმწიფო - „ოჰ, ქართველებო, შემეშალა ეს ოხერი, აღელვებული ვიყავი და ბოდიში, ახლავე გამოვასწორებ სიტუაციას, გავაუქმებ აღიარებასო“. არ იტყვის, რადგან რუსებს ეს ავტორიტეტის შებღალვად და სახელის გატეხვად მიაჩნიათ.

ასე რომ, ამ თვალსაზრისით საქართველოსათვის საუკეთესო ხელშემწყობი პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ ძნელად წარმოსადგენია. და მაინც, პერსპექტივის გათვალისწინებით, რისი იმედი შეიძლება გვქონდეს? რა ჰიპოთეტურ შემთხვევაში შეიძლება წაიღოს რუსეთმა თავისი სიტყვა უკან, თუნდაც საქართველოში ხელისუფლება რომ შეიცვალოს?

მაშ, ასე, „პრო“ და „კონტრა“.

ა)კოსოვოს ფაქტორი. რუსეთს შეუძლია განაცხადოს: გააუქმეთ კოსოვოს აღიარება და იმავწამს მეც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებას გავაუქმებო. მართალია, ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ კოსოვოსა და აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთის“ სტატუსებს შორის განსხვავება არსებობს, მაგრამ განა დასავლეთი წავა კოსოვოს აღიარების გაუქმებაზე? არ წავა. შესაბამისად, საერთაშორისო ზეწოლამ ჩვენთვის სასურველი შედეგი არც აქამდე არ გამოიღო და არც მომავალში არ გამოიღებს. მოსკოვი არ აღადგენს სტატუს-ქვოს. პრინციპები ურღვევია: „კბილი კბილის წილ, სისხლი სისხლის წილ“.

ბ)დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული საქართველო როგორც სეპარატისტებისათვის მიმზიდველი სახელმწიფო. არის მოსაზრება, რომ თუ საქართველო მართლაც დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაიქცევა, თუ საქართველო ეკონომიურად სწრაფად აღორძინდება და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სიაში ჩაეწერება, მაშინ აფხაზები და ოსები რუსეთისკენ ხედვას აღარ გააგრძელებენ და კარგი ცხოვრების მიზნით თბილისთან ინტეგრირებას დაიწყებენ. ერთი შეხედვით, ლოგიკური მოსაზრებაა, მაგრამ განა მოსკოვი ამგვარ ტენდენციას უყურადღებოდ დატოვებს? კრემლსაც შეუძლია ცალკე აღებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ დიდი ინვესტიციები ჩადოს (ამას აკეთებს კიდეც) და პოლიტიკური მოსაზრებით, აფხაზებსა და ოსებს დამატებით მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესოს, ანუ მოსახლეობის კეთილდღეობის დონე აამაღლოს. არაა გამორიცხული, რომ რუსეთი, საქართველოზე პოლიტიკური შურისძიებით მიზნით, თვითონ მოიკლებს და პატარა აფხაზეთს მისცემს, ეს უკვე ჩვენ ბევრჯერ დავინახეთ. ასე რომ, არც ეს არგუმენტი არ გამოდგება, აფხაზების ნებაყოფლობითი რეინტეგრირება საქართველოში, თუნდაც ფედერაცია-კონფედერაციის საფუძველზე, ნაკლებად სავარაუდოა.

გ)ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივი აღდგენა. ამგვარ თვალსაზრისს საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა კრემლმა შეიძლება მართლაცდა უარი თქვას „სამხრეთ ოსეთის“ მხარდაჭერაზე, რადგან, ფაქტია, რომ მოსკოვის აზრით, აფხაზეთს უფრო მეტი არგუმენტები და პირობები აქვს დამოუკიდებლად არსებობისათვის, ვიდრე ცხინვალელ სეპარატისტებს. ასეთი არგუმენტებია: აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გარკვეული ტრადიციები; შედარებით უფრო კარგად განვითარებული ეკონომიკა, რაც გამოიხატება ტურიზმის ინფრასტრუქტურის არსებობაში, აგრეთვე სატრანსპორტო კომუნიკაციებში (საზღვაო ნავსადგურები აეროპორტები და რკინიგზა). მოსკოვს „სამხრეთ ოსეთთან“ კავშირების გაღრმავება ძალიან უჭირს, ერთადერთი დამაკავშირებელი გზა - ტრანსკავკასიის ავტომაგისტრალი საკმაოდ არასტაბილური და არასაკმარისია. მართალია, დაგეგმეს აეროპორტის აგება, მაგრამ გადაიფიქრეს. „სამხრეთ ოსეთში“ ისეთი კორუფციაა, რომ ცხინვალის რეჟიმის ჯიბეები კოსმოსურ „შავ ხვრელს“ ემსგავსება, რომელშიც რუსეთიდან გადმოქაჩული თანხები იკარგება. ერთი სიტყვით, „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთისათვის ფეხებზე გამობმული ის დიდი გირია, რომლის თრევა მოსკოვისათვის ფრიად არასასიამოვნოა.

ყოველივე ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, შეიძლება მოკლე დასკვნები გავაკეთოთ:

რუსეთი არავითარ შემთხვევაში - არც საერთაშორისო ზეწოლით და არც ნებაყოფლობით არ დათანხმდება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ანულირებას. აფხაზეთი მას ძალზე სჭირდება - მოხერხებული გეოპოლიტიკური მდებარეობისა და შესანიშნავი კლიმატურ-ბუნებრივი პირობების გამო. ამასთან, რუსეთი შეიძლება დათანხმდეს აფხაზეთის მცირე ნაწილის - დალის (კოდორის) ხეობის დაბრუნებაზე. კრემლს შეუძლია დაარწმუნოს აფხაზ და ოს სეპარატისტთა ლიდერები, რომ ისინი უნდა წავიდნენ რაღაც დათმობებზე, რაღაც მსხვერპლზე, რათა დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ. ვფიქრობთ, რუსეთისათვის ასევე მეტ-ნაკლებად მისაღები შეიძლება იყოს „სამხრეთ ოსეთის“ სრული ან მისი ნაწილის, ვთქვათ, ახალგორის დაბრუნებაც საქართველოს შემადგენლობაში.

ამგვარი ნაბიჯები იქნება კრემლის „დიდსულოვნების“ გამოხატულება და „გათეთრება“ საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ალბათ, აი ესაა ის „კრიზისამდელი დონის აღდგენა“, რომელსაც პუტინი გულისხმობს.

ამრიგად, თუ სიტუაცია ასეთი სცენარით განვითარდება, მაშინ რუსეთთან კონტაქტებს ნამდვილად აქვს აზრი, რათა ნიადაგი მომზადდეს და გამყარდეს. საერთოდ, დიპლომატიის ისტორია პარადოქსებითაა სავსე და არაა გამორიცხული, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მდგომარეობა საქართველოს სასარგებლოდ შემოტრიალდეს. ჩვენ კი ჩვენი ინტერესების დაცვას, გნებავთ მტერთან და ოკუპანტთან, მუდმივად უნდა ვეცადოთ, ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე