5 ივნისს ყარაჩაი-ჩერქეზეთში გამართულმა ჩერქეზთა საგანგებო ყრილობამ მიიღო რეზოლუცია ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქის აღდგენის შესახებ რესპუბლიკის სტატუსით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ამ რეზოლუციის მხარდასაჭერად ყრილობის დელეგატებმა თანადგომა თხოვეს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩერქეზებს.
ყრილობამ შექმნა ეროვნებათშორისი საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც შევიდა ყველა ადიღური ხალხის შვიდ–შვიდი წარმომადგენელი. მიღებულია გადაწყვეტილება ყრილობის უფლებამოსილება გაგრძელდეს მათი მთავარი მოთხოვნის საბოლოო აღსრულებამდე.
ყრილობის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ყაბარდო-ბალყარეთის და ადიღეს 700 დელეგატმა. მიუხედავად მოწვევისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ღონისძიებას არ დაესწრნენ.
ყრილობის გადაწყვეტილება გაეგზავნა ვ. პუტინს, დ. მედვედევს და ა. ხლოპონინს.
2002 წლის აღწერის მიხედვით ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში 49600 ჩერქეზი ცხოვრობდა, რაც რესპუბლიკის საერთო რაოდენობის მხოლოდ 11% შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსულენოვანი მოსახლეობა ბოლო 20 წლის მანძილზე ერთნახევარჯერ შემცირდა, დღეისთვის ისინი საერთო მოსახლეობის 35% მაინც შეადგენენ და ადიღურ მოსახლეობასთან ერთად თავს ყარაჩაელებისგან დაჩაგრულად აცხადებენ, რადგან ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა რესპუბლიკაში მხოლოდ ყარაჩაელებს უჭირავთ.
ყარაჩაი-ჩერქეზეთში ატეხილი ანტიყარაჩაული ისტერია და ჩერქეზებთან ერთად რუსულენოვანი მოსახლეობის დაჩაგრულ ფენად გამოცხადება ჩერქეზთა მიმდინარე საგანგებო ყრილობის ფონზე გარკვეული ძალების მორიგ უსუსურ მცდელობადაა მიჩნეული, რაც ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირებას ისახავს მიზნად.
|