RSS
ჩვენი მეზობლები: ჩეჩნეთი
14.04.2010 13:14
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტი

ვეინახები ორი კავკასიელი ხალხის ჩეჩნებისა და ინგუშების ერთიანი სახელწოდებაა, რომლებსაც ერთი ისტორიული ძირი, ყოფისა და განვითარების ერთნაირი გზა და ცხოვრებისეული მიზანსწაფვა აერთიანებს.

ამ ორი ხალხის ბოლო რამდენიმე საუკუნის ისტორიას რუსეთის იმპერიასთან თავგანწირული შეუწყვეტელი ბრძოლა განსაზღვრავდა. ამ დაუმორჩილებელი ხალხების ყველა ცნობილი პიროვნება ამ ბრძოლასთან არის დაკავშირებული და ყველა მათგანი თავისი ხალხის თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლას შეეწირა.

რუსი მწერალი ა.ი.სოლჟენიცინი წერდა:"Но была одна нация, которая совсем не поддалась психологии покорности – не одиночки, не бунтари, а вся нация целиком. Это Чечены".

ლეგენდებად შემოინახეს ვეინახებმა მათი თავისუფლებისთვის თავდადებული შვილების სახელები: შეიხი მანსური - ჩეჩნეთის ეროვნული გმირი და კავკასიის ომის ქედმოუხრელი სარდალი, ყაზი მაგომედი და ჰამზად-ბეგი, ჯოხარ დუდაევი, რომლის საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე გასაიდუმლოებულია და ასლან მასხადოვი, რომლის ნეშტსაც ხელისუფლება დღემდე არ აძლევს მისი ოჯახის წევრებსა და თანამებრძოლებს.

თუ ადამიანების და ერების ცხოვრების მთავარი აზრი მუდმივი თავდაუზოგავი ბრძოლაა, მაშინ ვეინახები პირველობის გვირგვინს არავის დაუთმობენ. ჩვენი მეორე წერილი ჩეჩნეთზეა.

ჩეჩნეთი

ჩეჩნეთის რესპუბლიკა მდინარეების თერგისა და სუნჟის მიმდებარე ტერიტორიებზეა განთავსებული. ჩრდილოეთით მას სტავროპოლის მხარის სტეპები და ნახევრად უდაბნოები ესაზღვრება, აღმოსავლეთით დაღესტანია, სამხრეთის საზღვარი საქართველოსთან კავკასიის მთავარ ქედზე გადის, დასავლეთით ინგუშეთი და ჩრდილოეთ ოსეთია. ჩეჩნეთი იყოფა 15 მუნიციპალურ რაიონად. დედაქალაქია გროზნო - 250 ათასი მცხოვრებით. მთავარი ქალაქებია- ურუს-მარტანი, შალი, გუდერმესი, არღუნი, კურჩალოი, ავტური, გოიტი, აჩხოი-მარტანი.

2009 წლის აღწერით ჩეჩნეთის მოსახლეობამ მილიონ ორასი ათასი სული შეადგინა. არსებული მონაცემებით რუსეთში, თურქეთში, სირიაში, იორდანიაში და სხვა ქვეყნებში 300 ათასზე მეტი ჩეჩენი ემიგრანტი ცხოვრობს. რესპუბლიკის მოსახლეობის 95% ჩეჩნები არიან, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ინგუშები, ავარები, ნოღაელები, ყუმუხები და სხვა. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე რაოდენობის მიხედვით რუსი ეროვნების მოსახლეობა ყველაზე მრავლად იყო წარმოდგენილი.

ჩეჩნეთში ნათესაურ-გვაროვნული გაერთიანებები - ტაეპები ყოველთვის ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს. ამჟამად ჩეჩნეთში 170 ტაეპია აღრიცხული.

რესპუბლიკის მთავარი კანონი 2003 წლის 23 მარტს მიღებული კონსტიტუციაა. რესპუბლიკის სახელისუფლებო შტოებია 4 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი და ორპალატიანი პარლამენტი: რესპუბლიკის საბჭო - 34 დეპუტატით და სახალხო კრება - 40 დეპუტატით. მათგან 20 პარტიული სიებით და 20 დეპუტატი ერთმანდატიანი ადმინისტრაციული ოლქებიდან.

დღეისთვის ჩეჩნეთში 3 პოლიტიკური პარტიაა - ედინაია როსია, კომუნისტური პარტია და მემარჯვენე ძალთა კავშირი. არსებული კონონმდებლობით სახელმწიფო ენად ჩეჩნურთან ერთად რუსული ენაც ითვლება.

ჩეჩნური ენა განეკუთვნება იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ ჯგუფს.

ვეინახი ხალხების წინაპრები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ მთებში და როგორც ყველა მთიელი ტომი კერპთაყვანისმცემელები იყვნენ. X საუკუნიდან ქართველმა მისიონერებმა ჩეჩნეთში დაიწყეს ქრისტიანობის გავრცელება და ეს პროცცესი XVI საუკუნემდე გრძელდებოდა. ამ დროიდან კი დაღესტნიდან ფეხის მოკიდება დაიწყო სუნიტურმა ისლამმა, რომელიც სულ მალე გაბატონებული რელიგია გახდა. დღეისთვის ჩეჩენი მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა სუნიტური ისლამის მიმდევარია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხანებში ჩეჩნეთში, ისე როგორც მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, მომძლავრდა ისლამის რადიკალური განშტოება სალაფიზმი, რომელიც ვახაბიზმის სახელწოდებით მეამბოხე შეიარაღებული ფორმირებების იდეოლოგიად იქცა.

ჩეჩენი ხალხის ისტორიული განვითარება მნიშვნელოვნად განაპირობა რუსეთთან მეზობლობამ. ჩეჩნურ-რუსული ურთიერთობების დასაწყისად 1567 წელს ასახელებენ, როცა მდინარე თერგზე პირველი რუსული ციხე-სიმაგრე აშენდა, რასაც 1588 წელს ერთერთი ჩეჩნური სამთავროს მიერ რუსეთის სამეფოსთან ვასალური დამოკიდებულების აქტის გაფორმება მოყვა.

XVII საუკუნიდან ჩეჩნეთი თურქეთისა და ისლამური სამყაროს გავლენისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

XIX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთი მტკიცედ იკიდებს ფეხს კავკასიაში, ცარიზმის კოლონიურ პოლიტიკას ჩეჩნებმა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობით უპასუხეს, რომელსაც ჰამზატ-ბეგი, ყაზი მაგომედი და შამილი ხელმძღვანელობდნენ. ირანისა და თურქეთის გავლენის სრული აღმოფხვრის მიზნით რუსეთი მკაცრი რეპრესიებით პასუხობდა ყველა პროთურქულ და პროირანულ გამოვლენას. განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდნენ მეფისნაცვლები გენერალი ა.ერმოლოვი და ფელდმარშალი ი.პასკევიჩი. მათ დროს შემოვიდა ხმარებაში ტერმინი გადამწვარი მიწა ("выжженная земля"), რაც ამბოხებული აულების სრულ დანგრევას, ხოლო მოსახლეობის მთლიანად ამოწყვეტას გულისხმობდა. კავკასიელი მუჰაჯირების ბედი ათასობით ჩეჩენმაც გაიზიარა.

რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ოსმალიეთის იმპერიის პროტექტორატით ჩრდილოეთ კავკასიის ემირატების ისლამური სახელმწიფო შეიქმნა ემირ უზუნ ხაჯის მეთაურობით. მას ჰქონდა თავისი ვალუტა და ჰყავდა 10 ათას კაციანი ჯარი. ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ემირატები უშუალოდ შევიდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

1934 წელს შეიქმნა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი. 1944 წელს გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდების საფუძველზე იგი გაუქმებულ იქნა და მისი მთელი მოსახლეობა ყაზახეთსა და შუა აზიაში იქნა დეპორტირებული.

საბჭოთა კავკშირის რღვევის დასაწყისში 1990 წლის ნოემბერში ქ.გროზნოში ჩატარდა ჩეჩნეთის პირველი ეროვნული ყრილობა, რომელმაც აირჩია საერთო ეროვნული კონგრესი საბჭოთა არმიის გენერლის ჯოხარ დუდაევის ხელმძღვანელობით. ერთი თვის შედეგ ჯ.დუდაევი ჩეჩნეთის პრეზიდენტი გახდა. ეროვნულმა კონგრესმა რუსეთის ფედერაციიდან გამოსვლა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის - ნოხჩი-ჩო-ს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც რუსეთის ხელისუფლებამ ჩაჩნეთში საგანგებო მდგომარეობის შემოღებით უპასუხა და იქ დამატებითი სამხედრო ძალები და საბრძოლო ტექნიკა შეიყვანა. მეამბოხე ჩეჩნებმა ალყაში მოაქციეს რუსეთის სამხედრო ნაწილები, რომლებსაც სრული განადგურება ელოდათ. მოლაპარაკების შედეგად რუსული არმია გაყვანილ იქნა, ხოლო იარაღი, მათ შორის ტანკები და თვითმფრინავები ჩეჩნეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაიტოვეს.

ამ აქტის შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომია გაიყო - ინგუშეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით რუსეთის ფედერაციაში შევიდა, ჩეჩნეთმა კი ოფიციალურად გამოაცხადა თავისი სუვერენიტეტი.

1994 წლის 11 დეკემბერს ბორის ელცინის ბრძანებით რუსეთის არმიამ სამი მიმართულებით დაღესტნის, ინგუშეთის და სტავროპოლის მხრიდან შეუტია გროზნოს, რაც ჩეჩნეთ-რუსეთის პირველი ომის დაწყებას მოასწავებდა. 1996 წლის 21 აპრილს სოფელ გეხი-ჩუს თავშესაფარში ავიარაკეტის დარტყმით მოკლეს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი. ამას მისმა თანამებრძოლებმა გაორმაგებული ორგანიზებულობით და მხედრული სიმამაცით უპასუხეს, რაც 1996 წლის 26 აგვისტოს რუსეთის დამარცხებით და ხასავ-იურთის ცნობილი ხელშეკრულებით დამთავრდა. ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ასლან მასხადოვმა და ალექსანდრე ლებედმა მოაწერეს ავალდებულებდა რუსეთს სრული შემადგენლობით გაეყვანა თავისი სამხედრო ნაწილები ჩეჩნეთიდან. ყველასთვის ნათელი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლება ხასავ-იურთის ხელშეკრულების პირობებს ვერ შეურიგდებოდა და რევანშირსთვის დაიწყებდა მზადებას. რუსეთი უარს აცხადებდა პრეზიდენტ ა.მასხადოვის ყველა შემოთავაზებაზე მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ სადაო პრობლემები.

ამ პერიოდს მიეკუთვნება ა.მასხადოვის ძალისხმევა საქართველოსთან ახლებური ურთიერთობის დამყარების შესახებ. მნიშვნელოვან მოვლენად ჩაითვალა 1997 წლის 30-31 აგვისტოს მისი ვიზიტი საქართველოში, შეხვედრები და მოლაპარაკებები ქვეყნნის პირველ პირებთან.

საფუძველი ეყრებოდა ორი კავკასიელი ხალხის საქმიან კავშირს, იქმნებოდა რეალური პირობები საკუთარი ძალებით აფხაზეთის პრობლემის მშვიდობიანი მოწესრიგებისა და კავკასიაში სტაბილური წესრიგის დასამყარებლად.

იმავე წლის სექტემბერში თბილისში ჩამოვიდა ჩეჩნეთის პარლამენტის დელეგაცია ვიცე-სპიკერის სეილამ ბუშაევის მეთაურობით. გაგრძელდა მოლაპარაკებები ორი მხარის შემდგომი დაახლოების მიზნით. განახლებულ იქნა საკითხი კავკასიის ხალხების პარლამენტის შექმნის შესახებ და სხვა.

ასეთმა ნაბიჯებმა მტკივნეული გაღიზიანება გამოიწვია კავკასიის რეგიონით დაინტერესებული გარე ძალებში. დაიწყო მზადება ქართულ-ჩეჩნური ალიანსის ჩამოყალიბების წინააღ,დეგ, რომელიც კავკასიელთა შემოკრებისა და გაერთიანების საფუძველი შეიძლებოდა გამომდგარიყო და რაც ორივე ხალხს შემდგომში ძვირად დაუჯდა.

1999 წლის აგვისტოში დამოუკიდებლად მოქმედი არაბი და ჩეჩენი საველე მეთაურების რაზმები შეიჭრნენ დაღესტანში, რაც საბაბად დაედო რუსეთის არმიის განახლებულ შეტევას ჩეჩნეთზე 1999 წლის 30 სექტემბერს. ეს თარიღი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისად ითვლება, რომელიც 2000 წლის მარტში გროზნოს აღებით დამთავრდა. ჩეჩნეთში შეიქმნა პრორუსული ორიენტაციის ხელისუფლება რესპუბლიკის მუფტის ახმედ კადიროვის ხელმძღვანელობით, რომელიც მანამდე წლების მანძილზე იარაღით ხელში ებრძოდა რუსეთის არმიას.

მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ა.კადიროვს შექმნილმა ვითარებამ ჩეჩენი ხალხის სრული განადგურებისგან გადარჩენის პრაგმატულმა მოსაზრებებმა გადაადგმევინა. 2004 წლის 9 მაისს გროზნოში სტადიონზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალის დროს ა.კადიროვი და მისი უახლოესი თანამებრძოლები აფეთქების გზით გაანადგურეს.

ჩეჩნეთის დღევანდელი პრეზიდენტი რამზან კადიროვი ცდილობს გააგრძელოს მამის მიერ აღებული კურსი, რაც რუსეთის ხელისუფლებასთან ლოიალურ და მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. მაგრამ მამისაგან განსხვავებით უფრო მაამებლურია კრემლის მიმართ, რაც დასავლური სამყაროს და საქართველოს ხელისუფლების მიმართ აგრესიული განცხადებების გაკეთებაში გამოიხატება.

რამზან კადიროვს არ უნდა ჯეროვნად შეაფასოს ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობები, რომლებსაც საფუძველი ათეული საუკუნის წინ ჩაეყარა. მთაგორიან სამხრეთში მცხოვრები ჩეჩნები ქართველებს ყოველთვის განიხილავდნენ მათ მონათესავე ხალხად და განსაკუთრებული პატივისცემით ექცეოდნენ მათთან პირად და საქმიან კონტაქტებს.

ამ ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა პანკისელი ქისტების ფაქტორმა, რომელთა წინაპრები XVII-XVIII საუკუნეებში ჩეჩნეთიდან ჩამოსახლდნენ პანკისის ხეობაში, დაუმეგობრდნენ და დაუნათესავდნენ მიმდებარე რეგიონში მცხოვრებ ქართველებს, გაითავისეს ქართული ყოფა და ქართული კულტურა. თავის მხრივ ქართველებიც ყოველთვის მოწიწებით ექცეოდნენ ამაყი კავკასიელების რაინდულ თვისებებს. სხვა რომ არაფერი ყოფილიყო მარტო დიდი ვაჟას შემოქმედება და მისი `სტუმარ-მასპინძელი~ იკმარებდა ორი ხალხის ვაჟკაცური და ზნეობრივი თვისებებით მსოფლიოს გასაკვირვებლად.

როცა 1944 წელს ჩეჩნები და ინგუშები თავის მიწა-წყლიდან აყარეს და შუა აზიის გზებს გაუყენეს ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მათი ბედი მოძმე ქისტებსაც არ გაეზიარებინათ.

ქართველებმა ჩვეული მასპინძლობა გაუწიეს ათეული წლის წინ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე მომწყვდეულ და სასიკვდილოდ განწირულ ათასობით დევნილს, რომელთა უმრავლესობა დღესაც პანკისში და საქართველოს სხვა რაიონებში აგრძელებენ ცხოვრებას. ქართველი კაცისთვის ადვილი გასაგები იყო მათი ტკივილი. 90-იან წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იმავე ძალებმა, ისეთივე სისასტიკით დახოცეს ათობით ათასი და თავისი საცხოვრებლიდან გამოაძევეს ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანი.

ჩეჩენი ხალხის ღირსეულმა პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა ორჯერ მოუხადა ბოდიში ქართველ ხალხს და აფხაზეთში წამებით დაღუპულთა სულებს სახედაკარგულ ჩეჩენთა ერთი ჯგუფის მიერ იქ ჩადენილი ბოროტების გამო.

იმავე ბოროტმა ძალებმა არ აპატიეს ამ მაღალი ზნეობის ადამიანს სამართლიანობა, ქედუხრელობა და მშვიდობიანი ადამიანების სიყვარული. 2005 წლის 8 მარტს ბომბები შეუყარეს მიწურში თავშეფარებულ ბრძოლით გადაღლილ პრეზიდენტს და სიცოცხლეს გამოასალმეს იგი. მისი ჭირისუფლები კი მისი ნეშტის გაპატიოსნების ღირსიც არ გახადეს.

რეგიონის ხალხები შეშფოთებით ადევნებენ თვალს ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს, გაუთავებელ ფართომასშტაბიან სპეცოპერაციებს მრავალრიცხოვანი სამხედრო ნაწილების, არტილერიისა და ავიაციის მონაწილეობით, ორივე დაპირისპირებული ძალის დიდ დანაკარგებს, ძალოვნებისაგან ადამიანების გატაცების გახშირებულ ფაქტებს, აფეთქებებს, მკვლელობებს და ყოველდღიურ ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულ სხვადასხვა სახის დანაშაულებრივ ძალადობას. ჩეჩნეთის მოსახლეობას უნდა დაიჯეროს რესპუბლიკის პრეზიდენტისგან მრავალჯერ გაცხადებული, მაგრამ არც ერთხელ შესრულებული პირობა ანტიტერორისტული ოპერაციების დამთავრების, რეგიონში რუსეთის ცენტრალური ოლქებიდან ახალ-ახალი ძალოვანი დანაყოფების მოვლინების შეწყვეტის, მოკლული ადამიანების ჯერ ბოევიკებად გამოცხადების და შემდეგ მათი ვინაობის დადგენის მომრავლებული შემთხვევების შესახებ და სხვა და სხვა.

ცრუ დაპირებებით ვერც ერთი ხელისუფალი დიდხანს ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, ინფორმაციულ ვაკუუმში ადამიანების ჩაკეტვა დღეისათვის შეუძლებელია, ავის კეთილად წარმოჩინების მცდელობასაც მოკლე ფეხები აქვს. კავკასიელი ხალხები იბრძვიან და იბრძოლებენ მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ "ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია".


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე