RSS
რას წარმოადგენს აფხაზური ოპოზიცია
09.06.2010 12:59
ექსპერტთა კლუბი

ჩვენთვის არცთუ უცნობი რაულ ხაჯიმბა ცდილობს აფხაზეთში დემოკრატი ოპოზიციონერის როლი ითამაშოს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, იგი გარკვეული პერიოდი ხელისუფლებას საპროტესტო განცხადებებით არ აწუხებდა, თუმცა, როგორც ”შეურიგებელ ოპოზიციონერს”, ამის საბაბი ნამდვილად გააჩნდა. რად ღირს თუნდაც ბაღაფშის საკადრო გადაწყვეტილებები, როდესაც მან თითქმის უცვლელი დატოვა ძველი შემადგენლობა, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მკაცრად აკრიტიკებდა. ამ ეტაპზე კრემლი, ბუნებრივია უკეთეს შემადგენლობას ვერც ინატრებდა და ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ხაჯიმბა გააფრთხილა დაუკრეფავში არ გადასულიყო. არადა დემოკრატიულობანას თამაშში მოსკოვს ბადალი რომ არ ჰყავს, ეს თვით რუსეთის მაგალითზეც კარგად ჩანს. აქედან გამომდინარე არც თუ უსაფუძვლოდ შეჩერდა არჩევანი ხაჯიმბაზე , რადგანაც მას ოპოზიციის ლიდერის როლისთვის ყველა მონაცემები აქვს, განსაკუთრებით ფსბ-ს გენერლობა. ეხლახან „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ თავკაცად სწორედ ხაჯიმბა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მისი არჩევის პროცესი ფორუმის შეკრებაზე, სხვა ოპოზიციონერი ლიდერების არყოფნის ფონზე მიმდინარეობდა.

დაინიშნა და დაიწყო მოჩვენებითი აქტიურობა მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ. ბრალდება, რომელსაც იგი უყენებს ბაღაფშს დაფუძნებულია მოსაზრებაზე, თითქოს მოქმედი რეჟიმი ცდილობს მიაყენოს ზიანი რუსულ–აფხაზურ ურთიერთობებს. თემა საკმაოდ საინტერესოა, რადგანაც ბაღაფში, ისევე როგორც თვითონ ხაჯიმბა, არაფრით არ ჩამოუვარდებიან ერთმანეთს კრემლისადმი მაამებელი პოლიტიკის გატარება-გახმოვანებაში. ოპოზიციური ლიდერის ბოლო განცხადებების განხილვა გვიქმნის ნათელ წარმოდგენას, რომ ბრძოლა მიდის კრემლის გულის მოსაგებად, და არა აფხაზი ხალხის ღირსეული მომავლისთვის.

ამ მოსაზრების საფუძველს აფხაზეთში გამომავალ გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ მე–20 ნომერში გამოქვეყნებული „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ განცხადება იძლევა. ფორუმის გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათლად ჩანს კრემლისადმი პირფერობის მიდრეკილება ბაღაფშის კრიტიკის ფონზე. განცხადებაც სწორედ ასე იწყება – „ჩვენ დადებითად ვაფასებთ რუსეთის ხელმძღვანელობის ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისკენ, საკუთრივ აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო უსაფრთხოების ამაღლებისკენ“. შესაბამისად, ხაჯიმბა და მისი გუნდი ცნობენ რუსეთის უზენაესობას აფხაზეთში ისევე, როგორც ბაღაფში. არ ვიცით, რამდენად შეიძლება მოტყუვდეს დღეს აფხაზი ხალხი „რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებაზე“ და „სამხედრო უსაფრთხოების ამაღლებაზე“ საუბრით, რადგან ფაქტია, რომ რუსი სამხედროები საქართველოს ამ ტერიტორიაზე ემსახურებიან ერთადერთ, იმპერიულ მიზანს და მასში არანაირად არ შედის აფხაზი ხალხის დაცვა. ეს მიზანი კი წაგლეჯილ ქართულ მიწებზე დამკვიდრებაა, რადგან ღმერთმა არა ჰქნას და ქართველებს მოუწიოთ უკან დაბრუნება. ხოლო, რაც შეეხება აფხაზებს, ისინი რუსული მიზნებისთვის მხოლოდ და მხოლოდ დამატებაა, „აფხაზეთის უსაფრთხოების დაცვა“ კი გვერდითი ეფექტი.

განცხადების გაგრძელება ეწინააღმდეგება პირველ წინადადებაში გამოთქმულ მოსაზრებას. „თუმცა, ქვეყნის ხელმძღვანელობის განცხადების საპირისპიროდ, იმის შესახებ, რომ „დრო, როდესაც ჩვენ ვიყავით მშვიდობასა და ომს შორის, როცა ვხარჯავდით ძირითად ძალებს სამხედრო მიმართულებით, გაუთავებელ კინკლაობაზე საქართველოსთან, სრულდება“, თანამედროვე სიტუაცია აფხაზეთის ირგვლივ რჩება დაძაბული“, – ნათქვამია განცხადებაში. ნუთუ ხაჯიმბა ეწინააღმდეგება საკუთარ სიტყვებს იმის შესახებ, რომ რუსული ჯარის ყოფნა აფხაზეთში „ამაღლებს საკუთრივ აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო უსაფრთხოებას“? ან რატომ გადაწყვიტა გააკრიტიკოს ბაღაფშის „მშვიდობიან რელსებზე“ გადასვლის სურვილს? აქ ყველაფერი მარტივადაა – გადავა რეჟიმი „მშვიდობიან რელსებზე“, მაშინ ხაჯიმბა უსაფრთხოებას გააკრიტიკებს; დაიწყებს ბაღაფში უსაფრთხოებაზე ზრუნვას, მაშინ ხაჯიმბა ეკონომიკას გააკრიტიკებს. მეტი რაღა დარჩენია, ოპოზიციონერის როლი ხომ უნდა ითამაშოს ფსბ–ს გენერალმა?

მოსკოვის სცენარით ხაჯიმბა აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ „აფხაზეთისთვის ბრძოლა იღებს ახალ ფორმებს, რაც მეტყველებს ახალ გამოწვევებისა და საფრთხეების არსებობაზე, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დგას. აფხაზეთის მტრებმა (ნეტა საქართველოს მეტს თუ ვინმეს გულისხმობდნენ? ), ვერ გათვალეს რა თავიანთი გეგმები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ძალისმიერ განადგურებაზე, შეიმუშავეს და დაიწყეს ჩვენს ქვეყანაზე სხვა, ზეწოლის არასამხედრო მეთოდების განხორციელება. ასეთი ზეწოლის მიზანი გახდა რუსულ–აფხაზური ურთიერთობები, განსაკუთრებით მათი ყველაზე რთული ნაწილი – მე–19 საუკუნის მოვლენები, რომელთა ისტორია დრამატიზმით ხასიათდება“.

პირველ რიგში, ახალ ამბავს არ წარმოადგენს, რომ ზეწოლა იქნება ნებისმერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, სანამ არ იქნება აღდგენილი ისტორიული სამართლიანობა და აფხაზეთი არ დაბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია – საქართველოში.

მეორეც, გაუგებარია „რუსული ხელმძღვანელობის სტარტეგიული ნაბიჯების დადებითი შეფასება“ მე–19 საუკუნის მოვლენათა გახსენების ფონზე. იცის რა იმ მოვლენების შესახებ, ხაჯიმბა ყოველდღიურად უნდა წყევლიდეს რუსეთს. სწორედ ისე, როგორც ამას სხვადასხვა ქვეყანაში გადახვეწილი მუჰაჯირები აკეთებენ, ახსოვთ რა კარგად საკუთარი ისტორია. ხაჯიმბას კი რა ახსოვს? რომ ფსბ–ს გენერალმა რუსეთის ინტერესები უნდა დაიცვას.

ხაჯიმბა ბაღაფშის რეჟიმს ბრალს სდებს იმაში, რომ ის იწვევს ანტირუსული განწყობების ზრდის პროვოცირებას. რაში გამოიხატება ეს, ბაღაფშის აბსოლუტური პრორუსულობის გათვალისწინებით, ძნელი სათქმელია. ხაჯიმბა კი სთავაზობს რეჟიმს ყურადღება მიაქციოს ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, მეცნიერების, დამნაშავეობასთან ბრძოლის, კორუფციის, ნარკომანიის, უკანონო მიგრაციის პრობლემებს, და არა „წარსულ მოვლენებს“. ეტყობა ბატონ ხაჯიმბას დაავიწყდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადასაწყვეტად პირველ რიგში აუცილებელი სამართლიანობის გრძნობის აღდგენა. აფხაზი ხალხის სამართლიანობის გრძნობა კი გადის იმ ცინიზმზე, რომლითაც რუსეთი მათ ეპყრობა, და ესეც მე–19 საუკუნეში განხორციელებული გენოციდის ფონზე.

საერთოდ, აფხაზი ლიდერები საოცრად იქცევიან. როდესაც ადიღი ხალხი, რომელთაც საკუთარ თავს მიაწერენ აფხაზები, იბრძვიან მათი გენოციდის ცნობისათვის, როდესაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია მოუწოდებს რუსეთს სამართლიანობის აღდგენისაკენ და სოჭში ოლიმპიური თამაშების გაუქმებისკენ, რომლებიც უნდა ჩატარდეს მათი წინაპრების ძვლებზე, აფხაზი ლიდერები პირიქით – ყველანაირად ცდილობენ კრემლს მოაწონონ თავი. რა თქმა უნდა, საკუთარი ჯიბე უფრო ახლოა, ვიდრე ისტორიული წარსული. ამავე დრო ისინი ცდილობენ ჩერქეზებს მიეკედლონ და სულ ახსენებენ, რომ მათი ძმები არიან, მაგრამ აფხაზებს ძმებისთვის ხომ არაფერი გაუკეთებიათ... არა გვგონია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ვინმეს დაავიწყდა აფხაზების პოზიცია ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით. ასე რომ, სოხუმი ცდილობს ჩერქეზული მოძრაობები თავისი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, თუმცა საქმით რუსეთზე არის მიბმული, რომელიც არ აპირებს თავისი დანაშაულობების აღიარებას. ამ ფონზე ზოგიერთი აფხაზი ლიდერი სთავაზობს საკუთარ ხალხს დაივიწყოს ეს გენოციდი და დაეხმარონ რუსეთს ოლიმპიური თამაშების ჩატარებაში.

განცხადებაში შემდეგ მოდის სრული გაუგებრობა. ფორუმი ბრალს სდებს ბაღაფშს ისეთ მოქმედებებში, რომლებიც ანტირუსული განწყობების ზრდას უწყობს ხელს და აკრიტიკებენ მას იმისთვის, რომ აკრძალა „კავკასიური ომის“ (რუსეთში გენოციდს უწოდებენ) მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება. ამ შემთხვევაში ვეთანხმებით ხაჯიმბას მოსაზრებას, რომ ბაღაფშის ამგვარი ქმედება, მართლაც უწყობს ხელს აფხაზ მოსახლეობაში ანტირუსული განწყობის ზრდას, უფრო მეტიც, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ აფხაზი ლიდერებისთვის სულ ერთია რას ფიქრობენ აფხაზები და მით უმეტეს ჩერქეზები, მთავარია მოსკოვს მოაწონონ თავი. როგორც ამავე განცხადებაშია აღნიშნული, „ჩრდილოეთ კავკასიის მთელ ტერიტორიაზე ერთი და იგივე დროს და საათს ჩატარდა იმ ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რესპუბლიკების ხელმძღვანელთა მონაწილეობით. აფხაზური ხელისუფლება კი, უკეთებს რა იგნორირებას საკუთარი ხალხის წარსულს, თავისი ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებს, რომლებიც ასი ათასობით თანამემამულის ბედთანაა დაკავშირებული, კარგავს პატივისცემას ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთში, მთელს მსოფლიოში“. ხაჯიმბა კი აკრიტიკებს რეჟიმს სწორედ ამისთვის, თუმცა იბადება კითხვა – პრეზიდენტი, რომ ყოფილიყო ხაჯიმბა და მოსულიყო ასეთი ბრძანება კრემლისგან, რას გააკეთებდა ფსბ–ს გენერალი? დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგივეს.

სამწუხაროდ, თვით აფხაზი ხალხისთვის დღეს არანაირ განსხვავებას არ წარმოადგენს, იქნება სათავეში ბაღაფში თუ ხაჯიმბა. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთზეც, მისთვისაც სულ ერთია, იქნება იქ ბაღაფში თუ ხაჯიმბა. მისთვის ამჟამად აფხაზეთი რჩება გასამხედროებულ ბუფერად, რომელსაც კრემლი აშენებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ნუთუ ბატონო აფხაზო ლიდერებო ვერ იყურებით საკუთარ ცხვირს იქით? ნუთუ თქვენთვის მოსკოვიდან გადმოგდებული მანეთი ისე გითბობთ სხეულს, რომ დაგიბნელათ გონება?

„დაუშვებელია სპეკულირება საკუთარი წარსულით, რომელშიც იყო ყველაფერი: გმირობაც, თავდადებაც, ტრაგედიაც. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ბევრ საუკუნეს ითვლიან, ვთვლით, რომ ერთად ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ მე–19 საუკუნის მძიმე მემკვიდრეობა და ბევრს მივაღწიოთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოებისათვის. ამის დასტურია რუსეთის ფედერაციის პატივცემული ხელძღვანელების დ.ა. მედვედევისა და ვ.ვ. პუტინის საჯარო გამოსვლები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ აფხაზური ეთნოსის შენარჩუნებაზე, აფხაზი ხალხის საკუთარი სუვერენული უფლებებისათვის ბრძოლის ტრადიციებისადმი ფაქიზ მოპყრობაზე“,–ვკითხულობთ განცხადებაში და იბადება კითხვა – რა არის ოპოზიცია აფხაზეთში? ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სურს რუსული საკენკი ჩაიგდოს ხელში? შეუძლია გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს მის აგრესიულ გეგმებში? ან თქვას, რომ რუსეთი თავისი ზეწოლით ქმნის ხელსაყრელ პირობებს აფხაზეთში უფრო მყარად დამკვიდრებისთვის? თუ ოპოზიციონერობა გინდათ, იქნება მსოფლმხედველობა შეიცვალოთ და რუსეთს დაუპირისპირდეთ? იქნებ მსოფლმხედველობები დააპირისპიროთ ერთმანეთს – ვისაც დამოუკიდებლობა უნდა, ვისაც რუსეთში უნდა და ვისაც საქართველოში? მაშინ გამოჩნდება რეალური სურათი და მაშინ იქნებით სწორედ ოპოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს აფხაზი ხალხისთვის, რუსეთის რომელი ლაქია უმეთაურებთ მათ? თუმცა, რა საჭიროა მეთაურობა. ამისთვის ხომ რუსეთის ფედერაციის „პატივცემული ხელმძღვანელების დ.ა. მედვედევი და ვ.ვ. პუტინი“ გყავთ. საინტერესოა, თვითონ მაინც თუ გადაიკითხეს თავიანთი განცხადება?

და ბოლოს, ბატონ ხაჯიმბას, მიუხედავად დიდი მცდელობისა არაფერი აწყენინოს მოსკოვს, მაინც მოსდის ფსბ-ს გენერლისთვის მიუტევებელი შეცდომა – ვერ მალავს სიმართლეს , თავისდაუნებურად აღიარებს, რომ აფხაზეთში ანტირუსული განწყობა არის ( განცხადების ტექსტში ნახსენებია, რომ ”ბაღაფში ხელს უწყობს ანტირუსული განწყობის ზრდას”). ანტირუსული განწყობის ზრდა ვერ იქნებოდა თუკი იგი ბუნებაში არ არსებობს. კიდევ კარგი , რომ ბოლომდე ვერ ღალატობს სინდისს და ამ ნაწილში მაინც ამბობს სიმართლეს. ჩვენ კი დარწმუნებული ვართ, რომ მოსკოვის კოლონიალური პოლიტიკიდან გამომდინარე, აფხაზეთში ანტირუსული განწყობა სულ უფრო გაიზრდება გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშეც.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე