RSS
საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და აფხაზეთის საკითხი - IV ნაწილი
04.05.2010 12:09
სიმონ კილაძე
"ექსპერტთა კლუბი"

საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების კრიტიკოსთა და აფხაზ სეპარატისტთა აქტიურ მხარდამჭერ თანამედროვე რუს ექსპერტ-პოლიტოლოგებს შორის გამოირჩევა ანატოლი ციგანოკი, სამხედრო და პოლიტიკური ანალიზის ინსტიტუტის თანამშრომელი, პოლკოვნიკის ჩინით, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წევრიცაა.

ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ანატოლი ციგანოკმა რუსეთის ელექტრონულ მასმედიაში რამდენიმე კვლევითი სტატია გამოქვეყნა (მაგ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები“, „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეცდომები კავკასიის მიმართულებით“ და ა.შ.), რომლებშიც იგი, იმეორებს რა სიტყვა-სიტყვით შამბა-ნეპროშინის ყალბ დებულებებს, მას საკუთარ ნააზრევსაც უმატებს და აფხაზეთს 1918 წლიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიჩნევს.

რუსი სამხედრო მკვლევარის აზრით, რადგან აფხაზეთის სახალხო საბჭომ 1917 წლის ნოემბერში მიიღო დადგენილება ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი „მთიელების, კაზაკებისა და სტეპის თავისუფალი ხალხების სამხრეთ-აღმოსავლეთ კავშირში“ გაერთიანების შესახებ, ეს ნიშნავს, რომ სოხუმის ოკრუგი უკვე გამოეყო ქუთაისის გუბერნიას და იმდროინდელი ამიერკავკასიისაგან (ანუ ამ შემთხვევაში საქართველოსგან) დამოუკიდებელი გახდა. ამ შემთხვევაში ანატოლი ციგანოკი მხოლოდ „შიშველი ფაქტებით“ მანიპულირებს და ყურადღებას არ აქცევს არც აფხაზეთის სახალხო საბჭოს ხსენებული დადგენილების ფიქტიურ ხასიათს, არც იმ პოლიტიკურ სიტუაციას, რომლის გავლენით იქნა მიღებული გადაწყვეტილება „სამხრეთ-აღმოსავლეთ კავშირში“ გაერთიანების თაობაზე: არადა, ეს ის დროა, როცა რუსეთში, განსაკუთრებით კი მის სამხრეთ ნაწილში (კერძოდ, კავკასიაში) რთული პროცესები მიმდინარეობს, ცენტრის კონტროლი განაპირა მხარეებზე შესუსტებულია, ადგილებზე ყალიბდება პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლობითი ორგანოები (საბჭოები), რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ეროვნული ინტერესების გამომხატველ ინსტიტუტებს წარმოადგენენ. ამგვარი ორგანოები კავკასიაში საკმაოდ მრავლად იყო, თუმცა ყველა ისინი საკუთარ თავს და შესაბამისად იმიერ-ამიერკავკასიას კვლავ რუსეთის შემადგენლობაში განიხილავდნენ, საუბრები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე ჯერ-ჯერობით არ მიდის. უფრო მეტიც - ამიერკავკასიას (სოხუმის ოკრუგის ჩათვლით) საკმაოდ მტკიცედ აკონტროლებს ჯერ „ოზაკომი“ („ოსობიი ზაკავკაზსკიი კომიტეტ“ - რუსეთის დროებითი მთავრობის ადგილობრივი ადმინისტრაცია), შემდეგ კი რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები - ამიერკავკასიის კომისარიატი და სეიმი, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები დომინირებდნენ. სწორედ ქართველების დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ამიერკავკასიის კომისარიატის 1917 წლის 7 დეკემბრის დადგენილების თანახმად, სოხუმის ოკრუგს გაგრის რაიონი მიუერთდა, ე.ი. აფხაზეთი, შეიძლება ითქვას, კომისარიატისადმი დაქვემდებარებულ პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში შედიოდა. გარდა ამისა, შენარჩუნებული იყო ერთიანი ფინანსურ-ეკონომიკური და საკომუნიკაციო სისტემაც.

ასე რომ, აფხაზეთზე რეალურად ვრცელდებოდა ამიერკავკასიის კომისარიატისა და სეიმის უფლებამოსილება და ამ თვალსაზრისით რუსი მკვლევარის მტკიცება, თითქოსდა აფხაზეთი საქართველოსგან გამოყოფილი იყოო, უსაფუძვლო, აბსტრაქტული და მცდარია.

ანატოლი ციგანოკს ასევ ზუსტად აქვს გადაწერილი შამბა-ნეპროშინის შეფასებები 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებების შესახებაც, იმეორებს რა ზემოთ მოხსენიებულ რომის სამართლის ნორმებს და 1960-იანი წლების ვენის კონვენციებს. როგორც ჩანს, რუსმა მკვლევარმა თავი არ შეიწუხა დამატებითი საარქივო მასალების მოკვლევით, არ გადაამოწმა პატივცემული პროფესორების ნააზრევი და მკითხველს საკუთარ მტკიცებულებად წარუდგინა. პლაგიატორ ანატოლი ციგანოკის სტატიის დებულებები იგივეა - თითქოსდა „1920 წელს საქართველომ სხვა უცხო სახელმწიფოს (აფხაზეთის) ტერიტორია მიითვისა და ეს განახორციელა მესამე მხარესთან - რუსეთთან შეთქმულების საფუძველზე“.

კიდევ ერთი ავტორი, რომელიც საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების რევიზიას ცდილობს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის („მგიმო“) შედარებითი პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი ელენა პონომარიოვაა. ამასთან, ქალბატონი ელენა ამ საკითხში მაინც და მაინც ორიგინალური არ არის - შარშან დეკემბერში „მგიმო“-ს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: სამომავლო ურთიერთობა საქართველოსთან“ იგი იმავე ე.წ. „არგუმენტებით“ სარგებლობს, რომლებიც მისმა წინამორბედებმა - შამბა-ნეპროშინ-ციგანოკმა მკითხველს საბოლოო ჭეშმარიტებად წარმოუდგინეს. პონომარიოვას მასალის გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ავტორმა სტატიის ტექსტი, უბრალოდ, რუსი პოლკოვნიკის მსგავსად, ჩვენთვის ცნობილი პროფესორების წიგნიდან გადაიწერა. არადა, „მგიმო“-ს დოცენტს ხომ შეეძლო ჩაეხედა არქივში, საკუთარი თვალით ენახა პირველწყაროები, წაეკითხა 1920 წლის აპრილ-მაისის რუსეთის ცენტრალური გაზეთები, გაცნობილიყო იმდროინდელ სამეცნიერო ლიტერატურას საერთაშორისო სამართლის სფეროში და დარწმუნდებოდა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულება სავსებით შეესაბამება იმ პერიოდში არსებულ საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს.

აი, ასე „დასეირნობს“ რუსული მედიის ინტერნეტ-სივრცეში არაობიექტურ მეცნიერთა მიერ ხელოვნურად გამოგონილი, უსაფუძვლოდ შეთხზული მტკიცებულებები, რომლებიც სახელმძღვანელოდ და უდავო ჭეშმარიტებადაა ქცეული.

დავუბრუნდეთ ისევ საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულებას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

1920 წლის ბოლოს ერთა ლიგაში განიხილებოდა ამ ორგანიზაციაში საქართველოს მიღების საკითხი. გაწევრიანების პროცესის პირველ ეტაპზე საკითხის განხილვა ე.წ მეხუთე კომიტეტში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა სახელმწიფოს სტაბილურობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს - ტერიტორიებისადმი კონტროლს და მტკიცე, მყარი საზღვრების არსებობას, მეზობლებთან ტერიტორიული დავების არსებობას. კომიტეტის სხდომაზე მხედველობაში იქნა მიღებული, რომ საქართველოს საზღვრები რუსეთთან გარკვეულია და ამ მხრივ ჩრდილოელ მეზობელთან რაიმე მნიშვნელოვანი სადაო საკითხი არ არსებობს. ბუნებრივია, სხდომაზე არ დასმულა სოხუმის ოკრუგის კუთვნილების საკითხიც, რადგან კომიტეტის წევრებისათვის ნათელი იყო: აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და მის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა. ასე რომ, რუსეთთან ერთად, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დასავლეთმაც უსიტყვოდ აღიარა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი დამოუკიდებელი აფხაზეთი არ არსებობდა, რომელიც, რუსი „აფხაზმცოდნეების“ აზრით, თითქოსდა საქართველო-რუსეთის „შეთქმულების მსხვერპლი“ გახდა!!

საინტერესოა, თუ 1920 წლის 7 მაისს აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ დაღუპვაში მართლაც რუსეთის ხელი ურევია, მაშ რატომღა იზეიმეს აფხაზებმა ამ ორიოდე თვის წინათ რუსებთან ძმობა-მეგობრობის ორასწლიანი იუბილე? იქნებ ტარას შამბამ, ალექსანდრე ნეპროშინმა, ანატოლი ციგანოკმა და სხვა რუსმა მკვლევარებმა აფხაზეთის დღევანდელი სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მოსკოვში ათენებენ და აღამებენ, ეს თარიღი შეახსენონ ხოლმე...

საქართველო-რუსეთის საზღვრის დღევანდელი მდგომარეობა
Pacta sunt servanda

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ 90 წლის წინათ ოფიციალურად დადგენილი საქართველო-რუსეთის საზღვარი საბჭოთა პერიოდშიც იგივე დარჩა, თუმცა მისი სტატუსი შეიცვალა და სახელმწიფოთაშორისოდან რესპუბლიკათაშორისოდ გარდაიქმნა, ანუ საზღვარმა საერთაშორისო-პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოს რესპუბლიკურმა საზღვარმა ჩრდილოეთით საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა - დაზუსტდა ზოგიერთი მონაკვეთი (მაგ.გაგრის რაიონში, დუშეთის რაიონში), 40-იან წლებში კი, ჩრდილოკავკასიელ ხალხთა დიდი რეპრესიების დროს, სსრ კავშირის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს შემოუერთდა ყარაჩაის ავტონომიური ოლქის ტერიტორია (1944 წლიდან - ქლუხორის რაიონის სახელწოდებით) და ჩეჩნეთ-ინგუშეთის სამხრეთი ნაწილი (ახალხევის რაიონის სახელწოდებით). ეს ტერიტორიები 1957 წლისათვის კვლავ რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდა და საზღვარმა ისევ ძველი სახე მიიღო. რასაკვირველია, მომდევნო წლებშიც ხდებოდა ზოგიერთი ცვლილებები, რაც ძირითადად სამეურნეო-სამშენებლო და მიწათსარგებლობის სფეროში შეინიშნებოდა.

როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იურიდიულად სცნო 1992 წლის 1 ივლისს, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის დაფიქსირებით, 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით (სსრ-კის დაშლამდე), შესაბამისად, აფხაზეთი იგულისხმებოდა ავტონომიურ რესპუბლიკად ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში.

ბუნებრივია, როგორც ცივილიზებულ საერთაშორისო ურთიერთობებშია მიღებული, დღის წესრიგში დადგა საქართველო-რუსეთის საზღვრის დელიმიტაციის (რუკაზე ზუსტად მონიშვნა-განსაზღვრის) საკითხიც. ამ მიზნით გასული საუკუნის 90-იან წლების მიწურულს შეიქმნა საქართველო-რუსეთის ორმხრივი შერეული კომისია, რომელმაც საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა, დადგინდა საზღვრის ძირითადი ნაწილის ზუსტი კოორდინატები, დაფიქსირდა ზოგიერთი სადაო მონაკვეთი, რომელთა განხილვა და მოგვარება კომისიის სხდომებზე პერმანენტულად უნდა განხორციელებულიყო.

რამდენადაც ცნობილია, კომისიის ქართული მხარისათვის ყველაზე რთული აღმოჩნდა საქართველო-რუსეთის საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ოსი და აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. რაც შეეხება კონკრეტულად აფხაზეთის მონაკვეთს 2008 წლის აგვისტოს ომამდე, აქ უმთავრეს პრობლემას ახახჩას მთიდან მდინარე ფსოუს სათავემდე არსებული ტერიტორიული სივრცე წარმოადგენდა, რომელიც ქართული და რუსული მხარეების მიერ წარმოდგენილ ტოპოგრაფიულ რუკებზე სხვადასხვანაირად იყო მონიშნული. სამწუხაროდ, რუსეთის წარმომადგენლები საკითხის გადაჭრას მიზანმიმართულად აჭიანურებდნენ და ამით გარკვეულწილად ხელს უწყობდნენ აფხაზური სეპარატიზმის წაქეზებას.

საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ ქართველ მესაზღვრეებს დატოვებინეს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის ერთადერთი უბანი, რომელსაც იცავდნენ - დალის (კოდორისა ხეობა) და შესაბამისად, ეს ადგილებიც აფხაზ სეპარატისტებს ჩაუვარდათ ხელში.

ე.წ. დამოუკიდებელი „აფხაზეთის რესპუბლიკის“ და რუსეთის ფედერაციის შეთანხმებით, დღეს საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ერთად იცავენ (ძირითადად მდინარე ფსოუს ქვემო წელში, თუმცა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სასაზღვრო პოსტები გაიხსნება ფსოუს ზემოთაც - სოფელ აიბღასთან და ფსხუში). აქვე შევნიშნავთ, რომ პრინციპში, რუსეთთან აფხაზებს დასაცავიც არაფერი აქვთ: თუ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მკვეთრ პრორუსულ ინტეგრაციულ პროცესებს გავითვალისწინებთ, ზემოთ ჩამოთვლილ სასაზღვრო პოსტებს ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლური და ფორმალური ხასიათი აქვს.

ამჟამად 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით დადგენილი სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო შერეული კომისიის მუშაობა შეჩერებულია, რადგან ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია. ბოლო ხანებში კი, სამწუხაროდ, ქართულ მასმედიაში გამოქვეყნებული მასალებითა და ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებების თანახმად, რუსეთი სარგებლობს საქართველოში შექმნილი რთული ვითარებით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მეტრობითა და კილომეტრობით, ნელ-ნელა ითვისებს საქართველოს მიწა-წყალს საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე.

ვფიქრობთ, მოვა დრო და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, რომელიც 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით დადგინდა, კვლავ თავის მდგომარეობას, საწყის პოლიტიკურ სტატუსს აღიდგენს - ისეთს, როგორიც 1992 წელს, ან თუნდაც 2008 წლის აგვისტომდე იყო. ხელშეკრულებები უნდა სრულდებოდეს.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე