RSS
ჩვენი მეზობლები: დაღესტანი
19.03.2010 13:42
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტი

ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მწვავე მოვლენებს, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში, დაძაბული ყურადღებით ადევნებენ თვალს, როგორც მეზობლად მცხოვრები ხალხები, ისე მთელი რეგიონის ქვეყნები. ეს დაძაბულობა უპირველეს ყოვლისა ეხება საქართველოს, რომელიც პრაქტიკულად საომარ რეჟიმში იმყოფება იმ ქვეყანასთან, ვინც მისი ტერიტორიის ოცი პროცენტი მიიტაცა და ვის შემადგენლობაშიც შედიან ჩვენი ისტორიული უახლოესი მეზობლები.

ექსპერტთა კლუბმა გადაწყვიტა შეახსენოს თავის მკითხველებს მოკლე ინფორმაციული ცნობები მეზობლებზე, სადაც ცნობილ ისტორიულ ფაქტებთან ერთად მიწოდებული იქნება ჩვენი სადღეისო ხედვა ამა თუ იმ მტკივნეულ და საჭირბოროტო საკითხებზე.

პირველი წერილი დაღესტანზე იქნება.

"ვინც დაღესტანს ფლობს, ის ფლობს და აკონტროლებს კავკასიას" - აცხადებდნენ ყველა ჯურის დამპყრობლები და მოდიოდნენ მის გასაკონტროლებლად სკვითები, სპარსელები, არაბები, მონღოლები, თურქები, რუსები. მოდიოდნენ და მიდიოდნენ, კავკასიელები კი რჩებოდნენ. იქნებ დადგა დრო, რომ კავკასიელებმა თითონ გააკონტროლონ და მართონ თავისი თავი, მათ არაერთგზის დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ მათ სხვაზე ნაკლები არც ნიჭი, არც უნარი და არც ისტორიული გამოცდილება გააჩნიათ.

დაღესტანი

ჩრდილოეთ კავკასიის 7 რესპუბლიკიდან დაღესტანი ყველაზე დიდია, როგორც თავისი ტერიტორიით (50,3 ათასი კვ.კმ), ისე მოსახლეობით (2 მილიონ 700 ათასი). აღმოსავლეთით მას 530კმ-იანი საზღვაო ზოლი ეკვრის, ჩრდილოეთით ყალმუხეთი და სტავროპოლის მხარე, სამხრეთით აზერბაიჯანი, დასავლეთით კი საქართველო და ჩეჩნეთი. დაღესტანის რესპუბლიკის დედაქალაქია მაჰაჩკალა, რომელსაც ადრე პეტროვსკპორტი ეწოდებოდა, 1922 წლიდან კი ბოლშევიკი რევოლუციონერის მაჰაჩ დახადაევის საპატივცემულოდ მაჰაჩკალა დაარქვეს.

დაღესტანში 40 ადმინისტრაციული რაიონია, 8 ქალაქი და 14 დაბა. რესპუბლიკის მთავარი ქალაქებია მაჰაჩკალა, დერბენდი, ხასავიურთი, ბუინაქსკი, იზბერბაში, კასპიისკი, ყიზლიარი, სოვეტსკოე.

დაღესტანში 30-მდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანია ავარიელები - 760 ათასი, დარგინელები - 426 ათასი, ყუმუხები - 15 ათასი, ლეკები - 14 ათასი, ლაკები - 6 ათასი, თამასარანელები - 5 ათასი, ნოღაელები - 2 ათასი, რუთულელები - 24 ათასი, აგულები - 23 ათასი, ცახურები - 8 ათასი, თათები - 1 ათასი, ჩეჩნები - 100 ათასი და სხვა. გარდა აღნიშნულისა დაღესტანში გარკვეული რაოდენობით ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და რუსები.

მრავალრიცხოვანი მონათესავე დაღესტნური ენების ჯგუფი შედის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში, რომელთაგან გამოიყოფა 3 ძირითადი ქვეჯგუფი: ხუნძურ-ანდიურ-დიდოური, ლაკურ-დარგუული და ლეზგური.

დაღესტნური სალიტერატურო ენები ამჟამად იყენებენ რუსული გრაფიკის საფუძველზე შექმნილ ანბანს, მანამდე ცდილობდნენ გამოეყენებინათ არაბული ანბანი.

მოპოებული არქეოლოგიური მასალების თანახმად დღევანდელი დაღესტნის ტერიტორიაზე მოსახლეობა ცხოვრობდა ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვით.

დაღესტნელების წინაპრები სხვადასხვა დროს განიცდიდნენ სკვითების, სარმატების, ალბანელების, სპარსელების, არაბების, მონღოლების და სხვათა ზეგავლენას. XVI საუკუნიდან დაიწყო კავშირების დამყარება რუსეთთან. 1722 წელს პეტრე პირველმა დაღესტნის ზღვისპირეთი რუსეთს შეუერთა, თუმცა 1735 წელს განჯის ტრაქტატის თანახმად იძულებული გახდა ეს ტერიტორია სპარსეთისთვის დაეთმო. 1813 წელს კი გულისტანის ზავის თანახმად გაფორმდა დაღესტნის საბოლოოდ რუსეთთან შეერთება, რამაც გამოიწვია მუსულმანი სასულიერო წრეების წინააღმდეგობის გაძლიერება. იმამ შამილის მეთაურობით თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა და ხანგრძლივი ომი რუსეთის იმპერიასთან 1859 წელს მარცხით დამთავრდა.

1860 წელს დაღესტანი ოლქის სტატუსით შეიყვანეს მეფისნაცვლის ქვეშ მყოფი კავკასიის შემადგენლობაში.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაღესტანში შეიქმნა რევკომი უ.ბუინაკსკის ხელმძღვანელობით, რომელიც დახვრეტილ იქნა 1919 წელს შარიათის სასამართლოს გადაწყვეტილებით. 1920 წელს დაღესტანში შევიდა რუსეთის მე-11-ე არმია ორჯონიკიძისა და კიროვის მეთაურობით. 1921 წელს შეიქმნა დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაღესტნის რესპუბლიკა დარჩა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. 1994 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად დაღესტნის საკანონმდებლო ორგანოა პირდაპირი გზით არჩეული სახალხო კრება. აღმასრულებელი ხელისუფლება ე.წ. კოლეგიალური პრეზიდენტი, რომელიც 14 ე.წ. ტიტულოვანი ეროვნების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. ვინაიდან კოლექტიურმა ხელმძღვანელობის ინსტიტუტმა არ გაამართლა კონსტიტუციაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური პარტიები რუსეთის პრეზიდენტს წარუდგენს დაღესტნის პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატს. მათგან შეირჩევა ერთი, რომელიც დასამტკიცებლად ეგზავნება სახალხო კრებას, რის შემდეგადაც ახლად არჩეული პრეზიდენტი ნიშნავს მთავრობის მეთაურს.

2010 წლის თებერვალში ამ გზით პრეზიდენტად დანიშნულ იქნა პარტია "ედინაია როსიას" წარდგენილი კანდიდატი მაგომედსალამ მაგომედოვი, ხოლო ამ უკანასკნელმა პრემიერ მინისტრად წარადგინა ამავე პარტიის მიერ მოწონებული მაგომედ აბდულაევი.

დაღესტნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ისლამური აღმსარებლობისაა.

ითვლება, რომ დაღესტანი რუსეთის ფედერაციის ყველაზე ისლამიზირებული რეგიონია. დაღესტნელები თავისი მეზობელი მუსულმანი ხალხებისგანაც გამოირჩევიან ისლამური რწმენისა და კულტურისკენ ლტოლვით.

სწორედ დაღესტანი იყო დღევანდელი რუსეთის ფედერაციაში ის ადგილი, სადაც ისლამმა პირველად შემოდგა ფეხი და შემდეგ დაიწყო გავრცელება მეზობელ ხალხებში.

აქ დამკვიდრდა პირველად ისლამური სუფიზმის თვითმყოფადი განშტოება მიურიდიზმი, რომლის დროშითაც იმამი შამილი და ჩრდილოეთკავკასიელი ხალხები ათეულწლობით ებრძოდნენ რუსეთის იმპერიულ არმიებს.

საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ეს ბრძოლა შენელდა, მაგრამ ახალი ძალით იფეთქა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როცა ახლო აღმოსავლეთიდან რეგიონში შემოჭრა დაიწყო სალაფიტების მოძღვრებამ. შემდგომში ის ვახაბიზმის სახელწოდებით გახდა ცნობილი და დღეისთვის უკვე ისლამის პირვანდელი სახის აღდგენის საბაბით და უსამართლობასთან ბრძოლის მოწოდებებით თავის გარშემო მთელი რეგიონის რადიკალურად მოაზროვნე ათასობით ადამიანი შემოიკრიბა.

საქვეყნოდ ცნობილმა ე.წ. "კავკაზ იმარატის" ლიდერმა დოკუ უმაროვმა დაღესტანი სხვა ისლამურ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ერთად მომავალი ისლამური სახელმწიფო გაერთიანების ნაწილად აღიარა, რომლის იდეოლოგიად ვახაბიზმი და ჯიხადია გამოცხადებული.

ბოლო წლების მანძილზე შეურიგებელი რადიკალიზმი პარტიზანულ ბრძლოლებში გადაიზარდა, რამაც დაღესტანი, ჩეჩნეთთან და ინგუშეთთან ერთად კავკასიის ერთერთ ცხელ წერტილად აქცია.

გახშირებულმა სპეციალურმა ოპერაციებმა წელში ვერ გატეხა შეიარაღებული იატაკქვეშეთი, უფრო მეტიც, გაძლიერებულ რეპრესიებს გაორმაგებული აქტიურობა მოყვა, რის შედეგადაც ძალოვანი სტრუქტურების თანამშომლებზე სისტემატურ თავდასხმებს ასობით ბოევიკის და სახელისუფლო ძალების მსხვერპლი მოსდევს. ხმარებაში შემოვიდა ტერმინი სალიანდაგო ჯიხადი.

მნიშვნელოვანი ფაქტორია მუსულმანი სასულიერო პირების მკვლელობების გახშირებული ფაქტები, რასაც მათგან ვახაბიზმის კრიტიკით და სპეცსამსახურებთან მათი კავშირით ხსნიან.

პოლიტიკური პარტიები: საბჭოთა კავკშირის დაშლის შემდეგ დაღესტანში მრავალი პოლიტიკური პარტია და ორგანიზაცია შეიქმნა. მათი ერთი ნაწილი რუსეთის სახელისუფლო სტრუქტურების ზეგავლენით იქმნებოდა, მეორე ნაწილი ადგილობრივი და რესპუბლიკის გარეთ არსებული რელიგიური ძალების ხელშეწყობით ყალიბდებოდა. რუსეთის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ პარტიას "Единая Россия"-ს დაღესტანში საკმაოდ მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ფილიალი აქვს. 2010 წელს ჩატარებული დაღესტნის პრეზიდენტის არჩევა-დანიშვნის დროს ამ პარტიას წარმოდგენილი კანდიდატები გახდნენ პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც.

გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს "დაღესტნის რეფორმების პარტია", რომელსაც დაღესტნის ერთერთი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და მდიდარი ადამიანი, ქ.მაჰაჩკალის მერი, ეროვნებით დარგენელის, საიდ ამიროვი ხელმძღვანელობს. სიმდიდრისკენ და შეუზღუდავი ძალაუფლებისკენ ლტოლვა გახდა მასზე განხორციელებული 4 ტერაქტისს მიზეზი, რომელსაც ის სასწაულებრივად გადაურჩა, მაგრამ ინვალიდის ეტლს კი მიაჯაჭვა. მაღალი ინტელექტისა და ქმედითუნარიანობის გამო მას დაღესტნის რუზველტსაც უწოდებენ.

პოპულარული და მრავალრიცხოვანია ისლამური დემოკრატიული პარტია, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს მორწმუნე ინტელიგენციის მნიშვნელოვან ნაწილს.

80-იან წლებში შექმნილი ლეკები ეროვნული მოძრაობა "სადვალი" ("ერთობა") დაღესტანში და აზერბაიჯანში მცხოვრებ თანამემამულეებს აერთიანებს და მიზნად ისახავს ახალი ერთიანი პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბებას ჩრდილოეთ აზერბაიჯანის ორი რაიონის და სამხრეთ დაღესტნის ხარჯზე, რომელიც შემდეგ დამოუკიდებლად შევა რუსეთის ფედერაციაში.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვისი ინტერესების გამომხატველი უნდა იყოს ეს პარტია, რომელიც აზერბაიჯანზე ზეწოლისთვის არის შექმნილი და რომელსაც გადამდგარი საბჭოთა გენერალი და ყოფილი პოლიტმუშაკი კახრიმანოვი ხელმძღვანელობს.

"სადვალის" და მათი თანამოაზრეების პოლიტიკური გეგმები აზერბაიჯანში სერიოზულ გაღიზიანებას და პროტესტს იწვევს.

დაღესტანში საკმაოდ პოპულარულია კომუნისტური პარტია, რომელშიც ძირითადად უფროსი და საშუალო თაობის ადამიანები არიან გაერთიანებული. რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა იქნას მიჩნეული, დაღესტანი ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებისგან განსხვავებით, ერთადერთი რესპუბლიკაა, სადაც ი.სტალინს პატივისცემით და მოწიწებით ექცევიან. არსებობს მისი სახელობის საზოგადოებაც.

დღეისათვის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პოლიტიკურ ამინდს რესპუბლიკაში რელიგიური შეფერილობის გაერთიანებები თუ დაჯგუფებები და მათ უკან მდგომი საგვარეულო კლანები ქმნიან. მათთან კონსულტაციებისა და შეთანხმების გარეშე არც ერთ პოლიტიკურ, საკადრო თუ სამეურნეო გადაწყვეტილებას ასრულება არ უწერია.

აზერბაიჯანულ-დაღესტნური ურთიერთობები: ეთნიკურ ნიადაგზე ყველაზე ფეთქებად საშიშ კერად ითვლება ლეკებით კომპაქტურად დასახლებული სამხრეთ დაღესტანი, მათი საზოგადოებრივი მოძრაობა `სადვალი~ გეგმავს ამ დაღესტნელ თანამემაულეებთან აზერბაიჯანის ორი ლეკური რაიონის, კუბისა და კუსარის შეერთაბას, ტერიტორიულად ერთიანი ახალი პოლიტიკური სუბიექტის შექმნას და რუსეთის ფედერაციაში დამოუკიდებლად შესვლას.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ყველა პირობას უქმნის მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ ლეკებს და მათი სოციალურ, ეკონომიკურ-კულტურული დონე ბევრად მაღალია მათ დაღესტნელ თანამემამულეებთან შედარებით მათში მაინც მძლავრობს ანტიაზერბაიჯანული სეპარატიზმი და ლტოლვა ჩრდილოეთისკენ.

მეორე გადაუჭრელი პრობლემა აზერბაიჯან-დაღესტნის ურთიერთობაში მათი საზღვრების წყალგამყოფი მდინარე სამურია, რომლის წყლით სარგებლობის პრობლემის მოუგვარებლობის ფესვები ისტორიულ წარსულში მიდის. სამურის ორივე მხარეს ნოყიერი სასოფლო-სამეურნეო მიწებია და მათ პროდუქტიულობას გარკვეული მნიშვნელობა აქვს ორივე მხარის ეკონომიკისთვის.

მიუხედავად არაერთჯერადი მოლაპარაკებისა უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, დაღესტანი თავს დაჩაგრულად აცხადებს და აპროტესტებს, რომ სარწყავი წყლის რესურსების 90%-ს აზერბაიჯანი იყენებს.

ჩეჩნურ-დაღესტნური ურთიერთობების დამაპირისპირებელმა ფაქტორებმა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იჩინა თავი, როცა შამილის მეთაურობით რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულმა ბრძოლამ მიზნად დაისახა დაღესტნისა და ჩეჩნეთის მეთაურობით ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ახალ ისლამურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კვლავ დაიწყო ამ იდეების რეანიმაცია, რომელსაც არაბეთიდან და სხვა ისლამური ქვეყნებიდან ჩამოსულ ვახაბიტ მისიონერებთან ერთად ჩეჩენი საველე მეთაურებიც შეურთდნენ.

დაღესტნისა და ჩეჩნეთის დაპირისპირების და დავის მთავარი საგანია მათ საზღვარზე მდებარე ხასავიურთის რაიონი, სადაც 100 ათასამდე აკინელი ჩეჩენი ცხოვრობს და 1921 წლამდე ეკუთვნოდა ჩეჩნეთს, ხოლო შემდეგ ხასავიურთის ნაციონალური ოკრუგის სტატუსით შეუერთეს დაღესტანს.

90-იან წლებში დაიწყო მოძრაობა ხასავიურთის რაიონის დაღრესტნიდან გამოსაყოფად და ჩეჩნეთთან მისაერთებლად. მოგვიანებით მოხდა ჩეჩენი და დაღესტნელი ვახაბიტების გაერთიანება და დაიწყო სამზადისი რუსეთის წინააღმდეგ საღვთო ომის ჯიხადის დასაწყებად. ამავე პერიოდში ბუინაკსკის რაიონის სოფლები კარამახი, ჩაბანმახი და კადარი დაღესტნელმა ვახაბიტებმა გამოაცხადეს ავტონომიურ ისლამურ ტერიტორიად და გააუქმეს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. როგორც ცნობილია რუსეთის ავიაციამ, არტილერიამ და სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მიწასთან გაასწორეს სამივე სოფელი.

ჯერ შამილის, შემდგომ არაბი საველე მეთაურების და დაინტერესებული ისლამური წრეების გზას დღეისთვის აგრძელებს დოკუ უმაროვის მიერ ჩამოყალიბებული იმარატ კავკაზი, რომელიც ისე როგორც შამილის დროს, გეგმავს დაღესტნის, ჩეჩნეთის და მუსულმანი მოსახლეობით დასახლებული სხვა კავკასიური ტერიტორიების გაერთიანებას ახალი ისლამური სახელმწიფოს შექმნის მიზნით.

დაღესტანს კიდევ ერთი მტკივნეული პრობლემა გააჩნია - თურქულენოვანი ნოღაელებისა და ყუმუხების სახით, რომლებიც ნოღაური ეროვნული მოძრაობის `ბირლიქის~ გახმოვანებით მოითხოვენ ჩრდილოეთ კავკასიის თურქულენოვანი ხალხებისთვის ცალკე ავტონომიის ჩამოყალიბებას, დაღესტნის ფედერალიზაციას, სადაც ეს სუბიექტი სრულუფლებიანი წევრის სახით შევა ახალ გაერთიანებაში.

ქართულ-დაღესტნური ურთიერთობები საუკუნეების მანძილზე საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ ქართლის მეფე ფარნავაზი იბრძოდა დაღესტნელ ხალხებთან ერთად უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი დაღესტანში ქართველი მისიონერები გამოჩდნენ. მათ დანატოვარ კვალს ადასტურებს სოფელ დათუნას ქართული ეკლესია ყოისუს ხეობაში. ქრისტიანობის გავრცელება შეწყდა მეთოთხმეტე საუკუნეში დაღესტნის სრული ისლამიზაციის გამო.

მომდევნო საუკუნეებში ქართულ დაღესტნური ურთიერთობები გართულდა.

XVIII საუკუნეში თურქების მიერ წაქეზებული დაღესტნელი ფეოდალები სისტემატურად ესხმოდნენ თავს ქართლისა და კახეთის სოფლებს.

1754 და 1755 წლებში ქართველთა ლაშქარმა მჭადიჯვართან და ყვარელთან სასტიკად დაამარცხა ავარიის მფლობელის ნურსულ ბეგის ლაშქარი. 1785 წელს კახეთი ააოხრა ომარ ხანის 20 ათასიანმა ბანდებმა.

ტერმინი ლეკიანობა დღესაც ბევრ უსიამოვნო ასოციაციას იწვევს ქართველებში. ცნობილია, რომ ერეკლე II-ს სწორედ დაღესტნიდან შემოჭრილი ყაჩაღური ბანდების გაუთავებელმა თარეშმა დააჩქარებინა რუსეთის მფარველობაში შესვლის გადაწყვეტილების მიღება.

დაღესტნელები საქართველოში - 1895 წელს ილია ჭავჭავაძის დახმარებით პოლკოვნიკმა მაგომედ აღა ოსმან ოღლი აწყურსკიმ მიიღო თანხმობა ავარელების კახეთში ჩასახლების შესახებ, რომლის შემდეგ წარმოიშვა 3 სოფელი: თივი, თებელჯოხი და არეში. ამ სოფლების მოსახლეობა 1944 წელს გადაასახლეს ჩეჩნეთში. შუა აზიიდან ჩეჩნების უკან დაბრუნების შემდეგ დაღესტნელები კვლავ კახეთში დაბრუნდნენ. 1991 წელს ყვარლის რაიონში ცხოვრობდა 4200 დაღესტნელი.

საბჭოთა ხელისუფლების დროს 1994 წლამდე ათეულწლების მანძილზე ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მეცხვარეები იყენებდნენ ყიზლარის საზამთრო საძოვრებს დაღესტანში.

1990 წელს გარკვეული ძალების წაქეზებით ქართული არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები შეიჭრნენ დაღესტნელთა სოფლებში და მოითხოვეს დაეტოვებინათ საქართველო.

26 ივნისს მაჰაჩკალაში და ხასავიურთში გაიმართა დაღესტნელების მხარდამჭერი მიტინგები, რომლებსაც ავარელთა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ჰაჯი მახაჩევი ხელმძღვანელობდა.

1991 წლის აპრილში დაიწყო ავარელების გასახლება საქართველოდან. ქართულ-დაღესტნური მოლაპარაკების შემდეგ ავარელების უმრავლესობა დარჩა საცხოვრებლად კახეთში.

1991 წლის 2 ნოემბერს რუსეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით შამილის სახელობის ავარელთა სახალხო ფრონტმა საზოგადოება "ჯამაათმა" და მოძრაობა "დემოკრატიულმა დაღესტანმა" მონაწილეობა მიიღეს სოხუმში გამართულ კავკასიის მთიელ ხალხთა მესამე ყრილობაში.

ბოლო წლებში დაღესტნის ხელისუფლებამ ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა საქართველოს. გარე ძალების წაქეზებით სადაო გახდა სასაზღვრო ზოლთან მდებარე დიკლოს მთა, რომელსაც ოდითგან თუშები იყენებდნენ.

შორს არ არის ის დრო, როცა კავკასიელების არაკეთილმოსურნე გარე ძალებს მოესპობათ შესაძლებლობა ხელოვნური ბარიერები აღმართონ იქ მცხოვრებ ხალხებს შორის. ქართველები და დაღესტნელები დიკლოს მთის პრობლემასაც გადაწყვეტენ და მყარ კეთილმეზობლურ ურთიერთობასაც დაამყარებენ.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე