RSS
ჩვენი მეზობლები: ინგუშეთი
30.04.2010 10:33
გოჩა გუნიავა
"ექსპერტთა კლუბი", ექსპერტი

გენიალური გერმანელი ფილოსოფოსი ჰეგელი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში წერდა: "მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და სრულ ერთიანობას საკუთარ თავთან. იგი აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მსოფლიოს ისტორიაში კი პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება".

ასეთი კატეგორიული შეფასებები ამ ბუმბერაზ მეცნიერს, მხოლოდ კავკასიის ხალხების ისტორიის, კავკასიელების ფსიქოლოგიის და მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების ღრმა ცოდნის საფუძველზე შეეძლო გაეკეთებინა.

არ არის გამორიცხული, რომ თავისი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ჰიტლერული ვერმახტიც გარკვეულწილად ითვალისწინებდა თავისი დიდი წინაპრის დამოკიდებულებას კავკასიელების მიმართ და შეძლებისდაგვარად ცდილობდა მათთან საერთო ენის გამონახვას. ხაზგასმულად აღინიშნებოდა კავკასიელების რასობრივი წარმომავლობის უპირატესობა, გენეტიკური ნიჭიერება და სხვა დადებითი თვისებები. გერმანელები ადვილად ამყარებდნენ კონტაქტებს მათ ავტორიტეტულ წარმომადგენლებთან, რაც ზოგიერთ ხალხს და პირველ რიგში ინგუშებსა და ჩეჩნებს შემდგომში ყაზახეთსა და შუა აზიაში გადასახლებად დაუჯდათ.

კავკასიელების გულის მოგების ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა მათ ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც 200 წლის მანძილზე მახვილითა და ცბიერებით ჯიუტად ცდილობდა ამ ლაღი ხალხების ნებისყოფის გატეხას, წრფელი გული და გახსნილი სული კი ორივე მხარეს ააცილებდა მრავალ ტკივილს და აურაცხელ უდანაშაულო მსხვერპლს.

კავკასია ერთიანი, მთლიანი, მაგრამ მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი ორგანიზმია. იგი თავისი თვითმყობადობითაა საინტერესო საერთო საკაცობრიო ცივილიზაციისათვის და მისი დაშლა-დაქუცმაცების და დაკნინების ყოველგვარი მცდელობა კრახისთვისაა განწირული. მისი არსი და მთლიანობა ვერ შეცვალა ვერც ხალხთა ერთმანეთზე გადაკიდებამ, ვერც მოსახლეობის მასიურმა ხოცვა-ჟლეტვამ და აყრა-გადასახლებამ.
იმ ჰეგელისეული მთლიანის პატარა, მაგრამ ორგანული ნაწილს წარმოადგენენ ინგუშებიც, რომლებიც თავის თავს ღალღას უწოდებდნენ, ქართულ ისტორიოგრაფიაში კი ღლიღვების სახელით არიან ცნობილი.

ინგუშეთი

იგუშეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს შორის ყველაზე პატარაა თავისი ტერიტორიის მოცულობით (სადაო ტერიტორიების გამო მიუთითებენ 3400 ან 3600კვ.კმ), ხოლო მოსახლეობამ 2009 წლის მონაცემებით შეადგინა 520 ათასი სული, რომელთაგან 436 ათასი ინგუშია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის შობადობის მხრივ ინგუშეთი პირველ ადგილზეა. 1992 წელს ინგუშეთის მოსახლეობა შეადგენდა 211 ათასს, 1998 წელს 313 ათასს, 2002 წელს 467 ათასს, ხოლო 2009 წელს 536 ათასს სულს. ინგუშებს გარდა რესპუბლიკაში ცხოვრობენ ჩეჩნები 92 ათასი და რუსები 6 ათასი. ჩეჩნეთის ომების შემდეგ რუსულენოვანი მოსახლეობა ინგუშეთში მნიშვნელოვნად შემცირდა.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად ოფიციალურ სახელმწიფო ენებად გამოცხადებულია ინგუშური და რუსული.

ინგუშეთის დედაქალაქი 2000 წელს ნაზრანიდან მაგასში გადავიდა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით აშენდა.

ინგუშეთს ტერიტორიული დავა აქვს ჩრდილოეთ ოსეთთან და ჩეჩნეთთან. ინგუშეთი თავის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევს ჩრდილოეთ ოსეთისთვის გადაცემულ პრიგოროდნის რაიონის ნაწილს, რომელიც აღმოსავლეთით ვლადიკავკაზს ესაზღვრება და ინგუშებით დასახლებულ სოფელ ხურიკაუს, რომელიც მას ყაბარდო-ბალყარეთისაგან ვიწრო ზოლით აშორიშორებს.

ინგუშეთი და ჩეჩნეთი სადაოდ მიიჩნევენ მათ საზღვარზე მყოფ სუნჟენის რაიონის ტერიტორიას, რომელიც ადრე დამოუკიდებელ სუნჟენის კაზაკთა ოლქს ეკუთვნოდა. ინგუშეთი ასევე მოითხოვს, რომ მას დაუბრუნდეს ადრე ჩამორთმეული ინგუშებით დასახლებული სოფლები ბამუტი და ვალერიკი.

საქართველოსთან ინგუშეთს 35 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, რომელიც მაღალ და მიუვალ ქედზე გადის.

ინგუშეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აღმსარებლობა სუნიტური ისლამია თავისი რამდენიმე განშტოებით. რესპუბლიკაში დარეგისტრირებულია 15 მუსულმანური თემი, 45 მეჩეთი, 26 მედრესე და დაბა ორჯონიკიძევსკაიაში მოქმედი ისლამური ინსტიტუტი. ყველა რელიგიურ დაწესებულებას მეურვეობას უწევს ინგუშეთის მუსულმანთა სასულიერო სამმართველო.

ქალაქ ყარაბულახში, დაბა ორჯონიკიძევსკაიაში და სტანიცა ტროიცკაიაში მოქმედებენ მართლმადიდებლური ეკლესიები.

ინგუშეთის რესპუბლიკის ძირითადი კანონია 1994 წლის 27 თებერვალს რეფერენდუმით მიღებული კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის მეთაურად ითვლება 5 წლით არჩეული პრეზიდენტი. ადრე ეს თანამდებობები ეჭირათ რუსლან აუშევს და ვალერი ზიაზიკოვს. 2008 წლის დეკემბრიდან დღემდე რესპუბლიკას რუსეთის პრეზიდენტის წარდგინებით არჩეული იუნუსბეკ ევკუროვი მართავს.

მთავარი საკანონმდებლო ორგანოა რესპუბლიკის სახალხო კრება (პარლამენტი), რომლის 21 დეპუტატს საყოველთაო არჩევნებზე ირჩევენ.

ინგუშები ჩეჩნებთან ერთად იმ ძურძუკების მემკვიდრეები არიან, რომლებიც XIV საუკუნეში თემურ ლენგმა გაანადგურა, დარჩენილი ნაწილი კი იძულებული იყო მიუვალ მთებში გადასახლებულიყო. კერპთაყვანისმცემელ ინგუშებში ქრისტიანობა საქართველოდან შემოსულმა მისიონერებმა შეიტანეს. იქ დღემდეა შემონახული XI საუკუნეში აგებული თხაბაერდის ცნობილი ქრისტიანული ძეგლი. XVI საუკუნიდან ინგუშეთში ჩეჩნეთიდან გავრცელება დაიწყო ისლამმა, რაც მალე გაბატონებული რელიგია გახდა.

ადრე ინგუშებს თავისი ერთიანი სახელმწიფო არ ჰქონიათ.

1810 წლის აგვისტოში ქ.ვლადიკავკაზში ექვსი გავლენიანი ინგუშური ტაეპის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის აქტს, რომლის მიხედვითაც მათ უფლება ეძლეოდათ ესარგებლათ თერგისპირა ნოყიერი მიწებით, თავის მხრივ კი ვალდებულებას კისრულობდნენ რუსეთის მტრებთან საბრძოლველად გამოეყვანათ ათას კაციანი ლაშქარი და თავის ტერიტორიაზე დაბრკოლების გარეშე გაეტარებინათ რუსეთის ჯარები, აღმოეჩინათ მათთვის ყოველგვარი დახმარება. იმავე წელს ჩაეყარა საფუძველი ნაზრანის ციხე-სიმაგრეს.

კავკასიური ომის დროს ინგუშები შამილის მხარეს დადგნენ და ორი დამოუკიდებელი ისლამური ვილაიეთი დააარსეს არშტინსა და გალაშკში.

1858 წელს ინგუშეთში მოხდა მოსახლეობის მასიური გამოსვლა, რომელიც ნაზრანის აჯანყების სახელით არის ცნობილი. აჯანყების მიზეზი იყო იმპერიის სამხედრო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სამხედრო წესებით ემართათ მოსახლეობა. მეამბოხეებს სასტიკად გაუსწორდნენ.

რუსეთ-თურქეთის ომის დროს ხელისუფლებამ ოსური და ინგუში მოსახლეობის წარმომადგენლებისგან ჩამოაყალიბა მთიელ ცხენოსანთა ასეული, რომელიც შემდგომში ყაბარდოელებით და ბალყარელებით შეავსეს. ეს შენაერთი საქვეყნოდ ცნობილი "ველური დივიზიის" ჩამოყალიბების საფუძველი გახდა, რომლსაც შემდგომში დიდი მთავარი მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვი სარდლობდა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა დამოუკიდებელი რესპუბლიკა თურქეთის აქტიური მხარდაჭერით შეიქმნა და როგორც მისი მოკავშირე ფართო ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით სარგებლობდა. დენიკინის თეთრგვარდიელებმა გარეკეს მათი მთავრობა, რომელიც შემდგომში თბილისში აფარებდა თავს.

1924 წელს შეიქმნა ინგუშეთის ავტონომიური ოლქი, ხოლო 1936 წელს გაერთიანებული ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა.

მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში გერმანიის არმიამ ჩრდილოეთ კავკასიის ნაწილი ჩაიგდო ხელში. სხვადასხვა ფრონტზე საბჭოთა არმიის რიგებში ომობდა 6 ათასზე მეტი ინგუში ოფიცერი და ჯარისკაცი, 2 ათასი ომში დაიღუპა, 27 მათგანმა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მოიპოვა.

ამავე დროს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს აღრიცხვაზე ჰყავდა 200-მდე შეიარაღებული ჩეჩნურ-ინგუშური შეიარაღებული დაჯგუფება, სადაც 3 ათასზე მეტი კაცი ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას.

1943 წლის ოქტომბერში ჩეჩნეთ-ინგუშეთში ჩასულმა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა კომისარის მოადგილემ ბოგდან ქობულოვმა უპატაკა მოსკოვს, რომ ჩეჩნები და ინგუშები მასობრივად აცხადებდნენ უარს სამხედრო გაწვევაზე, გადიან ტყეში და იარაღით ხელში ებრძვიან საბჭოთა ხელისუფლებას. მისივე მონაცემებით ამ დროისთვის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებდა 38 რელიგიური სექტა, რომელშიც 20 ათასზე მეტი პირი იყო გაერთიანებული. დაფიქსირებული იყო მათი და შეიარაღებული დაჯგუფებების ცნობილი ლიდერების ხასან ისრაილოვისა და ბაირბეკ შარიპოვის კონტაქტები გერმანიის ჯარების სარდლობის წარმომადგენლებთან.

1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან ყაზახეთსა და შუა აზიის რესპუბლიკებში 478 ათასი ადამიანი გადაასახლეს, მათ შორის 91 ათასი ინგუში იყო.

1944 წლის მარტში ლიკვიდირებული ავტონომია აღდგენილ იქნა 1957 წლის 9 იანვარს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით.

ჯოხარ დუდაევის ხელისუფლებაში მოსვლისა და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სახალხო რეფერენდუმზე მოღებული გადაწყვეტილებით ინგუშეთი რუსეთის ფედერაციას შეუერთდა.

1992 წლის შემოდგომაზე ტერიტორიულ ნიადაგზე ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის მოხდა შეიარაღებული კონფლიქტი, რამაც არსებული საზღვრები ვერ შეცვალა, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები მთელი ინგუში მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებიინა საკუთარი სახლ-კარი და გადასახლებულიყო ინგუშეთში. ოსურ-ინგუშური კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია.

ინგუშეთის ბოლო ოცი წლის ისტორიას, მის წარმატებებს თუ შეფერხებებს ობიექტურად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით უკავშირებენ სამი პრეზიდენტის ხელმძღვანელობის სამ პერიოდს.

სამივე მათგანი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსანი ოფიცერი იყო, სამივე მათგანი ცდილობდა მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციები მიესადაგებინა არსებულ ვითარებასთან, მხარში ამოდგომოდა საკუთარ ხალხს.

რუსლან აუშევი - საბჭოთა არმიის გენერალი, ავღანეთის გმირი (გმირობა მან ბესლანის ტრაგედიის დროსაც დაამტკიცა), ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი. 1992 წელს იგი არჩეულ იქნა ინგუშეთის პრეზიდენტად, მაგრამ მალე გადადგა, რადგან ვერ შეასრულა ხალხისთვის მიცემული სიტყვა ლტოლვილების პრიგოროდნის რაიონში დაბრუნების შესახებ. ამ გადადგომას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ 1993 წლის თებერვალში იგი განმეორებით ყოფილიყო არჩეული 99,94% ხმების უპირატესობით. რ.აუშევის ძალისხმევით 1994 წელს ინგუშეთი გამოცხადდა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად. მოხდა ბევრი კანონის ლიბერალიზაცია.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს რ.აუშევი ცდილობდა შეენელებინა კავკასიელების მიმართ რუსეთის მხედრიონის სიმკაცრე, ჰქონდა უშედეგო წინადადება თუნდაც რაიონული და საქალაქო სამართალდამცავი ორგანოების რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადაყვანის შესახებ.

რ.აუშევი ცდილობდა აღედგინა და განემტკიცებინა კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან. ამ მიზნით მან ქართულ მხარეს შესთავაზა წინადადებები ეკონომიკის, ტრანსპორტის, კულტურის, სპორტულ-ახალგაზრდულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ამ ინიციატივებმა განხორციელება ვერ ჰპოვა, რადგან რუსეთ-ჩეჩნეთის ომების შედეგების გათვალისწინებით რუსეთის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ გამკაცრებული იზოლაციის პოლიტიკა შეიმუშავა.

2002 წლის მაისში რ.აუშევის მმართველობის ხანა ინგუშეთში შეწყდა. ჩრდილოეთ კავკასიაში მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური ვითარებასთან დაკავშირებით 2010 წლის თებერვალში ჟურნალ "ოგონიოკისთვის" მიცემულ ინტერვიუში რ.აუშევი ამბობდა: ჩრდილოეთ კავკასიის ახალი ფედერალური ოლქის შექმნა კავკასიის პრობლემების რადიკალურ გადაწყვეტას ხელს ვერ შეუწყობს. მარტო დაფინანსების გაზრდით სირთულეები ვერ მოგვარდება. მცირერიცხოვანი ინგუშები უგზოუკვლოდ გამქრალ 180 თანამემამულეს ეძებენ. მათ ახლობლებს ფულით ვერ მოისყიდიან. ხელისუფლებამ იმდენი ფული დახარჯა უაზრო ღონისძიებებზე, რომ ამ თანხით სამი ახალი კავკასია აშენდებოდა და აყვავდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიაში უბრალოდ კი არ ესვრიან სახელისუფლო და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მათზე ნადირობენ. ასეთ გამწვავებამდე არ უნდა მიეყვანათ საქმე. უნდა გაიგონ, რომ მიმდინარეობს იდეოლოგიური და შეიარაღებული ომი სალაფიტებსა და ტრადიციული ისლამის მხარდამჭერებს შორის. ამ უკანასკნელთა გვერდით ავტორიტეტდაკარგული ხელისუფლება და დრომოჭმული სასულიერო ხელმძღვანელობაც მოიაზრება. რადიკალები სულ უფრო და უფრო მეტ მომხრეებს იძენენ ახალგაზრდობაში. მათთან ბრძოლა კი იარაღით შეუძლებელია. თვითონ ციმბირიდან ჩამოსულმა ალექსანდრე ხლოპონინმა მოადგილეებიც ციმბირიდან ჩამოიყვანა. უკეთესი იქნებოდა მისთვის 100 ფსიქოლოგი დაენიშნათ მრჩევლად, რომლებიც სულში ჩახედავდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულ და თავისუფლად მოაზროვნე კავკასიელებს და შეიმუშავებდნენ მათთან საერთო ენის მონახვის რეკომენდაციებს. იარაღის ძალითა და შანტაჟით ბრძოლის ფორმამ თავისი თავი ამოწურა - საქვეყნოდ განაცხადა ექს-პრეზიდენტმა რუსლან აუშევმა.

გენერალი რუსლან აუშევი ინგუშეთის პრეზიდენტის პოსტზე 2002 წლის გაზაფხულზე რუსეთის უშიშროების სამსახურის ასტრახანის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მურატ ზიაზიკოვმა შეცვალა.

მისი პრეზიდენტობის დროს გარკვეული ყურადღება ეთმობოდა საბინაო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობას, კორუფციასთან ბრძოლას, მაგრამ არსებული ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე ვერ ახერხებდა სასურველი ზემოქმედება მოეხდინა ბევრ უარყოფით მოვლენაზე.

2008 წლის ოქტომბერში პრეზიდენტ დ.მედვედევის გადაწყვეტილებით მ.ზიაზიკოვი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

იუნუსბეკ ევკუროვი - რუსეთის არმიის გენერალი, რუსეთის გმირი, კოსოვოს ცნობილი სპეცოპერაციის ერთერთი ორგანიზატორი. გაპრეზიდენტებიდან 6 თვის შემდეგ, 2009 წლის 22 ივნისს სასწაულებრივად გადაურჩა მასზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.

მიუხედავად ასეთი განსაცდელის გადატანისა ი.ევკუროვი ყოველნაირად ცდილობს იპოვოს გამოსავალი იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელსაც ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა დიმიტრი რაიმსმა "ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკური ლაბირინთი" უწოდა.

ი.ევკუროვის სახელს უკავშირდება დაუსაქმებელი მოსახლეობის ურალსა და აღმოსავლეთ ციმბირში ჩასახლების წინადადება, რაც ინგუში ხალხის დეპორტაციის მორიგ მცდელობად შეფასდა. მას ეყო გამბედაობა, რომ შესულიყო ინიციატივით რუსეთიდან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მოვლინების შეწყვეტის შესახებ, რადგან მათ სახელს უკავშირდება ადამიანების გატაცება, გაუმართლებელი სისასტიკე და ყოველგვარი უკანონო ქმედება.

პრეზიდენტ ი.ევკუროვს არც ერთმორწმუნე ქუვეითელებთან ჩასვლა დაზარებია, რომლებიც მას ინგუშეთის ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადებას და ქალაქ მაგასში უდიდესი ისლამური კომპლექსის აშენებას დაპირდნენ.

მიუხედავად პრეზიდენტის ასეთი მცდელობისა ინგუშეთში მდგომარეობა ყოველდღიურად იძაბება. ბოლო არ უჩანს მეამბოხე ბოევიკების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან სპეციალურ ოპერაციებს და რეპრესიებს, რომლებიც ორივე მხარეს უამრავი სისცოცხლის ფასად უჯდება. არ თავდება ადამიანების გატაცება, მათი უდანაშაულოდ დასჯა და ღირსების შემლახველი ქმედებები, რაც მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების მკვეთრ საპასუხო რეაგირებას იწვევს.

ინგუშებს სჯერათ, რომ მათი თავგანწირული ბრძოლა შედეგს გამოიღებს და მათ მიწაზე ნანატრი მშვიდობა დაისადგურებს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე