RSS
ახალგორში ოკუპანტებისთვის საცხოვრებელი სახლები აშენდება
20.05.2010 14:38

ახალგორში რუსი მესაზღვრეებისთვის საცხოვრებელი სახლები აშენდება. ამის შესახებ "ოსინფორმი" იუწყება.

საცხოვრებელ სახლებთან ერთად, აშენდება ადმინისტრაციული შენობებიც. ახალგორის ოსური ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ ნაკვეთზე ადმინისტრაციული შენობებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უკვე დაწყებულია. ამავე ნაკვეთზე მდებარეობს ქართული სკოლა-ინტერნატის დაზიანებული შენობა. ოსურმა ადმინისტრაციამ რუს მესაზღვრეებს ამ შენობის დანგრევა და გატანა შესთავაზა.

ამჟამად რუსი ოკუპანტები ადგილობრივი ტყის მეურნეობის შენობასა და ტერიტორიაზე გაშლილ კარვებში არიან განთავსებული.

აღსანიშნავია, სკოლა–ინტერნატი დიდი ხანია გაძარცულია იგივე რუსი ოკუპანტების მიერ, რომლებიც ცივ ზამთარში ხან ფანჯრებს ხსნიდნენ გასათბობად, და ხან კიდევ აგურ–აგურ გაჰქონდათ თავიანთვის თავშესაფარის ასაგებად, რაც არაერთხელ აღუნიშნავს „ექსპერტთა კლუბს“. დღეს თითქმის ოკუპირებული ტერიტორიის ყველა შედარებით დიდ დასახლებულ პუნქტში შენდება სახლები რუსი ოკუპანტებისთვის, და ეს იმ დროს, როდესაც თვითონ ოსები უსახლ–კაროდ მერამდენე წელიწადია არიან დარჩენილნი. მათთვის სახლების ასაშენებლად კი ფული არ არის.

ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებაში დაპირისპირების ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის უკმაყოფილება დღითიდღე გაიზრდება. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ კვაისაში მომხდარი ამბები, როდესაც ქუჩაში გამოსულმა ხალხმა ფაქტიურად შეაწყვეტინა რეჟიმს სამხედროებისთვის სახლების შენება იქ, სადაც უნდა აშენებულიყო სახლები დაზარალებულთათვის. ამან რა თქმა უნდა არ დააჩქარა მათი შესახლება, თუმცა ის, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება მატულობს, გამოააშკარავა.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი