RSS
ჯანდაცვა აფხაზი "პოლიტიკოსების" პრიორიტეტს არ წარმოადგენს
09.07.2010 12:08
ექსპერტთა კლუბი

ორიოდე კვირის წინ აფხაზეთის სეპარატისტულ პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები განიხილეს. „პარლამენტში“ დაიბარეს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი ზურაბ მარშანია, რომელმაც „დეპუტატებს“ გააცნო დღეისათვის ამ სფეროში არსებული სავალალო მდგომარეობა.

როგორც აფხაზური პრესა იტყობინება, რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინში არავინ ყოფილა, ვინაიდან მოსასმენი იყო მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია, რომელსაც მარშანია წარმოადგენდა. დეპუტატები იმასაც კარგად უწყიდნენ, რომ მარშანია „მტრის გასახარად“ რეალურ ვითარებას შეალამაზებდა და ზედმეტს არაფერს იტყოდა. ცალკეული „დეპუტატების“ გარდა განსაკუთრებული ინტერესი ამ სფეროში არსებული მდგომარეობისადმი არც არავის გამოუხატავს. უფრო მეტიც, ზოგი „დეპუტატი“ წინასწარვე მთქნარებას შეუდგა და დასაძინებლად მოემზადა. ეტყობა, ჯანდაცვა „პოლიტიკური მოღვაწეების“ განსაკუთრებული ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.

„დეპუტატმა“ ბატალ კობახიამ მაინც ვერ მოითმინა და ძალაუნებურად ერთი კურიოზული „საიდუმლო“ გაგვანდო – თურმე მთელ აფხაზეთში ერთი ნეიროქირურგია და ისიც მღვდელმსახური. „მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი ნეიროქირურგია, მღვდელმსახური სვინუხოვი. განა ეს ნორმალურია, როდესაც გვიწევს მისი მოწყვეტა საღვთო მსახურებისგან და მისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩატარების თხოვნით მიმართვა?“, – იკითხა კობახიამ.

ზურაბ მარშანიამ თავისი გამოსვლა სტატისტიკით დაიწყო და კანონმდებლებს ციფრები დააყარა. მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ დღეისათვის მთელ აფხაზეთში 600–მდე ექიმი ყოფილა, რაც მოთხოვნილების 60% შეადგენს. მისი თქმით, სიტუაციას შველის ის, რომ ნახევარი მათგანი – 228 ექიმი – ითავსებს არაერთ სპეციალობას (წარმოიდგინეთ, რომ ტრავმატოლოგი თქვენს მხედველობას უმკურნალებს, ოფტალმოლოგი კი რადიკულიტს). სოფლის ჯანდაცვაში სხვა პრობლემებია – მთელს აფხაზეთში სულ 13 ამბულატორიისა და 61 საფელდშერო–საბებიაქალო პუნქტების ცუდი აღჭურვის გამო ავადმყოფები მათ ნაკლებად მიმართავენ (რაც მაც შეუძლიათ ესაა წნევის, სიცხის გაზომვა და ფონენდოსკოპის ხმარება) .

მარშანიას მონაცემებით, ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვმა მოიმატა, რაც დაკავშირებულია დაავადებულთა გამოვლენასთან დაკავშირებულ საქმიანობასთან: გამოვლინებები მოიმატა 17%–18%–დან 40%–მდე. 2009 წელს აღრიცხვაზე დადგა 665 ადამიანი (406 ადამიანი 2006 წელს), 454 ადამიანი გადის მკურნალობას სტაციონარში. ტუბერკულოზთან ბრძოლისთვის მოქმედებს პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციასთან („ექიმები საზღვრებს გარეშე“) ერთად ატარებენ. 150 საწოლიდან დისპანსერში დაკავებულია 100, ექიმები აგრეთვე ახორციელებენ ხალხის მიღებას რაიონებში.

ნევროლოგიურ და კარდიოლოგიურ ავადმყოფებზე მარშანიამ მოკლედ თქვა: მათი რაოდენობა მატულობს, თუმცა სიკვდილიანობა იკლებს. შიდსით დაავადებულთა შორის დაფიქსირებულია ქალების და კაცების თანაბარი რაოდენობა, თანაც სქესობრივი გზით დაავადებათა რიცხი მეტია ვიდრე სამედიცინო ჩარევის შედეგად. 2009 წელს გამოვლინდა 117 ასეთი ავადმყოფი, სულ კი შიდს-თან ბრძოლის ცენტრში გამოკვლევა გაიარა 3,5 ათასმა ადამიანმა („ნუჟნაია გაზეტა“, #23, 22.06.2010).

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო სფეროში ნამდვილად ძალიან მძიმე მდგომარეობაა. იმის გარდა, რომ არ ჰყოფნით სპეციალისტები, არ არიან ისეთებიც, ვისაც შეუძლიათ ან სურვილი აქვთ ამ სფეროს პროფესიებს დაეუფლონ, საშუალო განათლების მეტად დაბალი დონის გამო. აფხაზი ექიმები კიდევ როგორღაც ახერხებენ გაუმკლავდნენ ნაკლებად მძიმე დაავადებებს. რაც შეეხება საშუალო და მძიმე დაავადებებს, ამისთვის რეგიონის მაცხოვრებლებს უწევთ თბილისში ან რუსეთში გამგზავრება. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში მკურნალობა მათთვის კატასტროფულად დიდი თანხები ჯდება, ისინი სულ უფრო ხშირად ირჩევენ მკურნალობას ქართველ ექიმებთან. აქვე ავღნიშნავთ, რომ ქართველ და აფხაზ მედიკოსებს შორის ურთიერთობა არც ერთი წუთით არ შემწყდარა 1992–1993 წწ კონფლიქტის დროიდან.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წლის დასაწყისში რუსულმა კომპანიამ აფხაზეთში ჩაიტანა ორი პანსიონატისთვის განკუთვნილი ფრანგული წარმოების სამედიცინო მოწყობილობა. ისინი საკმაოდ თანამედროვე ტექნიკას წარმოადგენდნენ, ამიტომაც საჭირო იყო ადგილობრივი კადრების მოძიება (დაახლოებით 60 კაცამდე) და მათი მომზადება. გასაკვირია, მაგრამ მთელ აფხაზეთში ამ საქმის შესწავლის მოსურნე მხოლოდ ორი ადამიანი მოინახა – ისიც ერთი ეროვნებით ქართველი და ერთიც სომეხი. ერთადერთ აფხაზს, რომელმაც მუშაობის სურვილი გამოთქვა, მძღოლად მუშაობა სურდა. ამასთან დაკავშირებით რუსულ კომპანიას მოუწია მთელი ამ მოწყობილობის აფხაზეთიდან სოჭში გაზიდვა.

ამ კონტექსტში არ იქნება ურიგო გავიხსენოთ ისტორია და შევადაროთ აფხაზეთში სამედიცინო სფეროს დღევანდელი მდგომარეობა ომამდელს. საქართველოს სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 1991 წელს აფხაზეთში იყო:
ყველა სპეციალობის ექიმი – 2121
საშუალო სამედიცინო პერსონალი – 6033
საავადმყოფო დაწესებულებათა რაოდენობა – 46
საავადმყოფო საწოლების რაოდენობა – 6,4 ათასი
ამბულატორიულ–პოლიკლინიკური დახმარების ცენტრები – 130

საშუალოდ, 1000 კაც მოსახლეზე მოდიოდა::
ექიმი – 40,6;
საშუალო სამედიცინო პერსონალი – 117,5;
საწოლები – 122

ქართულ სამედიცინო სკოლას და კერძოდ რესპუბლიკის სამედიცინო ცენტრებს დიდი წვლილი მიუძღვით აფხაზი ექიმების მომზადებაში. 1950 წლის მონაცემებით, აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სისტემაში მუშაობდა 10–მდე აფხაზი ეროვნების ექიმი და რამდენიმე ათეული აფხაზი ეროვნების საშუალო სამედიცინო პერსონალი. გასული საუკუნის 80–იანი წლების დასაწყისში კი ავტონომიურ რესპუბლიკაში მუშაობდა 100–მდე აფხაზი ეროვნების ექიმი და 300–ზე მეტი საშუალო მედპერსონალი..

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი აფთიაქი სოხუმში გაიხსნა 1863 წელს ქუთაისის ფარმაცევტთა ინიციატივით. 1990 წლისთვის აფხაზეთში მუშაობდა 45 აფთიაქი და 111 სააფთიაქო პუნქტი.

სამწუხაროა, მაგრამ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ შემზარავ სინამდვილეს, რომ ქართველი ექიმები გახდნენ სეპარატისტთა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე, აფხაზეთში 1992–1993 წწ შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ. მსგავს ბარბაროსულ ანგარიშსწორებას, რაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ბანდებმა ჩაიდინეს ამ ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის ადამიანების მიმართ, მსოფლიო ომების ისტორიაშიც კი ნაკლებად შეხვდებით. ექიმები ისჯებოდნენ იმისთვის, რომ ქართველ (და არა მარტო მათ) ჯარისკაცებს მკურნალობდნენ. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, შეიარაღებულმა აფხაზებმა ქირურგიული ბლოკიდან გამოიყვანეს და ოჯახის წევრების თანდასწრებით ავტომატით ჩაცხრილეს გულრიფშის ვ. ლენინის სახელობის ტუბერკულოზით დაავადებულთა სანატორიუმის დირექტორი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი შოთა ჯღამაძე. საკუთარ სახლში, მეუღლესთან ერთად, დახვრეტილ იქნენ ცნობილი გინეკოლოგი, სოხუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ვ. ყოლბაია, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ზ. დანელია, გაგრაში ცნობილი კურორტოლოგი ექიმი ა. ბარამია ოჯახის წევრებთან ერთად. სეპარატისტები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის ღვაწლმოსილ მუშაკს ბიძინა მგალობლიშვილს. აფხაზეთში ომის დროს 60–მდე მედიცინის მუშაკი დაიღუპა.


ზემოაღნიშნული ნათლად უჩვენებს, თუ რა მიიღეს აფხაზ სეპარატისტებმა თავიანთი ვირტუალური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აფხაზეთის საზოგადოების თვალსაჩინო მოღვაწეების დახვრეტებითა და გამოდევნით. არადა აფხაზეთის მედიცინის ქართველი მუშაკები წარმოადგენდნენ საქართველოს სამედიცინო ელიტას. რად ღირს მხოლოდ ნეიროქირურგის ნაპოლეონ მესხიას ხსენება, რომელსაც უდიდესი ამაგი მიუძღვის აფხაზეთის მოსახლეობის, მათ შორის აფხაზების, განკურნების საქმეში. ნათელია, რომ სეპარატისტთა ლიდერებისთვის დღეს სრულიად არ წარმოადგენს პრობლემას თავიანთი ოჯახის წევრები გააგზავნონ რუსეთში და ამკურნალონ იქ ძვირადღირებულ კლინიკებში. მათ ეს არც არასოდეს უჭირდათ, ამიტომაც ასე ხელაღებით მოჭრეს ის ტოტი, რომელზეც მთელი აფხაზური საზოგადოება იჯდა. შედეგად კი ის მიიღეს, რომ დღეისათვის აფხაზეთში აღარ არიან მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შესაბამის მკურნალობას ჩაუტარებდნენ.

ამის გათვალისწინებით არ არის გასაკვირი, რომ საკადრო შიმშილი ამ სფეროში სახიფათო მასშტაბებს იძენს. ასე თუ გაგრძელდა, საჭირო გახდება ექიმების რუსეთიდან გადმოსახლება, რაც პრინციპში კრემლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან მიმართებაში წარმოებული პოლიტიკის ნაწილია. ჩვენ ადრეც არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ ბიზნესის, ეკონომიკისა და სხვა სფეროთა განვითარება მოითხოვს პროფესიონალ კადრებს, რომლებიც აფხაზთა შორის არ არიან და ახლო მომავალშიც ალბათ არ მოიძებნებიან. შესაბამისად, რუსი სპეციალისტების გადმოსახლება გარდაუვალია და ადრე თუ გვიან მოხდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამოდენიმე ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურის განლაგების გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ტერიტორიის სრული ანექსიის რუსული გეგმა მოქმედებაშია.

„ექსპერტთა კლუბი“ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება, თუ რამდენი და როგორ დაიხარჯება რუსეთის მიერ გამოყოფილი მილიარდებიდან ჯანდაცვის სფეროზე. დარწმუნებული ვართ ბევრი არაფერი შეიცვლება, ვინაიდან მოსკოვს ხსენებულ მილიარდებთან მიმართებაში თავისი იმპერიული გეგმები აქვს და სრულებით არ აწუხებს აღორძინდება თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის სფერო, როგორიც ჯანდაცვაა. ხელისუფლების ზემო ეშელონებში მოკალათებული მარიონეტებისთვის კი მთავარია, არ დაშვრნენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებებით და იმავდროულად, კოკოითის შეცდომების გათვალისწინებით შეიმუშავონ მექანიზმები, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ და აყალ–მაყალის გარეშე „ტეხონ“ მილიონები მოსკოვის მიერ გამოყოფილი სახსრებიდან. ბუნებრივია, თამაშგარეთ დარჩენილი ოპოზიციონერები ხალხის თვალში იმიჯის ასაწევად და „ზემოდან დაშვების ფარგლებში“ დრო და დრო მაინც შეგვახსენებენ თავს, მაგრამ არსებულ ვითარებას ეს, რა თქმა უნდა, ვერაფრით ვერ შეცვლის. აქედან გამომდინარე, სანამ აფხაზეთში პრაგმატულად მოაზროვნე საზოგადოება დუმს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, ბაღაფშის მარიონეტული რეჟიმი და კრემლის მიერ მართული ე.წ. ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებენ, რათა არ აწყენინონ თავიანთ პატრონს და რაც შეიძლება ზედმიწევნით ზუსტად შეასრულონ მოსკოვის დირექტივები. ბუნებრივია არც თავიანთი თავი დაივიწყონ და გაიუმჯობესონ პირადი მატერიალური მდგომარეობა. პირველი შემოიფარგლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებებით, ხოლო მეორე ხელისუფლების ზოგადი კრიტიკით. ორივე ერთად კი ყველა საშუალებით ხელს უშლის აფხაზეთის მცხოვრებთა დანარჩენ საქართველოსთან დაახლოების პროცესს, რაც ასევე რუსეთის გეგმებში ზის. სწორედ რუსი მესაზღვრეები უქმნიან დაბრკოლებებს მძიმე ავადმყოფებს, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ესაჭიროებათ და არ ატარებენ მდ. ენგურზე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასეთი შემთხვევა საკმაოდ ხშირია. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის მაცხოვრებელთა დიდ ნაწილს დიდი არჩევანი არ რჩება – უნდა დაკმაყოფილდეს არსებული კატასტროფული მდგომარეობით და არაპროფესიონალური მომსახურებით, რაც თითქმის სიკვდილის ტოლფასია.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე