RSS
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და აფხაზეთის საკითხი - ნაწილი I
13.04.2010 12:27
სიმონ კილაძე

"მოქალაქენო! რუსეთს და საქართველოს შორის ზავის ხელშეკრულება დაიდო.... ბოლოს და ბოლოს, ჩვენმა სამართლიანმა საქმემ გაიმარჯვა და ჩვენმა ცდამ ნაყოფი გამოიღო... საზღვრების საკითხი გადაწყვეტილია საქართველოსთვის ხელსაყრელ პირობებში... არც რუსეთს და არც საქართველოს, თუ მათი მმართველი წრეები შეიგნებენ თავიანთი ხალხების ობიექტურ ინტერესებს, არ აქვთ სადაო საკითხები, რომელთა გადაჭრა შეუძლებელი არ იყოს მორიგებით და მოლაპარაკებით..." - ეს სიტყვები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა თითქმის 90 წლის წინ, საქართველოს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 11 მაისის სხდომაზე წარმოსთქვა, როცა მან ქართველ პარლამენტარებს მთავრობის სახელით საგანგებო განცხადება გააცნო მოსკოვში 7 მაისს რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესახებ.

ცხრა ათეული წლის წინ მოსკოვში ხელმოწერილ ამ საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტს დღემდე თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს, უფრო მეტიც - თანამედროვე პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული ზოგიერთი პრინციპი ამჟამადაც აქტუალურია და ქართულ-რუსული ორმხრივი ურთიერთობების პრობლემატიკაში გარკვეულწილად პრეცედენტის როლის შესრულებაც შეუძლია.

2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსულენოვან მასმედიასა და სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებში მნიშვნელოვნად იმატა 7 მაისის ხელშეკრულებისადმი ინტერესმა, იმავდროულად გაძლიერდა აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული დებულებების მიკერძოებული ინტერპრეტირება, წინასწარ გამიზნული დამახინჯება და საბოლოო ჯამში - შეგნებულად მცდარი დასკვნების გაკეთება. რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ ხელშეკრულების იმ მუხლზე, რომელიც მდინარე ფსოუზე გამავალ საქართველო-რუსეთის გამმიჯნავ საზღვარს ეხება და ეჭვქვეშ აყენებენ აფხაზეთის ყოფნას საქართველოს შემადგენლობაში 1920 წელს. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება, არგუმენტირებული პასუხის გამცემი კი არ ჩანს. ნათელია, რომ რუსი ავტორების მოქმედება მიმართულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაციისაკენ და იმ ისტორიული ჭეშმარიტების უარყოფისაკენ, რომელიც ზემოაღნიშნული საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტის მუხლებშია გამოხატული.

სიმართლის აღდგენის მიზნით შევეცდებით განვიხილოთ და გავაანალიზოთ რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგების მტკიცებები და დავარწმუნოთ მკითხველი იმაში, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების ნააზრევი უფრო ტენდენციური და კონიუნქტურულია, ვიდრე ობიექტური და მიუკერძოებელი კვლევის შედეგი.

სანამ უშუალოდ საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების ზოგიერთი დებულების ანალიზზე და ამ დოკუმენტით გადაწყვეტილ აფხაზეთის საკითხზე გადავალთ, უპრიანი იქნება გავიხსენოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ ის საერთაშორისო-პოლიტიკური ვითარება, რომელიც წინ უძღოდა თბილის-მოსკოვის შეთანხმების გაფორმებას.

მაშ ასე, ისტორიის "დროის მანქანით" ვისარგებლოთ და გადავიხედოთ 1918-20 წლის დროინდელ კავკასიის რეგიონში, ვნახოთ რა ხდებოდა საქართველოს ჩრდილოეთით და გავარკვიოთ, რამ განაპირობა ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების დაახლოებისა და "მშვიდობის დამყარების" სურვილი.

დასავლური კურსი რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით

მართალია, საქართველოს მთავრობამ, დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, შექმნილი საერთაშორისო სიტუაციის კვალობაზე, პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსის გატარება დაიწყო, მაგრამ პარალელურად მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ყოფილ მეტროპოლიასთან - რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. ამ მიზნით 1918 წლის 11 ივნისს მოსკოვში გაიგზავნა დიპლომატიური მისია პარლამენტის წევრის გაბრიელ ხუნდაძის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ იმ ხანებში რუსეთის ხელისუფლება, გერმანიასა და მის მოკავშირეებთან დადებული ბრესტის ზავის პირობების გათვალისწინებით, ძალზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ბერლინი, კონსტანტინოპოლთან ერთად, კავკასიაშიც დომინირებდა, მაშინ ნათელი გახდება, თუ რატომ გახდა კრემლი იძულებული დათანხმებოდა ქართველი დიპლომატების მოსკოვში მიღებას და მათთან საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ გიორგი ჩიჩერინის, აგრეთვე კამენევის, ზინოვიევის მეშვეობით გარკვეული კონტაქტების დაწყებას.

პირველ ეტაპზე ქართული მისია შეეცადა მოესინჯა ნიადაგი, თუ რამდენად იყო შესაძლებელი რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, მაგრამ მოსკოველი ხელისუფალნი ყოყმანობდნენ, დროს აჭიანურებდნენ, ზოგჯერ კი აგრესიულობასაც ამჟღავნებდნენ: მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსეი რიკოვმა გაბრიელ ხუნდაძეს დაუფარავად განუცხადა, რომ იგი საქართველოს განადგურების მომხრეა და ყოველ ზომას გამოიყენებს, რათა ქართველთა კონტრრევოლუციური მთავრობა რუსეთის მიერ იურიდიულად აღიარებული არ იქნეს.

თუ გავითვალისწინებთ ქართული დიპლომატიური მისიის სტატუსს, აგრეთვე გაბრიელ ხუნდაძის მოლაპარაკებების ხასიათსა და დონეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, შეიძლება ითქვას, რომ 1918 წლის ზაფხულიდან დაწყებული, რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ-სოციალისტური რესპუბლიკამ (რსფსრ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-ფაქტოდ აღიარა. ამას ადასტურებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გახსნილი საკონსულოების გახსნის ფაქტიც, ქართველთა უფლებების დაცვის მიზხნით.

რუსეთის "ჩეკა" საქართველოს დიპმისიის წინააღმდეგ: სპეცოპერაცია მოსკოვში

პირველ მსოფლიო ომში გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებამ, ბუნებრივია, ანტანტის გავლენის გაფართოება გამოიწვია. კავკასია და საქართველო ამჯერად დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ინტერესებში მოექცა. შესაბამისად, თბილისი დასავლელი დიპლომატების აქტივობის ცენტრი გახდა. ანტანტა საქართველოს ანტირუსულ პლაცდარმად განიხილავდა. ეს ნიშნავდა, რომ ფაქტიურად რუსეთი და საქართველო კვლავ სხვადასხვა პოლუსებზე აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, ვითარებას ისიც ამწვავებდა, რომ ანტანტა სამხედრო-პოლიტიკური დახმარებას უწევდა ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიას. ამგვარი ვითარება, ცხადია, თავის უარყოფით გავლენას მოხდენდა საქართველოს დიპლომატიური მისიის საქმიანობაზეც.

მართლაც, რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში მყოფი საქართველოს დიპლომატიური მისიის წევრების მიმართ ჯერ დამოკიდებულება გაამკაცრა, შეუზღუდა გადაადგილება, გააუქმა ადრე გაცემული ნებართვები, შემდეგ კი საქმეში საგანგებო კომისიის ("ჩეკა"-ს) წარმომადგენლები ჩაერიენ: 1919 წლის 30 ივნისს მოსკოვის ჩეკამ ქართველი დიპლომატების წინააღმდეგ საგანგებო სპეცოპერაცია განახორციელა, შეიჭრა მისიის შენობაში და ყველა დიპლომატი დააპატიმრა. იგივე მოქმედება განხორციელდა პეტროგრადში მოქმედი საქართველოს საკონსულოს პერსონალის მიმართაც.

კრემლმა საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა: დიპლომატები იმ შემთხვევაში გათავისუფლდებოდნენ, თუ თბილისი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო დაპატიმრებულ ბოლშევიკებს ციხიდან გამოუშვებდა. საბოლოოდ, სიტუაცია ორმხრივი კომპრომისით განიმუხტა და ქართველი დიპლომატები 1919 წლის ივლისის ბოლოს სამშობლოში დაბრუნდნენ. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთთან საქართველოს პირდაპირი კონტაქტები თითქმის ერთი წლით შეწყდა.

გრიგოლ ურატაძის წარმატებული მოსკოვური ვიზიტი

1920 წლის გაზაფხულზე ჩრდილოეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში რუსეთის წითელმა არმიამ მნიშვნელოვანი საბრძოლო წარმატებები მოიპოვა. საბჭოთა ზონა უშუალოდ მოუახლოვდა საქართველოს ტერიტორიას - დაღესტანს, სოჭს, ყუბანსა და თერგის ოლქებს უკვე კრემლი აკონტროლებდა. საჭირო გახდა რსფსრ-სთან ურთიერთობების დარეგულირება. სწორედ ამ დროიდან იწყება რუსეთ-საქართველოს პირდაპირი კავშირების ახალი ეტაპი. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის ტელეგრამებმა, რომლებშიც გიორგი ჩიჩერინი საქართველოს თეთრგვარდიელებთან თანამშრომლობას საყვედურობდა. საპასუხო ნოტებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა უარყო ამგვარი ბრალდება და მოსკოვს საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო მტრული მოქმედებებისაგან თავის შეკავება ურჩია, განსაკუთრებით კი გაგრის რაიონის მიმართ, რომელსაც, სხვადასხვა წყაროების თანახმად, რუსეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდა. ქართველმა მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების მიზნით, რათა ყველა პრობლემატური საკითხი მშვიდობიანად გადაჭრილიყო.

საინტერესო ფაქტია, რომ გიორგი ჩიჩერინი ევგენი გეგეჭკორის მოთხოვნას გაგრის თაობაზე ყოველგვარი წინააღმდეგობისა და დისკუსიის გარეშე დათანხმდა: თბილისში გამოგზავნილ ნოტაში ნათქვამი იყო, რომ "რუსეთს საქართველოსთან ომისა და მის ტერიტორიაზე შეჭრის არავითარი სურვილი და განზრახვა არ აქვს". მართალია, რუსეთისათვის გაგრის იურიდიული კუთვნილების საკითხი ჯერ-ჯერობით ღიად რჩებოდა, მაგრამ ჩიჩერინი მზადყოფნას აცხადებდა მიეღო საქართველოს მთავრობისაგან მონაცემები გაგრის რაიონის საზღვრების შესახებ, რათა წითელი არმიის ადგილობრივ მეთაურებს ეს სცოდნოდათ და არ დაერღვიათ.

ამ დიპლომატიური მიწერ-მოწერის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კი ის იყო, რომ რუსეთი დათანხმდა საქართველოს წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
რამ გამოიწვია მსოფლიო პერმანენტულ რევოლუციაზე მეოცნებე ბოლშევიკების "თბილი დამოკიდებულება" საქართველოს მიმართ? სულ რაღაც რამდენიმე თვის წინათ ხომ მათ ქართველთა დამოუკიდებლობის ოფიციალურ, დე-იურედ აღიარებაზე ლაპარაკიც არ სურდათ. გარდა ამისა, 1920 წლის მაისამდე ხომ მოსკოვს არცერთ უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები არ დაუწყია და არც ორმხრივი დოკუმენტები არ გაუფორმებია? მაინც რამ აიძულა კრემლი თბილისთან კონტაქტებზე წამოსულიყო?

რუსეთის ამგვარი უპრეცედენტო ნაბიჯის მიზეზები ერთი მხრივ - აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილ ვითარებასა და მეორე მხრივ - საქართველოსა და რუსეთის საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსში უნდა ვეძიოთ. საქმე იმაშია, რომ 1920 წლის 17 აპრილს დაიწყო რუსეთ-პოლონეთის ომი და შესაბამისად, მოსკოვს სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოება ჰაერივით სჭირდებოდა, რათა ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული წითელი არმიის ნაწილები პოლონეთის ფრონტზე გადაესროლა; თავის მხრივ, თბილისისათვის ასევე სასურველი და აუცილებელი იყო ტერიტორიული მთლიანობისა და ჩრდილოეთი საზღვრების დაცვა-განმტკიცების იურიდიული გარანტიები. გარდა ამისა, აშკარაა, რომ საქართველოსთან სრულფასოვანი პოლიტიკური-სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დამყარება რუსეთის ტაქტიკურ ინტერესებშიც შედიოდა რადგან ა)საქართველო რეგიონში შედარებით უფრო სტაბილური და განვითარებული სახელმწიფო იყო და ბ)საქართველოს, შეიძლება ითქვას, რუსეთისათვის დასავლეთ ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდის როლის შესრულებაც შეეძლო. მართლაცდა, თუ 90 წლის წინანდელ მოვლენებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იმ დროისათვის საქართველოს საერთაშორისო-სამართლებრივი მდგომარეობა პროგრესს განიცდიდა, მაშინ როცა რუსეთი სრულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ იზოლაციაში იმყოფებოდა. საკმარისია ითქვას, რომ 1920 წლის მაისისათვის საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აქტიურად მონაწილეობდა ევროპულ პოლიტიკაში, თბილისი სავსე იყო უცხოური დიპლომატიური მისიებით, რუსეთისათვის კი „ევროპის ფანჯარა“ ისევ დაიხურა, პეტროგრადი და მოსკოვი საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობებისაგან თითქმის დაცლილი იყო. შესაბამისად, რუსეთისათვის გარკვეულწილად სასარგებლო იქნებოდა როგორც საქართველოს პროდასავლურ მთავრობასთან ურთიერთობის დამყარება, ასევე თბილისში აკრედიტებულ უცხოურ მისიებთან პირდაპირი კონტაქტების შესაძლებლობა.

აი, ასეთი სიტუაციისა და გარემოებების გათვალისწინებით, ორივე სახელმწიფომ ურთიერთობების მოგვარება გადაწყვიტა. 1920 წლის აპრილის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ბრძანებით, პარლამენტის (დამფუძნებელი კრების) წევრი გრიგოლ ურატაძე ხელმძღვანელობდა, მოსკოვში ჩავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებთან და მთავრობის სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთკვირიანი შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად მომზადდა საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც ხელი მოეწერა 1920 წლის 7 მაისს, გვიან ღამით, მოსკოვის დროით 11 საათსა და 20 წუთზე.
(გაგრძელება იქნება)


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე