RSS
მოსკოვმა თავისი სამხედროები აფხაზეთში უფულოდ დატოვა
23.06.2010 11:39

აფხაზეთში გუდაუთის სამხედრო ბაზაზე განთავსებულ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს მიუტოვეს სამივლინებო თანხების გადახდა. ამის შესახებ, როგორც „Свободная пресса“-ში წერს დიმიტრი ტრეშჩანინი, თავის ბლოგში მოგვითხრობს ბაზის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე უფროსი სერჟანტი დენის კ.

დენისის თქმით, სამივლინოების გადაუხდელობის შესახებ მან გაიგო თავისი ყოფილი თანამოსამსახურეებისგან, რომლებიც რეგულარულად უკავშირდებიან მას. თავის ბლოგში მან განათავსა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვა, რათა ამ საკითხით დაინტერესდნენ.

დენისის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამივლინებოებს უგვიანებენ. პროლემები დაიწყო 2008 წლის სექტემბრიდან, როდესაც ახლომახლო კიდევ ერთი ბაზის გამართვა დაიწყო.

2008 წლის 8 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ ოკუპანტებს უხდიდნენ დღეში 16,2 დოლარს სამივლინებოს. თუმცა, 2008 წლის 12 აგვისტოს გამოვიდა რუსეთის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს დაპირდნენ 54 დოლარს დღეში დამატებით, რაც საკმაოდ დიდი დანამატი იყო რიგითის ხელფასის 9–11 ათასი რუბლის ოდენობის პირობებში. თუმცა, ეს ფული არავის მიუღია – მათ უბრალოდ არ უხდიდნენ.

რამოდენიმე ხნის შემდეგ მთავრობამ გადაიფიქრა. რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, მთავრობის გადაწყვეტილება #587 კი გააუქმა. საკონტრაქტო მოსამსახურეებს განუცხადეს, რომ სამივლინებოს ისინი მიიღებენ, მაგრამ უკვე 16,2 დოლარს დღე–ღამეში.

ეხლა ამ თანხასაც უჭიანურებენ. კითხვაზე, რითი ასაბუთებენ ამ გაჭიანურებას, მათ პასუხობენ – „მოსკოვი არ რიცხავს, დაელოდეთ“.


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი