აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად აწარმოებს ერთობლივ მუშაობას საავტომობილო გზის მშენებლობაზე, რომელმაც უნდა დააკავშიროს „ჩრდილოეთ თავშესაფარი“ (ყარაჩაი–ჩერქეზეთში) „სამხრეთ თავშესაფართან“ (აფხაზეთი, საქართველო). ამის შესახებ გუშინ განაცხადა პრეს–კონფერენციაზე სოხუმში მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.
მისი თქმით, ეს გზა „მოიზიდავს ტურისტებს და დამსვენებლებს, აგრეთვე ტვირთებს და საქონელს აფხაზური პორტების გავლით“.
აღსანიშნავია, რომ ეს გზა უმოკლესია აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიაში. აფხაზეთში ამ მომენტისთვის განთავსებულია რამოდენიმე ათასი რუსი სამხედრო, რომლებსაც ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში შეუძლიათ დახმარება აღმოუჩინონ იქ განთავსებულ კონტინგენტს. ამისთვის კი აუცილებელია გზა, რათა რუსეთს ჰქონდეს შესაძლებლობა მოკლე დროში გადაისროლოს თავისი დანაყოფები.
ეს გზა აგრეთვე წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული იარაღის შავიზღვისპირეთში გადასასროლად, საიდანაც აფხაზეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შესაძლოა მიეწოდოს ”ჰამას“–ს და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, მითუმეტეს, რომ კრემლი მათ ლიდერებს უმაღლეს დონეზე იღებს თავისთან.
ამავე დროს ეს გზა შეიძლება იქნეს გამოყენებული ნარკოტრაფიკისთვისაც. ის, რომ ნარკოტიკები აღმოსავლეთი ქვეყნებიდან რუსეთის გავლით, ხოლო შემდგომ აფხაზეთის გავლით, მიედინება ევროპაში, არ ახალია. ქართველმა მესაზღვრეებმა უკვე დააკავეს თურქული გემი, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებებით იყო სავსე. გამომდინარე აქედან, მთაში გაყვანილი გზა, რომელიც ამავე დროს უმოკლესი მარშრუტია, წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მიზნებისთვის.
რაც შეეხება ტვირთბრუნვას ამ გზაზე, საეჭვოა, რომ რუსმა ბიზნესმენებმა გარისკონ საკუთარი საქონლის ამ მთიან გზაზე გატარება, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ამან შესაძლოა მათ აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენოს.
|