RSS
დიდი პოლიტიკა ტყვარჩელის მაღაროებში
27.05.2010 04:58
გიორგი წიკლაური

აფხაზეთში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა- მარიონეტული რეჟიმის ეკოლოგიისა და ბუნებით სარგებლობის კომიტეტმა შეაჩერა ,,ტყვარჩელ-ნახშირის” მუშაობა, რომელიც დაფუძნებული იყო თურქული საწარმო ,,ტამსაშის” ბაზაზე, და რომელიც ტყვარჩელის მთებში ნახშირის მოპოვებით იყო დაკავებული. აქამდე ოკუპირებულ რეგიონში არასოდეს ჰქონია ადგილი საწარმოს ნებაყოფლობითთ დახურვას, პირიქით, აფხაზები ხარობდნენ ომით დანგრეულ და გაჩანაგებულ მხარეში ბიზნესის სულ მცირე განვითარებითაც კი. ამ დროს მოულოდნელად ჩერდება ფირმის საქმიანობა, რომლისგანაც 90% -ით ივსებოდა ტყვარჩელის რაიონის ბიუჯეტი. “Кавказский узел”–ის მონაცემების თანახმად, რომელიც ეყრდნობა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციას, ,,ტყვარჩელ-ნახშირის” გადარიცხვებმა 2009-ში და 2010 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 43 მილიონი მანეთი, ე.ი. თითქმის მილიონ ნახევარი დოლარი. და ყოველივე ეს ხდება სრულიად არასერიოზული აფხაზური რეალიების პირობებში.

ყოველივე დაიწყო 3 მაისს, როდესაც რამოდენიმე სოფლის მცხოვრებმა, მდინარე ღალიძგის ახლოს პიკეტი მოაწყვეს რკინიგზაზე და ოჩამჩირის მიმართულებით არ გაატარეს ნახშირით სავსე 13 ვაგონი. ასამდე შეკრებილმა ნახშირმომპოვებელ კომპანიას მოსთხოვა მდინარის დაბინძურების შეწყვეტა, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდა მომხდარზე რეაგირება. აქციის მონაწილეები ჩიოდნენ, რომ ღალიძგის წყალი, რომელშიც იყრება მაღაროებიდან წარმოების ნარჩენები, გამოუსადეგარია საბანაოდ და მას ცხოველებიც კი აღარ სვამენ. „უკმაყოფილოებს მხარი ოჩამჩირლებმაც დაუჭირეს. გასულ წლის ზაფხულში იქ პირველად ჩავიდა რუსი ტურისტების მნიშვნელოვანი ნაკადი და ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ მდინარე ღალიძგის დაბინძურებულმა წყალმა, რომელიც ზღვაში ჩაედინება ტურუსტები არ დააფრთხოს“- წერენ აფხაზი ჟურნალისტები.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების ხმაურიან განცხადებებს ,,მწვანეების” აქტივისტებიც შეუერთდნენ. ხოლო ,,ეკონომიკის მინისტრმა” ქრისტინა ოზგანმა, ფაქტიურად, ულტიმატუმი წაუყენა ნახშირის მომპოვებელ ფირმას, რომ „ბოლო ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს გამწმენდი ნაგებობების პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ რაღაც სქემა, რომელიც გარკვეულწილად ამცირებდა მდინარეში დაბინძურების გამომწვევი მასის მოხვედრას, მაინც მუშაობდა. მაგრამ წამოიჭრა საინჟინრო ხასიათის სხვა პრობლემები თვით საბადოს უბნის ათვისებასთან დაკავშირებით - განაცხადა ოზგანმა ოჩამჩირლებთან შეხვედრაზე,- ზომები, რომლებიც თავის დროზე ფირმა „თამსაშის“ მიერ იქნა მიღებული არაეფექტური აღმოჩნდა. ჩვენს წინაშე დადგა ამოცანა – ეს პრობლემა რაც შეიძლება უახლოეს ვადებში გადავწყვიტოთ’’.

„ფირმა დავავალდებულეთ მაისის ბოლომდე წარმოადგინოს პროექტი კონკრეტული საინჟინრო გადაწყვეტილებებით, ჩამოშლილი ცარიელი ქანების ჩათვლით. თუ ამ წლის ბოლომდე ორგანიზაცია არ მოაგვარებს ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენ ცალმხრივად, ყოველგვარი სასამართლო გარჩევების გარეშე გავწყვეტთ მასთან ხელშეკრულებას”, დაიმუქრა ოზგანი.

,,ტყვარჩელ-ნახშირის ” ხელმძღვანელობა იძულებულია დათანხმდეს იმ იმედით, რომ მოხდება საწარმოს სამუშაო პროცესის აღდგენა. "რვა წელია ჩვენ ვმუშაობთ ტყვარჩელში და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხი დღის წესრიგიდან არასოდეს მოხსნილა,- თქვა ფირმის გენერალურმა დირექტორმა ტაიფუნ არძინბამ,- ჩვენ ეტაპობრივად ვწყვეტთ ამ საკითხს. შესყიდულია 650 ათასი დოლარის ღირებულების იტალიური დანადგარები, რომელიც მაისის ბოლოს ჩამოტანილი იქნება აფხაზეთში, როგორც გასულ წელს დეკემბერში მთავრობასთან ჩვენი ხელშეკრულების 10 წლით გაგრძელების დროს იყო დაპირებული. ეს ხსნის პრობლემების ნაწილს. დანარჩენ პრობლემას, როგორც მთავრობასთან მოლაპარაკებით გადაწყდა, შევასრულებთ ამა წლის დეკემბრისათვის”.

არძინბა აქვე გადადის სხვა პრობლემაზე, რომელიც მას აწუხებს. „წარმოებას, გაჩერებით დიდი ზარალი ადგება, 300 უმუშევრად დარჩენილი ადამიანი სახლებშია გაშვებული”. მისი სიტყვებით ,მაისში კომპანიას უნდა გაეტანა 25 ათასი ტონა ნახშირი, მაგრამ დღეისათვის მოპოვებულია მხოლოდ -5 ათასი ტონა, აქედან ოჩამჩირეში ჩატანილია 3 ათასი ტონა, დანარჩენი კი ისევ კარიერშია. გენდირექტორი ამტკიცებს, რომ ყოველდღიურად მთიდან შეიძლება არაუმეტეს 700-800 ტონა ნახშირის დაშვება, მაგრამ რადგანაც წარმოება შეჩერებულია არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ,,ტყვარჩელ-ნახშირმა” მიწოდების თავისი ვალდებულება შეასრულოს. ,,შედეგად დაზარალდება ბიუჯეტი და დანარჩენი პრობლემების გადაწყვეტაც შეუძლებელი იქნება. შესაბამისად მდინარის გასუფთავების საკითხიც ვერ გადაწყდება“-დაასკვნა ტაიფუნ არძინბამ. „მდინარე მალე მაინც არ გასუფთავდება, საწარმომ ორი წელიც რომ არ იმუშაოს, ამდენად უაზრობაა მისი გაჩერება“-დასძინა არძინბამ.

,,ტყვარჩელ-ნახშირის” საწარმოს დახურვის წინააღმდეგ მწვავედ გამოდიან ტყვარჩელელი დეპუტატები და ადგილობრივი ადმინისტრაციის ჩინოვნიკები- რეალურად დაბალი რანგისა და გავლენის მქონე ფიგურები, რომლებიც რაც არ უნდა ეცადონ ვითარების შეცვლას ტყვარჩელელების სასარგებლოდ ვერ მოახერხებენ. მათ ისღა დარჩენიათ მხოლოდ ისაუბრონ ქალაქის არასახარბიელო მომავალზე. დღეს იქ ცხოვრობს 2 ათასი ადამიანი (15 ათასი ომამდელი მოსახლიდან) და პრაქტიკულად ყველანი დამოკიდებულნი არიან რაიონში მომუშავე ერთ საწარმოზე. უშუალოდ საწარმოში დაკავებულია 300 ადამიანზე მეტი, დანარჩენები მათი ოჯახების წევრები ან ის ადამიანები არიან, რომლებსაც ნახშირის წარმოებასთან პირდაპირი დამოკიდებულება არ აკავშირებთ. ამის მეტი იქ არაფერი არ არის, რაიმე სახის ვაჭრობისათვის ეს ჩიხია. ხოლო სოფლის მეურნეობა არ არის განვითარებული ჭაობიანი ნიადაგის გამო. ასე რომ მაღაროს ხელმძღვანელთა პროგნოზები რეალობასთან ახლოსაა: ნახშირის მოპოვება თუ შეწყდება, ტყვარჩელი საბოლოოდ დაიცლება.

წარმოების დამცველთა კიდევ ერთი არგუმენტია ,,ტყვარჩელ-ნახშირის” წარმოების ხელმძღვანელის პიროვნება. ტაიფუნ არძინბა არა მარტო კონტრაბანდული ნახშირით მოვაჭრე თურქი ბიზნესმენია, არამედ მოჰაჯირთა შთამომავალიცაა. ის პირველად ჩამოვიდა თავისი წინაპრების სამშობლოში 1992 წელს, 20 წლის ასაკში და იარაღით ხელში გამოიარა მთელი ომი, ორჯერ იყო დაჭრილი. აფხაზური საზოგადოებისათვის ეს სერიოზული საბუთია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია აფხაზ ხელისუფალთა მტკიცე გადაწყვეტილებისათვის. და კვლავ იბადება კითხვა: სოხუმში ასე რატომ ისწრაფიან საწარმოს დახურვას, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ოკუპირებული რეგიონისათვის?

სულ ცოტა ხნის წინ ბაღაფშის მიერ ,,როსნეფტთან” გაფორმებული ხელშეკრულების ფონზე, რითაც ფაქტიურად გადაწყდა აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოპოვება, ეკოლოგიური თემა სერიოზულად არ გამოიყურება. სოხუმსა და მოსკოვს ამ გეგმის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის, ვერც აფხაზეთის ერთ დიდ ნავთობის ლაქად გადაქცევის რეალური საფრთხე და ვერც აფხაზური ოპოზიციის გამძაფრებული კრიტიკა რაულ ხაჯიმბას მეთაურობით, რომელსაც მხარს უჭერს ადგილობრივი საზოგადოების სოლიდური ნაწილი. ეს ოპონენტები კი გაცილებით სერიოზულები არიან ვიდრე ოჩამჩირის რაიონის სოფლის მაცხოვრებლები...

24 მაისს კი ბაღაფშმა წერტილი დაუსვა ამ თემაზე საუბრებს: „მე ბარბაროსი ხომ არა ვარ ვესწრაფვოდე გარემოს დაჭუჭყიანებას. მე სხვებზე ნაკლებად არ მადარდებს ეკოლოგიის საკითხები. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, შავ ზღვაზე ნავთობის მოპოვებით დაკავებულია შავი ზღვის აუზის თითქმის ყველა ქვეყნები“ . გავაგრძელებთ აზრს: ჩვენ ვისზე ნაკლებები ვართ? რა ეკოლოგიაზეა საუბარი, როცა ირგვლივ ყველა ფულს აკეთებს, იქნებ ჩვენც რაიმე გვერგოს?

საინტერესოა, როგორი შეთავსებადია ასეთი უპრინციპობა აფხაზეთის ყველაზე საუკეთესო გაგრისა და ბიჭვინთის პლაჟების მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხეებისა, ოჩამჩირეში ეკოლოგიური ნორმების დაცვის პრინციპულობასთან, რომელიც არასოდეს ტურისტული ცენტრი არ ყოფილა?

,,ექსპერტთა კლუბი” უკვე წერდა თავის შეხედულებას ტყვარჩელზე, რომელიც ოჩამჩირის შემდეგ თურქების დამკვიდრების მეორე ეპიცენტრია აფხაზეთში. ხოლო თურქეთს რომ სპეციფიკური ტრადიციული ინტერესი გააჩნია აფხაზეთთან მიმართებაში –პირდაპირი გასასვლელი რუსეთის მოუსვენარ ჩრდილოკავკასიაზე, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ოჩამჩირეში,სადაც წლების განმავლობაში თურქეთის აქტიურობა შეიმჩნეოდა, მოსკოვმა, სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებით თავისი საწადელი აისრულა და ამჯერად ტყვარჩელის ჯერიც დადგა. შარშან იქ გამოჩნდა რუსეთის სასაზღვრო საგუშაგო და საფუძველი ჩაეყარა რუსული სამხედრო დასახლების გაჩენას. ეხლა იქ თურქულ ბიზნესს ავიწროებენ, მოჰაჯირთა შთამომავალ წარმატებულ ბიზნესმენით დაწყებული. ეს ისტორია, მის თანამემამულეებს თურქეთში ალბათ ვერ მიუმატებთ ენთუზიაზმს, მიბაძონ ტაიფუნ არძინბას მაგალითს, მათი წინაპრების მიწის ასათვისებლად.

ტყვარჩელელების, ასევე მაღაროებიდან მკვებავ ჩინოვნიკების და დეპუტატების აღშფოთების ჩასაწყნარებლად გადაწყდა მათთვის რაიმე კომპენსაციის დაპირება. 20 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის ჩრდილოეთ ადმინისტრაციული ოლქის დასავლეთ დეგუნინოს მმართველობასა და ტყვარჩელის რაიონის ადმინისტრაციას შორის. ჩრდილოეთ დეგინინოს ხელმძღვანელობამ თანამშრომლობის წინადადებებიც კი მოამზადა, ისე, რომ ტყვარჩელელებს შეუძლიათ განხილვის შემდეგ, შეიტანონ ცვლილებები და დამატებები. ამის შემდეგ მხარეები შეადგენენ ღონისძიებების ერთობლივ გეგმას. გასაოცარი პატივისცემაა – შეიძლება იფიქრო, რომ მოსკოველები გამოდიან მთხოვნელთა როლში და ტყვარჩელელებს თავისი ნებით მიცეს საშუალება „მოწველონ“ მოსკოვის ადმინისტრაცია. იუწყებოდნენ, რომ სტუმრებს სურთ ურთიერთობების დამყარება ჩრდილოეთ დეგუნინოს სავაჭრო ორგანიზაციებთან დ სამრეწველო საწარმოებთან(რომლებიც რაიონში 20–ზე მეტია).ვერაფერს იტყვი – გემრიელი ლუკმაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ თურქი მეწარმე, გინდაც იგი მოჰაჯირთა შთამომავალი და ომის ვეტერანიც იყოს, ვერაფრით ვერ გაუძლებს რუსეთის დედაქალაქის ბიზნესის კონკურენციას.

მოსკოვიდან პოლიტიკური დაკვეთის ვერსია შესანიშნავად ხსნის მარიონეტული რეჟიმის, ერთი შეხედვით ალოგიკურ ქმედებას. ამ კონტექსტში საინტერესოა აღინიშნოს რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში და კრემლის მცდელობა ანკარასთან თანამშრომლობის აქტივიზაციის დემონსტრირებისა და ჩვენება იმისა, რომ თითქოს თურქები მათი სტრატეგიულ მოკავშირეები თუ არა, პარტნიორები მაინც არიან. თუმცა დიმიტრი მედვედევმა ვერ მოახერხა თურქეთის ხელმძღვანელობის დაყოლიება მიერთებოდა „სამხრეთ ნაკადის“ პროექტს, ხოლო პრემიერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სულაც არ აპირებს რუსებს დაუთმოს რეგიონალური ლიდერობა, რაც სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებისადმი მისმა მიდგომამ, აგრეთვე საქართველოში მისმა ბოლო ვიზიტმა განაპირობა. ალბათ, რუსეთში მაინც ესმით აღმოსავლური დიპლომატიის სინატიფე და პირდაპირ არ აღიქვამენ ღიმილსა და ხელის ჩამორთმევას, რასაც გულუხვად ჩუქნიდნენ რუსეთის წარმომადგენლებს სტამბულსა და ანკარაში. ამიტომ არც კი სრცხვენიათ აფხაზეთიდან განდევნა იმ მინიმალური თურქული ელემენტისა, რომელიც შეიქმნა ოკუპირებულ რეგიონში ომისშემდგომი ბოლო 17 წლის განმავლობაში.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე