RSS
ჩერქეზთა დიასპორა აფხაზეთს რუსეთის მარიონეტობას არ პატიობს
13.07.2010 12:53
ირაკლი ცქიტიშვილი
ექსპერტთა კლუბი

მოჩვენებითი სიმშვიდე აფხაზეთში გრძელდება. „პარლამენტი“ განიხილავს ქართველი რეჟისორის ფილმს, ბაღაფში კითხულობს ყოველწლიურ მოხსენებას, ხაჯიმბა თამაშობს ოპოზიციის როლს. ყველაფერი ისეა, როგორც „ლონდონისა და პარიზის საუკეთესო სახლებში“. მაგრამ, არის კი ყველაფერი ასე?

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ერთ–ერთ უმთავრეს კოზირს წლების მანძილზე წარმოადგენდა ჩერქეზ ხალხთან ნათესაური კავშირის პოზიციონირება. სწორედ ამაზე ითამაშეს აფხაზმა სეპარატისტებმა და მათმა რუსმა პატრონებმა, როდესაც მოაწყვეს მოსკოვის დაკვეთითა და უშუალო მონაწილეობით უპრეცედენტო პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ 1992–1993 წწ. მაშინ მთელი ჩერქეზი ხალხი, და არა მარტო ისინი, ეხმარებოდა აფხაზებს „დამოუკიდებლობის“ მოპოვებაში. დღეს ამას უკვე ნანობენ როგორც ჩერქეზები და ჩეჩნები, ისე აფხაზებიც.

„ექსპერტთა კლუბმა“ არაერთხელ მიმოიხილა აფხაზური რეჟიმის ჩერქეზთა დიასპორებთან ურთიერთობები. პუბლიკაციებში ჩვენ ყოველთვის ავღნიშნავდით, რომ აფხაზური რეჟიმის მოქმედებები, რომელთაც კრემლისადმი ვასალური ფუნქცია ახასიათებთ, არ მოსწონთ დიასპორათა წარმომადგენლებს. ამის ერთ–ერთ თვალნათელ მაგალითს წარმოადგენს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მსურველთა საკმაოდ მცირე რაოდენობა.

სტატიაში „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია“ ჩვენ მოვიყვანეთ აფხაზეთში მცხოვრების წერილი გამოცემა „ადიღეანატპრესი“–ს მისამართით, რომელშიც ვინმე ირაკლი ბჟანავა, აფხაზი, აფხაზთა სახელით გამოხატავს აფხაზთა თანადგომას ადიღთა მოძრაობისადმი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ჩერქეზთა გენოციდის აღიარება.

ბჟანავა აღნიშნავს: „ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ ბრძოლის ნაწილი, რამეთუ რუსეთ–კავკასიური ომის დროს აფხაზები ადიღ–ძმებზე არანაკლებ დაზარალდნენ. ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ ბრძოლის ნაწილი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაშინ დაზარალდებოდით მხოლოდ თქვენ“.

ბჟანავას წერილს მოჰყვა გამოხმაურება აფხაზეთის კიდევ ერთი მაცხოვრებლის მხრიდან, რომელიც თავის წერილში აღნიშნავდა: „აფხაზეთს მძიმე დრო დაუდგა. აფხაზი ხალხი გადაშენების პირასაა. ძაღლები, რომელზეც ირაკლი ბჟანავა საუბრობს, "ავსებენ" თავიანთ რიგებს მათივე მსგავსი კარიერისტებით. ღირსების, სინდისის, ალამისის გაგება დღეს მოდაში აღარაა. დღეს ჩვენ თავს გვახვევენ ყოფის ჩვენთვის უცხო თეორიებს, რომელთა მიხედვით სჯობს გავიყიდოთ რაღაც წამიერი სარგებლისათვის, ვიდრე ვიბრძოლოთ საკუთარი თავისუფლებისთვის. გახსოვდეთ, რომ ისინი ცოტანი არიან, მიუხედავად იმისა, რომ არიან ხელისუფლებაში. ჩვენ ბევრნი ვართ, და ჩვენ მართლები ვართ. არსებობს გამარჯვების მხოლოდ ერთი გზა – გაერთიანება“

სტატიაში "აფხაზებისა და რუსების "მეგობრობა", ანუ 200 წლის წინ დაწყებული ტრაგედიის კვალდაკვალ" ფართოდ იქნა განხილული აფხაზების იძულებითი დეპორტაციის (მუხაჯირობის) ფაქტები აფხაზეთში რუსებთან მეგობრული და ძმური ურთიერთობების ორსაუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნის ფონზე.

ამ კონტექსტში საინტერესოა აფხაზური ხელისუფლების დამოკიდებულება ადიღ ხალხთა მიერ ყოველწლიურად აღნიშვნად ე. წ. გადასახლების (გენოციდის) დღესთან. მაშინ, როცა აფხაზეთის მაცხოვრებელთ სურდათ გამოეხატათ ადიღელთათვის სოლიდარობა და მუხაჯირთა ხსოვნისათვის მიეგოთ პატივი, აფხაზურმა რეჟიმმა დაიკავა სრულიად ანტიადიღური პოზიცია და მოითხოვა ამ ღონსძიებების გადატანა სხვა დღეს – 31 მაისს, როცა აღინიშნება ემიგრანტის დღე. თუმცა, როგორც ჩვენ ავღნიშნავდით სტატიაში "ბაღაფშისა და მისი პატრონების პოლიტიკური და რელიგიური ჟონგლიორობა", დანიშნულ დროს მუჰაჯირების მემორიალთან მაინც შეიკრიბა ადიღელებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად ახალგაზრდული ორგანიზაციების და რეპატრიანტი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ღონისძიებას არ დასწრებია არც ხელისუფლების და არც რეპატრიაციის კომიტეტის არცერთი წარმომადგენელი, არ იყო ჩართული განათება და დინამიკები გამომსვლელთათვის. აქციის მონაწილეებმა ზღვაში ჩაუშვეს ყვავილების გვირგვინები და დაანთეს სანთლები დაღუპული ადიღელების სახელზე.

როგორც შემდგომში გაირკვა ბაღაფშთან მისულა 20 კაციანი დელეგაცია, რომლებმაც მას ურჩიეს მიზანშეუწონლობის გამო გადაედო ეს ღონისძიება.

დადგინდა ისიც, რომ ხელისუფლებას ჰქონია ინფორმაცია აქციის ანტირუსულ დემონსტრაციად გადაქცევის შესახებ, რაც ჩრდილს მიაყენებდა ცოტა ხნის წინ ზარზეიმით ჩატარებულ აფხაზეთის რუსეთთან "ნებაყოფლობით" მიერთების 200 წლისთავს, რასაც შესაბამისად ადგილობრივი ხელისუფლების დატუქსვაც მოყვებოდა.

მოგვიანებით სერგეი ბაღაფში თავის გამოსვლაში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში წარმოთქვამს გასაოცარ ფრაზას – თითქოს აფხაზთა გადასახლება (მუხაჯირობა) იყო ნებაყოფლობითი, რითაც ერთი ხელის მოსმით ხაზს გადაუსვამს არა მარტო აფხაზთა ისტორიას, არამედ ჩერქეზი ხალხისასაც. ამით გასაგები ხდება, რატომ მოინდომა ბაღაფშმა გადასახლების დღის ემიგრანტთა დღეს აღნიშვნა.

„რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიების წინაშე იდგა უდიდესი ისტორიული ამოცანები, ამიტომ მათ შორის ბრძოლა ტერიტორიული ბატონობისათვის გარდაუვალი იყო. აზრი, რომ რუსეთი იბრძოდა დასავლეთ კავკასიის ხალხების წინააღმდეგ, მცდარია, რადგან ნათელია, რომ მიდიოდა ბრძოლა იმპერიებს შორის ამ რეგიონში დომინირებისათვის. აფხაზეთი აღმოჩნდა ამ ბრძოლის ეპიცენტრში. მაგრამ მისი მოსახლეობის სიმპათიები ყოველთვის იყო რუსეთის მხარეს. სწორედ რუსეთის მფარველობის ქვეშ მიაღწია აფხაზეთმა ბოლოს და ბოლოს მშვიდობას და სტაბილურობას, დაადგა აღორძინების გზას“. ვფიქრობთ, ეს გამონათქვამები საკმაოდ საინტერესო იქნება დიასპორათა წარმომადგენლებისათვის

ბაღაფშის მოქმედებები ჩერქეზთა გენოციდის დღესთან დაკავშირებით გახდა კრიტიკის საგანი ოპოზიციის მხრიდან, იმ ოპოზიციისა, რომელსაც ფსბ–ს გენერალი ხაჯიმბა ხელმძღვანელობს. ხაჯიმბა ერთის მხრივ აკრიტიკებდა ბაღაფშს იმისათვის, რომ მან ადიღელ ხალხს არ დაუჭირა მხარი, მეორე მხრივ კი ქება–დიდებას არ აკლებდა რუსეთს და მოუწოდებდა ისტორიის დავიწყებას.

წერტილის დასმა ამ ისტორიაში ნაადრევია, თუმცა ჩერქეზულმა დიასპორამ თავისი სიტყვა ყველას გასაგონად უკვე თქვა. სანამ ბაღაფში და ხაჯიმბა აქებენ რუსეთს, ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლები აფხაზეთს განიხილავენ როგორც რუსეთის ტროას ცხენს და ბრალს სდებენ საერთო ჩერქეზული ინტერესებისადმი ღალატში.

ჩერქეზული დიასპორის მიმართვას აფხაზური რეჟიმისადმი, რომელიც გამოქვეყნდა თურქულ ვებ–გვერდზე „კავკასიური ფორუმი“ და შემდგომ რუსულად გავრცელდა ადიღურ და აფხაზურ ვებ–გვერდებზე, მათ შორის აფხაზური ოპოზიციური პარტია „ერა“–ს ვებ–გვერდზე, მოგაწვდით ამ სტატიის ბოლოს. მანამდე კი უნდა ავღნიშნოთ, რომ თვით პუბლიკაცია ამ მიმართვის ოპოზიციურ ვებ–გვერდზე უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს უკმაყოფილება აფხაზური რეჟიმის ვასალური ქცევის მიმართ, რაზეც მეტყველებენ ზემოთ ნახსენები წერილები „ადიღენატპრესის“ მისამართით. ამ მიმართვის პუბლიკაციით მხოლოდ კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ საქმე გვაქვს არა ერთეულ შემთხვევასთან და ეს უკმაყოფილება მხოლოდ იზრდება ამჟამინდელი რეჟიმის მიერ კრემლისადმი სიყვარულის ახსნის ფონზე,

ამის მიუხედავად, აფხაზეთის მაცხოვრებელნი, მათ შორის ოპოზიციურ მოძრაობებში მყოფნი, შიშობენ თავიანთი უკმაყოფილების ხმამაღლა გამოთქმას. შიში, რომ შესაძლოა მეზობელმა ისე არ გაიგოს, შიში რუსული რეაქციის წინაშე, შიში საქართველოს სახით ხელოვნურად შექმნილი მტრის ხატის წინაშე, და კიდევ მრავალი სხვა სახის შიშები განაპირობებენ უკმაყოფილოთა ჩუმად ყოფნას. სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ჩერქეზთა მიმართვა იყო გამოქვეყნებული ყოველგვარი კომენტარის გარეშე? ნუთუ ბატონ ხაჯიმბას არაფერი აქვს სათქმელი? ის ხომ ასე აქტიურად აკრიტიკებდა ბაღაფშს იმისათვის, რომ მან არ დართო ნება ჩაეტარებინათ ღონისძიებები მუჰაჯირთა ხსოვნის საპატივცემოდ?

შეგახსენებთ, რომ კრიტიკას ხაჯიმბას მხრიდან თან ახლდა დითირამბები რუსეთის მისამართით. ხაჯიმბამ აქტიურად გამოიყენა საშუალება რეჟიმის გასაკრიტიკებლად, თუმცა მხოლოდ იმ მოქმედებებში, რომელნიც მისი აზრით „იწვევენ ანტირუსული განწყობების გამრავლებას“. საინტერესოა, არა? და ეს იმის ფონზე, რომ როგორც აფხაზური რეჟიმი, ისე ოპოზიცია დაკავებულია მკვეთრად გამოხატული პრომოსკოვური და ანტიჩერქეზული საქმიანობით.

ქვევით მოგვყვავს ჩერქეზული დიასპორების მიმართვა აფხაზეთში რუსეთის მარიონეტული რეჟიმის მისამართით:

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა თავისი მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარების შესახებ. ამ მომენტიდან ჩვენ დიდი სინანულით ვადევნებთ თვალს, რომ რუსულ–აფხაზური ურთიერთობები ვითარდება არა როგორც ორ დამოუკიდებელ ქვეყანას შორის. რუსეთმა, რომელიც გეგმავს აფხაზეთის ეტაპობრივ ანექსიას, დიდი მოგების მიზნით დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა აფხაზური დიასპორის ტროას ცხენად გადაქცევა კავკასიურ დიასპორაში.

ჩვენ არასოდეს გვქონია ეჭვი რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა აფხაზური მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ბევრი პირის მიერ, რომელთაც ჩვენ ვენდობოდით, მოცემულმა განმარტებებმა გამოიწვიეს ჩვენში განცვიფრება.

ტყუილი მტკიცებებით ნებაყოფლობითი მიერთების შესახებ რუსეთმა წარმატებით შეძლო გადაეტანა კავკასიის საკუთარი წარსულისგან გაუცხოების პოლიტიკა აფხაზეთში, რომელიც მის მიერ იყო დაპყრობილი გენოციდისა და გადასახლებების გზით. აფხაზეთის მთავრობამ ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთი რუსეთთან 200–წლიანი ნებაყოფლობითი მიერთების იუბილეს ფარგლებში წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების შესახებ. ერთერთ გამოფენაზე, რომელიც მიეძღვნა ამ მოვლენას, პრემიერ–მინისტრმა შამბამ ბრძანა: ამ წელს ჩვენ საზეიმოდ ავღნიშნავთ რუსეთთან ჩვენს მიერთებას. გაიმართა ღონისძიებები მოსკოვში და აფხაზეთში, იგეგმება სხვა ღონისძიებების ჩატარება“. ამან ჩვენ ისევ გაგვახსენა იმის შესახებ თუ რატომ ცხოვრობს თურქეთში უფრო მეტი აფხაზი, ვიდრე თვით აფხაზეთში. როგორ შეუძლია აფხაზეთის მთავრობას საზეიმოდ აღნიშნოს „ნებაყოფლობითი“ მიერთება რუსეთთან, როცა არსებობს აფხაზური დიასპორა, გადასახლებული თავისი ქვეყნიდან XIX საუკუნეში და ვისი მამებიც იქნენ გაწყვეტილნი რუსული ცარიზმის მიერ?

როგორ შეიძლება საუბარი აფხაზი და რუსი ხალხის ძმობაზე დიასპორის ათასობით აფხაზის უგულვებელყოფის ფონზე?

აფხაზეთის მთავრობას ეცოტავა საკუთარი ისტორიის ღალატი, მათ ამ წელს დამატებით აკრძალეს 21 მაისის, გადასახლებების ხსოვნის დღის, აღნიშვნა. თავისი მანიპულაციებით და მრავალაზროვანი განმარტებებით აფხაზეთის მთავრობა გვიჩვენებს, რომ ის ცდილობს გახდეს გამტარებელი და დამცველი რუსეთის პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია კავკასიურ დიასპორის მიმართ. 31 მაისს, ემიგრანტის დღეს, რომელიც აღინიშნა აკრძალული 21 მაისის სანაცვლოდ (გადასახლების დღე), აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა ბატალ კობახიამ განაცხადა: „ჩვენ ჩერქეზული პრობლემის პოლიტიზაციის წინააღმდეგნი ვართ. ხალხმა უნდა იცოდეს და ესმოდეს საკუთარი ისტორია, მაგრამ მე არ მინდა, რომ ის იყოს პოლიტიზირებული. ეს პრობლემა უნდა განიხილონ სპეციალისტებმა, რომლებიც არიან ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის გარეთ“. ტყუილი ნებაყოფლობითი მიერთების, ნებაყოფლობითი გადასახლების შესახებ შესაძლოა ვინმესთვის იყოს მისაღები. მაგრამ ჩერქეზული პრობლემის პოლიტიზაციის წინააღმდეგ ყოფნა არ წარმოადგენს ქცევას, რომელიც გამომდინარეობს კეთილი ზრახვებიდან. ჩვენ მოვუწოდებთ ბატალ კობახიას და ყველას, ვისაც სურს გადმოიტანოს რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები კავკასიურ დიასპორაში, იცოდნენ საკუთარი ადგილი.


ჩვენ ვწუხვართ რომ ურთიერთობებს დიასპორა – სამშობლო ამ საკმაოდ კრიტიკულ პერიოდში დიდი ზიანი მიადგება იმ მისიის მხრიდან, რომელსაც აკისრებს დიასპორას აფხაზეთის მთავრობა. ვაპყრობთ რა ყურადღებას აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერობების გაგრძელების აუცილებლობას სტრატეგიულ ბალანსში, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ეს ბალანსი უფრო და უფრო იკარგება და სულ უფრო რთული ხდება დიასპორის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც ასე სჭირდება აფხაზეთს, აგრეთვე შეწყდება შესაძლო დახმარება თურქეთის მხრიდან, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო გაწეული დიასპორის ზეწოლის ქვეშ. ამის გარდა, აფხაზეთი სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში.

ჩვენ გვსურს შევახსენოთ აფხაზეთის მთავრობას სერგეი ბაღაფშის ხელმძღვანელობით შემდეგი:

1. აფხაზეთის სუვერენიტეტის გარანტია – ეს არის დამოუკიდებელი ხასიათის ხელისუფლების კულტურა
2. აფხაზების იძულებითი გადასახლებისთვის ნებაყოფლობით გადასახლების წოდება არაფერს მოიტანს, გარდა ზიანისა დიასპორასთან ურთიერთობებში
3. აფხაზი ხალხი არც ისტორიულად, არც აქტუალურად არ შეიძლება იყოს მოწყვეტილი ჩერქეზეთისთვის, აგრეთვე კავკასიის განთავისუფლებისთვის ბრძოლას. აფხაზური ხალხისა და მისი დიასპორის კავკასიის სხვა ხალხებისგან გამოყოფა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე მიგვიყვანს თქვენს იზოლაციამდე არა მარტო დიასპორისაგან, არამედ კავკასიაშიც
4. სამოქალაქო პოლიტიკის აკრძალვითი მიდგომებით დამკვიდრება გამოიწვევს მხოლოდ დემოკრატიული საზოგადოებრივი აზრის ჩახშობას. აფხაზეთს უდა ეკავოს კურსი არა რუსული დესპოტიზმის მხარდაჭერაზე, არამედ პოლიტიკაზე, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

5. რუსეთთან მეგობრული კავშირებისთვის გატარებული პოლიტიკა აუცილებლად გამოვა აფხაზეთის კონტროლიდან და ტრანსფორმირდება რუსეთისადმი ქვეშევრდომობაში. ეს თქვენი გაუაზრებელი ნაბიჯები ჩვენს მომავალს საკმაოდ ამწუხრებენ.

არც აფხაზებს, არც ჩვენს ხალხს სამშობლოში, არ აქვს უფლება უგულვებელყოს, იგნორირება გაუკეთოს, და უფრო მეტიც, აკრძალოს ისეთი ფაქტი, როგორც 21 მაისია. აფხაზეთის მთავრობის ახლანდელი ქცევა და მოქმედება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ისტორიის და დიასპორაში თანამემამულეების არსებობის უარყოფა.

ძნელია რაიმე დაამატო ჩერქეზული და აფხაზური დიასპორების ამ გულისტკივილს, მით უმეტეს, რომ „ექსპერტთა კლუბს“ სიტყვა–სიტყვით არაერთხელ გაუმეორებია გზააბნეული და გონებადაკარგული აფხაზი თანამოძმეებისთვის ყველაფერი ზემოთ წარმოთქმული. ამჯერად ჩვენ მხოლოდ კმაყოფილებით ავღნიშნავთ, რომ ქართველები არ არიან მხოლოდ ვინც აფხაზებს რუსულ საშიშროებაზე მიუთითებს, რომ აფხაზურ დიასპორას არ დავიწყნია თავიანთი ისტორია და ეყო გამბედაობა ეთქვა ყველაფერი რასაც ფიქრობდა რუსული პოლიტიკის გამტარებელი აფხაზური რეჟიმისთვის. კარგია ისიც, რომ აფხაზეთშიც ხვდებიან, თუ რამხელა საშიშროების წინაშე დგას აფხაზი ხალხი და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათ მაინც ეშინიათ თქვან, რასაც ფიქრობენ, ვიტოვებთ იმედს, რომ ისინი არ დაელოდებიან აფხაზეთის რუსულ რეგიონად გადაქცევას, დროულად მოეგებიან გონს და ბოლოს და ბოლოს აიმაღლებენ ხმას. იმედს ვიტოვებთ, რომ თავისუფლების მოყვარე აფხაზი ხალხი არ გააშუქებს აფხაზეთს მომხდურზე და აგრესორზე.
 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე