RSS
რად უნდათ აფხაზებს დამოუკიდებლობა?
31.05.2010 12:40
ირაკლი ცქიტიშვილი

„ექსპერტთა კლუბი“ ხშირად უთმობს ყურადღებას აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, კრემლის მცდელობებს აფხაზური თვითშემოქმედება მაქსიმალურად შეზღუდოს და საკუთარი თამაშის წესები დაამყაროს. ჩვენ ასევე ავღნიშნავდით, რომ აფხაზურ ე.წ. ჯარში ჩატარებული გენერალიტეტის ცვლა წარმოადგენს მხოლოდ პირველ ეტაპს მათი შემცირებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურებისთვის მათი დაქვემდებარების გზაზე. აგრეთვე ავღნიშნავდით იმასაც, რომ ვირტუალურ ეკონომიკურ სარგებელს გამოკიდებულნი აფხაზები კარგავენ იმ დამოუკიდებლობასაც კი, რომელიც მათ გააჩნდათ საქართველოს ტერიტორიაზე კრემლის 20%–იან გაფართოებამდე.

სტატიაში „რუსეთმა შესაძლოა აფხაზური „არმია“ გააუქმოს“ ავღნიშნავდით, რომ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად რუსეთს საკმაო მიზეზი გააჩნია. რუსების აფხაზეთში თავგასულობის მიმართ აფხაზეთში სულ უფრო მზარდი უკმაყოფილების ფონზე აფხაზურ შეიარაღებულ ფორმირებებსა და რუს ჯარისკაცებს შორის კონფლიქტური სიტუაციების გახშირებით, გავლენის სფეროების და სხვადასხვა კრიმინალური ბიზნესის გადანაწილებით და ამ ინციდენტების მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხით, რუსეთს გააჩნია ყველანაირი საფუძველი უფრთხოდეს აფხაზ „ძმებს“, რომელთაც, სხვათა შორის, არც არასოდეს ენდობოდა. თავისუფლების მოყვარე აფხაზები ხომ ვერ შეურიგდებიან იმას, რომ რუსები მათ სახლში თავისებურად გვიან? თუ მაინც შეურიგდებიან? მაშინ რისთვის იბრძოდნენ?

თუმცა, მივყვეთ ყველაფერს ნელ–ნელა. ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად განიხილება ზემოთმოყვანილი თემები აფხაზურ პრესაშიც. ესე იგი, იქაც კი ამჩნევენ იმას, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და დაგვიწერია. აფხაზური ძალოვნების საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესები არ ტოვებენ გულგრილს ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებთ. თუმცა ისინი ჯერაც არ იყურებიან იქით, საიდანაც რეალური საფრთხე მომდინარეობს და არსებობენ „დამოუკიდებლობის“ ჰიპნოზის ქვეშ.

აფხაზურ გაზეთში „ნუჟნაია“(№17, 11 მაისი 2010 წ.) გაჩნდა ვინმე ჯიჯ საიერ გეჩის სტატია შემდეგი სათაურით „რად გვინდა ჩვენ დამოუკიდებლობა?„. ჩვენ მოვიყვანთ ამ სტატიას ოდნავი შემოკლებებით.


„რად გვინდა საკუთარი მესაზღვრეები?

ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ქვეყნის პარლამენტმა, დაამტკიცა რა ხელშეკრულება საზღვრების დაცვის შესახებ და ისე რომ, თვითონაც კი არაფერი უეჭვია, მოსპო აფხაზური სასაზღვრო დანაყოფების არსებობა, რომლებიც კარგად თუ ცუდად, მაგრამ მაინც უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთხოებას დიდი ხნის განმავლობაში.

რატიფიკაციის შემდეგ ჩვენი სასაზღვრო ჯარები დაექვემდებარენ შემცირებას, საზღვარზე კი რუსი მესაზღვრეები ჩადგნენ. და მართალიცაა, რად გვინდა ჩვენ საკუთარი სასაზღვრო დანაყოფები?

რამოდენიმე ხნის წინ ხელმოწერილ იქნა ოქმი, რომლის პროექტიც იქნა შემუშავებული, მიაქციეთ ყურადღება, რუსეთის ფსბ–ს თანამშრომელთა ჯგუფის მიერ. აფხაზ ექსპერტთა ჯგუფს ამ ოქმის ხელმოწერის ცერემონიაზე ხელმძღვანელობდა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს სასაზღვრო ნაწილის შტაბის უფროსი ვალერი ჩუგუნოვი, ჩვენთვის აქამდე სრულიად უცნობი ადამიანი – ჩვენ ხომ ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს. შესაძლოა, ჩუგუნოვზე დაკისრებულია გარკვეული ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც ჩვენს მესაზღვრეებს არ შეუძლიათ. გამოდის, რომ ოქმის პროექტი მუშავდება ფსბ–ს თანამშრომელთა ჯგუფის მიერ, აფხაზურ დელეგაციას ხელმძღვანელობს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს სასაზღვრო ნაწილის შტაბის უფროსი ჩუგუნოვი, და რომ აფხაზებს ძალიან არ სწყენოდათ, კონსულტაციებში მონაწილეობას აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ მეორე მდივანი მადინა ავიძბა, რომელზედაც საერთოდ არაფერია დამოკიდებული.

ამასთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო სერგეი ბაღაფშის მიერ 29 აპრილს ჩატარებული პრეს–კონფერენცია (...)

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფსბ–ს სასაზღვრო ძალების ხელმძღვანელის ვლადიმირ პრონიჩევის აფხაზეთში ამასწინდელი ვიზიტის დროს მიღწეულია შეთანხმება, რომ აფხაზეთის მოქალაქეები შეძლებენ იმსახურონ რუსეთის ფსბ–ს სასაზღვრო სამსახურში“. ეს ნიშნავს აფხაზური სასაზღვრო ჯარების გაუქმებას, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობის გაუქმებას. (...) მაგრამ ეგ ხომ ჩვენი დამოუკიდებლობის დასასრულია! გამოდის, რომ პრეზიდენტ არძინბასა და ჩვენი ხალხის ყველა მცდელობა ფუჭია.

სერგეი ბაღაფში ხსნის: „ის, რომ ეხლა აქ იმყოფება რუსეთის სასაზღვრო სამსახური – ჩვენთვის კარგი სკოლაა და ჩვენ უნდა ვისწავლოთ“. მე კი მეგონა, რომ ამისთვის საჭიროა ჩვენი ოფიცერი მესაზღვრეები გავაგზავნოთ რუსეთის სასწავლებლებში, და არა შევიყვანოთ ისინი რუსეთის სასაზღვრო ჯარების შემადგენლობაში. სხვაგვარად გამოდის, რომ სერგეი ბაღაფში ასუსტებს დიდი სიმწრით შექმნილ ქვეყნის სამხედრო პოტენციალს. მოწოდება ახალგაზრდებისადმი „აქტიურად შევიდნენ რუსეთის სასაზღვრო სტრუქტურებში“ წარმოადგენს პირდაპირ დარტყმას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. აფხაზეთის მოქალაქეებმა არ უნდა იმსახურონ სხვა ქვეყნის ჯარში, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით.

რად გვინდა საკუთარი ჯარი?

მეორე საკითხი, დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან ეხება აფხაზურ ჯარში სამსახურის ვადის შემცირებას.

ამასწინათ სერგეი ბაღაფშმა გადაუგზავნა პარლამენტს სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის შემცირებას. ცვლილებების შეტანის აუცილებლობას ხსნიან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობით და რუსეთის სამხედრო სტრუქტურებთან რიგი ხელშეკრულების გაფორმებით, რომელთა მიხედვით „რეგიონში ძალთა შეფარდების ცვლილების შედეგად სამსახურის ვადების ასეთი შემცირება გამართლებულია“. რას ნიშნავს ეს? ჩვენი ბედის გამგებლებმა გადაწყვიტეს საკუთარი ვალდებულებების სხვაზე გადაბარება. ჩემი აზრით, ეს ასევე მიმართულია ჩვენი შეიარაღებული ძალების განადგურებაზე, მითუმეტეს, რომ ამ კანონპროექტს მოჰყვა განცხადებები იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს სამეთაურო შემადგენლობა მნიშვნელოვან სეკვესტრში, ანუ შემცირებაში მოყვა. შესაძლებელია, აფხაზური გენერალიტეტის შემცირება სწორი ნაბიჯია. შესაძლებელია, ზოგიერთი დიდი ხნის უკან იყო პენსიაზე გასაშვები. მაგრამ მთელ ამ გაუგებარ ისტორიაში რჩება კითხვები, რომელზედაც კარგი იქნებოდა პასუხების მოსმენა. თავდაცვის მინისტრი შეეცადა აფხაზური საზოგადოების შეშფოთება გაექარწყლა (...) მაგრამ., ეტყობა, ჯარის შენარჩუნების საკითხში არსებობს სერიოზული წინააღმდეგობა მინისტრსა და მთავარსარდალს შორის, რომელთაც გენერალი ქიშმარია არ ახმოვანებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიგია, როგორ დამაჯერებლად აცხადებდა აფხაზეთის პრეზიდენტი, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაბრუნდება საქართველოში. მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო სიტყვები არ კმარა, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საქმეებს, მათ კი მივყავართ ჯერ განიარაღებისაკენ, შემდეგ კი? ვიცით, გაგვივლია...

რად გვინდა საკუთარი მილიცია?

ამგვარი კითხვები, რომლებიც იმსახურებს სერიოზულ ყურადღებას, დღითიდღე იმატებს. მაგალითად, როგორ შევაფასოთ პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ რესპუბლიკის შშს–ზე გაცემულია განკარგულება არ გააჩერონ ავტომანქანები რუსული სანომრე ნიშნებით? ეს არის დაუფასებლობა საკუთარი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და დისკრიმინაციული რეჟიმის შემოღება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. რადგან დავიწყეთ ცხოვრება ასეთი პრინციპით, იბადება კითხვა, რად გვინდა საკუთარი მილიცია? მოდით მოველაპარაკოთ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებსაც და მოვუწოდოთ აფხაზ ახალგაზრდობას წავიდნენ რუსულ მილიციაში სამსახუროდ, მითუმეტეს, რომ ერთი მოწოდება ახალგაზრდებისადმი უკვე გაჟღერდა. სამართალდამცავ სტრუქტურებსაც ხომ სჭირდება გამოცდილების შეძენა? და დაიცვან რუსი ტურისტები რუსმა მილიციელებმა!

ან როგორ ავხსნათ, მაგალითად, რომ მომავალი საკურორტო სეზონისთვის მზადების საკითხებთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის გაფართოებული სხდომის მუშაობაში, რომელსაც უძღოდა პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის რიგ უწყებათა წარმომადგენლები. გამოდის, რომ აფხაზეთმა უკვე დაიქვემდებარა რუსეთის რიგი უწყება? არა, ეხლა, როგორც წარმოგვიდგენია, არც ერთი თათბირი რუსეთის წარმომადგენლების გარეშე არ ჩაივლის, თორემ ვინ მოგვცემს მაშინ ფასეულ მითითებებს? ისეთი წარმოდგენა იქმნება, რომ სახელმწიფო აფხაზეთი უკვე აღარ არსებობს, არის რაღაც სუბიექტი, რომელთანაც მიმდინარეობს გაურკვეველი თამაში, ჩვენ კი ვაგრძელებთ ცხოვრებას რაღაც ჰიპნოზურ მდგომარეობაში. გაიღვიძეთ ხალხნო, ჰიპნოზი არ შეიძლება გაგრძელდეს მუდმივად. და სამწუხაროდ, მომენტები, რომლებიც აკნინებენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, უფრო მეტი და მეტი ჩნდება. სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი – უცნობია. ვაითუ ხვალ გვეტყვიან, რომ ჩვენ ჩვენს მიწაზე არაფერნი ვართ და არც არაფერი გვქვია?“

***

აი ასეთი „გულის ამოძახილი“ იქნა განთავსებული აფხაზურ გაზეთში „ნუჟნაია“. ამას ჩვენ კიდევ დავუმატებდით სხვა პუბლიკაციებიდან საკითხებს, რომელშიც აფხაზური ენის დაკარგვის საშიშროებაზეა საუბარი. რატომღაც მასზე ზრუნვა დაიწყეს თურქეთის აფხაზურმა დიასპორებმა, თუმცა თვით აფხაზეთში ამაზე საუბრობენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ამავე დროს რუსული ენა მთლიანად დევნის აფხაზურს და მისი ცოდნა რჩება აუცილებელი მხოლოდ „პრეზიდენტის“ პოსტის პრეტენდენტებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ძიუჯეში (თურქეთი) შედგა თურქეთის აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაციის სხდომა. ფედერაციის მთავარი მიზანია – საკუთარი ენის შენარჩუნება, ეროვნული კულტურის განვითარება, თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირების და თანამშრომლობის გაფართოება. რარიგ საინტერესოა, რომ ეს პრობლემები აფხაზების წინაშე, სანამ ისინი საქართველოს მფარველობით სარგებლობდნენ, არასოდეს ყოფილა.

ჯიჯ საიერ გეჩის სტატიიდან რამოდენიმე საკითხი მაინც იწვევს გაკვირვებას. მაგალითად, „ჩვენ არაერთხელ გაგვიგია, როგორ დამაჯერებლად აცხადებდა აფხაზეთის პრეზიდენტი, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაბრუნდება საქართველოში. მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო სიტყვები არ კმარა, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საქმეებს, მათ კი მივყავართ ჯერ განიარაღებისაკენ, შემდეგ კი? ვიცით, გაგვივლია...“.

სამწუხაროდ, ბატონი ჯიჯი იქით არ იყურება, საიდანაც აფხაზების თავზე განადგურების საფრთხე „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია რუსული ჩექმის სახით. მიაქციეთ ყურადღება, რომ საქართველოზე გადაბრალება ამ შემთხვევაში აზრს მოკლებულია. ვინ ახორციელებს თქვენს განიარაღებას? ბაღაფში? რისთვის? რომ დაგაბრუნოთ საქართველოში? როგორც იტყოდა რუსეთის ვიცე–პრემიერი სერგეი ივანოვი – «бред сивой кобылы». თქვენ მართლაც დაჰიპნოზებული ხართ ქართველებისადმი სიძულვილით, რითაც თქვენ ბევრი საუკუნის მანძილზე გკვებავდნენ. მაგრამ ხანდახან მაინც ღირს თვალების გახელა, რომ დაინახოთ რეალობა. ბაღაფში დანიშნულია კრემლის მიერ, რომლის ჩექმებითაც ჩვენს საერთო მიწას ტკეპნიან, და თქვენი შეიარაღებული ფორმირებების შემცირება ემსახურება რუსული ჩექმის მეტ დამკვიდრებას ამ დალოცვილ მიწაზე. რაში სჭირდებათ რუსებს „აფხაზური ჯარი“ მიწაზე, რომელსაც ისინი უკვე თავისად მიიჩნევენ? განა მათ სჭირდებათ მათ მიერ უკონტროლო შეიარაღებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა მიზეზით წინააღმდეგობის გაწევა, როგორც ეს, მაგალითად, რამოდენიმეჯერ მოხდა გალის რაიონში, როდესაც რუსები დევნიდნენ აფხაზებს საკუთარი შტაბებიდან?

მეორე მომენტი – „სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი – უცნობია. ვაითუ ხვალ ჩვენ გვეტყვიან, რომ ჩვენ ჩვენს მიწაზე არაფერნი ვართ და არც არანაირად გვქვია?“. აბსოლუტურად მართალია. არანაირი სახელმწიფოებრიობა თქვენ არასოდეს გქონიათ და არ გექნებათ, თქვენ გაქვთ მხოლოდ არჩევანი ან იყოთ თავისუფალნი ერთიანი საქართველოს ფარგლებში, ან იყოთ იმპერიის მონები, ან დაიხოცოთ თქვენი ფსევდო–დამოუკიდებლობისთვის ისე, რომ ვერც გაიგოთ რა გინდათ. და კითხვასაც თქვენ სწორად სვამთ. აუცილებლად გეტყვიან თქვენ, რომ იქ ზედმეტები ხართ და რომ სახელიც არ გაგაჩნიათ. თქვენთვის არ დაუღვრიათ მათ სისხლი, არამედ საკუთარი იმპერიული ინტერესებისთვის, საკუთარი შიშის გამო ნატო–სა და გლობალური პროცესების წინაშე, დერჟავურობის დაკარგვის შიშის გამო. თქვენთვის არა, ბატონო ჯიჯი.

აქ უკვე დროა გკითხოთ, რისთვის იბრძოდით? რისთვის დაღვარეთ თქვენი ახლობელი და ნათესავი ქართველების სისხლი? რომ რუსების ვასალები გამხდარიყავით? რომ ჟირინოვსკის შეეძლოს თავისი ჩექმები ჩაიბანოს შავ ზღვაში, აფხაზები კი მას მოემსახურონ? და ბოლოს – რაში გჭირდებათ დამოუკიდებლობა და ვისგან?


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე