RSS
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და აფხაზეთის საკითხი III ნაწილი
27.04.2010 11:14
სიმონ კილაძე

შამბა-ნეპროშინის „აღმოჩენა“: აფხაზეთი 1920 წელს თურმე დამოუკიდებელი ყოფილა!

აფხაზეთი საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების რევიზიის ერთ-ერთი პირველ მცდელობას წარმოადგენს ტარას შამბასა და ალექსანდრე ნეპროშინის ვრცელი ნაშრომი სათაურით „აფხაზეთი: სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი საფუძვლები“, რომელიც 2003 წელს ცალკე წიგნადაც გამოიცა. ნიშნადობლივია, რომ ორივე ავტორი რუსეთში მოღვაწეობს და, რასაკვირველია, თვით წიგნიც პრორუსული, პროაფხაზური და ანტიქართული ხასიათისაა: პატივცემული პროფესორები ყველანაირად ცდილობენ მიჩქმალონ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის ფაქტი და ამ მხრივ არ ერიდებიან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებისა და მოვლენების კონიუნქტურულ, მიკერძოებულ და ტენდენციურ გაშუქებას, მათ უხეშ ინტერპრეტაციას და ამით არსებული ჭეშმარიტების დევალვაციას ეწევიან.

იმოწმებენ რა 1918 წლის 9 თებერვლის საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრის დებულებებს, შამბა-ნეპროშინის ტანდემი ამტკიცებს, რომ აფხაზეთს ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე (ე.ი. 26 მაისამდე) გააჩნდა თავისი სუვერენული ტერიტორია და ხელისუფლება, მაგრამ ამგვარი მტკიცება არასწორია: დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ეროვნული საბჭო თანახმაა აღდგეს ერთიანი და განუყოფელი აფხაზეთი მდინარე ენგურიდან მზიმთამდე“, ანუ ეს ნიშნავს, რომ იმ დროისათვის აფხაზეთის სუვერენული ტერიტორია ჯერ-ჯერობით არ იყო დაფიქსირებული და შესაბამისად, არც ვითომდა სუვერენული ხელისუფლების ძალაუფლება არ ვრცელდებოდა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. წიგნის ამ ნაწილში შამბა-ნეპროშინი უარყოფითად ასახავენ საქართველოს პოლიტიკას აფხაზეთისადმი და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ მოგვიანებით, 1918 წლის ივნისში სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ გააერთიანა აფხაზეთი და სოხუმის ოკრუგს ტერიტორიები ფსოუს გადაღმა, თითქმის მდინარე მზიმთამდე მიუერთა (მხედველობაში გვაქვს საქართველოსა და სამხრეთ რუსეთის მთავრობის ჯარების - ე.წ.დენიკინის მოხალისეთა არმიას შორის მომხდარი სამხედრო კონფლიქტის შედეგები).

წიგნის ავტორები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მთიელთა რესპუბლიკასთან იყო გაერთიანებული სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით. განვმარტავთ: სიმართლეა, რომ მთიელებმა დამოუკიდებლობა საქართველოზე ადრე, 1918 წლის 11 მაისს გამოაცხადეს, მაგრამ სიცრუეა, რომ აფხაზეთი მთიელთა რესპუბლიკაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით სარგებლობდა. შამბა-ნეპროშინის მოსაზრება არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება, მათი დებულება სინამდვილეს ეწინააღმდეგება. მართლაცდა, როგორ შეიძლებოდა აფხაზეთის დამოუკიდებლად არსებობა მთიელთა რესპუბლიკის შემადგენლობაში? ნუთუ მთიელთა რესპუბლიკა კონფედერაციას წარმოადგენდა? იმ დროისთვის სრულიად გაურკვეველი იყო ამ აბსტრაქტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის იურიდიული საფუძვლები, ხოლო მის დეკლარაციაში არაფერი არ იყო ნათქვამი მთიელთა სახელმწიფოებრივ მოწყობაზე... კიდევ ერთი ნიუანსი: მთიელთა ხელისუფლება ძირითადად დაღესტანსა და ჩეჩნეთზე ვრცელდებოდა, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთთან შედარებით ახლოს მდებარე ჩრდილოეთ კავკასიის რაიონებზე.... გარდა ამისა, რომელი სუვერენული აფხაზეთის მთიელთა რესპუბლიკის შემადგენლობაში ყოფნაზეა საუბარი, როცა იმ დროს აფხაზეთში ბოლშევიკები პარპაშობდნენ, აფხაზური ელიტა კი კომუნისტებისგან გადარჩენასა და დახმარებას საქართველოს სთხოვდა?!

პროფესორთა ტანდემი იშველიებს 1918 წლის 8 და 11 ივნისს საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს (ადგილობრივი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მართვის ორგანოს) შორის დადებულ შეთანხმებებს და აცხადებს, რომ ამ დოკუმენტებით თბილისმა სოხუმის ხელისუფლების დამოუკიდებლობა აღიარაო. არადა, ტექსტში აბსოლუტურად არაა ნახსენები აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო და არც მისი სუვერენობა-დამოუკიდებლობის აღიარება. ეს შეთანხმება არეგულირებდა მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების (მთავრობისა) და ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების - აფხაზეთის სახალხო საბჭოს უფლება-მოსილებებს. როგორ იქნებოდა აფხაზეთი დამოუკიდებელი, როცა აფხაზეთის ადგილობრივ ორგანოებს თბილისი აფინანსებდა (მე-3 და მე-5 მუხლები), როცა აფხაზეთზე საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი კანონები ვრცელდებოდა (მე-6 და მე-8 მუხლები) და როცა საგარეოპოლიტიკური საკითხების გადაჭრა (მე-4 მუხლი) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა იყო?

უფლებამოსილებათა ამგვარი გამიჯვნა საკმაოდ ჩამოჰგავს ერთიანი სახელმწიფოს ფედერაციული ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობას, რაც იმ პერიოდის პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებული იყო, მით უმეტეს ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ტერმინ „ფედერაციის“ კლასიკური მნიშვნელობით ხმარება ქართულ-აფხაზური ურთიერთდამოკიდებულების სფეროში ძალზე გადაჭარბებული იქნებოდა.

ყურადღება მივაქციოთ: შეთანხმებათა დადების მომენტში აფხაზეთი არ არის ცალკე სახელმწიფო, ხოლო აფხაზეთის სახალხო საბჭო - არ არის აფხაზეთის მთავრობა, ის მხოლოდ პოლიტიკური, წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოების ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. არადა, წიგნის ავტორები ჯიუტად, ფაქტების გაყალბებით ცდილობენ აფხაზური სეპარატიზმისათვის აბსტრაქტული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის რაღაც საფუძვლების ხელოვნურად შეთხზვას...

ამგვარად, 1918 წლის ივნისში და მით უმეტეს, 1920 წლისათვის აფხაზეთი რეალურად შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმ პოსტულატს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დე-ფაქტოდ და დე-იურედ მტკიცედ აკონტროლებდა სოხუმის ოკრუგის ტერიტორიას. ამის დამადასტურებელია 1919 წლის 20 მარტს არჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი სახელწოდებით „აფხაზეთის ავტონომიის აქტი“, რომელშიც სიტყვა-სიტყვითაა ჩაწერილი: „აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში როგორც მისი ავტონომიური ერთეული“. შევნიშნავთ, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მიღებული ამ დოკუმენტით ფაქტიურად გაუქმდა ადრე დადებული შეთანხმებები ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომლებთაც ასე ელოლიავებიან ავტორები.

რაც შეეხება შამბა-ნეპროშინის მიერ დამოწმებულ მთიელთა რესპუბლიკას, ის უკვე სახელმწიფოს სახით აღარ არსებობდა, ხოლო მისი ემიგრანტული მთავრობა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იყო შეყუჟული.

აფხაზეთის „დამოუკიდებელი სტატუსის“ ზემოთაღნიშნული ყალბი დებულებების საფუძველზე პროფესორები ტარას შამბა და ალექსანდრე ნეპროშინი აცხადებენ, რომ 1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება უსამართლო და უკანონოა, რადგან თურმე დოკუმენტი სუვერენული აფხაზეთის თანხმობის გარეშე გაფორმებულა, თურმე აფხაზეთი საქართველოს უნებართვოდ მიუერთებია. აქ შამბა-ნეპროშინს პროტესტის გრძნობა ებადებათ და გულისტკივილით აღნიშნავენ - მოსკოვში არც კი იყვნენ მიწვეული აფხაზეთის წარმომადგენლებიო. „ხელშეკრულების დადებისას ფაქტიურად ადგილი ჰქონდა ორი ქვეყნის (რუსეთისა და საქართველოს - ს.კ.) შეთქმულებას მესამე დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს (ე.ი. აფხაზეთის - ს.კ.) მიმართ და წარმოადგენდა სამართალსაწინააღმდეგო ქმედებას - აგრესიას, ოკუპაციას, საქართველოს მიერ აფხაზეთთან დადებული ყველა ხელშეკრულების დარღვევას, რამაც შექმნა წინამძღვრები საქართველოს მხრიდან აფხაზეთის ანექსიისა“, - აღნიშნულია წიგნში. შემდეგ ავტორები ცდილობენ თავიანთი პოზიციები ჯერ ჩვენს წელთაღრიცხვამდე შემუშავებული რომის სამართლის პრინციპებით განამტკიცონ (ორი პირის მიერ მესამის უფლებების უსამართლო დარღვევა), მერე კი თანამედროვე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საერთაშორისო სამართალს იშველიებენ, ვენის კონვენციის ჩათვლით.

ამ საკითხში შამბა-ნეპროშინის აზრთა ანალიზის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მნიშვნელოვან აქსიომას: როცა 1918-20 წლების ისტორიული მოვლენებისა თუ ფაქტების შეფასებას ვცდილობთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ არა ძველი რომის იმპერიის სამართლის ნორმებით ან 1960-იანი წლების კონვენციებით, არამედ 1918 წლისათვის არსებული საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპებით. უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური სიტუაცია, მოვლენათა რეალური არსი და იმ ეპოქისდროინდელი, ანუ მე-20 საუკუნის ათიანი წლების სახელმწიფო სამართლის დებულებები.

ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ, რომ იმ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმები უკვე არსებობდნენ და ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ ჩამოყალიბებული, მაგალითად, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტის ფიოდორ მარტენსის მიერ დაწერილ სქელტანიან ნაშრომში სახელწოდებით „ცივილიზებული ხალხების საერთაშორისო სამართალი“, რომელიც იმდროინდელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენებოდა. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა ჩვენს ნაცნობ პატივცემულ ავტორებს მარტენსის წიგნში ჩაეხედათ და წაეკითხათ, თუ როგორაა მასში განხილული სახელმწიფოს რაობა, მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა, ცენტრისა და რეგიონების ურთიერთობა, როგორ იყო განმარტებული იმ დროს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათი სუბიექტები და ფორმები, ხასიათი და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს ნაშრომი (სახელმძღვანელო) მრავალჯერ იქნა გამოცემული და 1940 წლამდე საერთაშორისო სამართლის სფეროში ერთგვარ ეტალონს წარმოადგენდა.

როგორც ფიოდორ მარტენსი მიუთითებს, სახელმწიფოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის მართლაც სუვერენული და დამოუკიდებელია, ანუ აქვს დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარების ძალა და უფლება. რუსი იურისტისა და საერთაშორისო სამართლამცოდნის მიერ ჩამოთვლილ ამ და კიდევ სხვა პირობებს იმდროინდელი საქართველო აბსოლუტურად აკმაყოფილებდა. საკმარისია ითქვას, რომ 1920 წლის მაისისათვის საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად იყო აღიარებული ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის რიგი სახელმწიფოების მიერ, ხოლო თბილისში უცხო ქვეყნების მრავალი საელჩო თუ დიპლომატიური მისია ფუნქციონირებდა. რაც შეეხება აფხაზეთს, მისი ე.წ.სუვერენიტეტი (შამბა-ნეპროშინის ინტერპრეტაციით) არცერთ საერთაშორისო თუ საშინაოპოლიტიკურ დოკუმენტში მოხსენიებული არ არის. ეს იმიტომ, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი ბუნებაში არ არსებობდა. სხვათა შორის, ფიოდორ მარტენსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.წ. ნახევრად დამოუკიდებელი ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობებში არანაირი სახით არ მონაწილეობენ, აფხაზეთს კი არც „ნახევრადდამოუკიდებელი ქვეყნის“ სტატუსიც არ გააჩნდა.

შესაბამისად, აბსოლუტურად მცდარი და არასწორია პატივცემული პროფესორების მტკიცება, თითქოსდა რუსეთთან ხელშეკრულების დადებისა და საზღვრების გარკვევის დროს საქართველოს მთავრობას თურმე აფხაზეთისგან ნებართვა უნდა აეღო. იმ პერიოდში და იმ ეპოქაში მოქმედი საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, ცენტრი ამგვარ საკითხებს რეგიონების დაუკითხავად, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით წყვეტდა (ვისაც არ სჯერა, ვურჩევ ფიოდორ მარტენსის წიგნი ყურადღებით წაიკითხოს).

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვიმეორებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების ფორმა, მიზნები და ხასიათი სავსებით შეესაბამება იმ დროისათვის არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და მხარეთა ინტერესებს. რაც შეხება ცალკეულ მუხლებში მოცემულ ზოგიერთ დებულებას, რომელიც საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) ოპოზიციური დეპუტატების მიერ ნეგატიურად და გაუმართლებელ კომპრომისებად იქნა მიჩნეული (მხედველობაში გვაქვს მე-10 მუხლი და „დამატებები“), ეს ფაქტი ხელშეკრულების ძირითად დადებით ხასიათს ვერ აკნინებს.

სამწუხაროდ, ტარას შამბასა და ალექსანდრე ნეპროშინის ერთობლივ ნაშრომში გადმოცემული ყალბი მტკიცებები საქართველოს მტრებისა და აფხაზთა სეპარატიზმის მხარდამჭერებისათვის ერთგვარ სამოქმედო სახელმძღვანელოდ იქცა.
(გაგრძელება იქნება)


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე