RSS
ჩვენი მეზობლები: ყაბარდო-ბალყარეთი
14.07.2010 13:10
გოჩა გუნიავა

ყაბარდოელი, ყველა თაობის ქართველისთვის რაინდობის, სამართლიანობის, სილაღის და ტრადიციების დაუოკებელი დამცველის სინონიმი იყო. ამის დასტურად მარტო 100 წლის წინ დაწერილი დიდი აკაკის პოემა «გამზრდელი» და ბრძენი ყაბარდოელი ჰაჯი უსუბის სახეც იკმარებდა.

როგორ წაადგებოდა დღეისთვის ამ სულნათელი მოხუცის რჩევა-დარიგება და მისი ზნეობით გაზრდილი ადამიანები მოტყუებულ და ერთმანეთზე სამტროდ წაქეზებულ კავკასიელებს.

მორდუობის ცნობილი ტრადიციის მიხედვით ქართველი და ყაბარდოელი დიდგვაროვნების ოჯახები დიდ პატივად მიიჩნევდნენ თავისი შვილების ერთმანეთთან გაგზავნას, სადაც ისინი ზნეობის, სტუმართმოყვარეობისა და კავკასიური ტრადიციებისადმი პატივისცემის საუკეთესო გაკვეთილებს ღებულობდნენ.

კავკასიის ლინგვისტიკის ცნობილმა მკვლევარმა პეტრე უსლარმა 1862 წელს თბილისში გამოაგზავნა მის მიერ შექმნილი პირველი ყაბარდოული ანბანი, რომელიც აქ ამოტვიფრეს და ჩამოასხეს შრიფტისა და მატრიცების სახით.

1864 წელს თბილისში დაიბეჭდა ცნობილი ყაბარდოელი მოაზროვნის მ.შარდენოვის მიერ არაბულიდან თარგმნილი ადგილობრივი პირობებისთვის მისადაგებული «მუსულმანური რწმენის წესები», რომლებიც ჩერქეზი სასულიერო პირების მთავარი სახელმძღვანელო იყო.

დღეისთვის ყაბარდოში არსებული ქართული დიასპორის წევრები აქტიურად არიან ჩართული რესპუბლიკის სამეურნეო და კულტურულ ცხოვრებაში და შეხმატკბილებულად ცხოვრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ნალჩიკთან ახლოს 2 სოფელში ცხოვრობს 5 ათასამდე მაჰმადიანი მესხი, რომლებიც 1944 წელს საქართველოდან უზბეკეთში გადაასახლეს, ხოლო 1989 წელს კი ფერგანაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ისინი ბედმა ყაბარდოში მოახვედრა. ეს შრომისმოყვარე ადამიანები ყაბარდოელებმა გვერდში დაიყენეს, შეეცადნენ ყველა მათი ტკივილი მოეშუშებინათ, თუმცა უმრავლესობას თვალი მაინც თავისი ისტორიული სამშობლოსკენ _ საქართველოსკენ უჭირავს.

ქართველი და ყაბარდოელი ხალხების ურთიერთობის ისტორიაში მწარე სიზმრად დარჩება გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენები აფხაზეთში, როცა უცხო ძალისგან შეცდომაში შეყვანილი ყაბარდოელთა ერთი ჯგუფი ქართველებს დაუპირისპირეს, ძმებსა და მეზობლებს ერთმანეთის სისხლი დააღვრევინეს.

გასულმა 20 წელმა ყველაფერს ფარდა ახადა. იწყება კავკასიის ნამდვილი ისტორიის წერა, სადაც ყველა მოვლენას თავისი სახელი დაერქმევა, სადაც მტერი და მოყვარე თავის ადგილს დაიკავებს.

ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქი 1921 წელს შეიქმნა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ყაბარდოელები და ბალყარელები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ორი უძველესი ხალხია, რომლებიც თავისი წარმომავლობით, ენითა და ტრადიციებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ტერიტორიული სიახლოვის და პოლიტიკური მოსაზრებების გამო გაერთიანებული არიან ერთ ავტონომიაში. ყაბარდოელები ანუ აღმოსავლეთ ადიღები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრებ ჩერქეზებთან, ადიღელებთან და შაპსუგებთან ერთად ერთ ადიღურ (ჩერქეზულ) ხალხს წარმოადგენენ, თუმცა განსახლებული არიან სხვადასხვა ადმინისტრაციულ რეგიონებში.

ბალყარელები ყარაჩაელებთან ერთად ერთი თურქულენოვანი ხალხია, რომლებიც ადმინისტრაციულად არის გაყოფილი ორ ნაწილად ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში. ყაბარდო-ბალყარეთის მოსახლეობამ 2009 წლის აღწერით ერთ მილიონამდე სული შეადგინა. მათ შორის ყაბარდოელები 55,3%, ბალყარელები 11,6%, რუსები 23% და ა.შ.

1763-1864 წლებში რუსულ-ჩერქეზული ომის დამთავრების შემდეგ თურქეთში, სირიაში, იორდანიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იძულებით გადასახლებული ჩერქეზების შთამომავლების რაოდენობას 5 მილიონამდე ასახელებენ.
ყაბარდოელების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მათ 400 წლიან ქიშპობას ოსებთან, რომლებიც ცნობილი მკვლევარის ვ.ვ.პფაფის მონაცემების მიხედვით დაწყებულა ჯერ კიდევ XV საუკუნეში, როცა ორ ყაბარდოელ თავადს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთერთის დასახმარებლად ოსებს სამი ათას კაციანი ლაშქარი გაუგზავნიათ. ოსების მომწვევი თავადი დამარცხდა და გამარჯვებულმა ისინი კვლავ მთებში შერეკა, მოხარკედ გაიხადა და აუკრძალა დაბლობზე ჩამოსვლა. მთის ხეობები ვეღარ უძლებდნენ მომრავლებული ოსური მოსახლეობის გამოკვებას, ამიტომ ისინი პერიოდულად ცდილობდნენ შეჭრილიყვნენ ყაბარდოელთა ნოყიერ დაბლობებში, რაც ყოველთვის მათი მარცხით მთავრდებოდა. ყაბარდოელებმა არც ერთი ოსი არ გააჭაჭანეს თავის მიდამოებში.

ფიზიკური გადარჩენის ინსტინქტი აიძულებდა მომრავლებულ ოსურ მოსახლეობას ეძებნა გამოსავალი და რადგან ყაბარდოელებმა ჩრდილო-დასავლეთი გზა მტკიცედ ჩაუკეტეს მათ დაიწყეს გამოსავლის ძებნა კავკასიონის გადმოღმა კალთებზე, სადაც მონღოლთა შემოსევების და ურთიერთქიშპობის შედეგად დასუსტებული ქართველი თავადების სამფლობელოები იყო.

კავკასიის სამხრეთით მდებარე ხეობების ათვისება ოსებმა ჯერ ქართველ თავადებთან შეთანხმებით დაიწყეს, ხოლო შემდეგ როცა ისინი გარეშე მტრისგან და შინა აშლილობისგან საკმაოდ დასუსტდნენ, უკვე ძალის გამოყენებით ართმევდნენ მათ მიწებს და სახლდებოდნენ იქ.

მეომრული სულისა და ბრძოლისუნარიანმა ყაბარდოელებმა წარმატებით მოიგერიეს ოსების ყველა შეტევა, მაგრამ სხვაგვარად დატრიალდა მათი ბედი XVIII საუკუნიდან რუსეთის კავკასიაში შემოსვლის შემდეგ. მათი დაუმორჩილებელი ხასიათი ვერ ეგუებოდა სხვისი უღელის დადგმას, რის შედეგადაც ოსებთან 400 წლიანი წარმატებული ბრძოლა რუსებთან 200 წლიანი წარუმატებელი, მაგრამ შეურიგებელი ბრძოლებით გაგრძელდა, რაშიც რუსებს ყაბარდოელების ძველი მოქიშპეებიც უწყობდნენ ხელს.

ყაბარდოელი ხალხის ევოლუციურ განვითარებაში დისონანსი შეიტანა ორი დიდი მილიტარიზებული იმპერიის, თურქეთისა და რუსეთის დაინტერესებამ კავკასიის რეგიონით, სადაც მათი სამკვდრო-სასიცოცხლო ომები ოთხი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა.

1475 წელს ოსმალეთის ჯარები შეიჭრნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, დაიპყრეს შავი და აზოვის ზღვისპირა ნოყიერი მიწები და იმდროინდელ მსოფლიოში სახელგანთქმული ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ცენტრები ანაპა, მატრეკი, კოპი, ტამანი, თემრიუკი და სხვა.

ჩერქეზეთზე ჩრდილო-დასავლეთიდან რუსეთის შეტევის ფორფოსტი გახდა მეფე ივანე მრისხანის ბრძანებით 1567 წელს აგებული ციხე-სიმაგრე თერგი, რომლის შედეგადაც დაიწყო კასპიისპირეთის მიწების ათვისება და ადგილობრივი მოსახლეობის დაუნდობელი განადგურება. რუსეთის იმპერატორის ანა იოანეს ასულის 1737 წლის კაპიტან-ლეიტენანტის ა.ლოპუხინისადმი გაგზავნილ ინსტრუქციაში ნათქვამი იყო: «ყუბანზე შეტევის დროს მთლიანად გაანადგურეთ და ამოძირკვეთ ადგილობრივები, არ მიიღოთ ისინი ქვეშევრდომებად, რაც მათ შეიძლება გაიძვერობით შემოგთავაზონ».

1763 წელს ყაბარდოს მიწაზე აშენდა რუსული ციხე-სიმაგრე მოზდოკი, რამაც ადგილობრივი თავადების გააფთრებული წინააღმდეგობა გამოიწვია. მოზდოკის დაარსების თარიღი კავკასიის ომების დაწყების წლად ითვლება. მიუხედავად ყაბარდოელების შეურიგებელი წინააღმდეგობისა, რუსეთმა ყაბარდოს ტერიტორიაზე გააგრძელა ე.წ. კავკასიური ხაზის მშენებლობა, რაც ციხე-სიმაგრეთა მთელი წყების აგებით დამთავრდა. ამ ციხე-სიმაგრეებთან იქმნებოდნენ ე.წ. სტანიცები, სადაც ვოლგისპირეთის კაზაკების, რუსულენოვანი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების მასიური ჩასახლება ხდებოდა.

1779 წელს ანტიკოლონიურმა მოძრაობამ ყაბარდოში პიკს მიაღწია. გენერლების იაკობის და ფაბრიციანის ჯარებთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა ყაბარდოს ბრძოლისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათი ხელმძღვანელი თავადაზნაურობის ელიტა.

1804 წელს ყაბარდოში შეყვანილ იქნა ჯარები გენერალ გ.გლაზენაპის მეთაურობით, რომელმაც რამდენიმე სამხედრო ოპერაციის შემდეგ ცენტრს უპატაკა, რომ ყველა ადგილობრივი მკვიდრი ვინც რუსულ არმიას შეეწინააღმდეგა განადგურებულია და ყაბარდო დამორჩილებულია. თუმცა ერთი წლის შემდეგ გენერალი იძულებული იყო თავის მორიგ პატაკში დაეწერა: ამბოხებულ ყაბარდოელთა 80 სოფელი მთლიანად გადაბუგულია, პურისა და თივის ყველა მარაგი, რომლის წაღება რუსულმა არმიამ ვერ შეძლო, განადგურებულია, ცოცხლად გადარჩენილი მთებში გახიზნული მოსახლეობა შიმშილით ამოწყდებაო.

გენერალი გ.გლაზენაპი 1805 წელს გენერალმა ბულგაკოვმა შეცვალა, რომელმაც თავისი სიმკაცრითა და სისასტიკით განთქმული თვით გენერალი ბარკლაი დე ტოლიც კი გააოცა, რომელიც იძულებული იყო ეპატაკებინა პეტერბურგისთვის ყაბარდოელების მიმართ გამოჩენილი გაუგონარი რეპრესიების მიზანშეუწონლობის შესახებ.

დაუმორჩილებელი ყაბარდოს მიმართ ფართომასშტაბიანი გადამწყვეტი შეტევა დაიწყო 1810 წელს მეფისნაცვლის გენერალ ერმოლოვის მეთაურობით, რომელიც მისმა მემკვიდრეებმა გააგრძელეს და რის შედეგადაც 350 ათასი ყაბარდოელისგან ცოცხალი მხოლოდ 35 ათასი კაცი დატოვეს.

1859 წელს ადიღელ ხალხებს გამოეცხადათ უპრეცენდენტო განაჩენი: ასიათასობით ადიღელს, მთელ საგვარეულოებს უნდა დაეტოვებინა საკუთარი მიწა-წყალი და გასახლებულიყვნენ მათთვის უცხო გარემოში, ოსმალეთის იმპერიაში. 1866 წელს რუსეთის ხელისუფლებამ კონსტანტინეპოლში მიავლინა გენერალი მ.ლორის-მელიქოვი, რომელიც თურქეთის მთავრობას შეუთანხმდა იქ პირველი კავკასიური ნაკადის გადასახლების შესახებ, რომელიც სამი ათასი საგვარეულო ოჯახისგან შედგებოდა. ათასობით ადამიანი დაიღუპა მგზავრობისას, მიცვალებულებს პირდაპირ ზღვაში ყრიდნენ.
აკადემიკოს ბერჟეს მონაცემებით, XIX საუკუნის დასაწყისისთვის ადიღელები (ყაბარდოელებთან და ჩერქეზებთან ერთად) შეადგენდნენ 4 მილიონზე მეტს. კავკასიის ომების შედეგად მათ დაკარგეს თავისი მოსახლეობის 97% და ტერიტორიის 90%. ათასობით დასახლებული პუნქტი გადაწვეს, სამუდამოდ გაქრნენ ადიღელთა მონათესავე ისეთი ეთნოსები, როგორებიც იყვნენ შეგაკები, ჟანეი, ხატუკაი, მახოში და უბიხები.

ომის დროს დაიხოცა 700 ათასზე მეტი ადამიანი. 500 ათასამდე ადამიანის საფლავად იქცა ზღვა ოსმალეთისკენ მათი მგზავრობის დროს, მხოლოდ მილიონ 400 ათასმა მიაღწია ოსმალეთის ნაპირებს, სადაც მათ კვლავ შიმშილი, ავადმყოფობა და საკუთარი კუთხის ძებნისთვის წვალება ელოდათ. შიმშილითა და ავადმყოფობით სიკვდილს, რომ გადაერჩინათ დაიწყო შვილებისა და ცოლების მასიური გაყიდვა. ოსმალეთის ხელისუფლება იძულებული გახდა მიეღო სპეციალური კანონი ასეთი ფაქტების აღმოსაფხვრელად.

ევროპისა და მსოფლიოს პროგრესულმა საზოგადოებამ კავკასიის ომი შედეგები ჩერქეზი ხალხის გენოციდად შეაფასა.

საკუთარი მიწა-წყლიდან გაძევებული მუჰაჯირების ასობით ათასი შთამომავალი სუკუნეების მანძილზე გულში ინახავდა და ინახავს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების ოცნებას. მაგრამ იქ ადრე განვითარებული და დღეს მიმდინარე მოვლენები მათ საშუალებას არ აძლევს გადადგან ასეთი სარისკო ნაბიჯი და კვლავ საფრთხეში ჩააგდონ თავისი შვილები. ამის საფუძველს მათი წინაპრების მწარე გამოცდილება და კავკასიელების მიმართ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ტრადიციული სისასტიკე იწვევს.

მიუხედავად ოფიციალურად გაცხადებული დოქტრინისა, რომ მუჰაჯირთა ნებისმიერ შთამომავალს შეუძლია თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება, რუსეთის ხელისუფლება ყოველმხრივ ბლოკავს ამ პროცესს. ყველა თავისუფალ ტერიტორიას ავსებს რუსულენოვანი მოსახლეობით, ქმნის ახალახალ ბარიერს მათი უკან დაბრუნების შესაფერხებლად.

მთავარ მიზეზად მათი განსხვავებული კულტურა, მენტალიტეტი და რაც მთავარია განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობა სახელდება, რაც 150 წლის წინ მუჰაჯირობის მთავარი მიზეზი იყო, თუმცა მათი გამსახლებლების მემკვიდრეებისთვის ოციოდ წლის წინ თანამორწმუნეობა ხელის შემშლელ მიზეზად არ გამხდარა 300 ათასი მართლმადიდებელი ქართველის თავისი მიწაწყლიდან გაძევების დროს.

მთლიანად ჩრდილოეთკავკასიელების და კერძოდ ყაბარდოელების ბოლო საუკუნეების განვითარების ისტორიაში რელიგიურმა ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა, რაც დღეისათვისაც თავის აქტუალურობას ინარჩუნებს.

ყაბარდოელების (ადიღელების) უძველესი რელიგია მონოთეიზმი იყო. ისინი თაყვანს სცემდნენ უზენაეს ღვთაებას ტხას (ტხეშხოს), რომელმაც მისცა ადამიანს უნარი სამყაროს შეცნობის გზით ღმერთთან მიახლოებისა.

VI საუკუნიდან ყაბარდოში, ისე როგორც მთელ დასავლეთ კავკასიაში, ფეხს იკიდებს ქრისტიანობა, რომელსაც ბიზანტიელი მისიონერები ავრცელებდნენ. თუმცა მთიელი მოსახლეობისთვის ქრისტე ვერ გახდა მთავარი რელიგიური ფიგურა. ისინი ისევ ისტორიულ ღვთაებისკენ იხრებოდნენ. ამ გზაჯვარედინზე მყოფ ხალხში ყირიმის ხანებმა დაიწყეს ისლამის იძულებით თავსმოხვევა. არსებული წყაროების მიხედვით ოჯახის უფროსის წინ ამწკრივებდნენ ყველა მის ახლობელს და ისლამის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ჰკვეთდნენ თავებს.

ქრისტიანობის დამკვიდრებას ჩრდილოეთ კავკასიაში ხელი შეუშალა რუსეთის უმკაცრესმა კოლონიურმა პოლიტიკამ, მართლმადიდებლური რუსეთი აღიქმებოდა მათ უბოროტეს მტრად, რამაც ისლამური რელიგია ამ ბოროტების წინააღმდეგ გამაერთიანებელ დროშად აქცია, ხელი შეუწყო მის გავრცელებასა და დამკვიდრებას. კავკასიის ისლამიზაციის პროცესი შეწყდა საბჭოთა პერიოდში, მაგრამ გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთის კავკასიური პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად იგი კვლავ გაძლიერებას იწყებს.

20 წელზე მეტია შეიარაღებული ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეები ისლამის ერთერთი განშტოების _ ვახაბიზმის დროშით თავდაუზოგავად ებრძვიან ათიათასობით კბილებამდე შეიარაღებული რუსეთის რეგულარულ სამხედრო შენაერთებს, უამრავ სპეციალური დანიშნულების რაზმებს, საავიაციო, სატანკო და საარტილერიო დანაყოფებს.

დღეისათვის ყაბარდო-ბალყარეთი დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის შემდეგ ერთერთ ცხელ წერტილად ითვლება, სადაც სისტემატურად ტარდება მასშტაბური სპეციალური ოპერაციები, კლავენ და აფეთქებენ ათობით და ასობით ადამიანს.

ბალყარელების რაოდენობამ 2009 წლის აღწერით 120 ათასი კაცი შეადგინა, რაც რესპუბლიკის მოსახლეობის 11 პროცენტია. ისინი ცენტრალური კავკასიის ავტოხტონი ერია, რომელთა წინაპრები ამ ადგილებში ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ.
ბალყარელების ისტორია ყალიბდებოდა ყაბარდოელი, ქართველი, ოსი და ვაინახი ხალხების გვერდით. მეჩვიდმეტე საუკუნიდან ბალყარელებმა დაიწყეს კავშირების დამყარება რუსეთთან, რაც 1827 წელს რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შესვლით დამთავრდა. დადებული ორმხრივი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ბალყარელებისთვის გვაროვნული სტრუქტურებისა და ადათების შენარჩუნებას, შარიათისა და ისლამური რელიგიის ხელშეუხებლობას, რაც სულ მალე დავიწყებას მიეცა.

1922 წლიდან ბალყარელები ყაბარდოელებთან ერთად ერთ ავტონომიურ რესპუბლიკაში ცხოვრობენ.

1944 წლის მარტში ფაშისტური ჯარების ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის ბრალდებით მთელი ბალყარელი ხალხი გასახლებულ იქნა ყაზახეთში.

1957 წლის მარტში მოხდა ბალყარელების ისე როგორც სხვა რეპრესირებული ხალხების რეაბილიტაცია, რის შემდეგ მათ უფლება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ თავის მშობლიურ კუთხეში.

ბალყარელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავისი კეთილმეზობლური დამოკიდებულებით საქართველოს მიმართ, ჰქონდათ სავაჭრო და სხვა სახის სამეურნეო კავშირები სვანეთში, რაჭაში და ზემო იმერეთში.

ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირების, გადასახლება-გაძევების და მათი მასიური განადგურების ხანა ისტორიას ბარდება. ყაბარდოელები და ბალყარელები ისე, როგორც სხვა კავკასიელი ხალხები მოიშუშებენ მიყენებულ ჭრილობებს და თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებენ მსოფლიოს ხალხთა თანამეგობრობაში.

 


 
 
მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება
  
სიახლე და კომენტარი
მასობრივი ინტოქსიკაცია აფხაზეთში - დაიხურა სკოლები და ბაღები
28.11.2013 11:29
იუსუფ ლაკაევს სოხუმის “სასამართლომ” დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა
01.11.2013 17:11
მარგველაშვილი - აფხაზები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას
01.11.2013 11:26
ესტონურმა სასმელების ჰოლდინგმა,აფხაზეთში ექსპორტი შეწყვიტა
01.11.2013 10:55
ხაჯიმბა ალექსანდრე ანქვაბის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების ინიციატივით გამოდის
31.10.2013 19:34
რუსული კომპანია МТС-ის მიმართ სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული
29.10.2013 17:54
აფხაზეთში ქართველების პასპორტიზაცია ჟენევაში იქნება განხილული
29.10.2013 17:48
აფხაზეთში 3 ეთნიკურად ქართველი ხელკეტებით სცემეს
29.10.2013 17:42
ყველა სიახლე