RSS
რუსეთის იმპერიული ენობრივი პოლიტიკის ზოგიერთი საკითხები აფხაზეთში და მისი შედეგები (ნაწილი I )
21.06.2010 14:35
გოგი მაისურაძე

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქვეყნების დაპყრობით იმპერიები ერთდროულად რამდენიმე მიზანს აღწევენ, კერძოდ: ამ დროს ყველაზე არსებითად მიიჩნევა ახალი ტერიტორიების მიერთება, წიაღისეულისა და სხვა მატერიალური სიმდიდრის ხელში ჩაგდება, გეოსტრატეგიული და სამხედრო პოზიციების გამყარება-გაუმჯობესება, დემოგრაფიული სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლა და სხვა. აღნიშნულთან ერთად მნიშვნელოვანია დაპყრობილი მოსახლეობის ენობრივი, კულტურული, რელიგიური და ეთნიკური ასიმილირება, რათა სამომავლოდ ეს მოსახლეობა არ აღმოჩნდეს შეურიგებელ ოპოზიციაში დამპყრობელის მიმართ.

1801 და 1921 წლებში, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სრული ექსპანსიისა და ფეხის მყარად მოკიდების შემდეგ, მისთვის აქტუალური გახდა თითქმის ყველა დასახული მიზნის მიღწევა რელიგიური ასიმილაციის ჩათვლით... მაგრამ საქართველოში ქართულ ენაზე მოლაპარაკე უმრავლესობის პარალელურად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური ჯგუფები. ბუნებრივია, ქართველთა ქვეყანაში მოსახლე ჯგუფთა ეთნიკური, ენობრივი და კონფესიური იდენტობა დიდწილად განსაზღვრავდა მათ პოლიტიკურ ორიენტაციასაც: მართლმადიდებელი ქართველი, აფხაზი და ოსი მოსახლეობა გრიგორიან სომხებთან ერთად იმ ეტაპზე მაინც ლოიალურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ და მასში ირანისა და ოსმალოს პოლიტიკისაგან დამცველს ხედავდა, ხოლო მაჰმადიანი ქართველების, აფხაზების, ბორჩალოელი თათრებისა და თურქების განწყობა ოსმალეთისაკენ უფრო იხრებოდა, ოსმალეთი კი მაშინ რუსეთის აშკარა პოლიტიკური და სამხედრო ოპონენტი იყო. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებაც ხედავდა ამას და ცდილობდა კიდევაც რელიგიური ფაქტორის სათავისოდ გამოყენებას.

ცარიზმი საქართველოში ფეხის მოკიდებისთანავე შეუდგა ზრუნვას ქვეყნის მოსახლეობის მასობრივად გარუსებისათვის. რისთვისაც იმპერიის იდეოლოგებმა სხვადასხვა გეგმა შეადგინეს, რომელთა გაცნობა კარგად გვიჩვენებს იმპერიის რეალურ სახეს. მაგალითად, 19-ე საუკუნის 30-იან წლებში ერთერთი გავლენიანი იდეოლოგი პლატონ ზუბოვი აფხაზეთის შესახებ წერდა: ,,... მთიელთა დაშოშმინება (დამორჩილება) გულისხმობს შემდეგს: სავაჭრო ურთიერთობების განვითარების გზით დავნერგოთ მათში მიდრეკილება ფუფუნებისაკენ; ვაქციოთ იგი აუცილებლობად და გავანათლოთ მთიელნი ქრისტიანობის შუქით... მთიელები იცხოვრებენ მთავარი გზებისაგან მოშორებულ დაბლობებში... და მთავრობის შემწეობით მიიღებენ პირველ რიგში აუცილებელ საცხოვრებლებს, შესანიშნავ ეკლესიებს ყოველ მნიშვნელოვან სოფელში; ...ეკლესიებთან უნდა გაიხსნას სასწავლებლები რუსული ენის შესასწავლად და თუნდაც დასაწყისისათვის საღვთო წირვა შესრულდეს მთიელთა ენაზე, მაგრამ თანდათანობით საქმე ისე უნდა წავიყვანოთ, რომ მათ მიატოვონ საკუთარი კილოკავები და გაეცნონ რუსულ ენას, რომელიც მათი შთამომავლებისათვის უკვე გაბატონებული ენა გახდება, რადგანაც დამწერლობის არმქონე მათი მრავალგვარი კილოკავები იოლად მიეცემა დავიწყებას’’.... ცარიზმის ხელისუფლებამ თითქმის ყველაფერი იღონა დასახული ამოცანების განსახორციელებლად.

19- საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისისათვის, როცა აშკარა გახდა რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ხანგრძლივი რუსეთ-კავკასიის ომი იმპერიის გამარჯვებით დასრულდებოდა, ცარიზმმა დაიწყო აქტიური მუშაობა აფხაზეთში Eეთნიკურ-დემოგრაფიული ვითარების მკვეთრად შესაცვლელად, აგრეთვე აფხაზი და ოსი მოსახლეობის ქართული კულტურული სამყაროდან მოსაწყვეტად და ამ ორი ეთნოსის ქართველ ხალხთან დასაპირისპირებლად. ამ მიზნების მიღწევისათვის გადაწყდა: დამწერლობის შექმნა აფხაზური და ოსური ენებისათვის რუსული გრაფიკის გამოყენებით, რაც განხორციელდა კიდეც; აფხაზურ და ოსურ სოფლებში მანამდე მოღვაწე ქართველი მისიონერების გაწვევა; სამურზაყანოს (ამჟამინდელი გალის რაიონის) ტერიტორიაზე მოსახლე ქართველების აფხაზებად გამოცხადება; მათთვის ღვთისმსახურებასა და სკოლაში ქართული ენის გამოყენების აკრძალვა რუსული ენის დაძალების პარალელურად და ა.შ. ...

აფხაზური ენა 1862 წლამდე დამწერლობის არმქონე ენა იყო. ამ დრომდე, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზები იყენებდნენ ქართულ სამწიგნობრო ენას ოფიციალური მიმოწერის, რელიგიურ-ქრისტიანული და კულტურული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ქართული ენა მაღალ დონეზე იცოდნენ აფხაზური არისტოკრატიის წარმომადგენლებმა და დაბალი სოციალური ფენის ნაწილმა. უფრო მეტიც, XIX საუკუნის განმავლობაში აფხაზეთის მთავრებიც და სხვა თავადებიც რუსულ ხელისუფლებასთან ოფიციალურ მიმოწერას მხოლოდ ამ ენაზე აწარმოებდნენ, ხოლო ინტელიგენცია ქართულ ენასა და წერილობით კულტურას თავის მშობლიურ ენად და კულტურად მიიჩნევდა. მაგალითად, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი გიორგი შერვაშიძე ზედმიწევნით ღრმად იცნობდა ქართულ ლიტერატურას, თვითონაც წერდა შესანიშნავ ლექსებს ამ ენაზე, ხოლო როდესაც ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა თავის სტატიაში უდიერად მოიხსენია საქართველო, ქართველი ერი და ქართული კულტურა, გ. შერვაშიძემ მას საკადრისი პასუხი გასცა. მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოში მცხოვრებ ოსებსაც საქართველოს, ქართველი ხალხის, ქართული კულტურისა და ენისადმი. ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო აფხაზთა, ოსთა და ქართველთა სიახლოვე, ამიტომ XIX საუკუნის შუა წლებში, რუსეთ-კავკასიის ომის დასრულების მოახლოებისთანავე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ამ სიახლოვის მოსაშლელად და დასახელებული სამი ეთნოსის გადასამტერებლად. უკვე 1862 წელს რუსეთის არმიის გენერალი პეტრე უსლარი შეუდგა აფხაზური ენის მეცნიერულ გამოკვლევას, მაგრამ მის წინაშე წამოიჭრა პრობლემა: რომელი ენის დამწერლობით უნდა გადმოეცა აფხაზური ენის ბგერები? გენერალმა, რომელსაც ლინგვისტის დიდი ნიჭიც ჰქონდა, იცოდა, რომ კავკასიაში გავრცელებულ იმ ენათათვის, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ უდამწერლობო იყო, ყველაზე გამოსადეგად ქართული ანბანი უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ მას არ სურდა ამ დამწერლობის გამოყენება წმინდა პოლიტიკური მოსაზრებების გამო. იგი წერდა: “... [ქართული ანბანი] ლამის ყველაზე სრულყოფილია არსებულ ენათა შორის... ყოველი ბგერა გადმოიცემა საგანგებო ნიშნით და ყოველი ასო მუდამ გამოხატავს ერთსა და იმავე ბგერას. ყველა ევროპულ ენაში არსებობს დაბრკოლება _ ესაა ორთოგრაფია; ქართველებს, მათი ანბანის სრულყოფილების წყალობით, ეს სირთულე თითქმის არა აქვთ... აქედან ჩანს, რომ ქართული საანბანო სისტემა შეიძლება აღებულ იქნეს აქამდე დამწერლობას მოკლებული ყველა კავკასიური ენისათვის საერთო ანბანის საფუძვლად; მაგრამ თუ ჩვენ ქართველებისაგან ვისესხებთ არა მარტო საანბანო სისტემას, არამედ ასოთა მოხაზულობასაც, ამით სრულიად უნებურად შევქმნით სირთულეებს, რომლებიც მით უფრო საგრძნობი იქნება, რაც უფრო მეტად გავრცელდება რუსული წერა-კითხვა კავაკასიაში” (გამახარია, გოგია, 1997: 353). იგი იქვე დასძენდა: “წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვქმნით იმის რისკს, რომ ქართული და სხვა ავტონომიების გარდა შევქმნით აფხაზურ ავტონომიასაც”-ო (გამახარია, გოგია, 1997: 720). პ. უსლარს დიდხანს არ უყოყმანია და შექმნა დამწერლობა აფხაზური ენისათვის, რომელიც ემყარებოდა რუსულ გრაფიკას (კირილიცას), მაგრამ მასში შეძლებისდაგვარად გამოყენებული იყო ქართული დამწერლობის პრინციპი _ ასოები სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარად არ იკითხებოდა. საყურადღებოა, რომ იმავე დროს, როცა პ. უსლარი წერდა აფხაზური ენის გრამატიკულ მიმოხილვას, ამავე ენაზე პირველი საანბანო წიგნის შექმნაზე მუშაობდა ჯგუფი გენერალ ბართოლომეის ხელმძღვანელობით, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება აფხაზური სიტყვების ჩასაწერად გამოეყენებინა ქართული გრაფიკა. ამან პ. უსლარი საშინლად განარისხა და მისი ენერგიული ჩარევის შედეგად ი. ბართოლომეის ჯგუფი აიძულა, უარი ეთქვა თავის გადაწყვეტილებაზე და გამოეყენებინა პ. უსლარის მიერ შედგენილი ახალი დამწერლობა რუსული გრაფიკის გამოყენებით (ი. ბართოლომეის ჯგუფის მიერ დაწერილი ახალი “აფხაზური ანბანი” გამოიცა 1865 წელს).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალ აფხაზურ დამწერლობას პრაქტიკული გამოყენება თითქმის არ ჰქონია 1912 წლამდე, როცა დიმიტრი გულიამ თბილისში გამოსცა თავისი ლექსების პირველი კრებული, რითაც საფუძველი ჩაეყარა აფხაზური მხატვრული ლიტერატურის ისტორიას (აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 1892 წელს რუსული ეკლესიის ხელმძღვანელობამ აფხაზეთში შექმნა მთარგმნელობითი კომისია, რომელმაც აფხაზურ ენაზე თარგმნა და გამოსცა რამდენიმე რელიგიური წიგნი). ამ მიზეზის გამო XIX საუკუნეში შეუძლებელი იყო საერო და სასულიერო განათლების ორგანიზება აფხაზურ ენაზე _ ამ ენაზე არ არსებობდა სასწავლო ლიტერატურა, რომლის შესწავლაც შეეძლებოდა აფხაზ მოსწავლეებს. ამგვარად ხელოვნურად შეიქმნა დილემა: ხელისუფლება აცხადებდა, რომ რაკი აფხაზები ქართველები არ არიან, მათთვის ქართული ენის სწავლება და ქრისტიანული ღვთისმსახურების შესრულება ამ ენაზე დაუშვებელია, აფხაზებს არც საკუთარი ორიგინალური ან თარგმნილი ლიტერატურა მოეპოვებათ, ამიტომ უპრიანია, აფხაზმა ბავშვებმა ისწავლონ და ილოცონ რუსულ ენაზეო. რუსიფიკაციისა და “Divide et Impera”-ს ეს კვინტესენცია არაერთ რუს მოხელეს გამოუთქვამს. დავიმოწმებთ ერთ-ერთის, ევგენი ვედინბაუმის გულახდილ გამონათქვამს: “აფხაზური ენა, რომელსაც არა აქვს დამწერლობა და ლიტერატურა, რაღა თქმა უნდა, განწირულია მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში გასაქრობად. საკითხი ასე დგას: რომელი ენა შეცვლის მას? ცხადია, რომ [აფხაზურ – თ. გ.] მოსახლეობაში კულტურული იდეებისა და ცნებათა დამნერგავის როლი უნდა შეასრულოს არა ქართულმა, არამედ რუსულმა ენამ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ აფხაზური დამწერლობის დაფუძნება თვითმიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ ის უნდა გახდეს ეკლესიისა და სკოლის მეშვეობით ქართული ენისადმი მოთხოვნილების დასუსტებისა და მისი [ე.ი. ქართული ენის – თ. გ.] სახელმწიფო ენით [ე.ი. რუსულით – თ. გ.] შეცვლის იარაღი” (გამახარია, გოგია, 1997: 720). სხვათაშორის, ე. ვეიდენბაუმს აქ უნებურად წამოსცდა, რომ აფხაზურ მოსახლეობაში ცარიზმის დროს დიდი იყო მოთხოვნილება ქართული ენისადმი.

სწორედ ცარიზმის ჭეშმარიტი მიზნების ამოცნობა გვიწყობს ხელს იმის ახსნაში, თუ რატომ ახდენდა ცარიზმის ხელისუფლება ქართველ საერო და სასულიერო მოღვაწეთა იმ წინადადებების იგნორირებას, რომლებიც აფხაზეთში განათლებისა და ღვთისმსახურების აფხაზურ ენაზე წარმართვას გულისხმობდა. მაგალითად, ჯერ კიდევ მანამ, სანამ რუსეთი ოფიციალურად გააუქმებდა აფხაზეთის სამთავროს, მაგრამ მკაცრად აკონტროლებდა ვითარებას ამ რეგიონში, აფხაზეთის მთავრის პირადმა მოძღვარმა, ქართველმა დეკანოზმა იოანე იოსელიანმა, რუსეთის ხელისუფლების წინაშე წამოჭრა საკითხი სოფ. ლიხნში, აფხაზეთის მთავრის რეზიდენციის ახლოს სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ, სადაც აფხაზი ბავშვები სხვა საგნებთან ერთად დედაენასაც შეისწავლიდნენ, მაგრამ ამ პროექტს უარი ეთქვა. ანალოგიური წინადადება მოგვიანებითაც არაერთხელ დაისვა, მაგრამ საკითხი მუდამ გადაუჭრელი რჩებოდა. სხვა მაგალითი: დაახლოებით 100 წლის შემდეგ, XX საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის ქართველი ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) მომხრე იყო აფხაზურ ენაზე ლიტერატურის შექმნისა და ღვთისმსახურების დაწესებისა. იმავე წინადადებას აყენებდა დიდი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილიც, რომელიც 1907 წელს წერდა: “გაზეთების ზოგი კორესპონდენტი მტრულად ეპყრობა აფხაზურ ენაზე საღვთისმსახურო წიგნების თარგმნას და ამ ენაზე ღვთისმსახურების შესრულებას. ეს მეტისმეტად მაოცებს. მართალია, აფხაზეთი მრავალი საუკუნის მანძილზე შეადგენდა საქართველოს პოლიტიკური სხეულის ნაწილს, იქ ღვთისმსახურება სრულდებოდა ქართულ ენაზე და დამწერლობაც ქართული იყო, თვით აფხაზთა სურვილისამებრ, მაგრამ უეჭველი ფაქტია, რომ აფხაზური ენა ქართული ენის კილო არ არის, არამედ დამოუკიდებელი ენაა, თუმცა ქართული ენის მონათესავე. როგორც დამოუკიდებელ ენას, მას უდავოდ აქვს უფლება თავის ღვთისმსახურებაზე, თავის დამწერლობაზე, თავის ხალხურ [ე.ი. ეროვნულ – თ.გ.] ლიტერატურაზე”.

ი. გოგებაშვილი იქვე მოუწოდებდა სოხუმელ ქართველებს, დახმარება გაეწიათ აფხაზი მოღვაწეებისათვის აფხაზური ენის სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაში და თუ ამგვარი წიგნების სოხუმში გამოცემა გაუჭირდებოდათ, გადაეგზავნათ ტექსტი თბილისში, სადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის გამგეობის წევრიც ი. გოგებაშვილი იყო, თავისი ხარჯით დაბეჭდავდა წიგნებს (გამახარია, 2005: 473-474). იმავე ი. გოგებაშვილის მიერ შედგენილი ქართული საანბანო წიგნის “დედა ენის” პრინციპები გამოიყენა აფხაზმა პედაგოგმა ანდრეი ჭოჭუამ აფხაზური საანბანო წიგნის შედგენისას. ბედის ირონიაა, რომ დღეს ი. გოგებაშვილი აფხაზ სეპარატისტებს “შავ სიაში” ჰყავთ და მას სრულიად უსაფუძვლოდ აფხაზთა გაქართველების იდეოლოგობაში სდებენ ბრალს, ხოლო გენერალ პ. უსლარს ლამის ღმერთად წარმოაჩენენ.

ვფიქრობ, აქ წარმოდგენილი მასალის საფუძველზე ობიექტური მკითხველი თავად განსჯის, თუ ვინ იყო აფხაზი ხალხის უანგარო მეგობარი და ვინ _ მისი გადაჯიშების მოსურნე: პ. ზუბოვი, პ. უსლარი, ე. ვეიდენბაუმი, რუსეთის ხელისუფლება თუ დეკანოზი ი. იოსელიანი, ი. გოგებაშვილი, ეპისკოპოსი კირიონი, ეპისკოპოსები ალექსანდრე ოქროპირიძე და გაბრიელ ქიქოძე... (მათ ხელი შეუწყვეს ათასობით აფხაზის გაქრისტიანებას და ამით გადაარჩინეს ისინი აფხაზეთიდან დეპორტაციას), აფხაზეთში მოღვაწე ის ქართველები, რომლებიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე უანგაროდ დაეხმარნენ აფხაზ მოღვაწეებს აფხაზთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნაში და ამ საზოგადოების მუშაობის ფართოდ გაშლაში?
ზემოთ დასახელებული ფაქტების გათვალისწინებით შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გამოტანა:

1862 წელს აფხაზური ენისათვის დამწერლობის შექმნას, მართალია, ძალზე დიდი კულტუროლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა ამ ენის არსებობის ისტორიაში, მაგრამ ეს აქტი არ ყოფილა ამ ენის მატარებელი ეთნოსის ბუნებრივი ისტორიული განვითარებით გამოწვეული მოვლენა (როგორც მსოფლიოს ისტორია გვიჩვენებს, დამწერლობას ეთნოსი თავისი განვითარების მაღალი ეტაპის მიღწევის დროს ქმნის და ამას განაპირობებს თვით ამ ეთნოსის შინაგანი მოთხოვნილების ბუნებრივი სიმწიფე. აფხაზ ხალხს კი, კავკასიის სხვა მრავალი მცირერიცხოვანი ეთნოსის მსგავსად, არც XIX საუკუნეში და არც მანამდე არ ჰქონია მოთხოვნილება საკუთარი დამწერლობის შექმნისა - არ არსებობს არავითარი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა მსგავსი მოთხოვნილება). აფხაზური დამწერლობა შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებით და მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, აფხაზთა იზოლირებას ქართული კულტურული ველისაგან, მეორე მხრივ კი მათი საბოლოო გარუსებისათვის ნიადაგის შემზადებას რუსულ გრაფიკასთან და რუსულ ენასთან შეჩვევის გზით.

ამ დასკვნის მართებულობას, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გარდა, ადასტურებს ისიც, რომ ცარიზმის ხელისუფალნი ხშირად უარყოფდნენ აფხაზური დამწერლობის არსებობის ფაქტსაც კი; კრძალავდნენ აფხაზური და ქართული ენების გამოყენებას აფხაზეთის სკოლებსა და ეკლესიებში; აძალებდნენ აფხაზებსა და ქართველებს რუსულ ენაზე სწავლასა და ღვთისმსახურებას და ა.შ. მაგალითად, 1864 წელს “კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ” გამოსცა “წესები სამრევლო სკოლების შესახებ”, რომელიც ამ საზოგადოების ეგიდით გახსნილ საეკლესიო-სამრევლო სკოლებს ნებას რთავდა, სწავლება წარემართათ დედაენაზეც, მიუხედავად ამისა, სამურზაყანოში (ამჟამინდელ გალის რაიონში), სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, სწავლება ქართულ ენაზე მხოლოდ სამრევლო სკოლათა მცირე ნაწილშიღა მიმდინარეობდა, ხოლო დანარჩენ სკოლებში, აგრეთვე აფხაზეთის აფხაზურ სოფლებში ბავშვებს მათთვის სრულიად გაუგებარ რუსულ ენაზე ასწავლიდნენ, რასაც შედეგი არ მოჰქონდა.

1866 წელს რამდენიმე აფხაზური სოფლის სამრევლო სკოლებში შემოღებულ იქნა სწავლება აფხაზურ ენაზე, მაგრამ 1884 წელს “კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ” საერთოდ აკრძალა სამურზაყანო-აფხაზეთში სწავლება ქართულ და აფხაზურ ენებზე. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის 1889 წლის 17 მარტის ბრძანებით, სოხუმის ოლქში, ე.ი. აფხაზეთ-სამურზაყანოს ეკლესიებსა და სამრევლო სკოლებში წირვა-ლოცვა და სწავლება უნდა წარმართულიყო მხოლოდ რუსულ ენაზე. მსგავსი აკრძალვები პერიოდულად მეორდებოდა ხოლმე შემდგომშიც: 1896, 1898 წლებში (ვრცლად იხ. გვანცელაძე, ტაბიძე, შეროზია, ჭანტურია, 2001: 105-106; გამახარია, 2005: 669-672). რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლება ამ აკრძალვებს ასეთი “ლოგიკით” ამართლებდა:


( გაგრძელება იქნება )


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე