საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები თავიანთ დღის წესრიგში შეიტანენ რუსეთის მხრიდან ჩერქეზი და ჩეჩენი ხალხის გენოციდის თაობაზე მიმართვის საკითხს. დასკვნა ამ საკითხზე პარლამენტის დიასპორის საკითხებში კომიტეტის სხდომაზე პარასკევს წარმოადგინეს მეცნიერებმა ბეჟან ხორავამ და მერაბ ჩუხუამ, რომლებმაც ისაუბრეს რუსეთის ორასწლიან პოლიტიკაზე ( ბოლო პერიოდის ჩათვლით) ვაინახებისა და ადიღთა მიმართ, რითაც დაიწყო მეცნიერებისა და ექსპერტების დასკვნების განხილვის პროცესი ჩრდილოკავკასიელი ხალხების წარსულის შესახებ.
კერძოდ, ხორავამ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დირექტივა და სხვა დოკუმენტები, რომლებიც მეტყველებენ რუსეთის სამოქმედო გეგმებზე სრულად დაიპყრონ ჩრდილოკავკასიელები და გაანადგურონ, ხოლო ჩუხუამ მიუთითა, რომ რუსეთის ხელისუფალთა მიერ ჩეჩნები და ინგუშები 16-ჯერ იქნენ გადასახლებულნი საკუთარი მიწა-წყლიდან. მეცნიერებმა ჩამოთვალეს და ილუსტრაცია გაუკეთეს კავკასიელთა განადგურების ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: შენობაში გამოკეტილი მოქალაქეების მასობრივი დაწვა, რადიაციული საშუალებების გამოყენება ავადმყოფობის გასავრცელებლად, ავადმყოფთა მკვლელობები და სხვა.
შეგახსენებთ, რომ ა.წ. გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტში შემოვიდა მიმართვა რუსეთის იმპერიის მიერ 19-ე საუკუნეში ადიღი ხალხის მასობრივი განადგურებისა და ჩერქეზთა დეპორტაციის ფაქტების გენოციდად ცნობის თაობაზე. მიმართვის ავტორები მოუწოდებდნენ აგრეთვე საქართველოს პარლამენტს 21 მაისი გამოეცხადებინა (კავკასიური ომის დასასრული) ჩერქეზი ხალხის გენოციდის ხსოვნის დღედ და ქ. სოჭი ჩათვლილიყო ადიღთა გენოციდისა და ეთნიკური წმენდის სიმბოლურ ადგილად.
ეს მიმართვა ხელმოწერილი იყო თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთა მიერ. შემდეგ, დიასპორის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო ჯგუფის ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან მეგობრობის ხელმძღვანელის ნუგზარ წიკლაურის მიერ ამ საკითხს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მიეძღვნა რვა სხდომა. თვითონ წიკლაური დარწმუნებულია, რომ ,,რუსეთის პოლიტიკას შეიძლება უწოდო კოლონიალური, რომელიც დაფუძნებულია დისკრიმინაციასა და ეთნოწმენდაზე”. ამასთან ერთად დეპუტატი აღნიშნავს, რომ „გენოციდის აღიარება მაინც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“.
|