RSS
ლევან კიკნაძე: აფხაზური ეთნოსის გადარჩენის ერთადერთი გზა ქართულ სივრცეში მისი დაბრუნებაა!
28.05.2010 12:56
ზაზა კვეკვესკირი

გთავაზობთ “ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტის, აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრის გენერალ ლევან კიკნაძის ინტერვიუს გაზეთთან “ახალი სიტყვა”

- ბატონო ლევან თქვენ წარმატებული იყავით აფხაზეთში. ახლაც განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობთ, როგორ ხდება ეს?!.
მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნოა თქვენი შეფასება, ჩემს მოღვაწეობას აფხაზეთში წარმატებულს ვერ დავარქმევდი. წარმატებული მაშინ ვიქნებოდი ეს ინტერვიუ თქვენთვის სოხუმში, რომ მომეცა. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ აფხაზეთის უშიშროება ყველაფერს აკეთებდა, რათა დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის საომარ მოქმედებებში არ გადაზრდილიყო. ვერ მოვახერხეთ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. სწორედ ამ მიზეზების ახსნას ცდილობს “ექსპერტთა კლუბი” პუბლიკაციების ციკლში “აფხაზური სეპარატიზმი სუკის ლაბირინთებში იშვა”. ამასთან არ შეიძლება არ ავღნიშნო ისიც, რომ უშიშროების თანამშრომლებმა პირნათლად მოვიხადეთ მხედრული ვალი, ყველაზე ბოლოს დავტოვეთ სოხუმი, ხოლო ჩვენმა სამმა ოფიცერმა ავთანდილ დეკანოიძემ, ბადრი ბაღათურიამ და კობა მირზაშვილმა ბოლომდე უერთგულეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას და მასთან ერთად დადეს თავი სამსხვერპლოზე.

- რამდენად მისაღებია თანამშრომლობა უშიშროების ორგანოებთან... ჩვენ წესრიგს თუ ვიცავთ ზოგადად?!.
სახელმწიფო უშიშროება უნდა განვიხილოთ, როგორც მდგომარეობა, როდესაც დაცულია სახელმწიფოს უზენაესი ეროვნული ინტერესები, რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ, ეკოლოგიურ, დემოგრაფიულ და სხვა ასპექტებს, ერის სულიერ და ინტელექტუალურ ფასეულობებს, მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს. სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას, რომლის არსს შეადგენს ზოგადსახელმწიფოებრივი ზომების ეფექტური სისტემის შექმნა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და კონსტიტუციით განსაზღვრული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური წყობილების დაცვა ნებისმიერი ხელყოფისაგან. განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა ადასტურებს, რომ სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის საერთო სისტემაში მეტნაკლებად ჩართულია ხელისუფლების ყველა ძირითადი ინსტიტუტი. ამდენად, უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობა არა მარტო მისაღები, არამედ აუცილებელიცაა, რა თქმა უნდა თანამშრომლობაში არ ვგულისხმობ საბჭოთა სუკის მანკიერ მეთოდებს.

- საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა გვგონია მაინც წარმმართველი.. რუსეთს ჩვენთან მეგობრობა კი არ უნდა არამედ სსრკ-ში მოქცევა. რა გამოსავალს ხედავთ?!
- საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან კრემლმა დაიწყო მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენება, რათა საქართველო დაებრუნებინა თავისი გავლენის ქვეშ. კონფლიქტები, რომლებიც ინსპირირებული იყო მის მიერ და შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში ზუსტად ჯდებოდა რუსეთის სპეცსამსახურების გეგმაში. ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია.. ამის მიუხედავად, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ვექტორი სულ უფრო და უფრო იხრებოდა დასავლეთისკენ. გაღიზიანებული რუსეთი კი ყველანაირად ცდილობდა ხელიდან არ გაეშვა საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტური რეგიონები იყო. აქედან გამომდინარე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში რუსეთის ქმედებები, რაც კი ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებთან იყო დაკავშირებული, ემსახურებოდა ერთ მიზანს – არ დაეშვა კონფლიქტების მოგვარება და მოემზადებინა საფუძველი კონფლიქტური ტერიტორიების ანექსიისათვის, რაც განახორციელა კიდეც 2008 წლის აგვისტოში. მართალია უთანასწორო ბრძოლაში დავმარცხდით, მაგრამ მგონია, რომ პატარა საქართველო “ველიკოდერჟავულ” რუსეთს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაკვეთილებს უტარებს. ჩემი ღრმა რწმენით უნდა დავდგეთ მტკიცედ, არ გავიმეოროთ 20-იან წლებში დაშვებულ შეცდომები და ერთხელ და სამუდამოდ დავამტკიცოთ, რომ თავისუფლების მოყვარე ერი ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ მის დასაცავად.

- საქართველოს კუთხეებად დაყოფის სენი სჭირდა მუდმივად. . .
დიახ, გეთანხმებით. ეს სენი არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში მეტნაკლებად იჩენდა თავს. საქართველოს კუთხეებად დაყოფას უმთავრესად მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებდა, რასაც სხვადასხვა დროს ახერხებდნენ კიდევაც საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად დაინტერესებული უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები. ამის ნათელი მაგალითებია აფხაზური და ოსური სეპარატიზმები, რომლებიც იმართებოდნენ ჯერ საბჭოთა, მოგვიანებით კი რუსეთის სპეცსამსახურებისგან. საქართველოს კუთხეებად დაყოფის სენის გამავრცელებლად ასევე ითვლება ინგლისელი “ქართველოლოგი” ჯორჯ ბრაიან ჰიუტი, რომელიც ძველებურად გვახსენებს თავს ანტიქართული გამოხტომებით. აფხაზეთში მისი მორიგი ჩამოსვლის დროს, გალში გამომავალ სეპარატისტული რეჟიმის მეგრულ-რუსულ-აფხაზურ ენოვან გაზეთ “გალ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი ამტკიცებს, რომ მეგრული ცალკე ენაა და იმსახურებს საკუთარ სტატუსს. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს მცდელობა, საქართველოს კუთხეებად დაყოფისა და სეპარატიზმის ახალი ტალღის აგორებისა, იგი კრახისთვისაა განწირული, რადგანაც დღეს საქარველოში ამისათვის საფუძველი არ არსებობს.

- 90-იან წლებში რამ განაპირობა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში?
გამოიკვეთა თუ არა საქართველოს განვითარების ვექტორის მიმართულება დასავლური ღირებულებებისკენ, რაც ასევე არ გამორიცხავდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას, იმის მაგივრად, რომ საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლებისთვის დახმარების ხელი გამოეწვდინა, რუსეთმა (თუ თვითონ ნამდვილად აპირებდა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას) თავისი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდანვე მთელი ძალებით აამოქმედა მის ხელთ არსებული ზეწოლის ბერკეტების მთელი არსენალი, რათა საქართველო არ დარჩენილიყო იმ იმპერიის მიღმა, რომლის ახალი ფორმით ჩამოყალიბება უკვე დაწყებული იყო და მოგვიანებით, მართალია არასრულყოფილად, მაგრამ მაინც ჩამოყალიბდა “სნგ”-ს სახით.

- და მაინც, სად იყო დაშვებული შეცდომა, რომელსაც საქართველოში შიდა დაპირისპირება, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები მოჰყვა.
საქართველოს ეროვნული, მაგრამ გამოუცდელი და ზედმეტად თვითდაჯერებული, ამბიციური ხელისუფლების მიერ ვერ იქნა სათანადოდ შეფასებული და გაანალიზებული შექმნილი უაღრესად მძიმე ვითარება, მისი გამომწვევი მიზეზები, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უაღრესად საშიში საბჭოთა “სუკ”-ის სამართალმემკვიდრის, რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლებლობები, რომლებიც თავისი აგენტურით აქტიურად ზემოქმედებდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. უფრო მეტიც, დაშვებული იქნა ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა, რის შედეგადაც რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს სისხლიანი დაპირისპირების ინსპირირება აფხაზებთან და ოსებთან, რომლებთანაც ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია, ერთიანი კულტურა და ნათესაური ურთიერთობა დღესაც აკავშირებს.

- თქვენი აზრით, ქართველი პოლიტიკოსების გახშირებული ვიზიტები მოსკოვში, რამდენად სახიფათოა საქართველოსათვის?
სახიფათოა იმდენად, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შესაძლებელია მცდარი იმედი გაუჩნდეს და ირწმუნოს, რომ რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგია, ხოლო რაც შეეხება ქართველ ხალხს, იგი მისი კეთილდღეობის ზრუნვაში ათენებს და აღამებს. არა ბატონებო, დავუბრუნდეთ ისევ კონფლიქტურ რეგიონებს. რუსეთს ხომ ყველა ბერკეტი გააჩნდა საქართველოში კონფლიქტების მოსაგვარებლად, გაეროს მანდატით მოქმედებდა და მშვიდობისმყოფელიც იყო. მაგრამ არა, მთელი 15 წელი ბლოკავდა ყველანაირ ინიციატივას, რომელიც კი კონფლიქტის მოგვარებისკენ იყო მიმართული. უფრო მეტიც, დაუფარავად აგრძელებდა სეპარატისტულ რეჟიმებთან პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიურ თანამშრომლობას. ეს ყველაფერი იმ დროს ხდებოდა, როდესაც ოპოზიციონერების ნაწილი, რომლებსაც დღეს რატომღაც რუსეთის ნდობა გაუჩნდათ, ხელისუფლებაში იყვნენ და ვერაფერს აკეთებდნენ ამ მიმართულებით.

- რა შთაბეჭდილება გრჩებათ პოლიტიკოსების გამოსვლებიდან . . .
პუტინის ხელისუფლებას მინდობილი პოლიტიკოსების განცხადებებიდან, ინტერვიუებიდან თუ საჯარო გამოსვლებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში სხვა სამყაროში ეცხოვროთ და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წარმოდგენა არ ქონდეთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები მათთვის უცნობი იყოს. . . ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ისტორია მეორდება და სამწუხაროდ სწორ დასკვნებს ვერ ვაკეთებთ.

- რა მიზანი ამოძრავებდა საქართველოს მიმართ კრემლს. . .
საქართველოს მიმართ კრემლს ყოველთვის ერთი, სრულიად გამოკვეთილი მიზანი ამოძრავებდა _ არ დაეშვა მისი რეალური დამოუკიდებლობა. იგი ვერ ურიგდებოდა ვერც ერთ ხელისუფალს, რომელიც კი მისი გავლენიდან გასვლას შეეცდებოდა.

- როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ მაშინდელი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნებში ქართველებმა უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ?
როგორც ცნობილია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შემადგენლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზეB განისაზღვრა 65 კაცით. აქედან 28 –აფხაზი, 26-ქართველი და 11 სხვა ეროვნებების წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. რამდენად სამართლიანი იყო ასეთი პროპორცია, ეს სხვა საქმეა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ქართველებმა ჯერ ერთი იმ 26 კაცის არჩევაც ვერ მოახერხეთ პირველ ტურში, როცა აფხაზებმა ოცდარვავე აირჩიეს. ასეთი წამგებიანი ვარიანტის შემთხვევაშიც შეიძლებოდა გამოსავლის მოძებნა თუ იმ 11 სხვა ეროვნების ადამიანებს შორის ქართველებისადმი ლოიალურად განწყობილ შვიდ პიროვნებას ავარჩევდით და გავიყვანდით. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ვერ შევძელით.

- და მაინც, რატომ ვერ შევძელით. . .
გეტყვით... იმ დროისათვის კარგ ტონად ითვლებოდა უშიშროების გაუთავებელი ლანძღვა, რასაც ძირითადად ეწეოდნენ ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილი მედროვენი, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ - რაც შეიძლება თავი მოეწონებინათ ზ.გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რათა შეენარჩუნებინათ ან ხელი გამოეკრათ სასურველი თანამდებობებისთვის. ხშირ შემთხვევაში ეს მათ გამოსდიოდათ. შედეგად საქართველოში დაიწყო თანამდებობებზე არაკომპეტენტური, გაურკვეველი წარსულის მქონე პიროვნებების დანიშვნა, რამაც რა შედეგებიც გამოიღო კარგად დავინახეთ. ამას გარდა, როგორც ცნობილია ზვიად გამსახურდიას გარემოცვა შედგებოდა ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებისაგან, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობდნენ თავიანთი აზრის პრეზიდენტისთვის თავს მოხვევას. იმისდა მიხედვით, თუ რომელი დაჯგუფება მოასწრებდა გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღებოდა. ამის გამო ხშირი იყო არაადეკვატური, რიგ შემთხვევებში ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებები. ასევე იყო აფხაზეთის საკითხის ირგვლივაც..

აფხაზეთის უშიშროების მაშინდელი თავკაცის ავთანდილ იოსელიანის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ შექმნილ უაღრესად რთულ ვითარებაში მაინც ვახერხებდით სიტუაციის დაბალანსებას. ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მოსული, ეიფორიაში მყოფი ეროვნული ძალები ძალიან მარტივად უდგებოდნენ აფხაზეთის საკითხს და ანგარიშს არ უწევდნენ ჩვენს რჩევებს. დათმობას არ აპირებდნენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ წაქეზებული და უაღრესად ანგაჟირებული აფხაზი სეპარატისტების ლიდერებიც.

ზემოთხსენებული იმ 11 კანდიდატურის შერჩევისას უშიშროება საერთოდ ახლოს არ გაგვიკარეს, იმის გარდა, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული კანდიდატურები საერთოდ არ განიხილეს, საშუალებაც არ მოგვეცა შეგვესწავლა მაინც ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ დანარჩენები. შედეგად, ზოგიერთი მოხვდა თუ არა პარლამენტში ქართველების დახმარებით, პირველსავე სესიაზე გვიღალატა და აფხაზების მხარეს გადაბარგდა.

- ყოველივე ამის შემდეგ აფხაზებს უკვე მათთვის ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა უჩვენოდაც შეეძლოთ. . .
- აფხაზებმა ჩვენი არაორგანიზებულობის გამო მიიღეს უმრავლესობა. მომხდართან დაკავშირებით, რასაც მე ღალატის ტოლფასად მივიჩნევ, პასუხისმგებლობა კი არა სინანულიც არ გამოუთქვამთ ორგანიზატორებს. ზუსტად იმ უმრავლესობით იღებდა ვ.არძინბა ქართული მხარისთვის მიუღებელ კანონებს.

- გამომდინარე რუსეთის მიერ წამოწყებული ინიციატივებისაგან (საზღვაო პორტის მშენებლობა, ინერტული მასალის გატანა და ა.შ.) აფხაზეთს ეკო-კატასტროფა ელოდება.
აფხაზეთში ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა კარგა ხანია დაიწყეს მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბარი. ეს დაკავშირებულია ხე-ტყის მასიურ ჭრასთან, ინერტული მასალების გატანასთან და ზღვის ფსკერზე ნავთობის საძიებო სამუშაოების მოსალოდნელ დაწყებასთან. თუმცა მარიონეტული რეჟიმი ცდილობს ისეთი პოზა დაიკავოს, თითქოს ყველაფერი რაც ხდება, მხოლოდ მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარების ზრუნვით არის განპირობებული.

ამასთან საეჭვოდ დაიწყო მოსახლეობის საპროტესტო აქციები ოჩამჩირის რაიონში მდინარე ღალიძგის დაბინძურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აშკარად ეტყობა ხელისუფლების დაკვეთა. საქმე იმაშია, რომ 2002 წლიდან ტყვარჩელის მაღაროებში თურქული ფირმის “ტომსაშის” მიერ დაწყებული ნახშირის ამოღების გამო მდინარე ღალიძგის დაბინძურება ეხლა იქნა შემჩნეული და შესაბამისი ხმაურიც მოყვა. სინამდვილეში რუსების ზეწოლით ტყვარჩელიდან იდევნება თურქული ფირმა, რათა ეს ქალაქი რუსეთის საჯარისო ნაწილების სამხედრო ქალაქად გადააქციონ.

თუ არ ვცდებით, არსებობდა ვარაუდი რომ აფხაზეთში რუსეთიდან უნდა შესულიყო რადიაქტიული ნივთიერებები. ხომ ვერ გვეტყოდით ამჟამად რა ვითარებაა?

ამა წლის 13 იანვარს ჩვენი კლუბის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია “რუსეთი აფხაზეთს რადიაციული ნივთიერებების სამარხად აქცევს”, რომელშიც ყურადღებას ვამახვილებდით აფხაზეთიდან მიღებულ ფრიად შემაშფოთებელ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად იგეგმება და პრაქტიკულად ბაღაფშთან შეთანხმებულია რუსეთიდან რადიაქტიულინივთიერებების საიდუმლოდ შემოტანა და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტის რადიაქტიული ნივთიერებების სამარხში განთავსება.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ატომური ენერგეტიკის ინსტიტუტი აფორმებს ხელშეკრულებას სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტთან, რაც ადვილი შესაძლებელია ზემოთხსენებული გეგმის კანონიერ ფარგლებში მოქცევის მცდელობა იყოს. ცნობისათვის უნდა მოგახსენოთ, რომ ამავე ინსტიტუტში, თავის დროზე ბირთვული იარაღის შესაქმნელად წლების განმავლობაში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რისთვისაც, ბუნებრივია, რადიაქტიული ნივთიერებები გამოიყენებოდა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, მოსალოდნელი დაბომბვის შედეგად რადიაქტიული ნივთიერებების გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, რასაც ეკოლოგიური კატასტროფა მოყვებოდა, უშიშროების ინიციატივით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც აღწერა და ერთ საიმედო სამარხში მოათავსა ინსტიტუტის სხვადასხვა ლაბორატორიებში განთავსებული 244 დასახელების რადიაქტიული ნივთიერება, მათ შორის 96%-მდე გამდიდრებული ურანი-235. აფხაზეთის დატოვების შემდეგ სეპარატისტული რეჟიმის პირობებში სამარხი გაიძარცვა და რადიაქტიული ნივთიერებები, მათ შორის ურანიც დატაცებული იქნა.

- თუ კი იქნა მცდელობა, ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიისა, რუსეთი აფხაზეთის ,,ხელისუფლებას” დართავს ამის ნებას?

 როგორც ცნობილია სახალხო დიპლომატიას, თუკი იგი მიზანმიმართულად და სწორად არის წარმართული, კონფლიქტების მოგვარების საქმეში არა მარტო მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ენიჭება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ნოსტალგიური განწყობა, რაც მიუხედავად განვლილი წლებისა, მაინც მძლავრობს, როგორც აფხაზ და ოს მოსახლეობაში, ასევე ჩვენში. აქედან გამომდინარე ადამიანური ურთიერთობების, მათ შორის, რაც მთავარია ნდობის აღდგენა - გაღრმავების საქმეში, სახალხო დიპლომატიას ალტერნატივა არ გააჩნია. ბუნებრივია რუსეთის სპეცსამსახურები ყველანაირად ეცდებიან ხელი შეუშალონ პროცესების ამდაგვარად განვითარებას.

- ბატონო ლევან, რამდენად შეუძლიათ ქართულ სპეცსამსახურებს აღკვეთონ ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, განურჩევლად თუ ვისგან წამოვა ის...

 ქართული სპეცსამსახურები ძალიან აქტიურად საქმიანობენ დღეს. ამის ძალაც აქვთ, ნებაც და საშუალებებიც. დარწმუნებული ვარ, რომ არ დაუშვებენ საქართველოში პროცესები ისე განვითარდეს, როგორც ამას რუსეთის სპეცსამსახურები გეგმავენ.

- ბ-ნ ლევან, რამდენად დაცულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართული მოსახლეობა?

 სამწუხაროდ, ჟენევის ფორმატი ჯერჯერობით ერთადერთ საშუალებად რჩება, სადაც ქართულ მხარეს შეუძლია თავისი დამოკიდებულება გამოხატოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტების და მარიონეტული რეჟიმების მიერ ქართველების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. სხვა მექანიზმი საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს. იქ ყველაფერი ჩვენი კონტროლის მიღმა ხდება

- როგორია დღევანდელი აფხაზეთის შიდა პოლიტიკური სპექტრი.
მას შემდეგ, რაც “დამოუკიდებლობის” ეიფორია ჩაცხრა და განსაკუთრებით ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა, ოპოზიცია რამოდენიმე უმნიშვნელო საპროტესტო განცხადების შემდეგ, ბაღაფშის ხელმეორედ გაპრეზიდენტებას შეურიგდა და ჩრდილში მოექცა. როგორც ვარაუდობდით აშკარად შეეტყო, რომ კრემლმა ოპოზიციონერ ლიდერებს მკაცრად დაუქნია თითი. როდემდე იქნებიან ჩრდილში ეს დროისა და კრემლის გადასაწყვეტია. რუსეთი კი აგრძელებს აფხაზეთის ოკუპაციას და აშკარად ავლენს თავის იმპერიულ ამბიციებს. პრაგმატულად მოაზროვნე ინტელიგენციის ნაწილი საგონებელშია ჩავარდნილი, რადგანაც უკვე აღარ იციან რა გზას დაადგნენ. აფხაზეთში გამომავალ გაზეთში ”ნუჟნაია” ახლახან დაიბეჭდა სტატია “რისთვის გვინდა ჩვენ დამოუკიდებლობა?”. სტატია ძალიან ნაღვლიანად ეხმაურება სახელმწიფოებრიობის ძირითადი ატრიბუტების: სასაზღვრო და შეიარაღებული ძალების და მილიციის მოსალოდნელ გაუქმებას და ა.შ.

- რას ეტყოდით აფხაზებს?
“ექსპერტთა კლუბი” იზიარებს იმ ჭეშმარიტებას, რომ გაქრობის პირას მყოფი აფხაზური ეთნოსის გადარჩენის ერთადერთი გზა ქართულ სივრცეში მისი დაბრუნებაა.

როგორ წარმოგიდგენიათ ,,ექსპერტთა კლუბის” როლი ქართულ-აფხაზურ-ოსური პრობლემის მოგვარებაში.

ვაცნობიერებთ, რა საქართველოში შექმნილი ვითარების მთელ სერიოზულობას, მიზნათ ვისახავთ, არსებული შესაძლებლობების გამოყენებით, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე