RSS
აფხაზური ატომური ბომბი?
23.06.2010 11:24
ლევან კიკნაძე

მ.წ. 16 ივნისს АИФ № 24-ში საველი კიშნეცკის სტატია „აფხაზური ატომური ბომბი“ გაგრძელებაა იმ საინფორმაციო ომისა, რასაც კრემლი ეწევა საქართველოს წინააღმდეგ და რომლის შესახებ არაერთხელ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება „ექსპერტთა კლუბს“. დასაწყისშივე უნდა ავღნიშნოთ, რომ ისევე როგორც სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, გამართლდა სტატიის შემკვეთების ვარაუდი და მყვირალა სათაურმა, როგორც ჩვენი, ალბათ ბევრის ყურადღება მიიპყრო. თუმცა იმასაც არ დავმალავთ, რომ სათაურიდან გამომდინარე მორიგ სისულელეს ველოდით, მაგრამ თუ ასეთი სოლიდური გაზეთი თავის გვერდს ავადმყოფური ფსიკის მქონე ჟურნალისტს დაუთმობდა, რომელიც ოღონდ თავის „პაგონებიან“ პატრონებს თავი მოაწონოს, ყველაფერს კადრულობს, ნამდვილად არ ველოდით. კარგად გვესმის, რამდენად რთულია არა მარტო ხსენებული გამოცემისთვის, არამედ რუსეთის მთელ საინფორმაციო სივრცისთვის ხელისუფლების მხრიდან არნახული ზეწოლის პირობებში მოძებნო ის ოქროს შუალედი, რომელიც, როგორც ქართველები იტყვიან არც მწვადი დაწვა და არც შამფური, მაგრამ უსიტყვოდ შეასრულო ყველა შეკვეთა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, თანაც დარწმუნებული იყო, რომ ეს შენს იმიჯზე აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს - უსინდისობაა.

ისე სიმართლე თუ უნდოდა АИФ–ს გაეგო და ავანტურისტ ჟურნალისტს სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაეგდო, ინტერნეტის საშუალებით ჩვენ საიტზე ნახავდა სოხუმის ფიზიკა–ტექნიკური ინსტიტუტის და ერთ დროს იქ მიმდინარე კვლევების შესახებ მ.წ. 20 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიას „რუსეთი აფხაზეთს რადიაციული ნივთიერებების სამარხად აქცევს“. სტატიაში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს შეიქმნა რეალური საშიშროება ინსტიტუტის ტერიტორიის დაბომბვისა, რასაც შეიძლება გამოეწვია ამ ობიექტზე არსებული რადიაქტიული ნივთიერებების გაჟონვა და შესაბამისად ეკოლოგიური კატასტროფა. 1993 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის უშიშროების ინიციატივით განხორციელდა აღნიშნული ნივთიერებების აღრიცხვა(დადგინდა ყველა სახის რადიაქტიული ნივთიერება, მათ შორის 90-96% -მდე გამდიდრებული ურანი-235, დიდი რაოდენობით ცეზიუმი-137 და ა.შ. სულ 244 დასახელება) და მათი სპეციალურად გამაგრებულ საცავებში შენახვა. სოხუმის ირგვლივ მდგომარეობის დაძაბვასთან დაკავშირებით, უშიშროების უწყების მოთხოვნით და ინსტიტუტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რადიაქტიული ნივთიერებების ნარჩენები ინსტიტუტიდან (აგუძერისა და სინოპის ზონები) კონცენტრირებული იქნა სინოპის საცავში. საცავი შესაბამისი აქტით გადაეცა სფტი-ს რეჟიმის უფროსს. ვიქტორ ზაიცევს. რაღა თქმა უნდა, არც ატომური ბომბი სფტი-ში და არც საიდუმლო გვირაბი ზღვის ქვეშ არ არსებობდა.

საინტერესოა ატომურ ბომბზე და საიდუმლო გვირაბზე თითქოს გავრცელებულ ჭორებზე, რომ წერს მაინც და მაინც საკურორტო სეზონის დროს სოხუმში მივლინებული კაშნიცკი, რატომ თვითონ არ დაინტერესდა ან არავინ არ ჰკითხა რა მოუვიდა სფტი-ს სამარხში დაცულ რადიაქტიულ ნივთიერებებს. რა მოუვიდა და , როგორც ზემოთხსენებულ სტატიაში ვწერდით: ”ომის შემდეგ, აფხაზეთში შექმნილი უკონტროლო სიტუაციის პირობებში სფტი-ს რეჟიმის უფროსის ვ. ზაიცევის, უშიშროების თანამშრომლის გ. ბაზბასა და სფტი-ს ბირთვული ნივთიერებების საწყობის უფროსის ტატიანა ტარკილის ხელშეწყობით, ვლადისლავ არძინბას უახლოესმა ნათესავებმა ლევან და აკა არძინბებმა, ვ. არძინბას დაცვის სპეც. რაზმის უფროსმა ვალმერ ბუთბამ და აფხაზური გვარდიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ამჟამად დეპუტატმა პაველ ლეშუკმა დაიწყეს რადიაქტიული ნივთიერებების გატანა სფტი-ს სამარხებიდან. სპეციალურ კონტეინერებში მოთავსებული რადიაქტიული ნვთიერებები ძირითადად გადიოდა სოხუმის და ოჩამჩირის პორტებიდან, სოჭიდან, ზუგდიდიდან. ომის შემდეგ, თბილისში მოქმედი აფხაზეთის დაზვერვისა და უშიშროების დანაყოფები იღებდნენ ოპერატიულ ინფორმაციებს სფტი-სც სამარხებიდან რადიაქტიული ნივთიერებების დატაცების ფაქტებზეც, რის საფუძველზეც ქართულმა მხარემ არაერთხელ მიმართა ოფიციალურად რუსეთის ხელისუფლებას გამოეყოთ კომპეტენტური კომისია, რომელიც ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით შეისწავლიდა ზემოთხსენებულ სამარხებში რადიაქტიული ნივთიერებებთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც იქნა, მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მოხერხდა სოხუმში რუსეთის ატომური ენერგეტიკის სამინისტროს დელეგაციის ჩამოსვლა. რა თქმა უნდა მუშა ჯგუფში ქართული მხარე არ იქნა დაშვებული.

დელეგაციამ სამარხში, ბევრ სხვა რადიაქტიულ ნივთიერებებთან ერთად ურანი ვერ აღმოაჩინა. ვერც ვერავინ ვერ გასცა პასუხი, თუ როდის, ან რა მიზნით იქნა გატანილი ხსენებული ნივთიერებები. ასე, რომ პირველად მსოფლიოში დადასტურდა 655 გრამი 90-96 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი-235-ს დაკარგვა, რამაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე მომუშავე ექსპერტებმა შესაძლებლად მიიჩნიეს ამ ნივთიერებისგან ყველაზე საშიში - ბირთვული იარაღის დამზადება”.

გაზეთ АИФ-ს, რომ რადიაქტიული ნივთიერებების არგავრცელების და ატომური ბომბების პრობლემები მართლაც აწუხებდეს ზღაპრების შესაგროვებლად კი არ გაუშვებდა კაშნიცკის, არამედ სიმართლის დადგენას მოთხოვდა და ამით გაზეთის იმიჯს და მის დასახელებასაც არ მიადგებოდა ჩრდილი.

და ბოლოს, არ გვინდა უპასუხოდ დავტოვოთ კიდევ ერთი აბსურდი, რომელსაც მისეულ ინტერპრეტაციას აძლევს მეზღაპრე კაშნიცკი. მისი მტკიცებით, თურმე ”независимая Абхазия обладает ядерным оружием; именно поэтому, дескать, и разгорелась война между Грузией и непризнанным государством, а грузины так стремились захватить Сухуми.” ბომბებზე და წყალქვეშა გვირაბზე ჩვენი აზრი უკვე მოგახსენეთ. იმის გასაგებად, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო და რჩება დღესაც და არავითარ დაპყრობით ომს არ ვაწარმოებდით რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ელემენტარული ცოდნაც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ მეზღაპრე კაშნიცკის და მის მესვეურებს ასეთი სიმართლე არ აწყობთ, რაც თვალნათლივ ჩანს კიდეც ”სოხუმის დაპყრობის” პასაჟში, სადაც ყველაფერი თავდაყირა არის დაყენებული. სწორედ რუსეთის ქვემეხები და თვითმფრინავები ბომბავდნენ სოხუმს და მხოლოდ სოხუმის ქართველი დამცველების ძალისხმევის შედეგად იქნა თავიდან აცილებული ის ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც შეიძლება გამოეწვია სფტი-ს დაბომბვას და შედეგად რადიაქტიული ნივთიერებების გაჟონვას.

P.S. თუ АИФ -ის რედაქციას გაუჩნდება სურვილი უფრო დეტალურად გაიგოს თუ რა დახურულ თემებზე მიმდინარეობდა კვლევითი სამუშაოები სფტი-ს საიდუმლო ლაბორატორიებში და რა ბედი ეწია მათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მისი გამოქვეყნებაც, რადგანაც, როგორც კაშნიცკი აღნიშნავს და ამჯერად ვეთანხმებით მას, რომ სფტი იყო დახურული ობიექტი და სრულად კონტროლდებოდა უშიშროების მიერ.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე