RSS
საერთაშორისო სამართალი და აგრესიის ცნება
08.04.2010 11:52
პაატა ცინცაძე

სულ რაღაც სამი წლის წინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნეშიც ექნებოდა ადგილი აგრესიის ბაბისა და არსის ცინიკურ მანიპულირებას და რომელიმე დიდი სახელმწიფო "ორიგინალურ" დეფინაციას მოუძებნიდა საყოველთაოდ აღიარებულ და დამკვიდრებულ განმარტებებს. სწორედ ყველაფერი ეს იხილა მსოფლიომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან კონტექსტში, როდესაც მოსკოვი შეეცადა ქართული მხარე გამოეყვანა აგრესორად. გასაოცარია (თუმცა ადვილად ასახსნელია), რომ რუსეთის ხელისუფლება დღემდის ჯიუტად ცდილობს საკუთარი მასახლეობისა და გარე სამყაროს დარწმუნებას, რომ სწორედ პატარა და მასთან შედარებით სუსტი საქართველო დაესხა თავს ბირთვულ ზესახელმწიფოს. ვერსია იმდენად ეგზოტიკური და აბსურდულია, რომ სხვა საერთაშორისო რეალობაში ალბათ ფართოდ გაღებული კარის მტვრევა იქნებოდა საპირისპიროს მტკიცება. დასანანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაზე (პირველ რიგში ევროპაზე) მოსკოვმა შეძლო მძლავრი ფინანსური რესურსების ამოქმედებით, გარკვეული გავლენის მოპოვება, რაც ღია ტექსტით აისახა კიდეც ქ-ნ ტალიავინის კომისიის გახმაურებული დასკვნის რიგ დებულებებში.

საყურადღებოა აგრეთვე, რომ მოსკოვს საკუთარი აგრესიის გამამართლებელ არგუმენტად არასოდეს არ გამოუყენებია გაეროს უფლებამოსილების მინიჭება არასოდეს არ გამოუყენებია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი მას არ გააჩნდა. სხვა საკითხია, რომ არც ქ-ნ ტალიავინის მოხსენებაში და არც სხვა რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის (პირველ რიგში ევროპის) მიერ არ ყოფილა ცალსახად და არაორაზროვნად უარყოფილი რუსული პროპაგანდისტული სიყალბე "ქართული აგრესიის" თაობაზე. შეიძლება ამ ფაქტს მართლაც აქვს თავისი ობიექტური მიზეზები და ახსნაც კი, მაგრამ ვინაიდან პოლიტიკური თუ ფინანსურ-ეკონომიკური კონიუნქტურა მაინც დროებითი ფაქტორია, რომელიც ადრე, თუ გვიან აუცილებლად შეიცვლება, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმები, ასევე ადრე თუ გვიან (უფრო ადრე, ვიდრე გვიან) მაინც დაიბრუნებს ცივილიზებული სამყაროსათვის იმანენტურად დამახასიათებელსა და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობათა მთავარი მარეგულირებელი მექანიზმის ფუნქციას (სხვაგვარად წარმოუდგენელია XXI საუკუნე), ჩვენ ვალდებულნი ვართ სწორედ საერთაშორისო სამართლისა და მის ფასეულებებზე შექმნილ იგივე გაეროს წესდებასთან მიმართებაში ვაწარმოოთ ნებისმიერი პოლემიკა ჩვენს ნებისმიერ ოპონენტთან.

მაინც როგორ განსაზღვრავს აგრესიას ისეთი ავტორიტეტული და პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული უნივერსალური სამართლებრივი დოკუმენტი, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეის 1974 წლის 14 დეკემბრის სპეციალური რეზოლუცია: "აგრესიის განსაზღვრა". რეზოლუციის მე-4 პუნქტში სიტყვა-სიტყვით ვკითხულობთ: "გენერალური ასამბლეა მიუთითებს უშიშროების საბჭოს აგრესიის ქვემოთ წარმოდგენილ განსაზღვრაზე და რეკომენდაციით მიმართავს მას, საჭიროების შემთხვევაში წესდების შესაბამისად აგრესიის აქტის დადგენისას გაითვალისწინოს და იხელმძღვანელოს ამ განსაზღვრით...". საყურადღებოა დოკუმენტებში გამოთქმული რწმენა, რომ "...აგრესიის განსაზღვრა შემაკავებელ გავლენას იქონიებს პოტენციურ აგრესორზე, გააადვილებს აგრესიის აქტის კონსტატაციას და მის აღკვეთას...". დოკუმენტის პირველსავე მუხლში ნათლად და კონკრეტულად არის განსაზღვრული თუ რას უნდა ეწოდოს აგრესია: "აგრესია წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენებას მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ...". ყოველგვარი ორაზროვნების თავიდან აცილების მიზნით იქვეა განმარტებითი შენიშვნა, თუ როგორ უნდა იქნას გაგებული ტერმინი "სახელმწიფო". კერძოდ ხსენებული ტერმინის ხსენება სულაც არ ნიშნავს აღიარების ფაქტს, ე.ი. თუ ერთმა სახელმწიფომ "სახელმწიფოდ" აღიარა სეპარატისტული რეჟიმი, ამით უკანასკნელი ავტომატურად არ იქცევა სახელმწიფოდ.

მეორე მუხლში დაზუსტებულია, რომ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენება, გაეროს წესდების თანახმად უკვე კვალიფიცირდება როგორც აგრესიის "პრიმა ფასიე" მტკიცებულება.

აგრესიის აქტის განსაზღვრაში კიდევ უფრო შორს მიდის მესამე მუხლი:
ა) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა ან შეჭრა მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, როგორი დროებითი ხასიათიც არ უნდა ჰქონდეს მას...
ბ) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ან ნებისმიერი იარაღის გამოყენება მეორე სახელმწიფოს ტერიტორიის წინააღმდეგ.
გ) საზღვაო პორტებისა და სანაპიროების ბლოკადა სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ.

არა ნაკლებ საყურადღებოა ხსენებული განმარტების მე-5 პუნქტი, სადაც ცალსახად არის ნათქვამი:
1. არანაირი ნებისმიერი ხასიათის მოსაზრება, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, თუ სხვა ხასიათის, არ შეიძლება ემსახურებოდეს აგრესიის გამართლებას;
2. აგრესიული ომი არის საერთაშორისო მშვიდობის საწინააღმდეგო დანაშაული. აგრესიას მოჰყვება საერთაშორისო პასუხისმგებლობა;
3. არანაირი ტერიტორიული შენაძენი ან აგრესიის შედეგად მიღებული განსაკუთრებული სარგებელი არ შეიძლება კანონიერად იქნეს აღიარებული.

რათა ადგილი არ დარჩეს რაიმე სახის გაუგებრობისა და არასწორი ინტერპრეტაციისათვის, მე-8 მუხლში დაკონკრეტებულია, რომ აგრესიის ცნების განმარტებამ არანაირად არ შეიძლება ხელი შეუშალოს ხალხების თვითგამორკვევას, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობის უფლებას. კერძოდ, იმ ხალხების, რომლებიც "კოლონიური და რასისტული რეჟიმების ბატონობის ქვეშ იმყოფებიან". ასეთი ზოგადი მიმოხილვაც კი საკმარისი უნდა ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ იგივე ქ-ნ ტალიავინის მოხსენებაზე, რათა ღიად დაეფიქსირებინა რუსეთის აგრესია. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ქართული სახელმწიფოს "ხელშეუხებელი ტერიტორია" რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით აქცია "ოკუპაციის ობიექტად", რომ რუსეთმა შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საფრთხის ქვეშ დააყენა მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რომ დაბომბა საქართველოს ქალაქები, მოახდინა საქართველოს პორტების ბლოკადა. როგორც ცნობილია ყველაფერ ამას ვერც რუსეთი უარყოფს, თუმცა თავს იმართლებს ე.წ. "იძულებითი მშვიდობის" "ოსი ხალხის გადარჩენის", საკუთარ "სამშვიდობოებზე თავდასხმის" და სხვა თითიდან გამოწოვილი ხელოვნური საბაბით. იმ ჰიპოთეტურ შემთხვევამაც კი, თუ რუსული პროპაგანდის მიერ მთელ მსოფლიოში ტირაჟირებულ სიცრუეს რაიმე ექნებოდა საერთო რეალობასთან, მაინც აგრესიად უნდა შეფასებულიყო საქართველოში შემოჭრა, ვინაიდან როგორც უკვე ავღნიშნეთ, განმარტების მეხუთე მუხლი პრინციპშივე, გამორიცხავს აგრესიის (ანუ ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრას, მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე) გამართლებას ნებისმიერი, თუნდაც რეალურად არსებული გარემოებით. ოფიციალური მოსკოვის უსასრულო განცხადებები, რომ საქართველოში სამხედრო ძალებით შეჭრა, ქართული ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა იძულებითი ღონისძიება იყო და მიზნად მხოლოდ ოსი ხალხის "გადარჩენას" ისახავდა, არანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არ ეფუძნება.

გაეროს გენერალური ასამბლეის უფრო ადრინდელ დეკლარაციაში (1970 წელი 24 ოქტომბერი), დეტალურად არის დაკონკრეტებული საერთაშორისო სამართლის ის ძირითადი პრინციპები, რომელთან მიმართებაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც რუსეთის სამხედრო აგრესია (2008 წლის აგვისტო) და ვერც ერთა თვითგამორკვევის პრინციპისა და უფლების რუსული სეპარატისტული ინტერპრეტაციები. აი რამდენიმე ციტატა ხსენებული დეკლარაციიდან: "თვლის რა არსებით მნიშვნელოვნად, რომ ყველა სახელმწიფომ თავი შეიკავოს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენების მუქარისაგან ან ძალის გამოყენებისაგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებთან შეუთავსებელი სხვა სახის ქმედებისაგან... სწამს რა, რომ სახელმწიფოს ეროვნული ერთობისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივი ან სრული დარღვევა შეუთავსებელია წესდების მიზნებსა და პრინციპებთან... საზეიმოდ აცხადებს შემდეგ პრინციპს..." - პირველივე პრინციპი ეხება სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას _ "ყოველი სახელმწიფო ვალდებულია (ე.ი. ეს უკვე ვალდებულებაა და არა რჩევა ან რეკომენდაცია. პ.ც.) თავის საერთაშორისო ურთიერთობებში თავი შეიკავოს ძალის მუქარისა და მისი გამოყენებისაგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ... ძალის ასეთი მუქარა ან მისი გამოყენება არის საერთაშორისო სამართლის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დარღვევა... აგრესიული ომი არის მშვიდობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა".

როგორც თავის დროზე აფხაზეთში, ასევე რუსეთის აგრესიის დღეებში ცხინვალის რეგიონში, ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ ადგილობრივი არაგულარული შეიარაღებული რაზმები და დაქირავებულები (ე.წ. "მოხალისეები"). დოკუმენტის ერთ-ერთი პრინციპი პირდაპირ ავალებს ყოველ სახელმწიფოს თავი შეიკავოს ასეთი სამხედრო რაზმების "ორგანიზებისა" და "წახალისებისაგან". დოკუმენტში ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც "ბანდიტები". მართალია ქ-ნ ტალიავინის მოხსენების ავტორებმა მორცხვად აუარეს გვერდი რუსეთისათვის ამ "საჩოთირო" ფაქტს, მაგრამ დაქირავებული და ადგილობრივი ბანდიტების ქმედებათა შედეგი იმდენად ნათელი და საშინელი იყო, რომ მაინც ვერ შესძლეს საერთოდ დაემალათ ეს ყველაფერი და მოკრძალებულად, ერთი მოკლე წინადადებით უსაყვედურეს რუსეთს, რომ "მან არ შეაჩერა" ბანდიტები და მორადიორები. რაც შეეხება ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ოკუპაციას, როგორც 1970 წლის, ასევე 1974 წლის რეზოლუციებში დადასტურებულია, რომ პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს ოკუპაციის ხანგრძლივობას (ცხადია, სამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით). საერთაშორისო სამართალი დანაშაულად მიიჩნევს თვით ხანმოკლე ოკუპაციასაც კი. უკანასკნელი კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ნებისმიერ შემთხვევაში მოახდინა მის მიერვე აღიარებული ქართული ტერიტორიების ოკუპაცია. რასაკვირველია აფხაზეთი და ცხინვალის ტერიტორია, სადაც დღეს რუსეთის საოკუპაციო სამხედრო შენაერთებია განთავსებული და სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს ოკუპირებულია მის მიერ, თუმცა მოსკოვის ვერსიით იგი "სუვერენულ" სახელმწიფოებთან გაფორმებული ხელშეკრულებით იმყოფება "მათ ტერიტორიაზე", მაგრამ მის მიერ ამ რეგიონების "დამოუკიდებლობათა" აღიარებამდე? ამ პერიოდში (თუნდაც შედარებით ხანმოკლე პერიოდში), ხომ ჰქონდა ადგილი ოკუპაციას? ხომ იყო ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა?

საერთაშორისო სამართლის ნორმების ვოლუნტარისტული ინტერპრეტაციის კლასიკურ მაგალითად იქცა რუსეთის ხელისუფლების ვერსია იმის შესახებ, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა (თანაც სამხედრო ძალით) გამართლებულია საერთაშორისო სამართლით, ვინაიდან იგივე ცხინვალის რეგიონში თითქოს რუსეთის მოქალაქეებს შეექმნათ საფრთხე. ჯერ ერთი ცალკე სამართლებრივ შეფასებას ექვემდებარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრთათვის რუსეთის მოქალაქეთა პასპორტების მასობრივი დარიგება და ამ გზით საქართველოს მოქალაქეების "გადაწერა" რუსეთის მოქალაქეებად (რაზეც კვლავ გაკვრით იქნა ნათქვამი ქ-ნ ტალიავინის მოხსენებაში). გარდა ამისა, ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი აბსურდული საკითხის (მით უმეტეს გენოციდის) რეალურობა, რუსეთს მაინც არ ჰქონდა იურიდიული უფლება საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულიყო სამხედრო ძალის გამოყენებით. აი რას ვკითხულობთ ამის თაობაზე გაეროს გენერალური ასამბლეის ზემოხსენებულ, 1970 წლის 24 ოქტომბრის დეკლარაციაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე: "არც ერთ სახელმწიფოს, ან სახელმწიფოთა ჯგუფს არა აქვს უფლება პირდაპირ თუ ირიბად, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ჩაერიოს მეორე სახელმწიფოს საშინაო და საგარეო საქმეებში". ანუ ნებისმიერი საბაბითა თუ მიზეზით ჩარევა სხვის საშინაო და საგარეო საქმეებში კვალიფიცირდება როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა და იგივე აგრესია.

დეკლარაციაში ცალკე მუხლად არის ჩამოყალიბებული "თანასწორობისა და ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპი". ცნობილია, რომ სეპარატისტებისა და მათი ქომაგების ხელში სწორედ ეს პრინციპი იქცა ტერიტორიული მთლიანობის ფუძემდებელი პრინციპისა და ნორმების საწინააღმდეგო მთავარ არგუმენტად მთელ მსოფლიოში. ერთის შეხედვით (განსაკუთრებით დილეტანტურ-დემაგოგიურ დონეზე წარმოებულ დისკუსიებში) ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ თითქოს საერთაშორისო სამართალში ზუსტად არ არის განსაზღვრული თუ სად იწყება და მთავრდება თვითგამორკვევის უფლება, გულისხმობს თუ არა იგი სეცესიის უფლებას, თითქოს ჰელსინკის ცნობილ თათბირზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საზღვრებზე იყო საუბარი და მას არაფერი არა აქვს საერთო თუნდაც საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სუვერენული სახელმწიფოების საზღვრებთან. საერთაშორისო სამართლის სხვა ყველა დანარჩენ აქტებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს მიერ განხილული გაეროს გენერალური ასამბლეის ორივე დეკლარაცია (1970 და 1974 წლების) ჰელსინკის თათბირამდეა მიღებული და ძალაში შესული. აქვე ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 1970 წლის 24 ოქტომბრის დეკლარაციის ხალხთა თვითგამორკვევის უფლებისადმი მიძღვნილი მუხლის პირველივე წინადადება იძლევა, სურვილის შემთხვევაში, ორაზროვნული და პროვოკაციული დემაგოგიისა და დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის ხელოვნურ საბაბს. აი როგორ არის ფორმულირებული პირველივე აბზაცი: "წესდებაში (იგულისხმება გაეროს წესდება. პ.ც.) დაკანონებული ხალხების თვითგამორკვევისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპის ძალით, ყველა ხალხს აქვს უფლება გარედან ჩარევის გარეშე თავისუფლად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სტატუსი და განახორციელოს თავისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება. ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ამ უფლებას წესდების შესაბამისად". ფორმულირება თითქოს მართლაც ანიჭებს ნებისმიერ ხალხს უფლებას განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური სტატუსი. სინამდვილეში კი მთელ ტექსტში გადამწყვეტი და განმსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება ერთ საკვანძო სიტყვას - "გარედან", ანუ გარედან ჩარევას. თუ რას გულისხმობს თვითგამორკვევის პრინციპი, ამაზე უფრო ნათელ წარმოდგენას გვაძლევს შემდეგი აბზაცის პირველი წინადადება: "დაუყოვნებლივ უნდა მოეღოს ბოლო კოლონიალიზმს". იქვეა საუბარი "უცხოური ბატონობისა და ექსპლუატაციის" დაუშვებლობაზე. თვითგამორკვევის უფლების ზერელე აბსოლუტიზირების, ამ კეთილშობილი პრინციპით სპეკულირებისა და საერთაშორისო სამართლის ცინიკური გაყალბების არანაირ შესაძლებლობას არ სტოვებს ხსენებული მუხლის ბოლო აბზაცი: "არაფერი ზემო აბზაცებში მოყვანილი არ შეიძლება აიხსნას როგორც წამახალისებელი ნებისმიერი მოქმედების, რომელსაც საქმე მიჰყავს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების დანაწევრების, მათი ტერიტორიული მთლიანობის სრული ან ნაწილობრივი ან სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების პოლიტიკური ერთიანობის დარღვევისაკენ". და ბოლოს: "თითოეულმა სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი მოქმედებისაგან, რომელიც მიმართულია ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსა და ქვეყნის ეროვნული ერთობისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილობრივი ან მთლიანი დარღვევისაკენ". რაც შეეხება რუსეთს, მას არასოდეს არ შეუკავებია თავი ასეთი შედეგების მომტანი ქმედებისაგან, რაც იგივე აგრესიათ შეიძლება შეფასდეს.

გარდა ჩვენს მიერ ზემოთ განხილული საერთაშორისო სამართლებრივი ძალის მქონე ორი დაკუმენტისა, კიდევ ათეულობით სხვა ანალოგიური პირველწყაროს დამოწმება შეიძლება როგორც 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიისა, ასევე ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის (ნებისმიერი სახელმწიფოს) პრინციპის პრიმატის საილუსტრაციოდ. ამიტომაც არის, რომ როგორც ქართულ, ასევე დასავლეთის პუბლიცისტურ და სამეცნიერო-ანალიტიკურ ლიტერატურაში, იმ სამართლებრივი ალოგიზმის ახსნის - თუ რატომ ვერ ხერხდება 21-ე საუკუნეში, სახელმწიფოთა ურთიერთობებში საერთაშორისო სამართლის ნორმების დამკვიდრება და ნებისმიერი აგრესიის აღკვეთა, არა ერთი ცდის მოწმენი ვართ. დრო და დრო იმის მტკიცებასაც კი ვაწყდებით, რომ უკვე ფიქციად იქცა საერთაშორისო სამართალი და დღევანდელ მსოფლიოს "ძლიერის სამართალი" მართავს. მეორეს მხრივ, ცხადია, რომ მსოფლიოში (მით უმეტეს ბირთვულ მსოფლიოში), ძალთა თანაფარდობა და ბირთვული აპოკალიფსის საფრთხეს თავისი კორექტივები შეაქვს იგივე საერთაშორისო სამართლის მარგი ქმედების კოეფიციენტში, მაგრამ კაცობრიობისათვის გაცილებით სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს "წესების გარეშე თამაში", ანუ სამართლის ნორმების სრული იგნორირება და "ძალის სამართლის", აგრესორის სამართლის~ დამკვიდრება.

7 წელი გავიდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული ომიდან. დავიწყებას ეძლევა ჰუსეინის დესპოტიზმი და კოალიციის წევრთა დამსჯელი ოპერაციაც. 2009 წლის დამლევამდე ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ კოალიციის მონაწილე სახელმწიფოს რომელიმე ლიდერს მოუწევდა თუნდაც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრიობის წინაშე ეგო პასუხი 2003 წლის ოპერაციაში მონაწილეობისათვის (ერთ-ერთი მთავარი ინიციატორის სახით). 2010 წლის 29 იანვარს კი თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა 1997-2007 წლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის დაკითხვის ტელე-კადრები, როდესაც ნირწამხდარი ყოფილი პრემიერი, რომელიც სულ რაღაც 3 თვის წინ, ევროპის ფაქტიური პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთ რეალურ კანდიდატათაც კი ითვლებოდა, უკვე მოქმედი პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ კომისიას მთელი რვა საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას იმის თაობაზე თუ რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა როდესაც ქვეყანა 2003 წელს ერაყის ავანტურაში ჩართო (ბრიტანელთა დიდი ნაწილი ავანტურად, ზოგი კი აგრესიათაც მიიჩნევს ერაყში შეჭრას). ყოფილი პრემიერის დაკითხვის პარალელურად, ქუჩაში ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობდა თეატრალიზირებული ციხის საკნის ფონზე. საკანში სამუდამო პატიმრობის განაჩენით ტონი ბლერის ფიტული იყო გამომწყვდეული. თუმცა კომისია 2010 წლის ბოლომდე აპირებს მუშაობას, ერთი საკითხი უკვე გარკვეულად იყო მიჩნეული - ერაყში შეჭრით ბრიტანეთის იმდროინდელმა ხელისუფლებამ დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ყოფილ პრემიერს კი, როგორც მინიმუმი, გარანტირებული აქვს რეპუტაციისა პოლიტიკური და მომავლის სრული ფიასკო. რასაკვირველია შეიძლება კამათი იმის თაობაზე, რომ რაც შესაძლებელია დიდ ბრიტანეთში, ფანტაზიად გამოიყურება რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ როდესაც ერთიანი ევროპის ნომერი პირველი პოლიტიკოსობისათვის ემზადებოდა, შეიძლება ბლერსაც ფანტაზიად მიაჩნდა 29 იანვრის კოლიზიები.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე