აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, “აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენის სფეროებს არ სცნობს”. ეს განცხადება კლინტონმა დღეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა და დასძინა, რომ თბილისში სწორედ ამ შეტყობინების გასახმოვანებლად ჩამოვიდა.
„ეს არ იქნება ჩემი ბოლო ვიზიტი საქართველოში. აქ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას და ჩემი მხრიდან იმ შეტყობინებით ჩამოვედი, რომ აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავლენის სფეროებს არ სცნობს. ეს შეტყობინება ვაშინგტონში რუს კოლეგებსაც გადავეცით და მოვუწოდეთ მათ, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამავდროულად ვაგრძელებთ მუშაობას კონფლიქტის დარეგულირებაზე.”, - განაცხადა კლინტონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აღებული კურსით მუშაობა გააგრძელოს, რაშიც შტატების მხარდაჭერა აღუთქვა.
|