2009 წლის ბოლოს მოსკოვიდან ფულადი სახსრების გადმორიცხვის დაგვიანების გამო ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დროებით შეჩერებული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კვლავ განახლდა. ამის შესახებ იტყობინებიან ცხინვალელი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების აღრიცხვაზე მყოფი 2008 წლის აგვისტოში დაზარალებული მოქალაქეების ახლო ნათესავები, რომლებიც ამჟამად, იძულებით ადგილნაცვალ პირთა კომპაქტურად დასახლების ადგილში– „წეროვანში“ ცხოვრობენ...
იმავე წყაროების გადმოცემით, ცხინვალელ დაზარალებულებს თეთრი შურით შურთ რუსი სამხედროების ოჯახების, რომლებიც სამხედრო დასახლებებში უპრობლემოდ სახლდებიან ახალ ბინებში, ხოლო თვითონ უკვე მესამე წელია ელოდებიან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თუ ადგილობრივი ხელისუფლება არ დააჩქარებს კერძო სექტორში ,,აღმშენებლობით პროცესს’’, არ არის გამორიცხული, რომ მათ რიგით მესამე ზამთრის გატარებაც იმავე პირობებში მოუწიოთ.
როგორც ადრე ვიუწყებოდით, აღნიშნულ რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე სულ განთავსებულია 17 სტაციონარული «სასაზღვრო» საგუშაგო, რომელთა მშენებლობა მიმდინარეობდა გეგმაზომიერად. ერთადერთი შემაფერხებელი გარემოება დაფინანსების შეფერხება იყო. საგუშაგოების პარალელურად იგეგმებოდა 11–დე სამხედრო ქალაქის აშენება სრული ინფრასტრუქტურით, რომელთა მშენებლობა დღესაც გრძელდება.
|