ოსური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში გაზეთ ,,სამხრეთ ოსეთის“ რედაქციის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა, ნარკომანიის პრობლემებთან დაკავშირებით. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ: მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი, ექიმი –ნარკოლოგები,დეპუტატები, ჟურნალისტები, გაზეთების რედაქტორები, რუსეთის საელჩოს დიპლომატები სამხრეთ ოსეთში და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, რომლებმაც გააკრიტიკეს ადგილობრივი ძალოვანების არაეფექტური საქმიანობა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ,,შსს–ს როგორც აღმასრულებელ ორგანოს არ შეუძლია: ა) კიდევ უფრო გაამკაცროს ზომები ნარკოტიკული ნივთიერებების გამსაღებლებისა და გამავრცელებლების მიმართ; ბ) მოახდინოს ყველა დაინტერესებული უწყებების ჩართვა აღნიშნული სენის წინააღმდეგ საბრძოლველად; გ) ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ბოლო პერიოდამდე ვერ ახერხებენ სისტემატიურად აიმაღლონ თავისი ცოდნა და პროფესიული დონე და ა.შ.
საერთო სურათი ნარკომანიაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა შსს–ს მინისტრის მოადგილემ ვიტალი გასიევმა, ხოლო გაზეთ ,,ЮО ‘’ რედაქტორის მოადგილემ ტაირა გაგლოევამ მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთში ნარკოტიკების გავრცელების მასშტაბებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაერთიანებული ძალებით უნდა შეებრძოლონ ამ საშინელ ჭირს.
პროკურატურის წარმომადგენელთა აზრით, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისას დადებითი შედეგების მისაღწევად საჭიროა თანამედროვე მატერიალურ–ტექნიური ბაზა, რაც რეგიონის ძალოვნებს არ გააჩნიათ.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტთა კლუბი თავის პუბლიკაციებში რამოდენიმეჯერ შეეხო ნარკომანიის გავრცელებისა და მოხმარების პრობლემებს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ თვით ამ რეჟიმის თავკაცი ე. კოკოითი ლამის ყოველ თავყრილობაზე თავის ქვეშევრდომებს მოუწოდებს ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, შესაბამისი რესურსების უქონლობის გამო, პოზიტიური შედეგების იმედი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ, რასაც თვით ადგილობრივი ჩინოსნებიც აღიარებენ. ჩვენი დაკვირვებით, ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის, მასობრივი უმუშევრობისა და იქ არსებულ დაწესებულებებში მიმდინარე შემცირებების ხარჯზე, კრიმინოგენური ფონის მაჩვენებელი დღითი დღე კიდევ უფრო გაიზრდება,. ადგილობრივ ე.წ. ხელისუფლებას მარტო საკუთარი ძალებით ამ მძიმე ვითარებასთან დამოუკიდებლად გამკლავება რეალურად აღარ შეეძლება. ამ ყოველივეს კიდევ ზედ ემატება არსებული რეჟიმის მმართველ წრეებში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში, საბრძოლო იარაღით ვაჭრობაში და ტრეფიკინგში აქტიურად ჩართული კრიმინალების მფარველების ფაქტორი.
|