RSS
შამბამ წერტილი დაუსვა საქართველოს კონფედერაციულ მოწყობას
20.05.2010 10:12

სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. „პრემიერ–მინისტრის“ გულგახსნილობამ ერთბაშად მოახდინა რუსულ–აფხაზური პროპაგანდის მრავალწლიანი ძალისხმევის ნიველირება საქართველოს კონფედერაციული მოწყობისა და თბილისის მხრიდან აფხაზებთან მოლაპარაკების მხრივ დაკარგული შესაძლებლობების შესახებ,– აცხადებს „ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი ლევან კიკნაძე დოკუმენტური ფილმის „ერთი ვიზიტის ისტორია“ გაცნობის შემდეგ, რომელიც გადაიცა აფხაზური ტელევიზიის „აბაზა–ტვ“–ს მიერ.

ფილმი ეხება არძინბასა და შევარდნაძის 1997 წლის 14 აგვისტოს გამართულ შეხვედრას, რომლის ორგანიზატორიც იყო რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი და რომელმაც მაშინ გამოიწვია გარკვეული ოპტიმიზმი, თუმცა არანაირი კონკრეტული ძვრა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების საქმეში მას არ მოჰყოლია. ფილმში კომენტარს იძლევა შამბა, რომელსაც მაშინ ეკავა აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ პოსტი. ფილმში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებზე წამოწეულ იქნა „ერთიანი სახელმწიფოს“ შექმნის იდეა, რომელიც ეკუთვნოდა პრიმაკოვს და რომელზეც არსებობდა არძინბას თანხმობა.

 

ლევან კიკნაძე იხსენებს, რომ ეს თემა მრავალი წლის მანძილზე მუსირებდა რუსულ–აფხაზური პროპაგანდის მიერ. „ისინი სულ იმეორებდნენ, რომ ქართველებმა თვითონ გაუშვეს ხელიდან აფხაზეთის დაბრუნების შანსი, როდესაც განაცხადეს უარი „საერთო სახელმწიფოს“ მოდელზე, –აცხადებს ექსპერტი, – ზოგიერთი პოლიტიკური ძალაც კი საქართველოში ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას და მისაღებად თვლიდა კონფედერაციული მოწყობის მოდელს, რომლის დროსაც აფხაზეთი უნდა გამხდარიყო კონფედერაციის სუბიექტი. თუმცა შამბამ მშვენივრად ახსნა, რატომაც არ წავიდა თბილისი ამ გზით“.

„ჩვენ დავიწყეთ ამ საერთო სახელმწიფოს მოდელზე მუშაობა მოსკოვში, – ამბობს ფილმში შამბა 1997 წლის მოვლენებზე საუბრისას, – ეს იყო კონფედერაციული მოდელი. პრინციპში, ჩვენი მიდგომა მისდამი მდგომარეობდა შემდეგში: ან ქართველები უარს იტყოდნენ ამაზე და მაშინ ჩვენთვის აზრი არ ჰქონდა გვეჩვენებინა მათთვის, რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის... ან კიდევ ჩვენ არ გამოვრიცხავდით, რომ ჩვენთვის ეს შეიძლება ყოფილიყო მომგებიანი (კონფედერაცია) რაღაც ეტაპზე, იმიტომ რომ კონფედერაციული მოდელი იქნებოდა აღიარებული მთელი მსოფლიო საზოგადოების მიერ, იმიტომ რომ ის საბოლოო ჯამში უნდა მიღებულიყო გაეროს ეგიდით და ასე შემდეგ, და ორივე მხარე თანხმდებოდა. და ჩვენ მშვენივრად გვესმოდა, რომ შემდეგი ეტაპი უნდა ყოფილიყო სრული გაყრა. რაც მშვენივრად ესმოდათ ქართველებსაც. სწორედ რატომაც ეს შეთანხმება არ მოხდა საბოლოოდ“.
როგორც აღნიშნა კიკნაძემ, შამბას ნათქვამიდან აშკარაა, რომ აფხაზური მხარის ერთადერთი მიზანი იყო სამართლებრივ სივრცეში ლეგალიზება და აფხაზეთისთვის საერთაშორისოდ ცნობილი დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსის მიღება, რადგან კონფედერაციის შექმნა შეუძლიათ მხოლოდ სხვადასხვა სუვერენულ სახელმწიფოებს. ამგვარად, სერგეი შამბამ გახსნა ევგენი პრიმაკოვის საქართველოს იურიდიულად უზადო დაქუცმაცების გეგმა. ამ გეგმას რომ ემუშავა – დღეს ქართულ მხარეს არ ექნებოდა სამართლებრივი საფუძველი მოეთხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზეთის საქართველოს სივრცეში დაბრუნება.

„პრიმაკოვი დღესაც წარმოადგენს ცენტრალურ ფიგურას, რომელი პასუხისმგებელია ქართულ მიმართულებაზე, – აცხადებს „ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი, – სწორედ პრიმაკოვი დგას ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსკოვში ვიზიტების უკან და სწორედ ის უკეთებს ორგანიზებას ამ პოლიტიკოსების შეხვედრას პუტინთან და მედვედევთან. ამის შესაბამისად უნდა შევხედოთ იმ განცხადებებსაც, რომელსაც აკეთებენ ნოღაიდელი და ბურჯანაძე მოსკოვური ვოიაჟებიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ. ნებისმიერი საუბარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების გადაჭრის შესახებ, რომლებიც მომდინარეობენ რუსეთიდან, რეალურად საქართველოსთვის ნიშნავს ხაფანგს“.

ლევან კიკნაძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ სერგეი შამბას აღიარება, სამწუხაროდ, გამოჩნდა მხოლოდ ახლა. „ეტყობა მან გადაწყვიტა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ცნობის შემდეგ შეუძლია აღარ გაჩუმდეს, – აღნიშნავს ექსპერტი, – თუმცა მისი აღიარება სასარგებლოა ახლაც, რადგან დაეხმარება საღი გონებით შეხედონ სიტუაციას მათ, ვინც ჯერ კიდევ მიდრეკილია მოსკოვის ნდობისაკენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ ისწავლა მათი გეგმების ამოცნობა. იმედი მაქვს, შამბას გულწრფელობის შემდეგ აღარავის მოუვა თავში სერიოზულად განიხილოს საქართველოს კონფედერაციული მოწყობის გეგმა და იფიქროს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარების გასაღები მხოლოდ მოსკოვშია“.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე