RSS
საქართველო-ირანი: კითხვები მეტია, ვიდრე პასუხები (ნაწილი II)
18.06.2010 11:50
სიმონ კილაძე

(დასასრული. იხ. დასაწყისი)

რასაკვირველია, აქვე აუცილებელია ვთქვათ, რომ ფერეიდანის საკითხი ძალზე ფაქიზია და მას ფრთხილად უნდა მოვექცეთ. `ბევრი ქართველი ჟურნალისტი ისე წერს ამ თემაზე, რომ არ ითვალისწინებს ფერეიდანის და ირანის სპეციფიკას. გამოიყენება არასათანადო ტერმინები, ითხზვება წარმოუდგენელი `სენსაციები.~ ამ დროს კი აუცილებელია, რომ ანგარიში გაეწიოს ირანში არსებულ წესებსა და გავრცელებულ ნორმებს. არადა, სინამდვილეში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის `ქართული პრობლემა~ არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფერეიდნელი ემოციურად გამოხატავს პროქართულ გრძნობებს და ამაყობს თავისი წარმომავლობით. უამრავი მაგალითია საიმისო, რომ ფერეიდნელი ქართველები დიდი პატრიოტები არიან როგორც ირანის, ასევე საქართველოსი. მათ სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეობის გრძნობა ხელს არასდროს შეუშლით საქართველოს სიყვარულში. პირიქით, ისინი, შეიძლება ითქვას, წარმოადგენენ დამაკავშირებელ ხიდს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისათვის“, - ეს სიტყვები ირანში საქართველოს ყოფილი ელჩის ჯიმშედ გიუნაშვილის მიერ რამდენიმე წლის წინათაა ნათქვამი ერთ-ერთი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში. ცნობილი ქართველი დიპლომატისა და აღმოსავლეთმცოდნის თვალსაზრისი ახლაც აქტუალური და საყურადღებოა.

ირანის საგარეო პოლიტიკის „აფხაზური მინი-ვექტორი“

ქართულ-აფხაზური კონფლიქტით, უფრო სწორედ კი აფხაზეთით („სამხრეთ ოსეთით“) ირანმა აქტიური დაინტერესება ძირითადად 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ დაიწყო. როცა რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებლად აღიარა, რუსმა და სომეხმა ექსპერტ-პოლიტოლოგებმა გამოთქვეს თვალსაზრისი, რომ ირანი, როგორც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, ალბათ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მალე აღიარებდა. უნდა ითქვას, რომ ამ აზრს იმ დროს საერთაშორისო დიპლომატიის სხვა მკვლევარებიც იზიარებდნენ. მით უმეტეს, რომ ამის საფუძველს იძლეოდა იმ ხანებში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დროს, დუშანბეში დიმიტრი მედვედევისა და მაჰმუდ აჰმადინეჟადის დახურული შეხვედრები და მათი მოლაპარაკების შესახებ პრესაში გაჟონილი ინფორმაციებიც.

ასეთი მითქმა-მოთქმის ფონზე, სულ მალე ცეცხლზე ნავთი დაასხა თვით ირანის პრეზიდენტის მიერ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან რუსეთის მხარდასაჭერად გაკეთებულმა განცხადებებმა 2008 წლის სექტემბერში, რომლის თანახმად, აფხაზი და ოსი ხალხები ნატოსა და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ. მაჰმუდ აჰმადინეჟადი შეცადა გაეროს წევრების დარწმუნებას, რომ საქართველო დასავლეთის სამხედრო შეთანხმების მსხვერპლი გახდა. მის განცხადებას თუ დავუჯერებდით, გამოდიოდა, რომ რუსეთს 2008 წლის აგვისტოს დრამატულ მოვლენებში არავითარი ბრალი არ მიუძღვოდა, მოსკოვი თურმე კრავივით უცოდველი ყოფილა.

თუმცა, აქვე ირანის სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ ოფიციალურმა თეირანმა დიპლომატიური მუხრუჭი ჩართო და საქმე რუსეთის სიტყვიერი მხარდაჭერის იქით აღარ წასულა - დრო გადიოდა, ირანის მხრიდან კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების განცხადება არა და არ ისმოდა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მეტ-ნაკლები როლი საქართველოს ძალისხმევამაც შეასრულა - უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ ხანებში თეირანსა და თბილისს შორის გაცხოველებული, მაგრამ გარეშე თვალისათვის იდუმალი დიპლომატიური მიმოწერა მიმდინარეობდა.

2009 წლის დასაწყისისათვის ისე ჩანდა, რომ ირანმა არც რუსეთს აწყენინა - ფაქტიურად გაამართლა მოსკოვი აგვისტოს აგრესიის საკითხში და საქართველოსთანაც გზები არ მოიჭრა - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი არ სცნო. მოსკოვში ირანის ელჩმა მაჰმუდ რეზა-საჯადმა სწორედ ეს გააჟღერა: „უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს თეირანი არ აღიარებსო“.

თუმცა რას გაუგებ აღმოსავლურ დიპლომატიას... შესაძლოა თეირანში მოსკოვის საამებლად მაინც იფიქრეს - პოლიტიკა თუ არა, ეკონომიკური კავშირები მაინც დავამყაროთო და აფხაზეთში, 2009 წლის ივლისში ირანის დელეგაცია ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა. თავის დროზე ამ ფაქტის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გავრცელდა: ალბათ, იმ მიზეზით, რომ ირანელთა ვიზიტის ფართოდ აფიშირება არ მომხდარიყო, შეხვედრები დახურულ რეჟიმში, ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ დელეგაცია სოხუმში მოსკოვიდან ჩავიდა, სავარაუდოდ, საქართველოსთან შეუთანხმებლად.

ირანის წარმომადგენლებთან კონტაქტებს აფხაზი სეპარატისტები მოსკოვშიც აგრძელებდნენ - მოლაპარაკების დროს საკითხები ძირითადად ეკონომიკურ სფეროს ეხებოდა. ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში სერგეი ბაღაფშს, როცა მოგვიანებით, დეკემბერში, ირანთან ურთიერთობებზე საუბრობდა,: „ჩვენ აქტიური კონტაქტები გვაქვს ირანის წარმომადგენლებთან, ისინი სოხუმში გვესტუმრნენ, გვქონდა შეხვედრები მოსკოვშიც. ირანი მზადაა მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის ეკონომიკურ პროცესებში“.

აფხაზ სეპარატისტთა ფუჭი ოცნებები

იმ ხანებში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ირანის ურთიერთობები სოხუმელ სეპარატისტებთან თურქეთ-აფხაზეთის კავშირების მოდელს დაემსგავსებოდა, რომელიც ეკონომიკურ თანამშრომლობას პოლიტიკური აღიარების გარეშე ითვალისწინებს. სავარაუდოა, რომ ირანის სახით აფხაზეთს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტორი გამოუჩნდებოდა, თუმცა არის ერთი „მაგრამ“: ბაღაფშის განცხადებების შემდეგ თითქმის ნახევარი წელი გავიდა, მაგრამ რაიმე სიახლე ირანისა და აფხაზი სეპარატისტების ურთიერთობებში ჯერ-ჯერობით არ შეინიშნება. ამგვარი სიტუაციის კონკრეტული მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ უნდა მივიჩნიოთ, რომ ყველაფრის სათავე მაინც მოსკოვშია: იმის გათვალისწინებით, რომ ირანისა და რუსეთის დამოკიდებულება შესამჩნევად „გაცივდა“ (რუსეთი იძულებულია მხარი დაუჭიროს გაეროს ანტიირანულ სანქციებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით), თეირანმაც, ალბათ, ხელი აიღო სეპარატისტებთან კავშირების გაგრძელებაზე და აქცენტი დღეს საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებაზე გადმოიტანა.

ასე რომ, შეიძლება ვივარაუდოთ: ამ ეტაპზე ირანის საგარეო პოლიტიკის აფხაზურმა მინი-ვექტორმა მნიშვნელობა დაკარგა და ის მთლიანად „შთანთქა“ ქართულ-ირანულმა ურთიერთობებმა. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ამგვარმა სიტუაციამ საკმაოდ კარგი წინაპირობა შექმნა იმისათვის, რომ საქართველომ, თავისი ინტერესების სასარგებლოდ, გნებავთ ვაშინგტონის დაუკითხავად, დამოუკიდებლად გააფართოვოს ურთიერთობა თეირანთან.

მსოფლიო პოლიტიკა ცვალებადია და არამდგრადი. საერთაშორისო ურთიერთობების საუკუნეობრივი გამოცდილება მოწმობს, რომ დღევანდელი მეგობარი ხვალ შეიძლება მტრად გადაიქცეს და პირიქით. „ჩვენთვის მოკავშირეები და პარტნიორები მხოლოდ დროებითია, მუდმივია მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები. მათი დაცვა ყველას მოვალეობაა“ - მე-19 საუკუნის ცნობილი ინგლისელი დიპლომატის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ლორდ ჰენრი პალმერსტონის ბრძნული სიტყვები სავსებით შეესაბამება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი