RSS
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და აფხაზეთის საკითხი - ნაწილი II
20.04.2010 13:33
სიმონ კილაძე

„სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის  გადის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუს გასწვრივ...“

საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს სახელით - დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ურატაძემ და რუსეთის სახელით - საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილემ ლევ კარახანმა, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ორმხრივ ურთიერთობებში, ამიტომ მას შედარებით ვრცლად შევეხებით.
ხელშეკრულება შედგება პრეამბულისა და ძირითადი ნაწილისაგან (სულ 16 მუხლი).

პრეამბულაში მითითებულია ხელშეკრულების დადების ძირითადი მიზანი - „საერთო მისწრაფება ორი ქვეყნის ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის“, დასახელებულია აგრეთვე ხელმომწერი მხარეების უფლებამოსილი პირები.

ძირითადი ნაწილის პირველი მუხლის თანახმად, „რუსეთი უსიტყვოდ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და უარს ამბობს ყოველგვარ უფლებებზე ქართველი ხალხისა და მისი ტერიტორიის მიმართ“.

მეორე მუხლით რუსეთი „ვალდებულობს არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში“.

მესამე მუხლში მოცემულია საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიების გამმიჯნავი ხაზი: „სახელმწიფო საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის გადის სავი ზღვიდან მდინარე ფსოუს გასწვრივ ახახჩის მთამდე, გადადის ხსენებულ ახახჩისა და აგანეტის მთაზე და მიდის ყოფილ შავი ზღვის, ქუთაისისა და ტფილისის გუბერნიების ჩრდილოეთი საზღვრით ზაქათალის ოლქის აღმოსავლეთ საზღვრამდე“. ამავე დროს კავკასიის ქედზე არსებული უღელტეხილები 1922 წლამდე ნეიტრალური რჩებოდა (არ შეიძლებოდა მათი ჯარებით დაკავება არცერთი მხარის მიერ). ნეიტრალიზება ეხებოდა მამისონის უღელტეხილს - ზარამაღიდან (რუსეთი) ონამდე (საქართველო), დარიალის უღელტეხილს - ბალთიდან კობამდე, ყველა დანარჩენი კი ხუთი ვერსის მანძილზე ორივე მხრიდან. საზღვრების ზუსტად გავლება და მისი მონიშვნა რუკებზე (ანუ დელიმიტაცია) უნდა მოეხდინა ორმხრივ შერეულ კომისიას.
მეოთხე მუხლით რუსეთი თანახმა იყო, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, საქართველოს შემადგენლობაში ეღიარებინა ყოფილი თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ყველა ნაწილი - ბათუმის, სოხუმისა და ზაქათალის ოლქები, აგრეთვე ყოფილ კავკასიის სამეფისნაცვლოში ადრე შემავალი ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს მომავალში შემოუერთდებოდა.
მეხუთე მუხლით საქართველო ვალდებულობდა არ დაეშვა თავის ტერიტორიაზე რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ჯგუფების ან ორგანიზაციების საქმიანობა, უნდა მოეხდინა თავის ნავსადგურებში არსებული რუსეთისადმი მტრულად განწყობილი გემების ეკიპჟთა განიარაღება და მათი ინტერნირება, ხოლო თვით გემები საქართველოს რუსეთისათვის უნდა გადაეცა (იგულისხმება რუსეთის მოხალისეთა არმიის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები, რომლებიც სამოქალაქო ომში დენიკინის დამარცხების შემდეგ თავი საქართველოს ნავსადგურებს შეაფარეს). იგივე სანქციები უნდა გატარებულიყო იმ უცხო სამხედრო ქვედანაყოფების მიმართაც, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ შედიოდნენ და რუსეთისადმი (ან მის მოკავშირე სახელმწიფოსადმი) მტრულად იქნებოდნენ განწყობილნი: ისინი საქართველოს ტერიტორიიდან დაუყონებლივ უნდა განდევნილიყვნენ.

მეექვსე მუხლით რუსეთი ასევე ვალდებულობდა არ დაეშვა თავის ტერიტორიაზე საქართველოსადმი მტრულად განწყობილი, ან მისი ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე პრეტენზიების მქონე ორგანიზაცია.

მეშვიდე მუხლის თანახმად, საქართველო ვალდებულობდა არ დაეშვა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფი ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზეც.

მერვე მუხლით გათვალისწინებული მე-5 და მე-6 მუხლებში მოცემული პირობების შესასრულებლად შერეული კომისიის შექმნა, რომლის მუშაობა ორ თვეში უნდა დასრულებულიყო.
მეცხრე მუხლი ეხებოდა რუსეთში მცხოვრები ქართველებისა და ქართული წარმოშობის მქონე პირების სამართლებრივ მდგომარეობის გარკვევას - საქართველოს მოქალაქეობის არჩევის (ოპტაციის) წესს, რომელიც სპეციალური შეთანხმებით დადგინდებოდა.

მეათე მუხლით საქართველო ვალდებულობდა გაეთავისუფლებინა სასჯელისაგან ყველა ის პიროვნება, რომლებიც რუსეთის კომპარტიის სასარგებლოდ მოქმედებდნენ.
მეთერთმეტე მუხლის თანახმად, მხარეები პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ ერთმანეთის სახელმწიფო ღერბს და დროშას.
მეთორმეტე მუხლით რუსეთმა და საქართველომ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები მოაწესრიგეს: დაწესდა საუკეთესო ხელშემწყობი რეჟიმი და უბაჟო სტატუსი სატრანზიტო საქონლისათვის.

მეცამეტე მუხლი ითვალისწინებდა მხარეთა შორის სპეციალური სავაჭრო შეთანხმების დადებას.

მეთოთხმეტე მუხლის თანახმად, საქართველოსა და რუსეთს შორის მყარდებოდა ნორმალური დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები.

მეთხუთმეტე მუხლით უნდა მოგვარებულიყო სხვადასხვა საჯარო სამოქალაქო-სამართლებრივი და კერძო სამოქალაქო-სამართლებრივი საკითხები, მათ შორის რუსეთის ცენტრალური არქივებიდან საქართველოსთვის საჭირო დოკუმენტების გამოვლენა-დაბრუნება. გარდა ამისა, ამ სფეროში უნდა შემუშავებულიყო ცალკე შეთანხმება ქართულ-რუსული შერეული კომისიის მიერ. მასვე ეხებოდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენით ორმხრივი სარგებლობის საკითხის გადაჭრაც (შევნიშნავთ, რომ 1920 წლის 30 აპრილიდან აზერბაიჯანი უკვე გასაბჭოებული იყო და რუსეთის სატელიტურ საბჭოთა რესპუბლიკას წარმოადგენდა).

მეთექვსმეტე ბოლო მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება არ საჭიროებდა განსაკუთრებულ სარატიფიკაციო პროცედურებს და ძალაში შედიოდა მასზე ხელმოწერისთანავე.

საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას თან დართული აქვს ორმუხლიანი „განსაკუთრებით საიდუმლო დამატება“, რომლის თანახმად, საქართველო ვალდებულობდა ხელი არ შეეშალა თავის ტერიტორიაზე მოქმედი კომუნისტური ორგანიზაციების საქმიანობისათვის, უზრუნველყო მათთვის კრებების ჩატარების და ბეჭდვითი გამოცემების თავისუფლება, არ განეხორციელებინა რეპრესიები კერძო პირების (კომუნისტების) წინააღმდეგ და სხვა.

აქვე შევნიშნავთ, რომ ამ დამატებას იძულებითი ხასიათი ჰქონდა და მისი უხერხული და არასასიამოვნო „საიდუმლო“ გრიფი განაპირობა საქართველოს მთავრობის გარკვეულმა შიშმა - მისი ტექსტის გამოქვეყნების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ანტიკომუნისტურად განწყობილი ქართული ოპოზიციური პარტიების მძაფრი უკმაყოფილება.

კიდევ ერთი „უხერხული მომენტი“, რომელიც თან ახლდა 7 მაისის ხელშეკრულების დადების პროცესს, ზაქათალის ოლქს ეხებოდა. ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ დოკუმენტზე ხელმოწერის დროს აზერბაიჯანში, რუსეთის ის თავდასხმის შედეგად, უკვე პრორუსულად განწყობილი კომუნისტური მთავრობა იყო მოსული, ხოლო ზაქათალის ოლქი (საინგილო) უკვე წითელი არმიის ნაწილებს ჰქონდათ დაკავებული (ობიექტურობის პრინციპის რომ არ დავარღვიოთ, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ზაქათალას კი მიიჩნევდა საკუთარ ტერიტორიად, მაგრამ მას, 1918 წლიდან მოყოლებული, ფაქტიურად ვერ აკონტროლებდა. მიზეზი ის იყო, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება აზერბაიჯანის მუსავატურ მთავრობასთან).

როგორც კი ბაქოში საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების დადების ამბავი გაიგეს, იქაურმა კომუნისტებმა, რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს ზოგიერთი წევრის წაქეზებით, პროტესტი გამოთქვეს ზაქათლის ოლქის კუთვნილების საკითხის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტის გამო და მოსკოვს თავიანთი კატეგორიული უარყოფითი პოზიცია აცნობეს. შესაბამისად, რუსეთის საგარეო საქმეთა სახკომის წარმომადგენელთა თხოვნით, საქართველოს დელეგაცია იძულებული გახდა კვლავ განეახლებინა მოლაპარაკება „ახალი გარემოებების“ გამო. 7 მაისის ხელშეკრულების ჩარჩოებში 12 მაისს კიდევ ერთი დამატებითი შეთანხმება დაიდო, რომელიც ზაქათალის ოლქის სტატუსს ეხებოდა. ამ ახალი დოკუმენტის პირობებით, ფაქტიურად გაუქმდა ზაქათალის ოლქის საქართველოსადმი კუთვნილება და ის სადაო ტერიტორიად ცხადდებოდა. შესაბამისად, საინგილოს პრობლემა აზერბაიჯანთან უნდა გარკვეულიყო შერეული კომისიის მეშვეობით (წევრთა თანაბარი რაოდენობით ორივე მხრიდან), რომელსაც რუსეთის წარმომადგენელი უხელმძღვანელებდა. 12 მაისის დამატებითი შეთანხმება 7 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად იქნა მიჩნეული.
აქვე ვიტყვით, რომ დამატებითი შეთანხმება, ბუნებრივია, საქართველოსთვის წამგებიანი იყო: შერეული კომისიის წევრთა თანაბარი რაოდენობის დროს საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი (ანუ კომისიის თავმჯდომარე), ცხადია, საბჭოთა აზერბაიჯანის მხარეს დაიკავებდა და საკითხების გადაწყვეტა, ხმების უმრავლესობით, ანტიქართულად მოხდებოდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ კომისია საერთოდ არ შეკრებილა და შესაბამისად, ზაქათალის იურიდიული კუთვნილების საკითხი ღიად დარჩა (რეალურად კი მას, რა თქმა უნდა, ბაქო აკონტროლებდა). საბოლოოდ, საინგილო აზერბაიჯანს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადაეცა (ეს ცალკე ისტორიაა).

ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ხელშეკრულების დადება 11 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა აცნობა. იმ მომენტისათვის დამფუძნებელი კრების დეპუტატები ჯერ კიდევ არ იცნობდნენ დოკუმენტის სრულ ტექსტს, მის დამატებებს, ამიტომ მინისტრის მიერ გამოცხადებული ხელშეკრულების ზოგადი დებულებების განხილვა და აზრის გამოთქმა უმტკივნეულოდ წარიმართა. სხდომის ერთხმად მიღებული რეზოლუციის თანახმად, „მოისმინა რა გარეშე საქმეთა მინისტრის განცხადება საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს რესპუბლიკას შორის საზავო ხელშეკრულების დადების შესახებ, დამფუძნებელი კრება იწონებს მთავრობის პოლიტიკას, კმაყოფილებას გამოსთქვამს რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულების დამყარების გამო და დარწმუნებულია, რომ მთავრობა განაგრძობს სათანადო ზომების მიღებას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და მისი საზღვრების დასაცავად“.

მოგვიანებით, როცა მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულმა გრიგოლ ურატაძემ სრული ტექსტი ჩამოიტანა, ქართულად ითარგმნა და პრესაში გამოქვეყნდა (1920 წლის 8 ივნისს), აი მაშინ ატყდა დავიდარაბა და კრიტიკა მთავრობის მიმართ, უმეტესად ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით ეროვნულ-დემოკრატები და ესერები, ყურადღებას ამახვილებდნენ რა ზაქათალის ოლქის კუთვნილებისა და კავკასიის უღელტეხილების ნეიტრალიზაციას საკითხზე, ამით ხაზს უსვამდნენ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ საქართველოსათვის საზიანო პირობებს.

რაც შეეხება „საიდუმლო დამატებით შეთანხმებას“ კომუნისტთა საქმიანობისა და მათი ბეჭდვითი ორგანოების ლეგალიზების თაობაზე, მან უარყოფითი როლი შეასრულა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარება-განმტკიცების საკითხში. მართალია, პრესაში მისი ტექსტი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ სიტუაცია ისედაც ნათელი გახდა, როცა ბოლშევიკების მიმართ რეპრესიები შეწყდა და მათ აღვირახსნილი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა გააჩაღეს. გაზეთი „კომუნისტი“ საქართველოს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რუპორი გახდა.

მოგვიანებით, 7 მაისის დოკუმენტის საფუძველზე ხელი მოეწერა საქართველო-რუსეთის სავაჭრო შეთანხმებას (1920 წლის 14 ნოემბერს), საქართველო-რუსეთის შეთანხმებას გემების გადაცემის შესახებ (1920 წლის 2 დეკემბერს), მოქალაქეთა ოპტაციის შესახებ (1920 წლის 9 დეკემბერს).

მიუხედავად ზოგიერთი უარყოფითი მომენტისა, საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის, რადგან რუსეთის, როგორც ყოფილი მეტროპოლიის მიერ დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად აღიარებამ საერთაშორისო ასპარეზზე დადებითი შედეგი მოიტანა - საბოლოო ჯამში საქართველო 1921 წლის 24 იანვარს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმაც იურიდიულად აღიარეს. ეს დოკუმენტი საქართველოს დიპლომატიის უახლეს ისტორიაში, შეიძლება ითქვას, პირველი ჩარჩო-ხელშეკრულებაა, რომელშიც კონკრეტულადაა მოცემული საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი უცხოეთის სახელმწიფოს მიერ და იმავდროულად მკაფიოდაა დაფიქსირებული როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ასევე სახელმწიფო საზღვრებიც.

საინტერესო ფაქტია, რომ 7 მაისის ხელშეკრულება, რადგან მისი მოქმედების ვადა სპეციალურად არაა მითითებული, უვადოა და იურიდიულად დღემდე არ არის დენონსირებულ-ანულირებული რომელიმე სამართლებრივი აქტით არც საქართველოს, არც რუსეთის მიერ. შესაბამისად, ფორმალურად ის ამჟამადაც ძალაშია, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და საზღვრების საკითხში. ასევე საყურადღებოა, რომ ხელშეკრულებაში მოცემული საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულება-აღწერილობა დღემდე არ შეცვლილა. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საზღვარი ამჟამადაც სწორედ 7 მაისის დოკუმენტის მესამე მუხლის პირველი პუნქტში დაფიქსირებულ ხაზს (მიმართულებას) შეესაბამება. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც: ქართველმა ბოლშევიკებმა, სანამ საქართველო ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციასა და შემდეგ სსრ-კავშირის შემადგენლობაში შევიდოდა, საბაჟოები და სასაზღვრო-გამშვები პუნქტები რუსეთთან სწორედ 7 მაისის დოკუმენტის მესამე მუხლში მოცემული საზღვრის თანახმად დააწესეს. ძირითადად იგივე საზღვარი დარჩა 1922 წლის შემდეგაც (ოღონდ მოკავშირე რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრის სტატუსით), როცა საქართველო უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოექცა. და ბოლოს, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების დროს საქართველოს სახელმწიფო საზღვრად (რუსეთთან მიმართებით) სწორედ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით დაფიქსირებული მიჯნები დარჩა. ამავე საზღვრებში აღიარა 1992 წლის 1 ივლისს რუსეთის ფედერაციამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

ახლა უკვე დადგა დრო ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მიკერძოებულად და ტენდენციურადაა განხილული საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში, რომლებიც განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ მომრავლდა. პუბლიკაციებში ეჭვქვეშაა დაყენებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების სამართლიანობა და 1920 წელს საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის არსებობის ფაქტი.

(გაგრძელება იქნება)
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე