RSS
აფხაზეთის სიდიდის ნავთობის ლაქა
19.05.2010 11:42
ირაკლი ცქიტიშვილი
ექსპერთა კლუბი

2010 წლის 20 აპრილს მექსიკის ყურეში მოხდა ავარია ნავთობის მომპოვებელ პლატფორმაზე, რომელიც განთავსებული იყო ახალი ორლეანიდან (შტატი ლუიზიანა, აშშ) სამხრეთ–აღმოსავლეთით 210 კილომეტრის დაშორებით. დაიღუპა 11 ადამიანი. მთელი სანაპირო და მექსიკის ყურე დაიფარა ნავთობის სქელი ფენით. ყოვლედღიურად იღვრება წყალში 5 ათასამდე ბარელი ნავთობი. ეკოლოგებმა უკვე შეარქვეს ამ კატასტროფას "ნავთობის ჩერნობილი".

უფრო კარგად რომ გავითავისოთ კატასტროფის შედეგები, საჭიროა ავღწეროთ რეგიონი, რომელშიც ის მოხდა. შტატი ლუიზიანა – უმსხვილესი შტატია აშშ–ში, რომელიც ზღვის პროდუქტებს აწარამოებს. ამ სფეროს ბრუნვა შეადგენს 2,4 მილიარდ დოლარს. სამოყვარულო თევზჭერით შტატის ბიუჯეტი ივსება კიდევ ერთი მილიარდით. მექსიკის ყურის სანაპირო აგრეთვე წარმოადგენს ეროვნული ბუნებრივი ნაკრძალების განთავსების ადგილს.

22 აპრილს, 36–საათიანი ხანძრის შემდეგ ყურეში ჩაიძირა სანავთობე გასაბურღი დანადგარი, რის გამოც გაჩნდა დიდი ნავთობის ლაქა. აშშ–ს სადაზღვევო კომპანიებმა დანაკარგები შეაფასეს 10 მილიარდ დოლარად. კომპანია British Petroleum-მა, რომელიც ოპერირებდა ამ ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე, დაიწყო მეთევზეთათვის კომპენსაციების გაცემა. კომპენსაცია თითოეულ მეთევზეზე შეადგენს 5 ათას დოლარს.

ნავთობი ყურეში გაედინება 1,5 კილომეტრის სიღრმეზე, სადაც აბსოლუტური უკუნითია და წყალქვეშა დინენებიბია, რაც ართულებს გაჟონვის ბლოკირებითი სამუშაოების ჩატარებას. ამერიკელებმა სრულიად გაითავისეს პრობლემა და 13 ათასმა სპეციალისტმა და ათასობით მოხალისემ მიაშურა სანაპიროს დასახმარებლად. დაახლოებით 460 საზღვაო ხომალდია განთავსებული კატასტროფის ადგილას. ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობს ათობით ავიატექნიკა. აშშ–ს მთავრობა მზადაა საჭიროების შემთხვევაში გადაისროლოს სანაპირო დაცვის 17 ათასი თანამშრომელი.

გარდა იმისა, რომ ნავთობის დაღვრამ გამოიწვია საკმაოდ სერიუზული ეკოლოგიური კატასტროფა, მან სერიოზული გავლენა იქონია სანაპირო ზოლზე განთავსებულ ტურისტულ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე.

აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კატეგორიულად აკრძალა საბურღი სამუშაოების წარმოება ოკეანურ შელფზე, რამაც მენავთობეების გულისწყრომა გამოიწვია მიუხედავად იმ ზიანისა, რაც მათი საქმიანობით მიადგა მექსიკის ყურეს. British Petroleum–ის ხელმძღვანელობა აპროტესტებს ობამას გადაწყვეტილებას და თვლის, რომ შელფზე საბურღი სამუშაობის აკრძალვა იგივეა, რაც აშშ–ს უარი კოსმოსურ პროგრამაზე პირველივე წარუმატებელი გაშვების შემდეგ. ეს განცხადება ცხადყოფს, რომ შელფზე ოკეანის სიღრმეში წარმოებული საბურღი სამუშაოები ჯერაც ახალია ისეთი ქვეყნისთვისაც კი, როგორც აშშ.

ამ კატასტროფამ დააფიქრა ძალიან ბევრი სპეციალისტი. მანვე გამოიწვია შეშფოთება არქტიკაში შტოკმანის საბადოსთან დაკავშირებით. სპეციალისტების ვარაუდით, ავარიის არქტიკაში განმეორების შემთხვევაში კატასტროფა უფრო დიდი მასშტაბის იქნება, ვინაიდან იქ ბუნებრივი პირობებიც კი არ არსებობს, რათა სრულყოფილად ჩატარდეს სალიკვიდაციო სამუშაოები.

"ნავთობის ჩერნობილის" ფონზე ჩვენთვის მეტად საინტერესოა ის პროცესები, რომელიც საქართველოს ირგვლივ, კერძოდ კი საქართველოს შავიზღვისპირეთში ვითარდება. როგორც მოგეხსენებათ, 2009 წლის 24 დეკემბერს რუსულ კომპანია "რუსნეფტსა" და აფხაზეთის კოლაბორაციონულ მთავრობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც რუსულ კომპანიას ეძლევა უფლება ჩაატაროს გეოლოგიურ–დაზვერვითი სამუშაოები შემდგომში ნავთობის მოპოვების მიზნით საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთში, შავი ზღვის შელფზე. სამუშაოების ჩატარება იგეგმება აფხაზეთის სანაპიროდან 11–12 კილომეტრში, ტუაფსედან 32 კილომეტრში, 800 მეტრის სიღრმეზე. გასაწმენდი მოწყობილობებისთვის აფხაზურ ბიუჯეტში ჩადებულია 780 მილიონი რუბლი, რაც უკვე იმას მოწმობს, რომ თავიდანვე არის გათვლილი ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხე. გეოლოგიურ–დაზვერვით სამუშაოებს "რუსნეფტი" ჩაატარებს 3,9 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. ამისათვის რუსული კომპანია აპირებს გააკეთოს 15 მილიარდი მანეთის ინვესტიცია, თუმცა არა აფხაზურ ბიუჯეტში, არამედ მის მიერ მოწვეულ სპეციალისტების ანაზღაურებაში და სხვა ტექნიკური საჭიროებისათვის. რუსეთის მხარის წინასწარი მონაცემებით, მარაგი შეადგინს დაახლოებით 270 მილიონ ტონა პირობით საწვავს


ამ კონტექსტში მეტად საინტერესოა სპეციალისტების მოსაზრება. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგის ნიკიტა კუჩერუკის აზრით, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ყველა საბადო მხოლოდ პოტენციალურია და ეყრდნობა გეოფიზიკურ მონაცემებს. გეოფიზიკა აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ იქ არის გარკვეული ე.წ. ხაფანგები (ловушки), ხოლო რა არის მათში – ნავთობი, წყალი თუ გაზი, შესაძლებელია გავიგოთ მხოლოდ გაბურღვის შედეგად.

მას ეთანხმება რუსეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის დირექტორი კონსტინტინე სიმონოვი და აცხადებს, რომ შავი ზღვის შელფის მარაგები არცთუ ისე დიდია, მაგრამ ნავთობზე ფასების მატება ზრდის პატარა საბადოების მომხიბვლელობასაც.

ასეთ პირობებში უწევთ აფხაზებს საკუთარი ინტერესების დაცვა, რაც საკურორტო ზოლის განვითარებაში გამოიხატება. ჯერ არავინ იცის, არის თუ არა რაიმე ნავთობის მაგვარი შავ ზღვაში, თუმცა უკვე მზად არიან ის მოიპოვონ და არაბულ ქვეყნებს გაასწრონ ნავთობმოპოვებაში. საინტერესოა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში არაერთგვაროვანია თვით აფხაზური მოსახლეობის დამოკიდებულებაც. ზოგიერთი სრულად ითავისებს მოსალოდნელ კატასტროფას, ზოგიერთი კი ბრმად ენდობა მარიონეტული რეჟიმის ლიდერების "პატრიოტიზმს".

მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფა კიდევ ერთი სერიოზული არგუმენტია მათთვის, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ავანტურას. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკული კატასტროფის მსგავსი რამ მოხდა აფხაზეთის ნაპირებთან. შავი ზღვა საკმაოდ პატარაა ასეთი კატასტროფისთვის. დაახლოებით ორ–სამ კვირაში ის შეიძლება მთლიანად დაიფაროს ნავთობის სქელი ფენით. აფხაზეთის ტერიტორია ზღვიდან რამოდენიმე კილომეტრში ფაქტიურად გახდება მსოფლიო კატასტროფის კერა და მრავალი წლის მანძილზე მომავალში იქ არ იქნება არც ფრინველი და არც ცხოველი. კატასტროფა მიაყენებს აუნაზღაურებელ ზიანს საქართველოს, რუსეთს და თურქეთს. ეკოლოგიურ კატასტროფაზეც რომ დავხუჭოთ თვალი, რამდენად ოპერატიულად შეძლებს რუსეთი ლიკვიდაციის სამუშაოების წარმოებას? რამდენად შეძლებს რუსეთი აანაზღაუროს ზარალი, რაც მიადგება მის მოსაზღვრე ქვეყნებს, თუ ამის გაკეთება უჭირს აშშ–საც კი?

რუსი მეცნიერის კუჩერუკის განცხადებით, სანამ წესები დაცული იქნება, ყველაფერი კარგად იქნება. "მაგრამ არავინ იცის, იქნება კი დაცული წესები. საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ყველაფერი – მხოლოდ უნიათობისა და უპასუხისმგებლობის გამო",– აცხადებს კუჩერუკი.

რუსი პოლიტოლოგის მიხეილ ჩერნოვის განცხადებით, საბჭოთა გეოლოგიურმა დაზვერვამ ნავთობი დიდი ხნის წინათ აღმოაჩინა, თუმცა სხვადასხვა გარემოებების გამო საბადოების დამუშავება არ ხდებოდა. საბჭოთა კავშირში ნავთობი ბევრი იყო და მშვენიერი აფხაზური კურორტების საფრთხის ქვეშ დაყენების არანაირი საჭიროება არ არსებობდა.

რა შეიცვალა მას შემდეგ? აღარავის სჭირდება აფხაზური "მშვენიერი" კურორტები? "ექსპერტთა კლუბს" არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე რომ, სოჭში უმაღლესი კატეგორიის საკურორტო ზოლის მშენებლობასთან ერთად რუსეთის მხრიდან მოყვებოდა ყველანაირი მცდელობა, რათა ხელი შეეშალათ აფხაზეთში ისეთივე მაღალი კლასის საკურორტო ზოლის ჩამოყალიბებისთვის. რუსეთმა მშვენივრად უწყის, რომ ვერ მიისაკუთრებს აფხაზეთს და ცდილობს მაქსიმუმი ამოიღოს მანამ, სანამ მას ამის საშუალება ეძლევა. აფხაზეთის ზოლის დაბინძურება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან ყოველთვის შეძლებს "დასვას თავის ადგილას" თავისი მარიონეტული აფხაზური ხელისუფლება და შეუტიოს მოსახლეობას, განა მათი ბედი ეხლა რუსების ხელში არ არის?

ამ მხრივ საიმედოა ის გარემოება, რომ აფხაზთა ნაწილი ათვითცნობირებეს თუ ვისთან აქვს საქმე. ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა უკვე ღიად აფიქსირებს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსული პროექტისადმი. ისიც თვლის, რომ ნავთობმოპოვებითი სამუშაოები შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის კატალიზატორი გახდეს და არგუმენტად სწორედ მექსიკის ყურეში მომხდარ კატასტროფას იშველიებს.

იმედია, რომ აფხაზეთის მაცხოვრებლები აუბამენ მხარს იმ ადამიანებს, რომლებიც ლოგიკურად მსჯელობენ და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქართველოს მართლაც ამ მშვენიერი კუთხის ეკოსისტემას და არ დაუშვებენ აგრესიული გეგმების განხორცილებას რუსეთის მხრიდან, რომლისთვისაც ფასი აქვს მხოლოდ გაზს და ნავთობს, თუმცა ადამიანების სიცოცხლის ფასს პოლიტიკური საჭიროებისამებრ განსაზღვრავენ, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება. იმედია, რომ აფხაზები არ მოინდომებენ ერთ დილით გაიღვიძონ და ირგვლივ მხოლოდ "შავი ოქრო" დაინახონ, იმიტომ რომ ამ "ოქროს" მათთვის უკვე აღარანაირი ფასი არ ექნება. იმედს ვიტოვებთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელი ფენა ყველანაირად ხელს შეუშლის ამ ავანტიურის განხორციელებას, რომ ერთ მშვენიერ დღეს "შემთხვევით" აფხაზეთისაგან მხოლოდ ნავთობის ლაქა არ დარჩეს.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე