რამდენიმე დღის წინ ბალყარეთის მოსახლეობის წარმომადგენელთა 50კაციანი დელეგაცია მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ა.ხლოპონინის მოადგილემ იური ოლეინიკოვმა. დელეგაციის წევრებმა ი.ოლეინიკოვს გადასცეს 300 გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბალყარელი ხალხის პრობლემები დაწყებული ჯერ კიდევ 1922 წლიდან.
ბოლო წლების გართულებები დაკავშირებულია საძოვრების და სხვა თავისუფალი მიწების განაწილებასთან ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის.
ანალოგიური თემის წამოწევისა და ტენდენციურობაში დადანაშაულების გამო მიმდინარე წლის მაისში ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ბალყარელი ხალხის უხუცესთა საბჭოს ინსტიტუტი, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ და გაასაჩივრეს იგი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასამართლოში.
კავკასიელი ექსპერტები თვლიან, რომ ურთიერთობას ყაბარდოელებსა და ბალყარელებს, ისე როგორც ყარაჩაელებსა და ჩერქეზებს შორის ხელოვნურად ძაბავენ, რომ შემდეგში დაისვას საკითხი მათი ერთმანეთისგან გამოყოფისა და კავკასიელი ხალხების მორიგი დაქუცმაცების შესახებ.
|