RSS
საქართველო-ირანი: კითხვები მეტია, ვიდრე პასუხები (ნაწილი I)
08.06.2010 12:56
სიმონ კილაძე

- მე ვაიძულებ გურგანისა და შავი ზღვის ტალღებს უალერსონ მძლე ირანის სანაპიროებს...
- მეფეთ-მეფეო, საქართველო არის გზა და ხიდი შავი ზღვისაკენ...
- ალაჰ ილალაჰ, რუსთ თეთრი მეფე მყინვარებისა და ოსმალეთიც ვერ დამასწრებენ საქართველოს დამორჩილებას!
შაჰ აბას პირველის საუბარი ვეზირთან

 

საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ახალი აქცენტები გაჩნდა - თბილისმა მზერა სამხრეთით, თეირანისაკენ მიმართა და ინტენსიურად დაიწყო დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა ირანის მიმართულებით: ბოლო დროს თეირანში ჯერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა, ცოტა მოგვიანებით კი თბილისს ირანელი მაღალი რანგის დიპლომატები ესტუმრნენ, გაიმართა შეხვედრები, აზრთა ურთიერთგაზიარება, შემუშავდა გეგმები საქართველო-ირანის ურთიერთობების გაღმავების მიზნით, თვით უვიზო რეჟიმის შემოღებამდეც კი.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირისა და ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისაგან - საქართველოსაგან გაკეთებულმა ამგვარმა რევერანსებმა „გარიყული“ ირანის მიმართ ექსპერტ-პოლიტოლოგებისა და დიპლომატიის მკვლევართა საკმაო გაკვირვება გამოიწვია. დღეს ხომ ყველასათვის ცნობილია თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული მწვავე ურთიერთდამოკიდებულება როგორც ირანის ატომური პროექტების, ასევე მისი მკვეთრი ანტიამერიკული პოლიტიკის გამო. „სიკვდილი ამერიკას“, - ეს ლოზუნგი ირანში დღესაც აქტუალურია. პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმედინეჯადი ვაშინგტონის პოლიტიკის გასაკრიტიკებლად გაეროს ტრიბუნასაც საკმაოდ წარმატებით იყენებს. თითქმის 30 წელია, რაც აშშ-სა და ირანს, ისლამური რევოლუციის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ და ერთმანეთის მიმართ მტრულ განწყობას ამჟღავნებენ.

და ამ დროს გაისმის საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ირანთან ისტორიულად არსებული ურთიერთობების განვითარებისა და ეკონომიკური ინტეგრირების თაობაზე...

„ეს გზა სპარსეთისაკენ მიემართება...“ (კადრები ფილმიდან „გიორგი სააკაძე“)

„ეს გზა სპარსეთისაკენ მიემართება...“
(კადრები ფილმიდან „გიორგი სააკაძე“)

მაინც რა მოხდა ისეთი, რომ წლების მანძილზე თბილის-თეირანის მეტ-წილად „გრილი“ ურთიერთობა უკანასკნელ ხანებში ესოდენ გაცხოველდა? რა აქვს ჩაფიქრებული საქართველოს ხელისუფლებას? სასარგებლო იქნება თუ არა ეს ჩვენთვის იმ დროს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ირანისათვის არაკონტროლირებული ბირთვული პროექტების გამო საკმაოდ მკაცრი სანქციების დაწესებას აპირებს? და ბოლოს, რამდენად შეთავსებადია „ვარდებისა“ და „ისლამური რევოლუციების“ ფასეულობები საქართველოს ინტერესების გატარების დროს?

ამერიკული კვალი?

ექსპერტებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ირანული ვექტორის უეცარ გააქტიურებაში ამერიკული კვალი დაინახეს. შესაძლოა, ეს თეორიულად გარკვეულწილად შეესაბამებოდეს სინამდვილეს - საქართველოს და ირანი ერთმანეთის მეზობელ რეგიონებში მდებარეობენ, ჰქონდათ და ახლაც აქვთ კავშირები, რომლებითაც ვაშინგტონსაც შეუძლია ისარგებლოს, ანუ დაამყაროს ირიბი კავშირები ანტიდასავლურ თეოკრატიულ ირანთან შუამავლის - პროამერიკული დემოკრატიული საქართველოს მეშვეობით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ ირანის საგარეო პოლიტიკის კავკასიური მიმართულება მხოლოდ საქართველოთი არ ამოიწურება - თეირანს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქბს „კავკასიაში რუსეთის დასაყრდენად“ წოდებულ სომხეთთან და ევროპის „ენერგოიმედთან“ - აზერბაიჯანთან. გავიხსენოთ ისიც, რომ ირანი 90-იან წლებში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო კავკასიის ერთ-ერთი კონფლიქტის - მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების პროცესში, თუმცა იმ პერიოდში თეირანის ინიციატივებმა დაპირისპირებული მხარეების - ბაქოსა და ერევნის ინტერესები ვერ დააბალანსა. დღეს კი ირანმა ისევ დაიწყო თავისი ექსპანსია რეგიონში - ამჯერად უფრო მეტად სავაჭრო-ეკონომიკური პროექტებით, თუმცა მასში გარკვეული პოლიტიკური ინტერესებიც დევს.

 ირანის კავკასიური პოლიტიკის ახალი ელემენტი, შეიძლება ითქვას, აფხაზური მინი-ვექტორშიც გამოიხატა: 2008 წლის შემდეგ თეირანი რატომღაც აფხაზეთით დაინტერესდა (ამაზე ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ).

ასე რომ, აშკარაა - კავკასიაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთთან, თურქეთთან ერთად ირანიც თავის ნიშას აფართოებს. აქვე გასათვალისწინებელია ირანზე რუსეთის გავლენის (გნებავთ, თანამშრომლობის) შესუსტების გარკვეული ტენდენცია - რუსეთი ბოლო ხანებში სულ უფრო იძულებული ხდება ასე თუ ისე მხარი დაუჭიროს ირანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს, რასაც ბუნებრივია, თან ახლავს თეირანის უარყოფითი რეაქცია. აქედან გამომდინარე, თეირან-თბილისის დაახლოების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების საკმაოდ მშვიდი რეაქციაც გასაგებია: ვაშინგტონისათვის თბილისური რევერანსები მიუღებელი არ უნდა იყოს, რადგან რაც უფრო მეტს გაიგებს ბიძია სემი ქართველებიდან სპარსელთა ზრახვების შესახებ, მით უკეთესი ამერიკელებისათვის.

ისე, კაცმა რომ თქვას, ირანი საკმაოდ ნაწყენი ჩანდა საქართველოს მიმართ - ორიოდე თვის წინათ, როცა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თეირანში ჩავიდა, იქ მას 2007 წელს თბილისში ირანელი მოქალაქის დაპატიმრება და მისი აშშ-სათვის ექსტრადირება გაახსენეს, რაც თეირანმა ანტიირანულ ნაბიჯად შეაფასა. გარდა ამისა, ირანს არ მოსწონს საქართველოს დასავლური კურსი, ნატოსთან დაახლოება, რაც არაერთხელ განუცხადებიათ ირანელ აიათოლებს და სახელმწიფო მოღვაწეებს.
ამ ფონზე ერთგვარ პარადოქსად მოჩანს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს მიერ 2002 წელს უკრაინაში შეძენილი რაკეტები ირანის დიქტატორული რეჟიმისათვის მიყიდვის თაობაზე. გამოდის, რომ თბილისი დასავლეთისაგან მალულად თეირანს თანამედროვე იარაღით ამარაგებდა? ეს ფაქტი არ შეიძლება სინამდვილეს შესაბამებოდეს, მაგრამ ზემოხსენებულმა განცხადებებმა საკმაო რეზონანსი მაინც გამოიწვია.

თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ორმხრივი კრიტიკული გამონათქვამები ან ისტორიას ჩაბარდა, ან მხოლოდ დროებით დაივიწყეს.

არის მეორე მოსაზრებაც, რომლის თანახმად, ირანთან მეგობრობის ესოდენ დემონსტრირება თითქოსდა განპირობებულია დასავლეთისაგან საქართველოსადმი ყურადღების შესუსტებითა და რუსეთის ფაქტორის გაძლიერებით: „თქვენ თუ არ გინდივართ, ჩვენ სხვა მეგობრებს ვიპოვითო“, ანუ თბილისმა ამგვარი ნაბიჯი დასავლეთისაგან დამოუკიდებლად გადადგა. ჩვენი აზრით, სინამდვილეს უფრო პირველი ვერსია შეესაბამება, ვიდრე მეორე - საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო კონიუნქტურას, თავის ნაბიჯებს უთანხმებს დასავლეთს და იმავდროულად საკუთარ ინტერესებსაც არ ივიწყებს.

პრაგმატული ინტერესები

ირანის დღევანდელი პოლიტიკური სისტემისა და მისი საგარეო-პოლიტიკური ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს ირანთან მეტწილად მართლაც პრაგმატული ინტერესები უნდა ამოძრავებდეს.

აქ საინტერესოა გავიხსენოთ მეტ-ნაკლებად უკევ დავიწყებული საქართველო-ირანის კონტაქტები უმაღლეს დონეზე, რომელთა ქრონიკა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ასე გამოიყურება და რომლებსაც სწორედ საქმიანი და ურთიერთსასარგებლო მიზნები ჰქონდა: ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1992 წლის 15 მაისს. 1993 წელს განხორციელდა ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი თეირანში, ხოლო მოგვიანებით, 1995 წელს - ირანის პრეზიდენტ ალი აქბარ ჰაშემი-რაფსანჯანისა - თბილისში და ბათუმში. 2004 წელს თეირანს ეწვია მიხეილ სააკაშვილი... გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ირანში ვიზიტიც...

რუსეთიდან იზოლირების კვალობაზე თბილისი თეირანის სახით ენერგოშემცველების სარეზერვო წყაროს ხედავს - ირანელმა მინისტრმაც ამას წინათ თბილისში სტუმრობის დროს სწორედ ეს შეგვახსენა: ხომ გახსოვთო, რუსეთიდან გაზი რომ შეგიწყდათ, ჩვენ დაგეხმარეთო. საქართველოში ფართოდაა ცნობილი ირანული საქონელი - საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ქიმიური ნაწარმით დაწყებული, კვების პროდუქტებით დამთავრებული.

ამ ბოლო ხანებში განხორციელებული ურთიერთვიზიტების მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ ეკონომიკაა: ირანული მხარე დაინტერესდა ჰიდროენერგეტიკით, სოფლის მეურნეობით, მეცხოველეობითა და ამ სფეროში წარმოებული პროდუქციის გადადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობით.

ეკონომიკასთან ერთად ირანთან მნიშვნელოვანი კულტურული ინტერესებიც გვაქვს და პირიქით. რა დასამალია და იყო დრო, როცა საქართველო მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ან სპარსეთის შემადგენლობაში მოიაზრებოდა, ანდა შაჰების ვასალ ქვეყნად მიიჩნეოდა. გავიხსენოთ შუა საუკუნეების დრამატული ამბები - ჯერ გიორგი სააკაძის, შემდეგ კი მეტ-ნაკლებად მარიონეტი მეფეების - როსტომის, ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზის, ერეკლე პირველის, გიორგი მეთერთმეტის, ვახტანგ მეექვსის სპარსული თავგადასავლები და „პატარა კახად“ წოდებული ერეკლე მეორის სამსახური შაჰის კარზე, რაც იმდროინდელი პოლიტიკური ვითარებით იყო გამოწვეული. ქართველი მეფეების პროსპარსული იძულებითი პოლიტიკა კულტურაზეც აისახა - მე-16 - მე-17 საუკუნეებში ქართული ლიტერატურა ირანულის დიდ გავლენას განიცდიდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ირანშიც ბევრი ქართველი მოღვაწეობდა და მათ მიერ შექმნილი არქიტექტურული ნაგებობები დღესაც ქართველის გულს ახარებს (მაგალითად, ისპაჰანში ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ აგებული თაღებიანი ხიდი). ამბობენ იმასაც, რომ შაჰ აბას პირველმა ქართული ენა კარგად იცოდა და სტუმრებს ხშირად ქართულად ელაპარაკებოდა ხოლმე. მას ჰყავდა ქართველი ბებია - შალიკაშვილის ქალი და ოთხი ქართველი ცოლი: თეიმურაზის, ლუარსაბის, ანდუყაფარ ამილახვრისა და სიმონ-ხანის დები - ელენე, ლელა-თინათინი, თამარი და დარეჯანი.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, როცა თბილისი დაიპყრო, აბას პირველმა ერთმანეთის პირისპირ მუსულმანებისათვის მეჩეთი და ქრისტიანებისათვის ეკლესია ააშენებინა. მათი მატერიალური უზრუნველყოფისათვის, შაჰის ბრძანებით, 40 დუქანს თავიანთი შემოსავლების წილი უნდა გაეღო. გარდა ამისა, აბას პირველმა მშენებლებს მიუთითა მეჩეთის შესასვლელში ასეთი წარწერა გაეკეთებინათ: „ვთხოვ ყველა მუსულმან მეფეს, რომელიც ჩემს შემდეგ ამ ქალაქის მბრძანებელი იქნება, დაიცვას მოპირდაპირედ მდგარი ეკლესიის უფლებები“, ეკლესიის შესასვლელში კი ასეთი ტექსტი ამოიტვიფრა: „ვთხოვ ყველა ქრისტიან მეფეს, რომელიც ამ ქალაქის მბრძანებელი იქნება, დაიცვან მეზობლად მდგარი მეჩეთის უფლებები“. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს გადმოცემა, ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მას თავისი წყარო გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, შაჰ აბას პირველს რომ ზოგჯერ გარკვეული პროქართული „გადახრები“ აღმოაჩნდებოდა ხოლმე, ამას მრავალი ფაქტი ადასტურებს.

ფერეიდანი

ირანის მიმართ თანამედროვე თბილისური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ირანში არსებული „მცირე საქართველო“ - ფერეიდანი, რომელშიც, შეიძლება ითქვას, ქართულ-ირანული კულტურული კავშირებია კონცენტრირებული. საერთოდ, ფერეიდნის ფაქტორი ძალიან საინტერესოა და დღეს მისი მნიშვნელობა სულ უფრო მეტად იზრდება. ფერეიდანს საგრძნობი ემოციური დატვირთვაც აქვს, ამიტომაც გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს საკითხი ქართულ-ირანულ ურთიერთობებში ერთ-ერთი დომინირებადი და აქტუალურია.

რასაკვირველია, ფერეიდანზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. გვახსოვს ის დრო, როცა გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს ტელევიზიით გურამ პატარაიას ფილმი „შორია გურჯისტანამდე“ აჩვენეს. მაშინ ცრემლმორეული ქართველები ნაღვლიანად იხსენებდნენ მე-17 საუკუნეში ირანის ლომის - შაჰ აბას პირველის მიერ კახეთიდან ათი ათასობით ქართველის დედა-ბუდიანად აყრასა და სპარსეთის ხრიოკ ნახევარუდაბნოში მათი ჩასახლების პერიპეტიებს. სწორედ ხსენებულმა ფილმმა შეასრულა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ 70-იან წლებში ქართული საზოგადოების ხელისუფლებაზე ერთგვარი ზეწოლის შედეგად (თუ შეიძლება ასე ითქვას), სპარსეთში გადასახლებულ ქართველთა შთამომავლების - ფერეიდნელთა ნაწილის დედა-სამშობლოში დაბრუნება მეტ-ნაკლებად წარმატებით განხორციელდა. ეს იმდროინდელი სირთულეების გათვალისწინებით (წარმოიდგინეთ - პროამერიკული ირანი და კომუნისტური საბჭოთა კავშირი!) თითქმის ფანტასტიკური პროექტი იყო. თუმცაღა, ობიექტურობა მოითხოვს ისიც ვთქვათ, რომ გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო საქართველოში ფერეიდნელ ქართველთა სრული ადაპტაცია ვერ მოხერხდა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულთაგან ზოგიერთმა ოჯახმა ისევ ირანში რეპატრიაცია არჩია.

 საბჭოთა პერიოდში ირანში ჩასვლა თითქმის შეუძლებელი იყო, დღეს კი ნებადართულია, მთავარია ინტერესი და ფული გქონდეს. დღეს ტელევიზიით სულ უფრო ხშირად გვაჩვენებენ ქართველი ჟურნალისტების მიერ გადაღებულ თანამედროვე ირანის ცხოვრების ამსახველ კადრებს. ფერეიდნელი ქართველების შესახებ შექმნილი კინონარკვევები და დოკუმენტური ფილმები უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, თუმცა ყველა მათგანს თავისებური სევდიან-ნოსტალგიური ელფერი დაჰკრავს.
მოკლედ რომ ვთქვათ, „ირანში არსებული მცირე საქართველოს“ ფაქტორი, როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, თანამედროვე ქართულ-ირანულ ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია.

დასასრული იქნება


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე