RSS
ყაბარდო-ბალყარეთში ბოევიკებს ბიზნესმენები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც აფინანსებენ
23.06.2010 09:59

22 ივნისს ყაბარდო-ბალყარეთის საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რესპუბლიკის პროკურორის მოადგილემ არტურ მახოვმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ბიზნესმენების უმრავლესობა ფინანსურად ეხმარება ექსტრემისტულ იატაკქვეშეთს, თუმცა არც ერთ მათგანს სამართალდამცავებისთვის არასოდეს მიუმართავს.

საზოგადოებრივი პალატის წევრმა ვალერი ხატაჟუკოვმა ცეცხლზე ნავთი დაასხა და დაუმატა, რომ იატაკქვეშეთელებს ბიზნესმენების გარდა ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელიც აფინანსებს, რაც მათ დელეგიტიმაციას აჩქარებსო.

მოსახლეობას აცნობენ კანონმდებლობას ექსტრემისტებთან კავშირისთვის მოსალოდნელ სასჯელზე, ყველა სასწავლებელზე მიმაგრებული ოპერატიული მუშაკები, სასულიერო პირები ატარებენ შესაბამის ახსნა-განმარტებებს მრევლთან, მაგრამ ყველაფერი ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან რესპუბლიკაში ვითარება დღითიდღე მწვავდება - სასოწარკვეთით აცხადებდნენ სხდომის მონაწილეები.

ადრე იატაკქვეშეთთან კავშირში ადანაშაულებდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მათთან ლოიალობას აბრალებდნენ თვით სასულიერო პირებს. თუ ბიზნესმენები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც მათ ეხმარებიან, მაშინ ვინ მართავს რესპუბლიკას? - სვამენ კითხვას ადგილობრივი მიმომხილველები.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი